3გ-ად-160-კ-01 22 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: იჯარის ხელშეკრულების და მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს ზესტაფონის სამშენებლო საწარმოო გაერთიანება «ი-ის» გენერალურმა დირექტორმა რ. ჩ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 26.04.90წ. ¹206 დადგენილებით, ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 21.04.89წ. ¹112/30 გადაწყვეტილებით და ... საბჭოთა მეურნეობას და ტ. «ც-ის» ზესტაფონის სპეციალიზებული სამმართველოს (ამჟამად ს.ს. სსგ «ი-ი») ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შენობა-ნაგებობები ... საბჭოთა მეურნეობა-კომპლექსიდან გამოყოფით გადაეცა ზესტაფონის სპეციალიზებულ სამმართველოს (ამჟამად სს სსგ «ი-ი»), დამხმარე მეურნეობის გასაფართოებლად. ამგვარად, ზესტაფონის სპეციალიზებულ სამმართველოში შეიქმნა ... აგროსამრეწველო მეურნეობა, რომლის ძირითადი ფონდები კანონმდებლობის თანახმად გაერთიანდა ამ სამმართველოს ძირითად ფონდებში ერთიან ბალანსად. «ც-ის» სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ბაზაზე ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება გახდა სამმართველოს უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის 30.12.89წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ... საბჭოთა მეურნეობიდან სამმართველოს ბალანსზე გადაცემული 1,5 ჰა ხეხილის ბაღის მესაკუთრე. მიუხედავად ამისა, ჭიათურის მიწის მართვის სამმართველომ ს.ს. «ი-ის» კუთვნილი ხეხილის ბაღიდან 1200 კვ.მ. გასცა საკუთრებაში მ. ჩ-ძეზე, ხოლო 3500 კვ.მ. იჯარით გადასცა თ. ჩ-ძეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მ. ჩ-ძეზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება და თ. ჩ-ძესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე ორი წლის განმავლობაში მოსავლის დანაკარგის ღირებულების (340ლ.), ქონების გადასახადის გადახდილი თანხის (24ლ.), სადავო ტერიტორიიდან ამოძირკული 200 ძირი ვაზის ღირებულების (600 ლ.), სულ 964 ლარის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 09.01.01წ. გადაწყვეტილებით სს ზესტაფონის საამშენებლო საწარმოო გაერთიანება «ი-ის» გენერალური დირექტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის საფუძველზე უძრავი ნივთის შესაძენად სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრება სადავო ნაკვეთზე.
სს ზესტაფონის საამშენებლო საწარმოო გაერთიანება «ი-ის» წარმომადგენელმა მ. ვ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მიწის ნაკვეთის დაბრუნება და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 13.07.01წ. განჩინებით ს.ს. «ი-ის» წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, მტკიცება, რომელიც დაადასტურებდა სს «ი-ის» საკუთრების უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი 30.12.89წ. მიღება-ჩაბარების აქტით სააქციო საზოგადოებას გადაეცა 1,5 ჰა ხეხილის ბაღი, მაგრამ როგორც მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა ეს არ არის მიწის ის ფართობი, რომელსაც მხარეები სადავოს ხდიან.
საქმის მასალების (ტოპოგრაფიული გეგმა-ნახაზი, მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება) საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 30.12.89წ. მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილი კურკოვანი ტყემლის ბაღი ნამდვილად არ არის მიწის ის ფართი, რომლებსაც მხარეები სადავოდ ხდიან. კურკოვანი ტყემლის ნარგავი ე.წ. ხეხილის ბაღი ამჟამადაც აპელანტის მფლობელობაშია, მას არავინ შეხებია, იგი პრივატიზებული არ ყოფილა და შესაბამისად არც საკუთრებისა თუ იჯარის უფლებით არ გაცემულა ვინმეზე. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მოხვედრილი 1,5 ჰა მიწის ფართი სადავო მიწის ნაკვეთადაც რომ ჩათვლილიყო, ეს ფაქტი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ იქნება, ვინაიდან «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გადაცემის შესახებ» კანონის თანახმად ამ კანონის მიღებამდე მიწასთან დაკავშირებული ყოველგვარი ურთიერთობა და ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, სამართალურთიერთობის მონაწილეებს დაევალათ ახალი საიჯარო ხელშეკრულების დადება. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სს «ი-ს» არასოდეს არავითარი ხელშეკრულება მიწის მესაკუთრესთან არ დაუდია. ამდენად, სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია მ. ჩ-ძისათვის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და თ. ჩ-ძესთან იჯარის ხელშეკრულების დადება.
სს ზესტაფონის საამშენებლო საწარმოო გაერთიანება «ი-ის» წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით «ი-ის» მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორი აღნიშნავს, რომ მინისტრთა საბჭოს 26.04.90წ. ¹206 დადგენილების, ჭიათურის საქალაქო საბჭოს 15.12.89.წ. გადაწყვეტილების და მის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სოფ. ... მიწის გარკვეული ნაწილი მასზედ განლაგებული შენობა-ნაგებობებით ... საბჭოთა მეურნეობის კომპლექსიდან გამოყოფით გადაეცა ზესტაფონის სპეცსამმართველოს დამხმარე მეურნეობის გასაფართოებლად. სპეც სამმართველოს ბაზაზე ჩამოყალიბებული ს.ს «ი-ი» გახდა სპეცსამმართველოს უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის 30.12.89წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ... საბჭოთა მეურნეობიდან სამმართველოს ბალანსზე გადაცემული 1,5 ჰა ხეხილის ბაღის მესაკუთრე. ჭიათურის მიწის მართვის სამმართველო გასცა რა ს.ს. «ი-ის» კუთვნილი ხეხილის ბაღიდან 1200 კვ.მ მ. ჩ-ძის საკუთრებაში და 3500კვ.მ თ. ჩ-ძეს იჯარით, ხელყო ს.ს. «ი-ი» ქონება. ამასთანავე, არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, «ი-ის» გენერალური დირექტორის მითითება იმის შესახებ, რომ მართალია ისინი არ არიან სადავო მიწის მესაკუთრენი, მაგრამ სადავო მიწის ფართობზე გაშენებული ხეხილის ბაღი მათ ძირითად საკუთრებათა ჩამონათვალშია შესული. მიუხედავად იმისა, რომ კოლეგიისათვის წარდგენილი იყო ს.ს. წესდება და მოწმეთა ახსნა-განმარტებანი იმის შესახებ, რომ სადავო ნაკვეთი მათ ძირითად საშუალებებს განეკუთვნებოდა, სააპელაციო პალატამ აღნიშნული არ გაითვალისწინა. კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კასატორისათვის კუთვნილი ქონების დაბრუნება, მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ს.ს. ზესტაფონის საამშენებლო-საწარმოო გაერთიანება თავის მოთხოვნას აფუძნებს ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 21.04.89წ. ¹112/30 გადაწყვეტილებაზე, მინისტრთა საბჭოს 26.04.90წ. ¹206 დადგენილებაზე, ... საბჭოთა მეურნეობის და ტრესტ «ც-ის» ზესტაფონის სპეციალიზებულ სამმართველოს 30.12.89წ. მიღება-ჩაბარების აქტზე. ამასთანავე, «სსრკ შავი მეტალურგიის სამინისტროს ტრესტ «ც-ის» ზესტაფონის სპეციალიზებული სამმართველოს ჭიათურის ქვეგანყოფილების დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ» ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 21.04.89წ. ¹112/30 გადაწყვეტილება, ... მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან ითვალისწინებდა სახნავი (23,51ჰა), საძოვარი (43,84ჰა) და ბუჩქნარ საძოვარი (32,6 ჰა) მიწების გამოყოფას. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ გადაცემულა ხეხილის ბაღი. ხეხილის ბაღის (1,5 ჰა), სახნავის (156,3 ჰა), საძოვარის (216 ჰა), ტყის (455,6 ჰა), ჩაის (16ჰა) და სხვა ფართობები ზესტაფონის სპეციალიზებული სამმართველოს დამხმარე მეურნეობას გადაეცა ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 15.12.89წ. ¹342/10 გადაწყვეტილებით, რომლითაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს ეთხოვა გადაწყვეტილების დამტკიცება. მოწინააღმდეგე მხარის – რაიონის მიწის მართვის სამმართველოს განმარტებით ირკვევა, რომ სადავო ნაკვეთი შედის 15.12.89წ. აღმასკომის განკარგულებაში მითითებული არა ბაღის, არამედ სახნავი მიწის (156,3 ჰა) შემადგენლობაში. ამასთანავე, «დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის ფართობების გამოყოფის შესახებ» მინისტრთა საბჭოს 26.04.90წ. ¹206 დადგენილებით დამტკიცდა 21.04.89წ. ¹112/30 და არა 15.12.89წ. ¹342/10 გადაწყვეტილება. ამასთანავე, მიწის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, კოლმეურნეობებისათვის, მეურნეობებისათვის, საწარმოებისათვის, დაწესებულება-ორგანიზაციებისათვის მიწის ნაკვეთის მუდმივ ან დროებით სარგებლობაში გამოყოფა შეადგენდა მინისტრთა საბჭოს და არა აღმასკომის უფლებამოსილების სფეროს. შესაბამისად, ხეხილის ბაღის ტერიტორია არ იმყოფებოდა სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს ბალანსზე და ამდენად არ წარმოადგენს სპეცსამმართველოს ბაზაზე დაარსებული ს.ს. «ი-ის» საკუთრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმასკომის 15.12.89წ. გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, აგრეთვე აღმასკომის 21.04.89წ. ¹112/30 და მინისტრთა საბჭოს 26.04.90წ. ¹206 დადგენილება არ ადასტურებენ სპეცსამმართველოს ბალანსზე ხეხილის ბაღის ყოფნას და ამის შედეგად ს.ს. «ი-ის» საკუთრებას მასზე, შესაბამისად ადგილი არა აქვს სააქციო საზოგადოების საკუთრების ხელყოფას. საქმეში არ მოიპოვება სადავო მიწის ფართზე ს.ს. «ი-ის» საკუთრების დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი. მთავრობის 29.05.92წ. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საწარმოთა ღია სააქციო საზოგადებად გარდაქმნის შესახებ დებულების თანახმად სახელმწიფო საწარმოს ქონება შეადგენდა სააქციო საზოგადოების საწესდებო ფონდს, თავის მხრივ სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს უფლებამონაცვლეს მისი გარდაქმნის მომენტისათვის არსებულ უფლება-ვალდებულებებზე, მათ შორის, მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლებაზე. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სს «ი-ის» რაიმე ხელშეკრულება მიწის მესაკუთრესთან სადავო მიწის ფართზე არ დაუდია. საქმის მასალების თანახმად დასტურდება, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის წესის შესახებ» დებულების თანახმად კასატორმა განცხადებით მიმართა მიწის იჯარით გაცემის განცხადებების განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას და ითხოვა 30 ჰა სახნავი ფართობის იჯარით გადაცემა. ჭიათურის რაიონის გამგეობის 17.06.99წ. დადგენილებით დამტკიცდა კომისიის გადაწყვეტილება და კასატორს გადაეცა 30 ჰა სახნავი ფართი, რომელიც არ შეიცავს სადავო ნაკვეთს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დადასტურებულად იქნა ცნობილი, რომ 30.12.89წ. მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილი კურკოვანი ტყემლის ბაღი არ არის მიწის ის ფართი, რომელსაც მხარეები სადავოდ ხდიან. სააპელაციო პალატამ საკითხის მეტად ნათელსაყოფად სს «ი-ს» მოთხოვა წესდების წარმოდგენა, საამისოდ გადადო სასამართლო სხდომა, მიუხედავად ამისა წესდება არ იქნა წარმოდგენილი. პალატამ ტოპოგრაფიული გეგმა-ნახაზის, მიღება-ჩაბარების აქტის, მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია არ მომხდარა, იგი არც საკუთრებასა და არც იჯარის უფლებით გადაცემულა ვინმესთვის. მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორს სსსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის თანახმად არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საოლქო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტის უარსაყოფად. უფრო მეტიც, სს «ი-ის» გენ. დირექტორმა სააპელაციო პალატის 30.04.01წ. სხდომაზე განაცხადა, რომ მიწა სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებოდა, სააქციო საზოგადოებას იგი არ შეუსყიდია, დავა ეხება არა მიწის ნაკვეთს, არამედ ხეხილის ბაღს, ნარგავებს, რომელიც ქონების სახით გადაეცა სააქციო საზოგადოებას. დავის საგნის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიცია მჟღავნდება აგრეთვე 13.07.01წ. სხდომაზე, სადაც სს «ი-ის» გენ.დირექტორი რ. ჩ-ძე მიცემულ ახსნა-განმარტებაში კვლავინდებურად განმარტავს, რომ მიწა გამოსყიდული არ არის და დავა ეხება მხოლოდ ნარგავებს, რომელიც სააქციო საზოგადოების საკუთრებას წარმოადგენს. იგივეს აღნიშნავს კასატორი საკასაციო საჩივარში. პალატა ზემოთ აღნიშნული არგუმენტაციის მოშველიებით არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ხეხილის ბაღზე სს საკუთრების უფლების შესახებ და დამატებით აღნიშნავს, რომ ბაღი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ვინაიდან შეუძლებელია ნარგავების განცალკავება მიწის ნაკვეთიდან მათი განადგურების, მიზნობრივი დანიშნულების გამოყენების უნარის დაკარგვის გარეშე, რის გამო იგი ვერ იქნება ცალკე უფლების ობიექტი. რადგანაც შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ძირითად ნივთთან, არ დაიშვება ხელშეკრულებით მხარისათვის საკუთრების უფლების შენარჩუნება მარტოოდენ არსებით შემადგენელ ნაწილზე, დამოუკიდებელი სანივთო უფლება არსებით შემადგენელ ნაწილზე არ დაიშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს, ხოლო ხეხილის ბაღის _ კასატიორის საკუთრებაში ყოფნას, რაც სს «ი-ის» მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს 13.07.01წ. განჩინება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არარსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს ზესტაფონის საამშენებლო საწარმოო გაერთიანება «ი-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 13.07.01წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.