გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-156-კ-01 15 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: მოპასუხის დაუსწრებლად საქმის განხილვა და გადაწყვეტილების გამოტანა.
აღწერილობითი ნაწილი:
18.01.01წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ. განმცხადებელი ითხოვდა სს “კ.” წინააღმდეგ სარჩელის შეტანამდე ამ საზოგადოების კუთვნილ საწარმოზე, მის უძრავ-მოძრავ ქონებაზე და საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.01.01წ. განჩინებით განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განცხადებაში აღნიშნული დავალიანების ფარგლებში (1.074.484 ლარი და 113.620 აშშ დოლარი) ყადაღა დაედო სს “კ.” კუთვნილ საწარმოსა და უძრავ-მოძრავ ქონებას, აგრეთვე სს “კ.” საბანკო ანგარიშს.
25.01.01წ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს “კ.” წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვდა ლიზინგისა და განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაყიდი ნივთების დაუფარავი ღირებულების თანხის _ 1.074.484 ლარისა და შპს “ს. ს. ს.” მომსახურების გადასახადის დავალიანების _ 113.620 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. მითითებული თანხა სასამართლოს ბოლო სხდომაზე დაზუსტდა და განისაზღვრა 102.888.59 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს მთავარი სხდომა მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე მხარის გამოუცხადებლობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. 19.06.01წ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სასამართლო კოლეგიამ აღარ მიიჩნია საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად და განიხილა საქმის მასალები განხილვაში მოპასუხის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. სასამართლოს 19.06.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სასარგებლოდ სს “კ.” დაეკისრა სალიზინგო საზღაურისა და განვადებით ნასყიდობით გადაცემული ნედლეულის ღირებულების დაუფარავი თანხის _ 1074484 ლარის, შპს “ს. ს. ს.” მომსახურების გადასახადის დავალიანების _ 102288,59 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის _ 209892,72 ლარის გადახდა. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაA კოლეგიის 18.01.01წ. განჩინება ძალაში დარჩა სს “კ.” მიერ ზემოაღნიშნული თანხების სრულ დაფარვამდე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოპასუხე იყო სათანადო წესით გაფრთხილებული საქმის განხილვის ადგილისა და დროის თაობაზე, ადგილი არ ჰქონია დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის წარმომადგენლის დროული გამოცხადებისთვის, სს “კ.” ცნობილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამდენად მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა მიმართულია პროცესის გაჭიანურებისაკენ. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს სრულ წარმომადგენლობას, მან ნაწილობრივადაც კი ვერ აღიდგინა თავისი უფლებები საგირავნო ურთიერთობათა საფუძველზე. მხარეებს არ გამოუხატავთ ნება 17.04.98წ. ¹2 ლიზინგის ხელშეკრულების, 21.04.98წ. ¹4 ლიზინგის ხელშეკრულების, 08.07.98წ. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შესახებ, მოპასუხემ მთლიანად ცნო თავისი შესაგებლით მოსარჩელის მიერ დარიცხული თანხა და სადავოდ მიიჩნია მხოლოდ შპს “ს. ს. ს.” მომსახურების ხარჯების ვადაგადაცილებულ გადახდაზე დარიცხული პროცენტი. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება 17.04.98წ. ¹2, 21.04.98წ. ¹4 ლიზინგის ხელშეკრულებებს და 08.07.98წ. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველ ნაწილს, 505-ე, 417-ე მუხლებს.
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.06.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს “კ.” გენერალური დირექტორის ტ. ბ-შვილის მიერ შემდეგი საფუძვლით:
იმის გამო, რომ საზოგადოებამ უარი თქვა ადვოკატის მომსახურებაზე, აუცილებელი იყო პროცესში საზოგადოების გენერალური დირექტორის მონაწილეობა. მას კი ავადმყოფობის გამო წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული, რის შესახებ ეცნობა სასამართლოს და წარედგინა გენერალური დირექტორის ავადმყოფობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობები. ამდენად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მთავარ სხდომაზე გენერალური დირექტორის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩაეთვალა და გადაწყვეტილება გამოეტანა სს “კ.” დაუსწრებლად. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ სამინისტროსთან გაფორმებულ დავალიანებას მხოლოდ იმ პირობით ცნობდა, უკეთუ მოხდებოდა საქმის მორიგებით დასრულება და თანხის გადახდის რეალური ვადების დაწესება. მანქანა-მოწყობილობების და საქონლის ვადის დარღვევით მიწოდების მიუხედავათ სს «კ.» თანახმა იყო თანხის გადახდაზე, ვინაიდან მორიგება ვერ იქნა მიღწეული, ს.ს. «კ.» განაცხადებს თავის პრეტენზიებს ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად განცდილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით გამოტანის გამო, კასატორმა ითხოვა სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 19.06.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
საკასაციო საჩივრის განხილვისას 01.02.02წ. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა ს.ს. «კ.» გენერალურმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა შეეცვალა კასაციის საფუძველი, რათა საკასაციო პალატას ემსჯელა საქმის არსებით სამართლებრივ გარემოებებზე. 12.02.02წ. კასატორის წარმომადგენელმა რ. ხ-იამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც აღნიშნა, რომ ს.ს. «კ.» საკასაციო საჩივარი ემყარება საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს, კერძოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სასკ 261 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის დარღვევით გამოტანას, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ასეთ პირობებში, სსსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატას არ აქვს საქმის არსებითად განხილვის უფლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ს.ს. «კ.» სამინისტროს მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო განიცადა ზიანი, რის გამო მას განზრახული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელის წარდგენა, სსკ-ის 406-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს შეგებებული სარჩელის წარდგენას საკასაციო ინსტანციაში, საკასაციო პალატაში საქმის არსებითად განხილვის შემთხვევაში შეილახება ს.ს. «კ.» კანონიერი უფლებები. ს.ს. «კ.» გენერალურმა დირექტორმა ტ. ბ-შვილმა და ადვოკატმა რ. ხ-იამ სასამართლო პროცესზე დაადასტურეს 12.02.02წ. განცხადებაში გამოთქმული პოზიცია და ითხოვეს საქმის საკასაციო საჩივრის ფარგლებში განხილვა, მისი დაკმაყოფილება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და აღნიშნა, რომ ს.ს. «კ.”, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა არაფერი აქვს ჩარიცხული საპარტნიორო ფონდის ანგარიშზე, კასატორმა არ შეასრულა თანხების დაბრუნების ვადების გადასაწევად სამინისტროს მიერ დადგენილი პირობები. სამინისტროს წარმომადგენელმა ითხოვა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.06.01 წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მოთხოვნები. ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი უკავშირებს ორ ძირითად წინაპირობას: მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიო უნდა იყოს და ეს განმეორებით უნდა მოხდეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სახეზე იყო ორივე პირობა, რაც იძლეოდა მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობას. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს მთავარი სხდომა რამოდენიმეჯერ გადაიდო, კერძოდ 28.03.01წ. თავდაპირველად დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომა გადაიდო ს.ს. «კ.» წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის გაცნობის მიზნით, თუმცა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეიცავდა რაიმე პრინციპულ ნოვაციებს. 05.04.01წ. სასამართლო სხდომაზე სს «კ.» გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა საქმის გადადება ადვოკატის ავადმყოფობის გამო.
ცნობა ავადმყოფობის შესახებ სასამართლოს არ წარედგინა 04.05.2000წ. სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, სასამართლო ელსმენის საშუალებით დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელს და მოსთხოვა ერთი საათის განმავლობაში სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, რის გამო გამოცხადდა შესვენება. გამოცხადებული შესვენების შემდეგ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელიც. 15.05.01წ. სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა ს.ს. «კ.» წარმომადგენელი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული საქმის განხილვის თარიღის და ადგილის შესახებ. 28.05.01წ. დანიშნულ სხდომაზე კვლავინდებურად არ გამოცხადდა ს.ს. «კ.» წარმომადგენელი, ამასთანავე, სასამართლო კოლეგიას წარედგინა ცნობა ს.ს. «კ.» ერთ-ერთი ადვოკატის ავადმყოფობის შესახებ. 12.06.01წ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ს.ს. «კ.» წარმომადგენელი. სასამართლოს წარედგინა ს.ს. «კ.» გენერალური დირექტორის 11.06.01წ. ¹23 განცხადება, რომლის თანახმად იგი უარს ამბობდა ადვოკატის მომსახურეობაზე, ამასთანავე ტ. ბ-ი ითხოვდა საქმის გადადებას ავადმყოფობის გამო.სხდომა კვლავ გადაიდო. შემდეგი სხდომა 19.06.01წ. დაინიშნა. 18.06.01წ. ს.ს. «კ.» მთავარმა ინჟინერმა 18.06.01წ. ¹24 განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა საქმის გადადებას. განცხადებას თან ახლდა ტ. ბ-შვილის სახელზე შპს მოზრდილთა ¹.... პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელე ეცადა გადაეცა სასამართლო უწყება მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. სასამართლოს მიერ დეპეშით იქნენ გამოძახებულნი ს.ს. «კ.» წარმომადგენლები, რომლებმაც დეპეშის მიღებაზე უარი განაცხადეს და მიუთითეს, რომ სს «კ.» აღარ ფუნქციონირებს .... ქ. ¹28-ში და გადავიდნენ სხვა მისამართზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, საკასაციო პალატის მიერ იგივე მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებები ჩაბარდა ს.ს. «კ.», ამასთანავე, სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე არ იმყოფებოდეს. ის, რომ ს.ს. «კ.» წარმომადგენლებისათვის ცნობილი იყო 19.06.01წ. სხდომის თაობაზე დასტურდება იმითაც, რომ ეთი დღით ადრე, 18.06.01წ. ს.ს. «კ.» მიმართა სასამართლო კოლეგიას წერილით საქმის განხილვის გადადების თაობაზე, სამედიცინო ცნობა, თავის მხრივ, ასევე სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე იქნა გაცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.ს. «კ.» სათანადო წესით იყო გაფრთხილებული საქმის განხილვის ადგილისა და დროის თაობაზე, სს «კ.» წარმომადგენლები რამდენიმეჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სასამართლო პროცესზე. ამასთანავე, ს.ს. «კ.» დირექტორის მიერ ადვოკატზე უარის განცხადებისას ცნობილი იყო რომ თავად ვერ შეძლებდა საზოგადოების წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, ს.ს. «კ.» გენერალური დირექტორის ავადმყოფობა ვერ გახდებოდა საქმის განუსაღზვრელი ვადით გადადების მიზეზი, სააქციო საზოგადოების მიერ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წარმომადგენლობის ფუნცქიების სხვა პირისათვის დაკისრება. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ს.ს. «კ.» წარმომადგენლები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ საპროცესო უფლებამოსილებას, რამაც თითქმის 3 თვით შეაფერხა საქმის განხილვა, სასამართლო სხდომის თავდაპირველი დანიშვნიდან (28.03.01წ.) საქმის არსებით განხილვამდე (19.06.01წ.) სასამართლო სხდომა 7-ჯერ დაინიშნა, აქედან ს.ს. «კ.» წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო საქმე 5-ჯერ გადაიდო. ამდენად, კოლეგიამ სწორად მიიჩნია პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ და განიხილა საქმე მოპასუხის, ს.ს. «კ.» გარეშე. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აგრეთვე სსსკ-ის 406-ე მუხლით შეგებებული სარჩელის შეტანის აკრძალვა, ვინაიდან კასატორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სსსკ-ის 188-ე მუხლის თანახმად, წარედგინა შემხვედრი პრეტენზია მოსარჩელისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა არ ისურვა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.06.01წ. გადაწყვეტილების სხვა საფუძვლით შემოწმება, ამდენად პალატამ სსსკ-ის 404-ე მუხლის საფუძველზე, კოლეგიის გადაწყვეტილება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, სს “კ.” გენერალურმა დირექტორმა ტ. ბ-შვილმა საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 18.01.01წ. მიღებული განჩინების საფუძველზე, რომლითაც სს “კ.” ქონებას დაედო ყადაღა, გაცემული სააღსრულებო ფურცელის და აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიების გაუქმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინება სსსკ-ის 194-ე მუხლის თანახმად საჩივრდება კერძო საჩივრით, 5 დღის ვადაში, განჩინების გამომტან სასამართლოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «კ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. სს «კ.” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით, რომლის 70% _ 3500 ლარი, უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი59) ანგარიშზე, ხოლო 30% _ 1500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.