Facebook Twitter

¹3გ-ად-162-კ-02 18 სექტემბერი, 2002 წ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: პრივატიზაციის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა, ლ. გ-მა და სხვებმა სარჩელი აღძრეს შპს «ფ-ს” პარტნიორებმა სასამართლოში, მოპასუხეების: «ფ-ს”, გ. გ-ისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გურჯაანის ცენტრალური აფთიაქი შეტანილ იქნა ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზაციის ნუსხაში, რის შემდეგაც აფთიაქის შრომითი კოლექტივის წევრთა თანხმობისა და განცხადების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის სამმართველომ 1996 წლის 6 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ¹5 ქ. გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობისათვის პირდაპირი წესით პრივატიზების (მიყიდვის) შესახებ სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 27 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შრომითი კოლექტივის საერთო კრების 1995 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი, რომელშიც დაფიქსირებული იყო დადგენილება დროებითი ამხანაგობის შექმნის შესახებ. ამხანაგობის წევრთა რიცხობრივი შემადგენლობა იყო 27.

ოქმში აღნიშნული იყო, რომ თითქოს წილთა განაწილება მოხდა შემდეგნაირად: აფთიაქის გამგისთვის უნდა მიეცათ _ 50%, ხოლო ამხანაგობის დანარჩენ 26 წევრს კი უნდა გაენაწილებინა დარჩენილი _ 50%, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ასეთი შეთანხმება ამხანაგობის დამფუძნებელი დროებითი ამხანაგობის წევრთა შორის არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც მათ შეიტყვეს აღნიშნულის შესახებ, უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ერთი მხრივ აფთიაქის გამგეს _ მოპასუხე გ. გ-ესა და მეორე მხრივ _ შრომითი კოლექტივის უმრავლესობას შორის.

მოსარჩელეები მიუთითებდენ, რომ საერთო კრების ოქმზე მათი ხელმოწერები არ იყო. დამოწმდა მხოლოდ თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები. ამასთან, შეთანხმებაც რომ ყოფილიყო აფთიაქის გამგისათვის _50%-ის დათმობაზე, ყველა დანარჩენებზეც უნდა განსაზღვრულიყო წილი, რაც ოქმში არ დაფიქსირებულა. დროებით ამხანაგობაში შეყვანილი იყო ნ. ჩ-ი, რომელიც არასდროს ყოფილა შრომითი კოლექტივის წევრი, არ უმუშავია აფთიაქში და არც მოწვეული პირის სახით ყოფილა შეყვანილი დროებით ამხანაგობაში. სამაგიეროდ, დროებით ამხანაგობაში შეყვანილ არ იქნა მ. ღ-ი, რომელიც კოლექტივის წევრი იყო, სურვილი ჰქონდა და სურდა სხვების თანაბრი წილის მიღება.

მოსარჩელეთა განმარტებით, გარდა ამ ყალბი ოქმისა, ამ ობიექტის პრივატიზების საფუძველის წარმოადგენდა დროებითი ამხანაგობის დამფუძნებელთა ხელშეკრულება, რაც დასათაურებული იყო «დამფუძნებელი ამხანაგობის” სახით და დამოწმდა ნოტარიუსის მიერ 1995 წლის 26 ოქტომბერს, მაგრამ დამოწმებულ იქნა არა ამ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი დროებითი ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები, არამედ ლ. ა-ასა და ნ. კ-ის ხელმოწერები, რომლებიც თითქოს 1995 წლის 16 ნოემბრის კრების თავმჯდომარე და მდივანი ყოფილან, როდესაც დაუდგენიათ წილთა თავდაპირველი განაწილების შეცვლა და სხვანაირი პროცენტული გადანაწილება.

სარჩელის თანახმად ოქმისა და დამფუძნებელთა ხელშეკრულების სიყალბე იმითაც დასტურდება, რომ ოქმში განაწილებული პროცენტული წილები განსხვავებულია დამფუძნებელ ხელშეკრულებაში აღნიშნული და დაფიქსირებული ხელმოწერებისაგან. ასევე, კრების ოქმი დათარიღებულია 1995 წლის 16 ნოემბრით, ხელშეკრულება კი შედგენილია 1995 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო ნოტარიუსის მიერ 26 ოქტომბერსაა დამოწმებული, ე.ი. 3 კვირით ადრე კრების ჩატარებამდე და წილთა თითქოსდა განაწილებამდე.

«სახელმწიფო ქონების» პრივატიზების შესახებ” და «მეწარმეთა შესახებ” კანონის თანახმად დამფუძნებელ დოკუმენტებზე უნდა იყოს და სანოტარო წესით დამოწმდეს არა საერთო კრების თავმჯდომარისა და მდივნის, არამედ დამფუძნებელ პარტნიორთა, დროებითი ამხანაგობის წევრთა ხელმოწერები. ნოტარიუსს უნდა მოეთხოვა მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთები, საიდანაც მონაცემები უნდა შეეტანა ხელშეკრულებაში, ხელმოწერები კი უნდა შესრულებულიყო ნოტარიუსის თვალწინ, მისი დასწრებით, რაც არ მომხადარა. ამ შემთხვევაშიც დაირღვა კანონი «სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ”. დამფუძნებელთა წილები განისაზღვრა არა დროებითი ამხანაგობის წევრთა ურთიერთშეთანხმებით და მათ მიერ, არამედ მექანიკურად, რაც დადასტურდა იმით, რომ იგი დამრგვალებულ და გონივრულად მისაღებ ციფრებში, მთელ რიცხვებში ან დამრგვალებულ წილადებში კი არ იყო გამოხატული, არამედ მთელის მეასედებში. მაგალითად: 1.47%, 1.31%, 1.46% და ა.შ. კრების ოქმში და დამფუძნებელ ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტული განაწილება არ ემთხვევოდა ერთმანეთს, რეგისტრაციისას კი კვლავ განსხვავებულად განაწილდა. ამის კანონიერი და გონივრული საფუძველი კი არ არსებობდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ეს მიუთითებდა წილთა უკანონო განაწილებაზე.

ამ ობიექტის პრივატიზების შემდეგ სასამართლო რეგისტრაციისათვის წარდგენილი წესდება არ შეესაბამებოდა ამ საზოგადოების თავისებურებას წილთა ამგვარ უთანაბრო და მექანიკური განაწილების დროს.

1,93% ან 1% წილის მქონე პარტნიორს ამ წესდებით ფაქტობრივად არანაირი უფლება არ ჰქონდა პარტნიორული საქმიანობის წარმართვაში, მას ერთი ხმაც არ გააჩნდა.

აღნიშნულ გარემოებათა გამო მოსარჩელეებმა ითხოვეს:

1. გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის პრივატიზაციის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა. აფთიაქის შრომითი კოლექტივის საერთო კრების, 1995 წლის 10 ოქტომბრისა და 16 ნოემბრის სხდომის ოქმების, 1995 წლის 26 ოქტომბრის დამფუძნებელი ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების დამოწმების შესახებ 1995 წლის იმავე დღეს შესრულებული სანოტარო მოქმედების, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის განყოფილების 1995 წლის 6 ნოემბრის ¹5 გადაწყვეტილების, მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება;

2. ქ. გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის შრომითი კოლექტივის მიერ ჩამოყალიბებული დროებითი ამხანაგობის, შპს «ფ-ის” ორგანიზაციულ-სამართლებრივი რეგისტრაციის გაუქმება.

3. ქ. გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის შრომითი კოლექტივის მიერ ჩამოყალიბებული დროებითი ამხანაგობისათვის ამ ობიექტის პირდაპირი წესით შესყიდვის ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლა და ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვით გაგრძელება.

4. აღნიშნულ ვადაში კი დროებითი ამხანაგობის წევრთა შორის წილთა განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამხანაგობის წევრთა მიერ დამფუძნებელთა ხელშეკრულების შედგენა და სანოტარო წესით დამოწმება.

5. პრივატიზებაზე გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის განყოფილების მიერ ქონების შეფასებაში ცვლილებების შეუტანლად, ამავე ვადაში შესყიდული ქონების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დროებითი ამხანაგობის კანონიერი წარმომადგენლისათვის გადაცემა და შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

რაც შეეხება ახალ რეგისტრაციას, მოსარჩელეთა განმარტებით, ამის შესახებ დროებითი ამხანაგობის მიერ შეტანილ იქნებოდა განცხადება სასამართლოში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მისაღებად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ფ-ს” პარტნიორებმა: ნ. ბ-მა, ნ. ჩ-მა და სხვებმა და ითხოვეს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა სარჩელი, ამასთან, შეამცირეს სარჩელი და ითხოვეს: შპს «ფ-ს” რეგისტრაციის გაუქმება და გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობა, კერძოდ, აფთიაქის შრომითი კოლექტივის საერთო კრების 1995 წლის 10 ოქტომბრისა და 16 ნოემბრის სხდომის ოქმების, 1995 წლის 26 ოქტომბრის დამფუძნებელთა ხელშეკრულების, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის სამმართველოს 1995 წლის 6 ნოემბრის ¹5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ფ-ს” პარტნიორების: ნ. ბ-ის, ნ. ჩ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-მა, ლ. გ-მა და სხვებმა.

საკასაციო საჩივრით კასატორებმა ითხოვეს პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ შპს «ფ-ს” პარტნიორებს არ დაუთმიათ გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის შენობისა და ძირითადი საშუალებების ნახევარი აღნიშნული აფთიაქის გამგე გ-ისათვის, დამფუძნებელთა ხელშეკრულებაში არ მოუწერიათ ხელი წილთა არათანაბრად განაწილებაზე და მათი თანხმობა წილთა ამგვარ უთანასწორო განაწილებაზე არ დაუმოწმებია ნოტარიუსს, რაც სავალდებულო იყო კანონით.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ წილთა განაწილების შესახებ საწარმოს დამფუძნებელთა ხელშეკრულება ფორმდება სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოსა და საკუთრების შემძენ ყველა პირს შორის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა სარჩელი შეიტანეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის თარიღად დადგენილ 1998 წლის დეკემბრის ნაცვლად სარჩელი სასამართლოში აღიძრა 1998 წლის 20 აგვისტოს, რაც დასტურდება საქმის მასალებით.

ამდენად, მოსარჩელეთა მიერ სარჩელის შეტანისას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეულა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 1995 წლის 16 ნოემბერს გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის შრომითი კოლექტივის მიერ დაფუძნებულმა ამხანაგობამ მიიღო დადგენილება აფთიაქის საპრივატიზებო ღირებულების დარჩენილი 50%-ის (3753,3 აშშ დოლარის) თანამდებობებისა და თანრიგების პრინციპების მიხედვით განაწილების თაობაზე. აღნიშნულ კრებას ესწრებოდა 29 წევრი, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს თანხმობა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. კრება ხელმოწერილია თავმჯდომარე ლ. ა-ის, მდივან ნ. კ-ის მიერ და დამოწმებულია სანოტარო წესით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის, რადგანაც კასატორებმა წარმოადგინეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ,სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოურკვევია, გურჯაანის ცენტრალური აფთიაქის შრომითი კოლექტივის საერთო კრება ნამდვილად ჩატარდა თუ არა 1995 წლის 10 ოქტომბერს, 26 ოქტომბერსა და 16 ნოემბერს, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეულმა ნოტარიუსმა ც. ი-მა ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები მისცა სასამართლოს, კერძოდ, მისი განმარტებით, ხელმოწერები აღნიშნული კრების ოქმებზე ისე დაადასტურა, რომ ხელმომწერები უშუალოდ არ დასწრებიან სანოტარო მოქმედების ჩატარებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთა მხრიდან დაირღვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სარჩელი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შევიდა 1998 წლის 20 აგვისტოს და ამდენად, მოსარჩელეებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევიათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 75-ე, მე-80 და 84-ე მუხლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად კასაციის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვერ მიიღებს მოცემულ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევის შემდგომ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ფ»-ს პარტნიორების: ნ. ბ-ის, ლ. გ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.