Facebook Twitter

3გ/ად-163-კ-01 11 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მიწის იჯარის ხელშეკრულების კანონიერად ცნობა.

შეგებებული სარჩელის საგანი: მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთის ნაწილში, სადავო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. კ-შვილმა სარჩელი აღძრა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ო. კ-ძის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე მიეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის კომლს. 1992 წელს მიწის რეფორმასთან დაკავშირებით მას მიწის ნაკვეთი შეევსო 1,25 ჰა-მდე. მოსარჩელის ძირითად საკარმიდამო ნაკვეთს ესაზღვრებოდა 2,7 ჰა ფართობის თუთის ნარგავებიანი, თავისუფალი მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც ჯ. კ-შვილს იჯარით აღებული ჰქონდა 0,35 ჰა.

«სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოსთან არსებულ შესაბამის სამსახურს, რათა ხელახლა გაეფორმებინათ მასთან მიწის იჯარის ხელშეკრულება 0,65 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა მოსარჩელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე.

სარჩელის თანახმად წყალტუბოს რაიონის სოფ. ... შეიქმნა ერთობლივი კომისია და სოფ. ... გამგებელ ვ. შ-შვილისა და სოფ. ... მეურნეობის დირექტორ დ. თ-ძის შუამდგომლობების საფუძველზე დაკმაყოფილდა ჯ. კ-შვილის თხოვნა. 1998 წლის 1 აპრილს მასთან გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ო. კ-ძე იყო მიწის რეფორმის კომისიის წევრი, თვითნებურად ფლობდა მისთვის სასურველ მიწის ნაკვეთებს და მათ შორის იმ მიწის ნაკვეთსაც, რომელზეც ჯ. კ-შვილმა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება. ო. კ-ძემ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომაც თვითნებურად გააგრძელა მიწის აღნიშნული ფართობის უკანონო ფლობა.

1998 წლის 1 ნოემბერს მიწის რეფორმის ადგილობრივ კომისიას დაევალა ჯ. კ-შვილისათვის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის მიზომვა, მაგრამ ამის უფლება არ მისცა ო. კ-ძემ.

ამასთან დაკავშირებით ჯ. კ-შვილმა განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონის პროკურატურას, სადაც ო. კ-ძემ წარადგინა წყალტუბოს რაიონის სოფ. ... საკრებულოს 1993 წლის 12 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე 1994 წლის 10 ივლისს თავის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსის, ზ. ძ-ძის, იმჟამად მოქმედი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის წერილებიდან ირკვეოდა, რომ მოპასუხე ო. კ-ძეზე არ შეიძლებოდა გაცემული ყოფილიყო მიწის სადავო ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან თუთა ითვლებოდა სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ კულტურად და არ ექვემდებარებოდა მიწის რეფორმას. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ზემოთ აღნიშნულ აქტზე არ იყო კომისიის თავმჯდომარე დ. თ-ძის, კომისიის წევრების: კ-შვილისა და კ-ძის ხელმოწერები, აგრეთვე, არ იყო დასმული ბეჭდები.

მოსარჩელის განმარტებით, წყალტუბოს რაიონის პროკურატურაში ო. კ-ძის მიმართ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და მხარეებს განემარტათ, რომ დავა გადაეწყვიტათ სასამართლოში.

მოსარჩელე ჯ. კ-შვილმა სარჩელში ითხოვა მის მიერ 1998 წლის 1 აპრილს წყალტუბოს მერიასთან გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების კანონიერად ცნობა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. კ-შვილის სარჩელი და 1998 წლის 1 აპრილს დადებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება კანონიერად იქნა ცნობილი.

ო. კ-ძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და ითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, ჯ. კ-შვილისა და წყალტუბოს მერიას შორის 1998 წლის 1 აპრილს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 4000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილში, სადავო მიწის ნაკვეთზე ო. კ-ძის მესაკუთრედ ცნობა და მიწათმოსარგებლეებთან საზღვრების დადგენა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ო. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება. ჯ. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. კ-შვილსა და წყალტუბოს მერიას შორის 1998 წლის 1 აპრილს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება ცნობილ იქნა კანონიერად. 1993 წლის 15 ნოემბერს ო. კ-ძეზე გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო 1994 წლის 10 ივლისის ¹..... აქტი ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი. კერძოდ, აღნიშნული აქტიდან ამოირიცხა 4000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეტანილი იყო ჯ. კ-შვილსა და წყალტუბოს მერიას შორის 1998 წლის 1 აპრილს გაფორმებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულებაში. ამავე გადაწყვეტილებით ო. კ-ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ო. კ-ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

კასატორმა ო. კ-ძემ საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რადგანაც არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48, 6 თებერვლის ¹128 და 10 მარტის ¹290 დადგენილებები, როდესაც გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილებებით მიწის რეფორმის ფონდში არ გამოიყოფოდა სოფლის მეურნეობის სტრატეგიული კულტურებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები, თუმცა ეს ნორმატიული აქტები ასეთ აკრძალვას არ ითვალისწინებდნენ.

კასატორის განმარტებით, იგი მიეკუთვნება მიწის ნაკვეთის მიმღებ მოქალაქეთა პირველ კატეგორიას და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეევსო 1,25 ჰა-მდე. 1993 წელს მიწის რეფორმის კომისიამ განმეორებით მიუზომა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც 1994 წლის 10 ივლისს მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹.... აქტი.

წყალტუბოს მერიამ ჯ. კ-შვილს 1998 წლის 1 აპრილს უკანონოდ გაუფორმა მიწის იჯარის ხელშეკრულება, რადგანაც სადავო მიწის ნაკვეთს 23 წლის განმავლობაში ო. კ-ძე ამუშავებდა როგორც მოსარგებლე, ხოლო 1994 წლიდან _ როგორც მესაკუთრე.

კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია ჯ. კ-შვილის განმარტება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო თუთის ნარგავებიანი. აღნიშნულს ადასტურებს სოფ. ... საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა. სადავო მიწის ნაკვეთზე არის მხოლოდ მეჩხერად დარგული თუთის რამოდენიმე ხე.

კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მიწის მიღება-ჩაბარების 1993 წლის 10 ივლისის ¹..... აქტი არ განუხილავს ადგილობრივ საკრებულოს და დროულად არ გადაგზავნილა წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოში, არ არის კასატორის ბრალი და გამოწვეული იყო აღნიშნული ორგანოების ცუდი მუშაობით.

თ. კ-ძემ საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა კასატორის მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 და 10 მარტის ¹290 დადგენილებებით მიწის რეფორმის ფონდში არ შედიოდა სტრატეგიული კულტურებით განაშენიანებული მიწის ნაკვეთები. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონში თუთა ითვლებოდა სტრატეგიულ კულტურად და თუთის ნარგავებიანი მიწის ნაკვეთები არ შედიოდა მიწის რეფორმის ფონდში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯ. კ-შვილის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს. მოსარჩელე მიეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის კომლს და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად მას უპირატესობა ენიჭებოდა სადავო ნაკვეთიდან საკუთარი მიწის ნაკვეთის შევსებისას, მაგრამ მან ვერ შეივსო მიწის ნაკვეთი სადავო ნაკვეთიდან, რადგანაც მასში თუთის ნარგავები იყო გაშენებული. ამიტომ მიწის ნაკვეთი გადაეცა მხოლოდ იჯარით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ო. კ-ძის სახელზე 1994 წლის 10 ივლისს გაცემული ¹...... აქტი არ არის ხელმოწერილი კომისიის თავმჯდომარის მიერ, არ არის ბეჭედდასმული მეურნეობის დირექტორის მიერ და ო. კ-ძეს ხელთ აქვს აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი, ხოლო დანარჩენი ოთხი ეგზემპლარი არ არის რეგისტრირებული წყალტუბოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ო. კ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო სოფლად მიწის რეფორმის მიმდინარეობისას არსებული ნაკლოვანებებით, სწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რადგანაც საქმის მასალებში არ არსებობს სხვა რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო. კ-ძისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.