Facebook Twitter

3გ-ად-157-კ-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე.

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1995წ. ივლისში ფირმა «ი.-ის» მეშვეობით, რომელთანაც ფოთის ნავსადგურს გააჩნდა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობაზე, ნავსადგურის ადმინისტრაციამ მიიღო ქართველ ბავშვთა მიწვევა ბულგარეთის ქ. ვარნაში არსებულ საზღვაო ტექნიკუმში სასწავლებლად. შეირჩა 27 მსურველი, ძირითადად ნავსადგურის მუშაკთა შვილები. სწავლის თაობაზე ფირმა “პ.»-სა და ტექნიკუმს შორის 1995წ. 17 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება, რის შემდეგაც იმავე წელს მსურველები გაიგზავა ქ. ვარნაში სასწავლებლად.

1995წ. დეკემბერში ფირმა «პ.»-საგან ნავსადგურის ადმინისტრაციამ მიიღო შეტყობინება ზოგიერთი მოსწავლის უდისციპლინო ქცევის თაობაზე. რის გამოც 1996-97 სასწავლო წელს ნავსადგურის ადმინისტრაცია წინააღმდეგი იყო ქ. ვარნაში მოსწავლეთა სასწავლებლად გაგზავნაზე, რაც მრავალ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მოსწავლეთა მხრიდანაც ადგილი ქონდა უდისციპლინობას, მაგრამ 1996 წელს ადმინისტრაციამ მიიღო სამადლობელო წერილი მშობლებისაგან (რომელსაც ხელს აწერდა დ. რ.-ის მშობელიც), რომლებიც დაჟინებით თხოვდნენ ადმინისტრაციას მოსწავლეების გაგზავნას ბულგარეთში სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა ადმინისტრაციის მიერ მშობელთა თანდასწრებით და მიღებულ იქნა დადგენილება მოსწავლეთა ქ. ვარანში გაგზავნის შესახებ.

სწავლების მეორე კურსზე, ბულგარეთის ქ. ვარნას სანავიგაციო ტექნიკუმის სავალუტო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით, 1996წ. 26 ივლისს დაიდო ხელშეკრულება ფოთის ნავსადგურსა და საზღვაო ტექნიკუმს შორის, ასევე ხელშეკრულება უფლება-მოვალეობების შესახებ დაიდო მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ დ. რ.-ე და მისი მშობლებიც.

1997წ. 6 ივლისს ქ. ვარნაში ბულგარეთის მოქალაქე გ. ხ.-ის მიერ მოკლულ იქნა საქართველოდან გაგზავნილი ერთ-ერთი მოსწავლე დ. რ.-ე.

ნავსადგურის ხელმძღვანელობამ გაიღო ცხედრის ჩამოსვენების, დაკრძალვის, ორმოცისა და ბულგარეთში მივლინების ხარჯები. ადმინისტრაციამ დაზარალებულების შერჩეულ ადვოკატთან დადო ხელშეკრულება დ. რ.-ის საქმის გამოძიებაში მონაწილეობის შესახებ. სულ ნავსადგურის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაზარალებულებებზე გასცეს 11078,70 ლარი და 2500 აშშ დოლარი.

1998წ. 25 ნოემბერს ნ. და გ. რ.-ეებმა სარჩელით მიმართეს ფოთის საქალაქო სასამართლოს და მიუთითეს, რომ მათი შვილის დაღუპვაში ბრალი მიუძღვის ნავსადგურის ხელმძღვანელობას, რადგან ბულგარეთში ბავშვების სასწავლებლად გაგზავნა მოხდა ქაოსურად, იურიდიული დოკუმენტაციისა და სათანადო ორგანოებთან (განათლების სამინისტრო, სამხედრო კომისარიატი) შეთანხმების გარეშე. პორტის ხელმძღვანელობა არ ზრუნავდა მოსწავლეთა სწავლისა და საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფაზე, რამაც გამოიწვია მათი შვილის უბინაოდ დატოვება და შემდეგ დაღუპვა. თუ მათი შვილი არღვევდა სასწავლო დისციპლინას, მაშინ პორტის ადმინისტრაცია ვალდებული იყო ბულგარეთიდან დაუყოვნებლივ გამოეწვია იგი, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული უბედური შემთხვევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა კასატორ – ფოთის საზღვაო ნავსადგურისაგან მოითხოვეს ზიანის სახით 30000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ არანაირი ბრალი არ მიუძღვით დ. რ.-ის მკვლელობის საქმეში. მათ არ შეეძლოთ კურსანტების უკან გამოწვევა, რადგან მათი ტექნიკუმიდან გარიცხვა სასწავლებლის პრეროგატივა იყო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნავსადგურს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ 10000 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის ნავსადგურმა 1999წ. 17 მაისს. საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ ფოთის საქალაქო სასამართლომ მიმართა აღმასრულებელს და მოითხოვა 23 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, მაგრამ აღმასრულებელმა მაინც მოახდინა ბანკში, ნავსადგურის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა და მოსარჩელეებზე გადაცემა.

ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიღების გამო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რადგან ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 23 აპრილის სხდომაზე, საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა ყოფილიყო 14 დღის ვადაში ანუ 8 მაისამდე. ნავსადგურმა კი იგი შეიტანა 17 მაისს, როცა გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული, ამიტომ საოლქო სასამართლომ 1999წ. 16 ივლისის განჩინებით განუხილველად დატოვა ნავსადგურის საკასაციო საჩივარი.

უზენაეს სასამართლოსადმი მიმართულ კერძო საჩივარში ნავსადგურმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 16 ივლისის განჩინების გაუქმება, რადგან 1999წ. 23 აპრილის განჩინება მათ ჩაბარდათ 5 მაისს, საჩივარი კი შეიტანეს 17 მაისს, რითაც არ დაურღვევიათ გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რომელიც 5 მაისიდან უნდა აითვალოს. ამრიგად, 23 აპრილის განჩინება არ იყო კანონიერ ძალაში შესული და არ უნდა მომხდარიყო მისი აღსრულება. აქედან გამომდინარე ნავსადგურმა მოითხოვა მისი ანგარიშიდან მოსარჩელისათვის გადაცემული 18400 ლარის (10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) უკან დაბრუნება.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოების მიერ. ბოლოს საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს. საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნავსადგურს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 10000 დოლარის გადახდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნავსადგურმა, რომელმაც მოითხოვა არა მარტო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, არამედ მისი ანგარიშიდან მოსარჩელეების სასარგებლოდ ჩამოწერილი 18400 ლარის უკან დაბრუნებაც.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის განჩინებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ნავსადგურისათვის 30000 დოლარის დაკისრებაზე, ხოლო ნავსადგურის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესით გადახდილი 18400 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 457-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა მიმყენებელმა. მოცემულ შემთხვევაში ნავსადგურს არ შეეძლო ევარაუდა დ. რ.-ის მკვლელობა და მისი მშობლებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რადგან ნავსადგურს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებაში, ამიტომ მას არ შეიძლება დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 30000 დოლარის გადახდა;

2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნავსადგურის მოთხოვნა მოსარჩელეებისათვის აღსრულების წესით გადაცემული 18 400 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო 14 დღის ვადაში ანუ 7 მაისამდე. რადგან ამ ვადაში გასაჩივრება არ მოხდა, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე 14 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 8 აგვისტოს მოხდა აღსრულება. მართალია, 27 მაისს ფოთის სასამართლომ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, მაგრამ «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონის 34-ე მუხლის თანახმად, აღსრულების შეჩერება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების და არა რაიმე წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე ასეთი გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა მხოლოდ 1999წ. 20 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს განჩინების სახით.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1999წ. 14 მაისიდან 20 აგვისტომდე ფოთის სასამართლოს 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება კანონით დადგენილი წესით არ შეჩერებულა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე აღმასრულებლის მოქმედება მოსარჩელეებისათვის 18400 ლარის გადაცემის შესახებ სრულიად კანონიერია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეებს არ შეიძლება მოეთხოვოთ თანხების უკან დაბრუნება, რადგან ამ თანხის გაცემას არ მოჰყოლია მათი გამდიდრება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას ნავსადგურისათვის 18 400 ლარის დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნებას. კერძოდ:

1. კასატორის მითითებით, რადგან უზენაესი სასამართლოს 2002წ. 11 მაისის განჩინებითა და 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ფოთის ნავსადგურს დ. რ.-ის გარდაცვალებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის, ამიტომ მათ სრული უფლება აქვთ მოითხოვონ 18400 ლარის უკან დაბრუნება;

2. კასატორი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა 23 აპრილის განჩინების აღსრულება, ხოლო 1999წ. 17 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა 16 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმის წარმოება განახლდა. ამრიგად, უზენაესი სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოსა და 17 სექტემბრის განჩინებებით გაუქმდა აღსრულების შედეგები, რის გამოც 18400 ლარი უკან უნდა დაბრუნებულიყო;

3. კასატორს მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მაშინ როცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეებს დაუყოვნებელი აღსრულება არ მოუთხოვიათ.

მოწინააღმდეგე მხარემ _ მოსარჩელე რ.-ებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

მესამე პირის _ სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა და საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მისი დასწრების გარეშე, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგური» ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასაჩივრებს მისი ანგარიშიდან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელე რ.-ეების სასარგებლოდ ჩამოწერილ 18400 ლარის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში. საკასაციო პალატაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პროცესუალურად უფლებამოსილია გადაწყვეტილება შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რადგან ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში (რ.-ეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა) უკვე კანონიერ ძალაშია შესული;

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 979-ე მუხლების უსწორი გამოყენებისა და განმარტების თაობაზე. სახელდობრ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ.-ეებმა ფოთის საზღვარი ნავსადგურიდან სადავო 18400 ლარი (ფოთის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მიიღეს ხდომილების საფუძველზე და მოსარჩელეებს არ ევალებათ თანხის ნავსადგურისათვის დაბრუნება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის «გ» პუნქტისა, რომლის მიხედვითაც: «პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, არ შეუძლია ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) უკან დაბრუნება მოთხოვოს თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა». საკასაციო სასამართლო საქმის მასალების ანალიზის შედეგად ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ შეფასებას, რადგან პალატის მიერ გამოყენებული ნორმა ნათლად მიუთითებს, რომ კონდიქტური ვალდებულება ანუ უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნება გამორიცხულია თუ მიმღებს _ რ.-ეებს შეეძლოთ ევარაუდა, რომ შემსრულებელს _ ფოთის საზღვაო ნავსადგურს სურდა თანხის გადაცემა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ სადავო 18400 ლარის რ.-ისათვის გადაცემა ნებაყოფლობით კი არ მოხდა, არამედ იძულებითი აღსრულების წესით, სასამართლო დავის პერიოდში, თანხა რ.-ეებმა აღმასრულებლისგან მიიღეს 1999წ. 23-24 აგვისტოს მაშინ, როდესაც ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება ნავსადგურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის არსებით პირობას _ ნავსადგურის მიერ ნებაყოფლობით, ზიანის ანაზღაურების მიზნით სადავო თანხის გადაცემას, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და სასამართლო დავის გამო ასევე გამორიცხულია მიმღების _ რ.-ეების ვარაუდი ნავსადგურის სურვილით თანხის გადაცემაზე. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი _ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;

3. საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე სკ-ს 979-ე მუხლის მე-3 ნაწილიც, რომლის მიხედვითაც: «არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლის გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა». რადგან რ.-ეები შვილის გარდაცვალების გამო ითხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას, ნავსადგურიდან მიღებული თანხით არაფერი შეუძენიათ და არც თავიანთი ქონება დაუზოგავთ, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ რ.-ეებს არ გააჩნდათ მიღებული თანხის ფოთის ნავსადგურისათვის დაბრუნების ვალდებულება. საკასაციო პალატა არ იზიარებს სკ-ს 979-ე მუხლის მე-3 ნაწილზე სააპელაციო სასამართლოს ინტერპრეტაციას, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან დაბრუნების ან ანაზღაურების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არსებობს თუ თვით უსაფუძვლოდ გადაცემული საგნის მოხმარების, დაღუპვის, ან გაუარესების გამო მიმღები არ გამდიდრებულა. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების უდავოდ გაუქმების საფუძველია;

4. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს საკასაციო საჩივარს საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოში დაბრუნების შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უმთავრესი არგუმენტი 18400 ლარის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში არის ის გარემოება, რომ სააღსრულებო ბიურომ 1999წ. 14 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კანონიერად მოახდინა ფოთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 23 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის შესაბამისად არ ყოფილა შეჩერებული. საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი სააღსრულებო ფურცელი, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული 1999წ. 5 აგვისტოს, როცა თავად საქმე ფოთის საზღვაო ნავსადგურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაგზავნილი იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი იქნა წარდგენილი ფოთის საზღვაო ნავსადგურის მომსახურე «გაერთიანებული ქართული ბანკის» ფოთის ფილიალში იმავეწ. 10 აგვისტოს, საიდანაც მოხდა ნავსადგურის ანგარიშიდან სადავო 18400 ლარის იძულებითი წესით ჩამოწერა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 1999წ. 5 აგვისტოს, მაგრამ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებული 14 მაისის სააღსრულებო ფურცელი წარმოდგენილი არ არის, ხოლო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 22-ე მუხლის თანახმად, თუ აღსრულება სხვადასხვა ადგილზე არ უნდა მოხდეს ან რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ არ არის გამოტანილი, როგორც წესი, გაიცემა ერთი სააღსრულებო ფურცელი, ან დაკარგვის შემთხვევაში, ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, გაიცემა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, შესაბამისი აღნიშვნით. საკასაციო პალატას მიაჩნია, სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ 18400 ლარის ანაზღაურება კანონიერად მოხდა 1999წ. 14 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან საქმეში სწორედ ეს უმთავრესი მტკიცებულება _ 14 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ მოიპოვება, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევა-განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე 18400 ლარის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან გადაწყვეტილება გამოტანილია არა მარტო სკ-ს 976-ე და 979-ე მუხლების უსწორო გამოყენება _ განმარტების საფუძველზე, არამედ საქმის არსებით გარემოებათა დადგენისა და უმთავრეს მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ამ ეტაპზე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოთხოვა _ გამოკვლევა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის გათვალისწინებით. ამიტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილება და 18400 ლარის ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის დაბრუნების ნაწილში ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილება და საქმე გასაჩივრებულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.