3გ-ად-164-კ-02 11 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თელავის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობის დადგენილებების ბათილად ცნობა და სადავო ბინიდან მესამე პირების გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 მაისს ბ. მ.-მ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ჯ. და ლ. უ.-ების და თანამოპასუხე ...-ის გამგეობის მიმართ და მისი აწ გარდაცვლილი დედის _ ლ. მ.-ს ანდერძით მემკვიდრედ აღიარება, თელავის რაიონის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 და 1999წ. 30 აგვისტოს დადგენილებების გაუქმება და სადავო სახლიდან მოპასუხეების გამოსახლება მოითხოვა.
ბ. მ.-მ სარჩელში შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1996 წელს იგი აწ გარდაცვლილმა ლ. მ.-მ შვილად აიყვანა და იმ დღიდან მის ოჯახში იზრდებოდა. 1974 წელს მათ გაიცნეს მოპასუხეები, დაახლოვდნენ და მოილაპარაკეს, რომ ისინი მეთვალყურეობას გაუწევდნენ მოსარჩელის დედას, მიხედავდნენ სახლ-კარს, დაამუშავებდნენ საკარმიდამო ნაკვეთს, მოსავალს კი სანახევროდ გაიყოფდნენ, მაგრამ 1980 წლიდან მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხოლო 1990წ.ათვის მოპასუხეებმა ლ. მ.-ს საერთოდ აუკრძალეს თავის კუთვნილ სახლში მისვლა. ეს უკანასკნელი 1995 წელს გარდაიცვალა და მის ერთადერთ ანდერძისმიერ მემკვიდრედ მოსარჩელე ბ. მ.-ა დარჩა. მოსარჩელე, ამასთან, მიუთითებდა, რომ თელავის რაიონის გამგეობამ იგნორირება გაუკეთა მის მემკვიდრეობას და თავისი ზემოთხსენებული დადგენილებებით ლ. მ.-ს სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი ჯ. უ.-ს მიაკუთვნა, მაშინ, როცა იგი ლ. მ.-ს ერთადერთი კანონისმიერი და ანდერძისმიერი მემკვიდრე იყო და მამკვიდრებლის მთელი ქონება მას ეკუთვნოდა.
2001წ. 11 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ბ. მ.-მ სარჩელის საგანი შეცვალა და მხოლოდ თელავის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობის 1996წ. 26 ივლისის ¹59 და 1999წ. 30 აგვისტოს დადგენილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოპასუხე _ თელავის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მეზობლური აქტის საფუძველზე 1996წ. დადგენილებით მათ უ.-ების სახელზე გააფორმეს სადავო მიწაზე აგებული სახლი, ხოლო 1999 წელს _ მიწა. ლ. მ.-მ უ.-ებს სადავო მიწის ნაკვეთი აჩუქა და გამგეობას სადავო მიწის მათზე გაფორმების მოთხოვნით მიმართა. დადგენილი იყო, რომ სახლი უ.-ების მიერ იყო აგებული და ისინი იქ 22 წელი ცხოვრობდნენ.
მოპასუხემ პროცესზე ისიც აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ლ. მ.-ს ანდერძში მითითებული და ბ. მ.-ზე გადაცემული საცხოვრებელი სახლი სხვადასხვა იყო და სადავო სახლი ანდერძში არ შედიოდა. ამდენად, გამგეობის წარმომადგენლის განმარტებით, უ.-ები სადავო სახლს კანონიერად ფლობდნენ და გამგეობის აქტების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
ჯ. უ.-მ და მისმა წარმომადგენელმა ლ. უ.-მ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ლ. მ.-ს ორი მიწის ნაკვეთი გააჩნდა, ერთზე აგებულ საცხოვრებელ სახლში ბ. მ.-თან ერთად მესაკუთრის უფლებით ცხოვრობდა, ხოლო მეორე ნაკვეთით არ სარგებლობდა და ეს ნაკვეთი მათ დაუთმო, რაზეც სახლი ააშენეს და უკვე 22 წელია კანონიერად ფლობენ მას, როგორც საკუთარს. ამასთან, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 500 მანეთი ჰქონდათ ლ. მ.-სათვის მიცემული. უ.-ებმა ...-ის გამგეობის აქტების კანონიერად ცნობა მოითხოვეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობის გასაჩივრებული აქტები.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თელავის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიურის ცნობით 1994 წლისათვის სადავო სახლი ლ. მ.-ზე აღირიცხებოდა. ამას გარდა, გამგეობას სადავო დადგენილებების გამოცემის უფლება არ ჰქონდა, მან გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რადგან უძრავი ქონების პირისათვის თვითნებურად მიკუთვნების უფლება სამოქალაქო კოდექსისა და «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის» კანონის შესაბამისად სოფლის გამგეობას არ გააჩნდა.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. უ.-მ და მიუთითა, რომ მის მიერ დაკავებული მიწა და ბ. მ.-სათვის ანდერძით დატოვებული მიწის ნაკვეთი სხვადასხა იყო და მოსარჩელეს ანდერძით მიღებული მიწა უკვე გაყიდული ჰქონდა, მეორე სადავო ნაკვეთი კი მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა და აპელანტები მას კანონიერად ფლობდნენ. ყველამ იცოდა, რომ ლ. მ.-ს ორი ნაკვეთი გააჩნდა და ერთ-ერთი მას უ.-ებისათვის ჰქონდა გადაცემული. უ.-ებმა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით თელავის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობამაც გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ მის მიერ პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტება არასწორად იყო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული. მან პროცესზე არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ლ. მ.-ს ანდერძში მოხსენებული მიწის ნაკვეთი და სახლი სულ სხვაა, ხოლო ის მიწა და სახლი, რომლიც უ.-ებს დაუკანონეს _ სხვა. ამასთან, ბ. მ.-ს ანდერძით დატოვებული ქონება მიღებულიც აქვს და გაყიდულიც. ამდენად, გამგეობის წარმომადგენლის თქმით, მათ მიერ მიღებული დადგენილებები სამართლიანი იყო და რეალურ სიტუაციას ასახავდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახაო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიუთითა, რომ ბ. მ.-ს ანდერძით გარდაცვლილი ლ. მ.-ს მთელი ქონება მიეკუთვნა, მათ შორის სადავო სახლიც და, ამდენად, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. უ.-მ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. მ.-ს მიერ ანდერძით მიღებული და ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობაში მითითებული სახლისა და მიწის მონაცემები არ ემთხვევა მათი საცხოვრებელი სახლის მონაცემებს. ამასთან, იგი ადასტურებს, რომ 1974 წელს მათი სახსრებით იქნა აშენებული სადავო სახლი და რადგან იმ დროს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო და მისი ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს შორის იკრძალებოდა, ამიტომ არ გაუფორმებია წერილობითი ხელშეკრულება ლ. მ.-სთან მიწის ნასყიდობის შესახებ, ენდო მათ შორის არსებულ კარგ ურთიერთობას და არც უფიქრია თუ აღნიშნული შეიძლება როდესმე სადავო გამხდარიყო, ამასთან ლ. მ.-მ წერილობით მიმართა გამგეობას აღნიშნული მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემის თაობაზე.
კასატორი აქვე ადასტურებს, რომ გამგეობის მიერ მიღებული დადგენილებები რეალურად არსებულ ფაქტებს ადასტურებენ და მოქალაქეები ადმინისტრაციული ორგანოს თუნდაც არასწორი, გაუმართავი დოკუმენტის შედგენის გამო, არ უნდა დაზარალდნენ.
კასატორმა საკასაციო სასამართლოს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარუდგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვილანობა და თვლის, რომ ჯ. უ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ამასთან თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. არ არის გამოკვლეული, თუ რამდენად წარმოადგენდა სადავო სახლი მოანდერძე ლ. მ.-ს საკუთრებას და სწორედ ეს სახლი იყო თუ არა შეტანილი 1998წ. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში, რადგან როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი ლ. მ.-ს, ბ. მ.-თან ერთად გააჩნდა საკუთრების უფლება თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მდებარე სხვა საცხოვრებელ სახლზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ უნდა იქნეს, თუ რომელი სახლი დაუტოვა ანდერძით ლ. მ.-მ მოსარჩელეს, სახლი რომელსაც საკუთრების უფლებით ბ. მ.-თან ერთად ფლობდა, თუ სადავო სახლი, რომელიც შემდგომ წლებში, ლუბა მ.-ს მიერ უ.-ებისათვის დათმობილ მიწის ნაკვეთში აშენდა. საყურადღებოა ისიც, რომ თელავის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობით, სადავო სახლის მფლობელის დადგენა მხოლოდ სოფ. ...-ის გამგებლის ჩანაწერებით მოხდა, 1993 წელს ჩატარებული პასპორტიზაციის შედეგად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს თუ რამდენად აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანის მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული აქტები, (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ეხება კი ეს აქტები იმ ქონებას, რომელიც მას და მის აწ გარდაცვლილ დედას, მოანდერძე ლ. მ.-ს ეკუთვნოდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ ამ გარემოებების შემოწმების შემდეგ შეუძლია იმსჯელოს სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული აქტების კანონიერების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო, ამასათან, კასატორს განუმარტავს, რომ სასამართლო, მითუმეტეს საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სადავო სახლზე უ.-ების საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, რადგან ასეთი სასარჩელო მოთხოვნა ჯ. და ლ. უ.-ებს სასამართლოში არ დაუყენებიათ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. უ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. ჯ. უ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.