3გ-ად-158-კ-02 23 ოქტომბერი, 2002წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 12 ნოემბერს გ. გ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ნ. ბ.-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ირიცხებოდა მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულ ბინას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა მოპასუხე ნ. ბ.-ე.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხის იძულებით გამოსახლება აღნიშნული ბინიდან და მისი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
ამასთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. ბ.-მ მოპასუხეების: გ. გ.-ისა და ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1996 წელს ნ. ბ.-მ სადავო ბინა შეიძინა ვ. დ.-ისაგან. 1998წ. 17 თებერვალს ქ. ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრაციაში გატარდა მისი საკუთრების უფლება აღნიშნულ ბინაზე.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მას დაეკისრა 1573 ლარისა და 1235 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ნივთების ან თანხის დაბრუნება გულნარა გ.-ისათვის. ნ. ბ.-ე შეგებებულ სარჩელში აღნიშნავდა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაში დასახელებული ნივთები შეფუთულ მდგომარეობაში იდო მასთან, სადავო ბინაში და იგი მზად იყო გადაეცა გ. გ.-ისათვის. ამასთან, ნივთების ნაწილი უკვე დაბრუნებული ჰქონდა.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 7 აგვისტოს ყადაღა დაედო ... მდებარე მის ბინას, რომელიც აღმასრულებელმა შეაფასა 4000 აშშ ბათუმში, ...-ის ქ. დოლარად, ხოლო შემდეგ ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიურომ, ნ. ბ.-ის გ. გ.-ისადმი დავალიანების გამო, დანიშნა აუქციონი ზემოთ აღნიშნული ბინის იძულებით რეალიზაციის მიზნით.
ნ. ბ.-ის განმარტებით, აუქციონზე გამოცხადდნენ იგი და მისი კრედიტორი გ. გ.-ე. ფაქტობრივად აუქციონი არ შედგა, რადგანაც მასში მონაწილეობა არ მიუღიათ სხვა მყიდველებს. აგრეთვე, არ ჩატარდა განმეორებით დანიშნული აუქციონიც.
შეგებებულ სარჩელში ნ. ბ.-ე აღნიშნავდა, რომ მისთვის 2001წ. 20 ნოემბერს ცნობილი გახდა აღმასრულებლის 2001წ. 3 სექტემბრის განკარგულების შესახებ, რომლის საფუძველზეც სადავო ბინაზე მისი საკუთრების უფლება გადავიდა გ. გ.-ეზე, რომელმაც ისარგებლა უკანონობით, ძალით, თვითნებურად შეამტვრია აღნიშნული ბინის კარი, დაიკავა ბინა და იქ არსებული ნ. ბ.-ის კუთვნილი ნივთები. თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ გ. გ.-ე გავიდა სადავო ბინიდან.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, გ. გ.-ემ მიაყენა მატერიალური ზარალი, კერძოდ, დააზიანა ბინის შესასვლელი კარი, მიისაკუთრა ნ. ბ.-ის კუთვნილი 460 აშშ დოლარი, ოქროს ნივთები, რის გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ნ. ბ.-ე შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, თ. კოკობინაძემ დაარღვია კანონი, რადგანაც მას არ ჰქონდა უფლება ჩაშლილი აუქციონის შემდეგ, ნ. ბ.-ისაგან ფარულად სადავო ბინაზე საკუთრების უფლება გადაეცა გ. გ.-ისათვის, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ბინა შეფასებული იყო 4000 აშშ დოლარად, ხოლო ვალის სახით დადასტურდა მხოლოდ 1235 აშშ დოლარი. რაც შეეხება დასაბრუნებელ ნივთებს, ნ. ბ.-ე მზად იყო მათ დასაბრუნებლად.
ნ. ბ.-ემ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 67-ე, 68-ე, 72-ე, 74-ე და 75-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე ითხოვა ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 3 ოქტომბრის განკარგულების გაუქმება, რომლითაც ქ. ბათუმში, ... მდებარე, ნ. ბ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ბინა საკუთრებაში გადაეცა გულნარა გ.-ეს. ნაზი ბ.-ემ შეგებებულ სარჩელში ითხოვა, აგრეთვე, მისი საკუთრების უფლების აღდგენა აღნიშნულ ბინაზე, ხოლო გ. გ.-ის სარჩელისათვის _ უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ.-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ნ. ბ.-ემ საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება გ. გ.-ის სარჩელი და დაკმაყოფილდება მისი შეგებებული სარჩელი. კასატორმა მიუთითა შემდეგ საფუძვლებზე:
1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-17, 28-ე, 49-ე, 67-ე, 68-ე, 72-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლები, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 771-ე მუხლი, როდესაც ჩათვალა, რომ სადავო ბინის საკუთრების უფლების გადაცემა გ. გ.-ისათვის კანონიერი იყო.
3. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, შეამოწმა და გაიზიარა მტკიცებულებები, რომლებიც კანონის დარღვევით იყო მოპოვებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2001წ. 23 ივლისს გ. გ.-ემ ქ. ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება იმავე სასამართლოს მიერ 2001წ. 19 ივლისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
2001წ. 27 ივლისს ქ. ბათუმის აღმასრულებელმა თ. კოკობინაძემ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 28-ე მუხლის თანახმად წერილობით მიმართა ნ. ბ.-ეს და გააფრთხილა, რომ 5 დღის ვადაში ნებაყოფლობით დაებრუნებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებული ნივთები გ. გ.-ისათვის ან აენაზღაურებინა მათი ღირებულება _ 1235 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და 1573 ლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნივთების ან თანხის ამოღება განხორციელდებოდა იძულებით.
მითითებული წერილობითი გაფრთხილება ჩაბარდა მოპასუხის ქალიშვილ მ. ფ.-ს, რომელმაც გაფრთხილების ასლზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
2001წ. 21 აგვისტოს აღმასრულებელმა თ. კოკობინაძემ წერილობით აცნობა ნ. ბ.-ეს, რომ 2001წ. 7 სექტემბერს 11 საათზე ქ. ბათუმის სასამართლოს შენობაში დანიშნული იყო აუქციონი, რომელსაც უნდა დასწრებოდა იგი. აღნიშნული წერილობითი გაფრთხილება ჩაბარდა ისევ ნ. ბ.-ის ქალიშვილს, რომელმაც კვლავ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე.
ზემოთ მითითებული ფაქტები დადგენილად ჩათვალა საკასაციო სასამართლომ, რადგანაც საკასაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვის დროს თავად ნ. ბ.-ემ დაადასტურა აღნიშნული.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ პირველი აუქციონისა და განმეორებითი აუქციონის დანიშვნის, მისი ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ გამოცხადება მოხდა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით _ საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
თავად ნ. ბ.-ემ აღიარა საკასაციო სასამართლო სხდომაზე, რომ იგი დაესწრო ორივე აუქციონს, რომელზეც გამოცხადდნენ მხოლოდ კრედიტორი და მოვალე, მაგრამ გასაყიდი ბინის ყიდვის სხვა მსურველი არ გამოცხადებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ აღმასრულებელმა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 68-ე, 71-ე, 72-ე, 73-ე, 74-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით დანიშნა და ჩაატარა იძულებითი აუქციონი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 771-ე მუხლი, რომელშიც იმპერატიულად არის დადგენილი, რომ კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე ნივთი შეიძლება გადაეცეს კრედიტორს ნატურით, თუ მეორე აუქციონზეც არ მოხდება ნივთის რეალიზაცია.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ აუქციონზე გატანილი სადავო ბინა განმეორებით აუქციონზეც არ გაიყიდა, რაზეც 2001წ. 27 სექტემბერს შედგა აქტი. იმავე დღეს კრედიტორმა გ. გ.-ემ წერილობით განაცხადა თანხმობა გასაყიდი ბინის ნატურით გადაცემის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღმასრულებელს არ დაურღვევია «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 771-ე მუხლის მოთხოვნა და სააპელაციო სასამართლომაც სწორად განმარტა აღნიშნული მუხლი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი, რადგანაც დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც კანონის დარღვევით იყო მოპოვებული.
კასატორმა ვერ დაამტკიცა, რატომ იყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონის დარღვევით მოპოვებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი, რის გამოც მოცემულ საქმეზე სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი განჩინება გამოიტანა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების არც ერთი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. ნ. ბ.-ე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
