Facebook Twitter

¹ 3გ-ად-161-კ-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, პრივატიზების გაუქმება და სადავო სხვენის მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979წ. 31 იანვრის განკარგულებით საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრალურ-სამონატაჟო და სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმებს მიეცათ თბილისის ...-ის ქ. ¹20,28 და 30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების აღდგენის ნებართვა. მუზეუმებმა შემდგომ უარი განაცხადეს მშენებლობაში მონაწილეობაზე და კულტურის სამინისტროს ნებართვით მშენებლობის (აღდგენის) წილობრივი მონაწილე გახდა ჯერ სახელმწიფო ბანკის რაიონული განყოფილება, შემდეგ _ ტრესტი «ინტურისტსპეცრემშენი".

1983წ. დეკემბერში თეატრალურ სამონტაჟო და სამონტაჟო-სამშენებლო სამმართველოს პროფკომიტეტისა და ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე, კალინინის რაიონული საბჭოს აღმასკომმა 1984წ. 1 იანვარს ს. ყ.-ის სახელზე გასცა ორდერი, რომელმაც პროფკომიტეტისა და ადმინისტრაციისაგან ასევე მიიღო მისი ბინის სხვენის საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებისა და სახურავის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლისათვის ჭერის გაჭრის ნებართვა.

მშენებლობის თანამონაწილე სახელმწიფო ბანკის დაინტერესებიდან გამომდინარე, პროექტის ავტორმა თბილისის მთავარ არქიტექტორთან და თეატრალურ სამონტაჟო-სარემონტო-სამშენებლო სამმართველოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად შეიტანა პროექტში ცვლილება და სხვენი ოთხოთახიან ბინას მიაკუთვნა. მიუხედავად დამკვეთის მოთხოვნისა, თავდაპირველი პროექტი არ აღდგა, რის გამოც, პარტიული სასჯელი დაედოთ პროექტის ავტორსა და მშენებლებს, ხოლო მშენებლობის ნებართვა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა ჩამოართვა ძირითად დამკვეთსა და მონაწილეებს და საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაეცა მისი თანამშრომლებისათვის გასანაწილებლად. 1986 წელს კულტურის სამინისტრომ ოთხოთახიანი ბინა გამოუყო კასატორ ა. შ.-ს. 1990 წელს ა. შ.-მა ნებართვა ითხოვა მისი ბინის გვერდით არსებულ ფართობზე დამატებითი ოთახის ამოშენებაზე, რასაც არ დაეთანხმა პროექტის ავტორი, რადგან სახლი არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენდა. 1992 წელს კასატორმა ა. შ.-მა დაიკავა სადავო სხვენი, რის შემდეგაც შ.-სა და ს. ყ.-ს შორის დაიწყო დავა, რომელიც არაერთგზის განიხილეს სასამართლოებმა და ბოლოს 1999 წელს უზენაესი სასამართლოდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მოთხოვნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა 1994წ. 23 სექტემბრის ¹864 განკარგულებით, ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიიღო ...-ის ქ. ¹26-ში მდებარე კულტურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახლი. 1995წ. 17 დეკემბერს მოსარჩელემ კულტურის სამინისტროს კულტურის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვისა და დაცვის განყოფილებასთან დადებული პრივატიზების ხელშეკრულებით შეიძინა ...-ის ქ. ¹26 მდებარე სამოთახიანი, 62 კვ.მ, საცხოვრებელი, 37,41კვ.მ, დამხმარე და 82,31კვ.მ სამეურნეო ფართის ბინა. 1998წ. 4 აგვისტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ¹16.19.343 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა აზომვითი ნახაზების მიხედვით ...-ის ქ.¹26-ში მდებარე სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის ¹864 განკარგულება და სახლი მიღებულად ჩაითვალა, თანახმად საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიის 1986წ. ¹28 აქტისა, ხოლო დადგენილების მე-6 პუნქტის მიხედვით, კრწანისის რაიონის გამგეობას დაევალა ბალანსზე აეღო ...-ის ქ. ¹26 სახლის არაპრივატიზებული ქონება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოქ. შ.-ისა და ყ.-ის სარჩელების განხილვის შემდეგ.

როგორც აღინიშნა, თავდაპირვევად კასატორმა ა. შ.-მ 1990წ. 22 ოქტომბერს შეიტანა სარჩელი ს. ყ.-ის მიმართ თვითნებურად დაკავებული სათავსის გამოთავისუფლების შესახებ და საქმე მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმის ხელახალა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნების შემდეგ, 2000წ. 28 აპრილს ა. შ.-მ ახალი სარჩელი აღძრა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის, თბილისის მერიის, თბილისის არქიტექტურის მთავარი სამმართველოს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ყ.-ის მიმართ და მოითხოვა:

1. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 4 აგვისტოს ¹16.19.343 დადგენილების გაუქმება;

2. სადავო სხვენის კანონიერ მფლობელად მისი აღიარება.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოპასუხე ს. ყ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა:

1. ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბალანსზე აყვანის შესახებ, საქართველოს კულტურის სამინისტროს 1994წ. 12 მაისის ¹3/36 ბრძანების გაუქმება;

2. საქართველოს კულტურის სამინისტროს 1995წ. 7 ივლისის ¹3/58 ბრძანების გაუქმება;

3. 1995 წელს ა. შ.-თან და 1997 წელს გ. ღ.-ესთან გაფორმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობა.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით ა. შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა თბილისში, ...-ის ქ. ¹26-ში მდებარე სხვენის მესაკუთრედ, მაგრამ უარი ეთქვა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 4 აგვისტოს ¹16.19.343 დადგენილების გაუქმებაზე ხანდაზმულობის გამო, ხოლო ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელი ა. შ.-ის ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ყ.-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პლატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით ს.ყ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად, ადმინისტრაციული-საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსჯადობით გადეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა დაუსაბუთებლობის მოტივით, რადგან შეუძლებლად მიიჩნია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე" პუნქტისა;

2. რაიონულმა სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს 1994წ. ¹3/36 და 1995წ. ¹3/58 ბრძანების, ასევე მ. ღ.-ესთან დადებული პრივატიზების ხელშეკრულების გაუქმებაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი. რადგან რაიონულ სასამართლოს ფაქტობრივად არ განუხილავს ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით იგი მოკლებულია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმების შესაძლებლობას. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია თავად მიეღო ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელის თაობაზე არსებითი გადაწყვეტილება, რადგან დავის საგანი _ საქართველოს კულტურის სამინისტროს ბრძანებები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ" პუნქტის თანახმად, განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ა. შ.-ი, ითხოვს საქმის განსჯადობით განსახილველად კოლეგიისათვის გადაცემის ნაწილში განჩინების პირველი პუნქტის გაუქმებას და მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. კასატორი ასევე ითხოვს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 4 აგვისტოს ¹16.19.349 დადგენილების გაუქმებას, რადგან ხანდაზმულობის მოტივით დადგენილების გაუქმებაზე რაიონულ სასამართლოს უარი უკანონოდ მიაჩნია, კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე სააპელაციო პალატის განჩინების აღწერილობის ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 იანვრის გადაწყვეტილებით ა. შ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა თბილისში, ...-ის ქ. ¹26-ში მდებარე სახლის სხვენის მესაკუთრედ, მაგრამ უარი ეთქვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. ¹16.19.343 დადგენილების გაუქმებაზე, ხოლო ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნებიდან რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ერთ მოთხოვნაზე _ ა. შ.-ის ბინის პრივატიზების ბათილობაზე და არ დააკმაყოფილა იგი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ყ.-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე" პუნქტის თანხმად, გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ვინაიდან სააპელაციო პალატას არსებითად საქმესთან დაკავშირებით არ უმსჯელია და არ მიუღია გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოკლებულია შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თავად გამოიტანოს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო პალატა სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლისა;

2. სააპელაციო პალატამ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ მოტივად მიუთითა ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელის არსებითად განუხილველობა. სახელდობრ, ს. ყ.-ი კრწანისის რაიონულ სასამართლოში 1997წ. 12 ნოემბერს წარდგენილი შეგებებული სარჩელით ითხოვდა საქართველოს კულტურის სამინისტროს 1994წ. ¹3/36 და 1995წ. ¹3/58 ბრძანებების ბათილად ცნობას, ხოლო უზენაეს სასამართლოში 1998წ. 26 ოქტომბერს წარდგენილი დამატებითი შეგებებული სარჩელით ასევე მოთხოვა ა. შ.-ისა და მ. ღ.-ის ბინების პრივატიზების გაუქმება. მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში 2001წ. 10 იანვარს, საქმის განხილვისას ს. ყ.-მა მოითხოვა შეგებებული სარჩელის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მხოლოდ შეგებებული სარჩელის ერთ მოთხოვნაზე _ ა. შ.-ის ბინის პრივატიზების ბათილობაზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რაც სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის დარღვევად და საკასაციო პალატაც იზიარებს, რადგან რაიონული სასამართლოს მიერ ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, სასამართლო ვალდებული იყო სარჩელის ფარგლებში განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა დავა. სარჩელის განუხილველობა (სსკ-ს 275-ე მუხლით ამომწურავად ჩამოთვლილი პირობების გარეშე), საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ყოველი ადამიანისათვის უზრუნველყოფილი უფლების სასამართლო წესით დაცვის იგნორირებას წარმოადგენს, რაც იმავდროულად ადამიანის უფლებათა და ძირითადად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფაა და ამდენად, დაუშვებელია. ამიტომ საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს ა. შ.-ის საკასაციო საჩივარს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში;

3. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატაც ზოგადად უფლებამოსილი იყო არსებითად გადაეწყვიტა ს. ყ.-ის შეგებებული სარჩელი, მაგრამ ვინაიდან შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ეხება საქართველოს სამთავრობო დაწესებულების - საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციული აქტების - ¹3/36 და ¹3/58 ბრძანებების ბათილად ცნობას, მათი კანონიერების შესახებ დავა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ" პუნქტის თანახმად, ამჟამად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება სასამართლოში ხორციელდება საქმის განხილვის დროისათვის, ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის განსახილველად განსჯადობით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ, ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და სსკ-ს 410-ე მუხლის თანხმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-6 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინება;

3. მხარეთათვის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.