სარჩელის მიღებისა და განხილვის მართლზომიერება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-159-კ-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: შეგებებული სარჩელის მიღებისა და განხილვის მართლზომიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ზ. და მ. გ-ების მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, ბარათაშვილისა და ერას ქუჩების კვეთაში, საცხოვრებელი სახლების უკან არსებულ ეზოში, მდებარეობს მისი და მოპასუხეების საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ეზო იყო საერთო სარგებლობის, ამავე ფართში მდებარეობს საერთო სარგებლობის ტუალეტი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე რკინის ბადით გადატიხრეს საერთო სარგებლის ეზო, შეიყვანეს შიგნით ძაღლი, რითაც მოუსპეს მაცხოვრებლებს ეზოს ნაწილით სარგებლობის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე რკინის ბადის ტიხრის მოშლის დავალება, ეზოს საერთო სარგებლობაში დაბრუნება.
ზ. და მ. გ-ებმა არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასთან, 16.05.01წ. მოპასუხეებმა სასამართლოს მიმართეს შეგებებული სასარჩელო განცხადებით, რომელშიც აღნიშნეს, რომ მოსარჩელემ 21.05.92წ. განახორციელა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹18-ში მდებარე ერთოთახიანი ბინის პრივატიზაცია. ამის შემდეგ ს. გ-მ დაიწყო უკანონო მშენებლობანი, კერძოდ, ეზოს მხრიდან ამოაშენა ადრე დანგრეული ბარაკი, დააშენა ბინას მანსარდა, მოპასუხუეების ბინის პირდაპირ მიაშენა უკანონო სათავსი, გააშენა ბოსტანი და დაიწყო ეზოს დასაკუთრება. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ იძულებული გახდნენ გადაეტიხრათ ეზო, რათა აღეკვეთათ მოსარჩელის თვითნებური მოქმედაბანი. შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოითხოვეს ს. გ-ის მიერ უკანონოდ აშენებული სათავსების დანგრევა. 01.06.01წ. ზ. და მ. გ-ებმა დამატებითი შეგეგებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს 01.06.93წ. ნოტარიუს მ. მ-ის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედების _ ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობის მიერ ს. გ-ეზე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹18-ში არსებული 16კვ.მ ფართობის მქონე სამხატვრო სახელოსნოს პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ბათუმის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მონაცემებში.
ს. გ-ემ 11.06.01წ. და 13.09.01წ. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეების მიერ საერთო სარგებლობაში მყოფი ტუალეტის ნაწილის და თვითნებურად დაკავებული ასაღები შენობის გამოთავისუფლება, სათანადო ცვლილებების შეტანა ბინის შესყიდვის ხელშეკრულებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.02.02წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ამასთან, დაკმაყოფილდა ზ. და მ. გ-ების შეგებებული სარჩელი, გაუქმდა ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 01.06.93წ. შესრულებული სანოტარო მოქმედება ქ. ბათუმის ¹.... მიკრორაიონის გამგეობის მიერ ს. გ-ეზე სამხატვრო სახელოსნოს პრივატიზაციის შესახებ, ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, ს. გ-ეს ასევე დაევალა მის საცხოვრებელ ბინაზე ეზოს მხრიდან უკანონოდ მიშენებული სათავსის აღება საკუთარი ხარჯებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვის შედეგად მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.04.02წ. განჩინებით ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.02.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული ს.ა.ს.კ დებულებანი, არასწორად იქნა მიღებული და განხილული მ. და ზ. გ-ების შეგეგებული სარჩელები, არ იქნა დადგენილი შეგეგებული სარჩელის ავტორები იყვნენ თუ არა სათანადო მხარეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც ხელახალი განხილვის დროს უნდა გადაწყვიტოს სარჩელების მიღებისა და განხილვის საკითხები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და შეგეგებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეგებებულ სარჩელს არ აქვს კავშირი ს. გ-ის სარჩელთან და აღნიშნავს, რომ ს. გ-ის და მის მიერ აღძრული სარჩელის ერთად განხილვა და გადაწყვეტა გამოიწვევს დავის სწრაფ და სწორ გადაწყვეტას, რის გამოც სსკ-ს 182.4 მუხლი ითვალისწინებს სარჩელების ერთ წარმოებად გაერთიანებას და ერთად განხილვის შესაძლებლობას. კასატორის აზრით, ეზოში მდებარე ნაგებობის სამხატვრო სახელოსნოს სახით პრივატიზებით შეილახა მისი, როგორც ეზოს მესაკუთრის და მობინადრის ინტერესები, ხოლო საერთო სარგებლობის ეზოში უკანონო მშენებლობის წარმოებით ს. გ-ემ მიითვისა მისი საცხოვრებელი ბინიდან 2-3 მეტრით მოცილებიული ეზოს ნაწილი. ეზოს გადატიხრვა გამოწვეული იყო იმით, რომ ეზოს სიღრმეში თავშესაფარს პოულობდნენ მაწანწალები, ეზოს ამ ნაწილით ს. გ-ეს არასოდეს უსარგებლია. მერიას არ დაუსვია საკითხი მავთულბადის მოხსნის თაობაზე, რადგანაც 1996 წელს მერიას გაცემული აქვს ამ ადგილას ახალი სახლის აშენების ნებართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.04.02წ. განჩინების გაუქმება, ქ. ბათუმის სასამართლოს 13.02.02წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ქ. ბათუმის მერია წარმოდგენილი შეპასუხებით ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის სასამართლომ არასწორად გააერთიანა და განიხილა ძირითადი და შეგებებული სარჩელები ს. გ-ის მიერ მიწის ფართის გათავისუფლების თაობაზე სარჩელის სასამართლოში შეტანა მოხდა მიკრორაიონის გამგეობის მითითების შედეგად, უმართებულოა აგრეთვე მთავრობის 11.08.92წ. ¹825 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების საფუველზე მერიის მიერ ჩუქების წესით გადაცემული სამხატვრო სახელოსნოს ხელშეკრულების გაუქმება ფორმალური, არაარსებითი დარღვევის გამო.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის 10.04.02წ. განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. უკანასკნელი შეგებული სარჩელის მისაღებად ითვალისწინებს, რომ იგი უნდა პასუხობდეს როგორც სსკ-ს 178-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო განცხადებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სპეციალურ მოთხოვნებს, კერძოდ სსკ-ს 189-ე მუხლის თანახამდ შეგებებული სარჩელის წარდგენა დასაშვებია თუ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; მისი დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელი არის ძირითადი სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება, რის გამო საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს შეგებებული სარჩელის მიღების ისეთ პირობებს, რომელთა არსებობისას შეგებებულ სარჩელს შეუძლია შეასრულოს ეს დანიშნულება. განსახილველ დავაში ს. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საერთო სარგებლობის ეზოში არსებული რკინის ბადის ტიხრის მოშლა, ხოლო მოპასუხეებმა _ ზ. და მ. გ-ებმა შეგებებული სარჩელით ითხოვეს ს. გ-ის მიერ სამხატვრო სახელოსნოს პრივატიზაციის გაუქმება, უკანონო მიშენების აღება. უკეთუ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი ვერ პასუხობდა სსკ-ს 189-ე მუხლის მეორე ნაწილის სპეციალურ პირობებს, სააპელაციო პალატამ, პროცესუალური ეკონომიის მოსაზრებებით, უფლებამოსილი იყო თავად გადაეწყვიტა შეგებებული სარჩელის დაუშვებლად ცნობის, შეგებებული სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოების დასრულების საკითხი და არსებითად ემსჯელა ძირითადი სარჩელის საფუძვლიანობაზე, ვინაიდან სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის დაბრუნების გარეშე გადაწყვიტოს დავა. განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატას არ მოუყვანია რაიმე მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რის გამო მიიჩნია პალატამ ძირითად და შეგებებულ სარჩელებს შორის ურთიერთკავშირის არარსებობა (სსკ-ს 189-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ" ქვეპუნქტი), ამ ნაწილში განჩინება არის დაუსაბუთებელი, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. სააპელაციო პალატის 10.04.02წ. განჩინებიდან გაურკვეველი რჩება მიიჩნია თუ არა სააპელაციო სასამართლომ ს. გ-ის მიერ თვითნებურად მშენებლობის წარმოების ფაქტი დადასტურებულად, რაც უშუალოდ უკავშირდება საერთო სარგებლობის ეზოს თვითნებური დაკავების, ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის წარდგენის მართლზომიერების საკითხს. სააპელაციო პალატას არ მოუყვანია აგრეთვე რაიმე არგუმენტი შეგებებული სარჩელის ავტორების არასათანადობის თაობაზე, პალატა შემოიფარგლა იმის აღნიშვნით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმოწმებია შეგებებული სარჩელის ავტორების უფლებამოსილება ამგვარი სარჩელების აღძვრაზე. ამასთანავე, პალატამ არ მიუთითა ცნობილი იქნა თუ არა სათანადო მოსარჩელედ ს. გ-ე, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს. გ-ე ცნობილი იქნა სარჩელის აღძვრის არაუფლებამოსილ პირად იმ მოტივით, რომ მიწის მესაკუთრე _ ქ. ბათუმის მერია სარჩელით არ ითხოვს ზ. და მ. გ-ების მიერ უკანონოდ დაკავებული მიწის ფართის გამოთავისუფლებას, ხოლო ს. გ-ს, სასამართლოს აზრით, არ გააჩნია ამგვარი საკითხის დასმის უფლებამოსილება. შესაბამისად, ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივს წარმოადგენდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის საერთო სარგებლობის ეზოს მოსარგებლეა და სარგებლობის უფლების დასაცავად აქვს სარჩელის აღძვრის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იქონია მსჯელობა სააპელაციო საჩივრის ამ მოტივზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 10.04.02წ. განჩინება.
2. საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.