Facebook Twitter

3გ/ად-159-კ-01 11 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნება.

შეგებებული სარჩელის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა; სადავო ბინის აღიარება გარდაცვლილის საკუთრებად.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 8 სექტემბერს მ. ა-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ზ. ს-შვილის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელემ 1986 წლის 4 ივნისს ქ. ქუთაისის ლენინის რაიონის აღმასკომის გადაწყვეტილებითა და ¹011210 ორდერის საფუძველზე მიიღო ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ..... ქ. ქუთაისში.

მოსარჩელის განმარტებით, იგი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდა 1988 წლამდე. ამის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საცხოვრებლად გადავიდა შვილთან ქ. თბილისში, სადაც წაიღო საოჯახო ნივთები, ხოლო ბინა დატოვა ცარიელი. იმ პერიოდში მასთან მივიდა მისი ახლო ნაცნობი ბ. ღ-ძე, რომელიც ცხოვრობდა ჩოხატაურის რაიონის სოფ. ... და მოსარჩელეს სთხოვა, დახმარებოდა ქ. ქუთაისში დროებითი ბინის შოვნაში. ვინაიდან მ. ა-ძე რამდენიმე თვით თბილისში აპირებდა სამკურნალოდ წასვლას, ამიტომ მან ბ. ღ-ძეს დროებით შესთავაზა თავისი ბინა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბ. ღ-ძე დაუყოვნებლივ დაცლიდა. იგი ამ პირობაზე სიამოვნებით დათანხმდა.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1990 წლის 25 იანვრის ¹35 დადგენილებით დამტკიცებული დებულების თანახმად 1991 წლის 22 მარტს მ. ა-ძემ ქუთაისის საბინაო მეურნეობის ტრესტთან გააფორმა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ერთოთახიან ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღნიშნული ბინა აღირიცხა მ. ა-ძის სახელზე. ამ დროისათვის მითითებულ ბინაში ისევ ბ. ღ-ძე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო მოსარჩელე საცხოვრებლად გადასული იყო ქ. თბილისში შვილთან.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მ. ა-ძე თბილისიდან დაბრუნდა ქუთაისში, თავის საკუთარ ბინაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბ. ღ-ძე გარდაცვლილიყო, ხოლო მისმა მეუღლე ზ. ს-შვილმა უარი განაცხადა ბინის გამოთავისუფლებაზე.

სარჩელში მ. ა-ძემ ითხოვა მისი საკუთარი ბინის გამოთხოვა მოპასუხე ზ. ს-შვილისაგან, რომელიც აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობდა. შესაბამისად, ზ. ს-შვილმა შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მ. ა-ძის მიმართ. შეგებებულ სარჩელში აღნიშული იყო, რომ 1988 წელს მ. ა-ძემ სადავო ბინა მიჰყიდა ბ. ღ-ძეს, ხოლო ავეჯი და სხვა საოჯახო ნივთები გაყიდა მეზობლებში. მ. ა-ძემ, რომელიც სამი წლის გადასული იყო თბილისში საცხოვრებლად, 1991 წლის 22 მარტს შეისყიდა სადავო ბინა.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსის 609-ე მუხლის თანახმად დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს დროებით სხვაგან ყოფნის შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომი ენახებოდა 6 თვის მანძილზე, ხოლო იმავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად საცხოვრებელ სადგომზე ქირავნობის ხელშეკრულება წყდებოდა მუდმივ საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პუნქტში გადასვლისთანავე.

აღნიშული გარემოება გამორიცხავდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1990 წლის 25 იანვრის ¹35 დადგენილებით დამტკიცებული დებულების გამოყენებას მ. ა-ძის მიმართ, რადგანაც მის მიერ სადავო ბინის შესყიდვა კანონსაწინააღმდეგო იყო.

შეგებებულ სარჩელში ზ. ს-შვილმა ითხოვა 1991 წლის 22 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინის აწ გარდაცვლილი მეუღლის _ ბ. ღ-ძის შეძენილად აღიარება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ა-ძის სარჩელი ზ. ს-შვილის მიმართ უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ. ქ. ქუთაისში, ... მდებარე სადავო ბინა გამოთხოვილ იქნა ზ. ს-შვილის უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა მ. ა-ძეს. ზ. ს-შვილის შეგებეული სარჩელი მ. ა-ძის მიმართ სადავო ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობისა და ბინის აწ გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს-შვილმა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2001 წლის 28 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. მ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზ. ს-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ქუთაისის საბინაო მეურნეობის ტრესტსა და მ. ა-ძეს შორის 1991 წლის 22 მარტს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ზ. ს-შვილის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, მის აწ გარდაცვლილი მეუღლის სახელზე სადავო ბინის აღრიცხვისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ეთქვა უარი. ქ. ქუთაისში, ... მდებარე სადავო ბინა აღირიცხა ქ. ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და მასვე დაევალა ბინის პრივატიზაციისათვის გადახდილი თანხის _ 9863 მანეთის ეკვივალენტი ლარის _ გადახდა მ. ა-ძისათვის.

საკასაციო საჩივარში მ. ა-ძემ აღნიშნა, რომ მან სადავო ბინა ისე ათხოვა ბ. ღ-ძეს, რომ არავითარი საზღაური არ მოუთხოვია. ამის უფლებას მოსარჩელეს აძლევდა საბინაო კოდექსის 91-ე მუხლი, რომლის თანახმად დამქირავებელსა და მასთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმებით მისცენ დროებითი ცხოვრების ნება სხვა მოქალაქეებს (დროებით მდგმურებს) მათთან ქვექირავნობის ხელშეკრულების დადებისა და სადგომით სარგებლობისათვის ქირის გადახდევინების გარეშე.

კასატორის განმარტებით, დამქირავებლის მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადასვლის დამამტკიცებელია სახლმმართველობისათვის საცხოვრებელი სადგომის ჩაბარება, კორესპონდენციების მისამართის შეცვლა, საბინაო წიგნიდან ამოწერა, ბინის ქირის გადასახადის შეწყვეტა და სხვა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში კასატორებს არ მოუთხოვიათ.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მ. ა-ძის თბილისში ხანგრძლივი ყოფნა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით. იგი საჭიროებდა მუდმივ ყურადღებასა და ზედამხედველობას, რასაც ქუთაისში მარტო ცხოვრების დროს მოკლებული იყო.

მ. ა-ძემ საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 28 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტი.

სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ქუთაისში, ... მდებარე სადავო ბინა ისე აღრიცხა მესამე პირის _ ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტის _ ბალანსზე, რომ მესამე პირს სასარჩელო მოთხოვნა არ ჰქონია.

გარდა ამისა, 9863 საბჭოთა მანეთის ეკვივალენტი ლარის მ. ა-ძის სასარგებლოდ გადახდა ისე დაეკისრა ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტს, რომ იგი საქმეში მხარედ ჩაბმული არ ყოფილა და არც მხარეებს ჰქონიათ ამგვარი სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არ აქვს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ უთხოვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო სამართლის ნორმის ზემოთ აღნიშნული დარღვევის გამო მოცემულ საქმეზე გამოვიდა არასწორი გადაწყვეტილება და ამიტომ ეს დარღვევა წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში იურიდიულად იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს მ. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ზ. ს-შვილის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო ბინის ქუთაისის ვაკისუბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხვისა და ამ უკანასკნელისათვის მ. ა-ძის სასარგებლოდ სადავო ბინის პრივატიზაციისათვის გადახდილი თანხის _ 9863 საბჭოთა მანეთის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.