3გ/ად-161-კ 25 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: უკანონოდ დარიცხული გადასახადებისაგან განთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 15 მარტს შპს «მ-ის» დირექტორმა ბ. კ-ძემ სარჩელი აღძრა ქ. ჭიათურის სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციისა და ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებლის ა. ჩ-ძის მიმართ, ხოლო დამატებითი სარჩელითY მოპასუხედ, სს «ა-ი» დაასახელა. მოსარჩელის განმარტებით, ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელ ა. ჩ-ძესა და მას, შპს «მ-ის» დირექტორ ბ. კ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სს «ა-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაცია მოახდინა შპს-მ «მ-ე». ხელშეკრულების თანახმად, შპს-მ «მ-ე» დაიტოვა ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის 5%, ხოლო დანარჩენი, 58771 ლარიდან 55 833 ლარი, უკლებლივ გადარიცხა ქ. ჭიათურის სასამართლოს სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტზე. შპს «მ-ემ» მომსახურეობის საფასურის სახით დატოვებული 5%-ის, 2938 ლარის, დამატებითი ღირებულების გადასახადი გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. ქ. ჭიათურის საგადასახადიო ინსპექციამ შპს-ის «მ-ე» შემოწმებისას მიიჩნია, რომ საწარმოს დარღვეული ჰქონდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, სახელდობრ, დარღვეულად ჩათვალა ანგარიშ-ფაქტურების ამოწერისა და დღგ-ს გადახდის წესი, რის გამოც საგადასახადო აქტით შპს «მ-ეს» გადასახდელად დაარიცხა რეალიზებული ქონების დღგ-ს გადასახადი _ 11 754 ლარი და საურავი _ 10012 ლარი, სულ _ 21 766 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა მას არ უნდა გადაეხადა, ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის აქტი მის მიმართ უკანონო იყო და აღნიშნული თანხების გადახდა ან სს «ა-ს», ან ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელს უნდა დაკისრებოდა.
ქ. ჭიათურის სასამართლოს მოსამართლის თვითაცილების საფუძველზე საქმე განიხილა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ და 1999 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს-ას «მ-ე» ჩამოაწერა ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის მიერ დარიცხული თანხა _ 21 766 ლარი და იგი გაანთავისუფლა აღნიშნული თანხის გადახდისაგან. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს-ის «მ-ე» სასარჩელო მოთხოვნას, რომ 21766 ლარი გადასახდელად ან ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელს, ან სს «ა-ს» დაკისრებოდა, უარი უთხრა უსაფუძვლობის გამო.
ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო და საკასაციო საჩივრების საფუძველზე საქმე არაერთხელ იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ და არაერთხელ დაბრუნდა ხელმეორედ განსახილველად. ბოლოს საქმე განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ. სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე აპელანტმა ქ. ჭიათურის ინსპექციის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს «მ-ე» რეგისტრირებულია, როგორც დღგ-ს გადამხდელი, აქვს თავისი კოდი და ვალდებულია ყოველი თვის 15 რიცხვისათვის წარმოუდგინოს ანგარიშფაქტურა საგადასახადოს, აჩვენოს რამდენია ბრუნვა და რამდენი ეკუთვნის ბიუჯეტს დღგ. შპს «მ-ეს», რადგანაც გაფორმებული ჰქონდა აღნიშნული ოპერაცია, ამიტომ დაერიცხა დასახელებული თანხა. საგადასახადო ორგანოსათვის ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება მოხდეს ჩათვლა, არის ანგარიშ-ფაქტურა. დღგ საწარმოს დარიცხული აქვს მხოლოდ მომსახურეობის 5%-ზე, რითაც დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 112-115-ე მუხლების მოთხოვნები. აპელანტის განმარტებით, შპს-სა «მ-ესა» და ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელს შორის ხელშეკრულების დადებისთანავე, ანგარიშ-ფაქტურა შპს-ს უნდა წაეღო სს «ა-ისაგან». თუ ჰქონდა სს «ა-ს» დღგ დარიცხული და ანგარიშ-ფაქტურა ამოწერილი, ის მიიღებდა ჩათვლას და რომ გადასცემდა აღნიშნულს შპს «მ-ეს», ისიც მიიღებდა ჩათვლას. ვინაიდან შპს-ს არ ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურა, დაიბეგრა მთლიანი ბრუნვიდან, რასაც დაერიცხა საურავი. აპელანტმა _ ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შპს «მ-ზე» საგადასახადო აქტის თანახმად დარიცხული 21 766 ლარის გადახდევინება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი არ ცნო შპს «მ-ის» დირექტორმა ბ. კ-ძემ და განმარტა, რომ მასა და აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სარეალიზაციოდ მიღებული ქონება იმავე ფასად უნდა გაეყიდა, რა ფასშიც სარეალიზაციოდ ჩაბარდა. აღნიშნული მომსახურეობისათვის იგი მიიღებდა საქონლის რეალიზაციის 5%-ს. მან საქონლის რეალიზაცია აწარმოა იმ ფასად, რა ფასიც სასამართლოს მიერ იყო დადგენილი და გარდა 5%-სა, თანხა მთლიანად გადარიცხა აღმასრულებლის დეპოზიტზე, ხოლო მომსახურეობის 5%-ზე დარიცხული დღგ შეიტანა ბიუჯეტში. რაც შეეხება სს «ა-ს», პირველად რომ მიმართა, ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერეს, ხოლო შემდეგ უთხრეს, რომ აღნიშნულისათვის დადგენილი ვადა იყო გასული. შპს-ეს დირექტორმა ბ. კ-ძემ, დამატებით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, სს «ა-ს» ამ ოპერაციისათვის დარიცხული აქვს დღგ, რის გამოც სახელმწიფოს არაფერი დაკლებია და შესაბამისად, არც მას უნდა გადახდეს საგადასახადოს აქტით 21 766 ლარი.
სს «ა-ის» წარმომადგენელმა სს-ის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით შპს «მ-ესა» და აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ მათთვის არ იყო ცნობილი. ამასთან, ვინაიდან აღმასრულებელი არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული, მისთვის ანგარიშ-ფაქტურა არ წარუდგენიათ. სს-ს დღგ აღნიშნულ საქონელზე დარიცხული აქვს, ხოლო გადახდილი აქვს თუ არა _ ეს დავის საგანი არ არის.
სს «ა-ის» წარმომადგენლის გ. გ-ძის განმარტებით, შპს-მ «მ-ე» დაგვიანებით მიმართა მათ ანგარიშ-ფაქტურის გამოსაწერად და ვინაიდან ვადა გასული იყო, ანგარიშ-ფატქურა ვეღარ გამოწერეს. დღგ-ს თანხა აღნიშნულ საქონელზე მათ მიერ დარიცხულია და დეკლარაცია წარდგენილი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. ამდენად, სს «ა-ის» წარმომადგენელთა მოსაზრებით, შპს «მ-ის» სარჩელი მათ მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, ამასთან, შპს-ს საგადასახადო ინსპექციის მიერ დარიცხული თანხები არ უნდა გადაეხადა.
მის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ ცნო არც ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელმა, რომელმაც მიუთითა, რომ აღმასრულებელი არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი და შესაბამისად, მას არ ევალებოდა მესაკუთრესა და რეალიზატორს შორის ანგარიშ-ფაქტურების საკითხის მოწესრიგება. ვინაიდან სს «ა-მა» არ გადაიხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, მოხდა მისი ქონების დაყადაღება და აუქციონზე გაყიდვა, ხოლო რაც არ გაიყიდა, გასაყიდად გადაეცა შპს «მ-ეს», რომელიც ასეთ მომსახურეობას ეწეოდა. აღმასრულებლის განმარტებით, სააქციო საზოგადოება მოვალე იყო ქონების მასზე გადაცემის აქტის შედგენისას გადაეცა მისთვის ანგარიშ-ფაქტურა, რაც სს-ს არ გაუკეთებია, რითაც დაარღვია საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნა. აღმასრულებლის განმარტებით საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს-ზე დაკისრებული თანხა, შპს-ს არ უნდა გადაეხადა.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას შპს «მ-ის» დირექტორმა ბ. კ-ძემ უარი თქვა სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც სადავო თანხის _ 21 766 ლარის სს «ა-ზე» ან ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებელზე დაკისრებას მოითხოვდა. ამასთან, მან მხარი დაუჭირა თავის სარჩელს იმ ნაწილში, რომლითაც მიიჩნევდა, რომ საგადასახადო ინსპექციის აქტი არასწორი იყო და მას სადავო თანხა _ 21 766 ლარის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2001 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «მ-ის» უარი სასარჩელო მოთხოვნაზე არ მიიღო და მოსარჩელის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «მ-ეს» საგადასახადო ინსპექციის აქტით დარიცხული გადასახადები: დღგ-11754 ლარი, საურავი _ 10012 ლარი, სულ მთლიანად 21 766 ლარი არ უნდა დაკისრებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შპს «მ-ის» სასარჩელო მოთხოვნა (რომელზეც მოსარჩელემ უარი თქვა) და სს «ა-ს» ბიუჯეტის სასარგებლოდ 21 765 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შპს «მ-ე» არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა სარჩელზე, ვინაიდან აღნიშნული საგადასახადო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს «ა-ისათვის» 21 766 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ა-მა», რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და სს «ა-ს» განმეორებით გადასახდელად დაარიცხა ის თანხა, რაც მას უკვე დარიცხული აქვს. კასატორის განმარტებით, სასამართლომ განიხილა დავა, რომელიც მხარეებს შორის აღარ არსებობდა. საბოლოოდ, სს «ა-მა» სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი ცნო და განმარტა, რომ სს «ა-ისათვის» აღნიშნული თანხის დაკისრებას საგადასახადო ინსპექცია არ ითხოვდა. ამასთან, მართალია, სააპელაციო სასამართლომ შპს «მ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციის აქტი შპს «მ-თვის» 21 766 ლარის დაკისრების ნაწილში უკანონოდ ცნო, ქ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექციას საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების ამ ნაწილზე არ შეუტანია და ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გასაჩივრებული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა გასაჩივრებულ ნაწილში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს «ა-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმის წარმოება ამ ნაწილში უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმა ეხება ადმინისტრაციულ ორგანოს და მისი გავრცელება ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე ყოვლად დაუშვებელია. სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უარი სარჩელზე, თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. რაც შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ისინი სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. დისპოზიციურობის პრინციპის არსი პირის ნების პრიმატში მდგომარეობს. პირი თვით, საკუთარი ნება-სურვილით იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა სასამართლოს, ცნოს თუ არა სარჩელი, უარი თქვას თუ არა სარჩელზე. პირისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ორგანო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს. ამიტომაც, საქმის აღძვრის და სასამართლო განხილვის სტადიაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება _ უარი თქვას სარჩელზე, საქმე მორიგებით დაამთავროს, ცნოს სარჩელი, დამოკიდებულია არა მის მოსაზრებასა და შეხედულებაზე, არამედ იმაზე, შეესაბამება თუ არა ამგვარი გადაწყვეტილება მისი საქმიანობის მიზანს და საბოლოო ჯამში _ საქართველოს კანონმდებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე _ შპს-ის «მ-ე» მიერ სარჩელზე უარის თქმისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტი, რადგან საქმის წარმოების შეწყვეტა საქმის მომზადებისა და განხილვის ყველა სტადიაზეა შესაძლებელი. ამ ნორმის შესაბამისად სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. მოცემული დავის განხილვისას მოსარჩელე _ შპს-მ «მ-ე» უარი თქვა სარჩელზე სს «ა-ის» ან ქ. ჭიათურის სასამართლოს აღმასრულებლისათვის 21 766 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რაზედაც არც ერთ ფაქტობრივ სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია, თუ რამდენად იყო უფლებამოსილი (სათანადო მოსარჩელე) შპს «მ-ე» მოეთხოვა სხვა პირისათვის გადასახადების დაკისრება, მაშინ, როცა გადასახადების აკრეფა საქართველოს კანონმდებლობით საგადასახადო და საბაჟო ორგანოების კომპეტენციაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე წარმოებით უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ა-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს სს «ა-ისათვის» ბიუჯეტის სასარგებლოდ 21 766 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.