Facebook Twitter

3გ-ად-166-კ-02 25 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: 200 კგ თხილის ნატურით ანაზღაურება; მოსარჩელისათვის პირველი კატეგორიის კომლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

შეგებებული სარჩელის საგანი: კომლად აყვანის შესახებ 1991 წლის სხდომის ოქმის აღდგენილად და კანონიერად ჩათვლის თაობაზე ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის თემის საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1999 წლის 25 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ა. ჩ-ამ მოპასუხე მ. ხ-ს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ა. ჩ-ა 1991 წლიდან ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში და კანონის შესაბამისად გამოყოფილი ჰქონდა 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საიდანაც 1650 კვ.მ. იყო სახნავი, ხოლო 850 კვ.მ მიწის ფართობზე გაშენებული იყო თხილის ნარგავები.

მოსარჩელის განმარტებით, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა მოპასუხე მ. ხ-ს, რომელმაც 1999 წლის ა. ჩ-ასთვის გამოყოფილი 850 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული თხილის ნარგავებიდან თავად აიღო მოსავალი და მიითვისა 200 კგ თხილის ნაყოფი იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა. მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა 200 კგ თხილის ნაყოფის ნატურით დაკისრება მოპასუხისათვის.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის 850 კვ.მ მიწის ნაკვეთს, საიდანაც აიღო თხილის მოსავალი და რომელსაც სადავოდ ხდიდა მოსარჩელე, 33 წელი ამუშავებდა ხ-ს ოჯახი და ეკუთვნოდა მას.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე მ. ხ-ს მამის, ვ. ხ-ს, კომლს მიეკუთვნა პირველი კატეგორია და შესაბამისად გამოეყო 1 ჰა მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად კი ფლობდა 1,9 ჰა-ს, ე.ი. ზედმეტი აღმოაჩნდა 0,9 ჰა მიწის ფართობი. მოპასუხე მ. ხ-ა გამოყოფილი იყო მამის კომლ.ნ და როგორც პედაგოგს, მის კომლს მიეკუთვნა პირველი კატეგორია. მას მიეზომა 1 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე ა. ჩ-ა 1991 წლიდან ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში აღირიცხა კომლად და მიეკუთვნა მეორე კატეგორია. 1991 წელს კანონიერად მიეზომა 0,25 ჰა მიწის ფართობი, საიდანაც 850 კვ.მ -ს შეადგენდა თხილნარი. 0,6 ჰა-მდე შესავსებად ა. ჩ-აზე შედგა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ იგი არ იყო დადასტურებული (ხელმოწერილი) სოფლის გამგებლის მიერ, რადგანაც სადავო ნაკვეთს არ თმობდა ვ. ხ-ა. სოფ. ...ის თემის საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის სხდომამ ¹6 ოქმით მიიღო გადაწყვეტილება სამეგრელოში მიმდინარე ცნობილი მოვლენების დროს განადგურებული ...ის თემის საკრებულოს 1991 წლის გადაწყვეტილების აღდგენისა და კანონიერად ცნობის თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ჩ-ას განცხადება სოფ. ...ში კომლად აყვანის შესახებ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ხ-ს დაეკისრა 60 კგ თხილის ნატურით გადახდა ა. ჩ-ას სასარგებლოდ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხე მ. ხ-ს მოთხოვნა, სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნებისა და მიკუთვნების შესახებ, ჩათვალა შეგებებულ სარჩელად და იმავე გადაწყვეტილებით უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სოფ. ...ის გამგეობას დაევალა ა. ჩ-აზე შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-მ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მ. ხ-მ აღძრა შეგებებული სარჩელი ა. ჩ-ას მიმართ და ითხოვა ა. ჩ-ას სოფ. ...ში კომლად აყვანის შესახებ 1991 წლის სხდომის ოქმის აღდგენილად და კანონიერად ჩათვლის თაობაზე სოფ. ...ის თემის საკრებულოს 2000 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

2000 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო მ. ხ-ს შეგებებული სარჩელი. იმავე დღეს სააპელაციო პალატამ საქმეში მოპასუხედ ჩააბა ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის თემის საკრებულო.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის სხდომაზე ა. ჩ-ას წარმომადგენელმა წარადგინა ზეპირი შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომელითაც ითხოვა: 1) ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის თემის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილების გაუქმება მ. ხ-ს კომლისათვის პირველი კატეგორიის მინიჭების შესახებ; 2) მ. ხ-სათვის დამატებით 140 კგ თხილის ნატურით გადახდის დაკისრება ა. ჩ-ას სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ ა. ჩ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში.

2001 წლის 9 მარტს სააპელაციო პალატამ საქმეში მესამე პირად ჩააბა ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველო.

მოცემული საქმე რამდენჯერმე განიხილეს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა.

ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002 წლის 27 მარტს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ხ-ს სააპელაციო საჩივარსა და შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მ. ხ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.

კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა ითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. გარდა ამისა, კასატორი უთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც სოფ. ...ის გამგეობა დაავალდებულა, დაედასტურებინა ა. ჩ-ას სახელზე შედგენილი 1996 წლის 20 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც ა. ჩ-ას დამატებით მიეკუთვნა 3500 კვ.მ-ზე გაშენებული თხილის პლანტაცია. ეს მოთხოვნა კი მოსარჩელეს სარჩელში არ დაუყენებია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ა. ჩ-ას სარჩელი და დაკმაყოფილდება მისი შეგებებული სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში არის ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები და იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შემდეგაც არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. ამით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულო არ არის საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები ა. ჩ-ას სოფ. ...ში კომლად აყვანისა და მისთვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და ამის შემდეგ შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევა. კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლო 2000 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს _ ისე დაავალდებულა სოფ. ...ის გამგეობა, დაედასტურებინა ა. ჩ-ას სახელზე შედგენილი, 1996 წლის 20 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომ მოსარჩელე ა. ჩ-ას სარჩელით ამგვარი მოთხოვნა არ დაუყენებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს ქვემდგომ სასამართლოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.