3გ-ად-160-კ 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 17 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» მთავარი საბჭოს სახელით – გ. კ-იას, რ. ლ-ძის, ასევე, ფიზიკური პირების – რ. თ-შვილის, ვ. კ-ძის, ვ. ბ-ძისა და ა. ს-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკოს) მიმართ. მოსარჩელეები ითხოვდნენ: ა) ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ცსკოში პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» სახელით შეტანილ პარტიულ სიებს, რომლებსაც ხელს აწერდა გ. კ-ია; ბ) დავალებას ცსკოსადმი, დაუყოვნებლივ გამოეცა განკარგულება გ. კ-იას მიერ წარდგენილი პარტიული საარჩევნო სიის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
იმავე დღეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას სასარჩელო განცხადება მოპასუხე ცსკოს მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა: ა) ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე საქართველოს ცსკოში პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» სახელით შეტანილ პარტიულ სიებს, რომლებსაც ხელს აწერდა ზ. ჟ-ია.
პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 17 მაისის განჩინებით ორივე საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» მთავარი საბჭოს სახელით – გ. კ-იას, რ. ლ-ძის, ასევე, ფიზიკური პირების – რ. თ-შვილის, ვ. კ-ძის, ვ. ბ-ძისა და ა. ს-ძის სარჩელი მოპასუხე – საქართველოს ცსკოს მიმართ სრულად დაკმაყოფილდა. არაკანონიერად, ანუ ბათილად იქნა ცნობილი მისი გამოცემის მომენტიდან ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ცსკოში პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» სახელით შეტანილ პარტიულ სიებს, რომლებსაც ხელს აწერდა გ. კ-ია. ცსკოს გ. კ-იას მიერ წარდგენილი პარტიული საარჩევნო სიის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განკარგულების დაუყოვნებლივ გამოცემა დაევალა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელე პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას სარჩელი მოპასუხე ცსკოს მიმართ, ამავე კომისიის 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების იმ ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე ცსკოში პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» სახელით შეტანილ პარტიულ სიებს, რომლებსაც ხელს აწერდა ზ. ჟ-ია, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით, კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), შეჩერებულ იქნა .. ..-ის წესდებაში 2002 წლის 22 დეკემბრის ყრილობის მიერ განხორციელებული ცვლილებები და დამატებები, რომლითაც შეიქმნა პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც კავშირის თავმჯდომარის, მთავარი საბჭოს და გენერალური მდივნის უფლებამოსილებანი გადაეცა. აღნიშნული განჩინება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ძალაშია და მოქმედებს.
2. ამოქმედდა აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი წესდება და პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» ხელმძღვანელი ორგანოები. წესდების თანახმად, კავშირის მთავარი საბჭო ყრილობებს შორის პერიოდში თავმჯდომარესთან ერთად ხელმძღვანელობს კავშირის საქმიანობას. მთავარმა საბჭომ 2002 წლის 7 მაისს მიიღო დადგენილება, რომლითაც პარტიის სახელით ყველა დოკუმენტაციაზე, მათ შორის, ცსკოში წარსადგენ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიანიჭა მთავარი საბჭოს წევრს – გ. კ-იას. იგი წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც კავშირის ერთადერთმა ხელმძღვანელმა ორგანომ – კავშირის მთავარმა საბჭომ (კავშირს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროისთვის და დღეის მდგომარეობით არ ჰყავს თავმჯდომარე) მიანიჭა უფლებამოსილება საარჩევნო კოდექსის 118-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაამოწმოს პარტიული სია.
პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ზ. ჟ-იამ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლი, რომლის თანახმადაც «პარტიის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით» (მე-2 და მე-3 პუნქტები). კასატორის მოსაზრებით, პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» აღმასრულებელი ორგანოს (კავშირის მთავარი საბჭოს) სხდომა არ ჩატარებულა. სხდომის ჩაუტარებლად კი პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელ ორგანოს არ გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. საქმეში არსებული მთავარი საბჭოს დადგენილება, რომლითაც პარტიის სახელით საარჩევნო სიების წარდგენის უფლებამოსილება გ. კ-იას მიენიჭა, საბჭოს წევრების მიერ ხელმოლწერილია მათსავე სამუშაო ადგილებზე. ამასთან, მთავარი საბჭოს დადგენილებას ხელს არ აწერს საბჭოს წევრთა უმრავლესობა, რადგან მთავარი საბჭოს წევრის გ. მ-იანის განმარტებით, იგი შეცდომაში შეიყვანეს მთავარი საბჭოს დადგენილების ხელმოწერისას, ხოლო მ. ჭ-ელის ხელმოწერა სხვა ხელმოწერებისაგან განსხვავებით, სანოტარო წესით არ არის დადასტურებული.
კასატორი თვლის, რომ პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» მთავარ საბჭოს არ გააჩნდა პარტიის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ დაირღვა «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.
კასატორის მოსაზრებით, პარტიული სიის წარდგენის მომენტში, 2002 წლის 8 მაისს, ზ. ჟ-იას, როგორც კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს გააჩნდა პარტიულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლებამოსილება, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29 აპრილის განჩინება, რომლითაც შეჩერდა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის უფლებამოსილება, ძალაში შევიდა 2002 წლის 10 მაისს, რასაც ადასტურებს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი.
კასატორმა, საბოლოოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საოლქო სასამართლომ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, შეჩერდა «მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» ცვლილებებით რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 16 იანვრის ¹22-ე ბრძანების მოქმედება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული განჩინება ძალაში შევიდა 2002 წლის 10 მაისს და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელის წარდგენა სასამართლოში ავტომატურად აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად «სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას.» მითუმეტეს, რომ 2002 წლის 29 აპრილის განჩინების აღსრულება არც საოლქო და არც საკასაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებიდან გამომდინარე არ შეუჩერებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ 2002 წლის 8 მაისისათვის, პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას ხელმოწერით საქართველოს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენისას, კავშირის საორგანიზაციო კომიტეტს, საოლქო სასამართლოს 2002 წლის 29 აპრილის განჩინებით, რომელიც ძალაში შევიდა გამოტანისთანავე, უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, რის გამოც. ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას ხელმოწერით წარდგენილ პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» პარტიულ საარჩევნო სიებს, სწორად იქნა მიჩნეული კანონიერად საოლქო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის 118-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად
«პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით.»
საოლქო სასამართლოს 2002 წლის 29 აპრილის განჩინებით ვინაიდან შეჩერებულ იქნა პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» წესდებაში პარტიის IV ყრილობის გადაწყვეტილებით შეტანილი ცვლილებების მოქმედება, დროებით განახლდა კავშირის წესდებაში ცვლილებების შეტანამდე არსებული მდგომარეობა და ამოქმედდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 1998 წლის 27 თებერვლის ¹7/19 დადგენილებით რეგისტრირებული კავშირის წესდება. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარეშე წესდების 4.7 მუხლის თანახმად კი ყრილობებს შორის პერიოდში კავშირის საქმიანობას კავშირის თავმჯდომარესთან ერთად ხელმძღვანელობს კავშირის მთავარი საბჭო. ამდენად, ხელმძღვანელობით ფუნქციას კავშირის წესდების მიხედვით ახორციელებს კავშირის თავმჯდომარე და კავშირის მთავარი საბჭო. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ კავშირს ფაქტობრივად არ ჰყავს თავმჯდომარე, რადგან კავშირის თავმჯდომარემ – საქართველოს პრეზიდენტმა – საქვეყნოდ უარი განაცხადა კავშირის თავმჯდომარეობაზე და გადადგა, ხოლო ახალი თავმჯდომარე არჩეული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, კავშირის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება წესდების თანახმად ერთადერთ ორგანოს კავშირის მთავარ საბჭოს გააჩნდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კავშირის მთავარი საბჭო კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა და კომპეტენციის ფარგლებშივე იქნა მიღებული დადგენილება გ. კ-იასათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კავშირის მთავარი საბჭოს წევრებს სხდომის მოწვევის გარეშე არ შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება. არც «საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლი და არც კავშირის წესდება იმპერატიულად არ ადგენს, რომ კავშირის მთავარი საბჭოს გადაწყვეტილება მხოლოდ სხდომაზე მიიღება. ამ მუხლის თანახმად, მთავარი საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ხოლო მთავარი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი; რაც არ ნიშნავს იმას, რომ სხდომის გარეშე მთავარი საბჭო უფლებამოსილი არ არის მიიღოს გადაწყვეტილება. არამედ, აღნიშნული ნორმის თანახმად, სხდომის გარეშე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა მთავარი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გ. კ-იასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ კავშირის მთავარი საბჭოს დადგენილებას ხელი მოაწერა მთავარი საბჭოს 17 წევრმა. მათგან ნების გამოვლენის ნამდვილობა სადავო გახადა მხოლოდ ერთმა წევრმა. რადგან კავშირის წესდების 4.2 მუხლის თანახმად კავშირის მთავარი საბჭო არაუმეტეს 33 წევრის შემადგენლობით აირჩევა, ხოლო სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის 2 წევრი გარდაცვლილი იყო, მათ ნაცვლად კი ახალი წევრების არჩევა არ მომხდარა (რაც ასევე სადავო არ გამხდარა), ქვორუმი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ყველა შემთხვევაში არსებობდა, რის გამოც საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცსკოს 2002 წლის 13 მაისის ¹47/2002 განკარგულების იმ ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა რეგისტრაციაზე გ. კ-იას ხელმოწერით წარდგენილ პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» პარტიულ სიებს, სწორია და უცვლელად უნდა დარჩეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 77-ე მუხლის 23-ე პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პოლიტიკურ გაერთიანება «.. ..-ის» საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ზ. ჟ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.