3გ/ად-162-კ-01 30 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: თემის საკრებულოს სხდომების საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თერჯოლის რაიონის სოფ. ..... საკრებულოს წევრებმა გ. გ-ძემ (კასატორი), ა. ჩ-ძემ, ა. ბ-შვილმა, ხ. ქ-ძემ, ნ. გ-ძემ (თანამოპასუხეები) 1999 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართეს სოფ... თემის საკრებულოს თავმჯოდმარე თ. ჩ-ძეს (მესამე პირი) და «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვეს შემდეგი დღის წესრიგით: 1. სოფ. ... გამგეობისა და გამგებლის თ. ჩ-ძისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის შესახებ; 2. სოფ. ... საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ. ... თემის გამგებლის თ. ჩ-ძის 1999 წლის 23 აგვისტოს ¹6 განკარგულებით საკრებულოს დეპუტატებს უარი ეთქვათ საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საგანგებო რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად. 1999 წლის 27 აგვისტოს (ოქმი ¹5) მოწვეულ იქნა ... თემის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს 13 დეპუტატიდან ესწრებოდა 9 დეპუტატი, დღის წესრიგში კვლავ იყო ... თემის საკრებულოს თავმჯდომარის თ. ჩ-ძისა და საკრებულოს გამგეობისადმი უნდობლობის გამოცხადების, ასევე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ მოსარჩელე ლ. ფ-ძემ, რომელიც საკრებულოს მდივანი იყო, დატოვა სხდომა და სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს წევრი ა. ბ-შვილი, მდივანი – დ. ჯ-შვილი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ საოქმო გადაწყვეტილებით უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული თანამდებობიდან გადაირჩია საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) თ. ჩ-ძე, ხოლო თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კასატორი გ. გ-ძე. ზედა საზანოს თემის საკრებულოს 2000 წლის 18 იანვრის სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გ. გ-ძე თავმჯდომარეობდა, სხდომის მდივანი _ დ. ჯ-შვილი, დღის წესრიგში განსახილველი იყო ... თემის საკრებულოს მდივნის ანგარიში მიმდინარე წლის გაწეული მუშაობის შესახებ. ოქმის მიხედვით, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და მათ შორის საკრებულოს მდივანმა ლ. ფ-ძემ, სხდომა დატოვეს. ... თემის საკრებულოს 2000 წლის 18 იანვრის სხდომამ საკრებულოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა ლ. ფ-ძე.
ლ. ფ-ძემ 2000 წლის 28 იანვარს სარჩელი აღძრა თერჯოლის რაიონის სასამართლოში სოფ. ... თემის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომისა და 2000 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმის გაუქმება, «ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ», ასევე “საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანულ კანონებთან მათი შეუსაბამობის გამო. მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვდა საკრებულოს მდივნობიდან პირადად მისი გადარჩევის უკანონოდ ცნობას და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს მდივნის მიუღებელ ხელფასზე განაცდურის ანაზღაურებას.
2000 წლის 14 მარტს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს განცახდებით მიმართა ... თემის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე თ. ჩ-ძემ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად საქმეში ჩართვა, იმავე საფუძვლით საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის ოქმის ძალადაკარგულად ცნობა და საკრებულოს თავმჯდომარედ აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით, რაც დაკმაყოფილდა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად საქმეში ჩართული იქნა თ. ჩ-ძე, თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 აპრილის განჩინებით.
მოპასუხეებმა, ამჟამინდელმა კასატორმა და საკრებულოს წევრებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო. საქმე აცილების წესით განიხილა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ფ-ძისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის თ. ჩ-ძის სარჩელი დააკმაყოფილა, ბათილად ცნო თერჯოლის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოსა და 2000 წლის 18 იანვრის საოქმო დადგენილებები, ლ. ფ-ძე აღდგენილ იქნა ... თემის საკრებულოს მდივნის თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის 520 ლარის ანაზღაურებით, ხოლო თ. ჩ-ძე აღდგენილ იქნა ... თემის საკრებულოს თავმჯდომარედ, იძულებითი განაცდურის 1347 ლარის ანაზღაურებით. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ... თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოსა და 2000 წლის 18 იანვრის სხდომების საოქმო გადაწყვეტილებები მიღებული იყო «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ», «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. ფ-ძისათვის სარჩელზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, ხოლო მესამე პირისათვის _ თ. ჩ-ძისათვის ასევე უარის თქმა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განჩინებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ... თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა საკრებულოს თავმჯდომარე (გამგებელი) თ. ჩ-ძისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, ეწინააღმდეგება «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტს, ვინაიდან ამ პერიოდისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 აგვისტოს ბრძანებულებით დანიშნული იყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კამპანიის პერიდში იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა, ხოლო საკრებულოს წევრების მიერ თ. ჩ-ძისათვის წაყენებული უნდობლობის გამოცხადების საფუძვლები, რომ სათანადო ყურადღება არ ექცეოდა მოქალაქეთა განცხადებებს, დაბალი იყო საშემსრულებლო დისციპლინა, ხელფასების გაუცემლობა, სოციალური პრობლემები, სააპელაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ კანონდარღვევას, ამიტომ ... თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილება გამგებელ თ. ჩ-ძის გადაყენების შესახებ, ბათილია;
2. საპელაციო პალატამ, ასევე, გაიზიარა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ... თემის საკრებულოს მდივნის ლ. ფ-ძის თანამდებობიდან უკანონოდ გადარჩევის თაობაზეც. სახელდობრ, პალატის აზრით, ლ. ფ-ძის მიმართ, საკრებულომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა და გადაწყვეტილება ისეთ გარემოებებზე დააფუძნა, რაც შესწავლილ-გამოკვლეული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოებისას (გადაწყვეტილების გამოტანისას);
3. ლ. ფ-ძის თანამდებობიდან გადარჩევის საკითხზე, ... თემის საკრებულოს 2000 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი ¹8 ძირითადად შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საკრებულოს თავისი გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის სახით არ გამოუცია, შესაბამისად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-52-ე მუხლებისა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ფ-ძისა და თ. ჩ-ძის შუამდგომლობა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს გ. გ-ძე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ფ-ძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის გამო, ხოლო თ. ჩ-ძის დამოუკიდებელი მოთხოვნისათვის უარის თქმას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო. სახელდობრ, კასატორის აზრით:
1. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონი;
2. სასამართლომ, ასევე უსწოროდ განმარტა შრომის კანონით გათვალსიწინებული სამუშაოზე აღდგენის ვადები და კანონში იმპერატიულად მითითებული ერთთვიანი ვადა დაუსაბუთებლად გაზარდა 5 თვემდე;
3. კასატორი სადავოდ ხდის ლ. ფ-ძის სარჩელთან დაკავშირებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნთ თ. ჩ-ძის ჩაბმას, ვინაიდან 2000 წლის 18 იანვრის საზანოს თემის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილების გამოტანისას თ. ჩ-ძე მხოლოდ საკრებულოს წევრის მოვალეობას ასრულებდა.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. ფ-ძემ და მესამე პირმა თ. ჩ-ძემ საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, 2000 წლის 28 იანვარს მოსარჩელე ლ. ფ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სოფ. ... თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომისა და 2000 წლის 18 იანვრის სხდომის საოქმო დადგენილებების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებულ იქნა სოფ. ... თემის საკრებულოს თავმჯდომარე გ. გურჯიძე. 2001 წლის 10 იანვარს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე გ. გ-ძის შუამდგომლობა და საქმეში მასთან ერთად თანამოპასუხედ ჩართო ... თემის საკრებულოს ექვსი წევრი: ა. ბ-შვილი, ხ. ქ-ძე, დ. ჯ-შვილი, ნ. გ-ძე, ა. ჩ-ძე და ნ. კ-ძე, რის შემდეგაც რაიონულ და საპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვა მიმდინარეობდა ამ მხარეთა მონაწილეობით: მოსარჩელე ლ. ფ-ძე; მოპასუხეები _ გ. გ-ძე (საკრებულოს თავმჯდომარე), ა. ბ-შვილი, ხ. ქ-ძე, დ. ჯ-შვილი, ნ. გ-ძე, ა. ჩ-ძე, ნ. კ-ძე (საკრებულოს წევრები): მესამე პირი _ თ. ჩ-ძე.
საკასაციო პალატის აზრით, მხარეთა ამ შემადგენლობით დავის განხილვა პროცესუალურ დარღვევას წარმოადგენს და საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის I ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც: «საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება”. რადგან განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს _ სოფ. ... თემის საკრებულოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი – 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომისა და 2000 წლის 18 იანვრის სხდომის საოქმო დადგენილებების ბათილად ცნობა, ანუ განსახილველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმე, სასამართლო ამავე კოდექსის I მუხლის თანახმად, ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ამ კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა-გადაწყვეტის სპეციფიკური ნორმებით, კერძოდ, კოდექსის ზემოაღნიშნული მე-14 მუხლით და საქმეში მხარედ მოეწვია გასაჩივრებული (სადავო) ადმინისტრაციული აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – ... თემის საკრებულო.
განსახილველ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მოწვევის შემდეგ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა თანამოპასუხეთა სათანადო მოპასუხეობის საკითხზეც, ვინაიდან, მართალია, საქმეში ჩართული თანამოპასუხეები _ გ. გ-ძე, ა. ბ-შვილი, ნ. ქ-ძე, დ. ჯ-შვილი, ნ. გ-ძე, ა. ჩ-ძე, ნ. კ-ძე ... თემის საკრებულოს წევრები არიან, მაგრამ ამგვარ დავებში მოპასუხე ე.ი. პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე – სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერება-უკანონობაზე, არის ამ აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო – ... თემის საკრებულო (რომელმაც, როგორც თვითმმართველობის ადგილობრივმა ორგანომ, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი სახელით მიიღო გასაჩივრებული საოქმო დადგენილება) და არა სადავო აქტის მომხრე საკრებულოს წევრები.
ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებულ დავაში სადავო აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მხარედ ჩაუბმელობა, საკასაციო პალატის აზრით, არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უმნიშვენლო, არაარსებით პროცესუალურ დარღვევად, რადგან სათანადო მხარის მოწვევის (ჩართვის) გარეშე საქმის განხილვა წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის საფუძველს, თანახმად ამავე კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტისა, ამიტომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამასთან, საქმის ხელახლა არსებითად განხილვისას და ... თემის საკრებულოს 1999 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის საოქმო დადგენილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სადავო აქტის მიღების მომენტისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, სახელდობრ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (361-ე მუხლი) და არა შემდგომში, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ამოქმედებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-14, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.