Facebook Twitter

3გ-ად-168-კ-01 12 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 04.05.01წ. სარჩელი აღძრეს ზ. ხ-შვილმა, ნ. ხ-შვილმა, ო. ხ-შვილმა და სხვებმა (სულ 24 პირმა), მოსარჩელეები მოპასუხე – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისაგან მოითხოვდნენ დაბა ... ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწების მათზე იჯარის გადაცემას იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწები იმყოფებოდნენ მოსარჩელეთა ფაქტობრივ საიჯარო სარგებლობაში. სარჩელით სასამართლოსადმი მიმართვა განპირობებული იყო რაიონის გამგეობის და მიწის იჯარით გამცემი კომისიის სურვილით მოეხდინა მიწის იჯარით გაცემა კონკურსის წესით. მოსარჩელეები ითხოვდნენ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის ადმინისტრაციული გარიგების – სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების მათთან დადების დავალებას. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სარჩელის აღძვრამდე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილებით ზ-ძეებზე და სხვა გვარის წარმომადგენლებზე, სულ 70 პირზე, მიწის ნაკვეთები გაიცა იჯარით. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზ-ძეებსა და ხ-შვილებს შორის წარმოიშვა უკმაყოფილება, სადავო საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის დასკვნის გამოტანამდე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილებით შეაჩერა 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების მოქმედება 21 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა ზ-ძეები იყვნენ. 28.05.01წ. ე. და ა. ზ-ძეებმა 19 პირის სახელით სარჩელით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ერგეს კოოპერატიულ მეურნეობასა და ხ. ხ-შვილს შორის 01.01.93წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების, ერგეს კოლმეურნეობასა და ხ-შვილებს შორის 01.01.93წ. მიღება-ჩაბარების აქტის, რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ვ., მ., ი., ზ., ო. ხ-შვილებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო მიწის ნაკვეთზე განკარგვითი ღონისძიების გატარების აკრძალვა, გამგეობისათვის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების აღსრულების, გადაწყვეტილებაში მითითებულ ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულების დადების დავალება. სსსკ-ის 88-ე და ს.ა.ს.კ. 16-ე მუხლების საფუძველზე ე. და ა. ზ-ძეებმა მოითხოვეს ხ-შვილების სარჩელისა გამო განსახილველ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმა. სასამართლოს 29.05.01წ. განჩინებით ე. ზ-ძე და ა. ზ-ძე ჩაბმულ იქნენ საქმეში მასამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. 11.06.01წ. სასამართლოს სარჩელით მიმართეს აგრეთვე ხ-შვილების გვარის კიდევ 6 პიროვნებამ, 11.06.01წ. განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და აღნიშნული პირები ჩაბმული იქნენ საქმის განხილვაში.

ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილებით 21 პირის მიმართ მიწის იჯარით გაცემის შეჩერების შემდეგ, საქმის შესწავლის მიზნით გამოიყო არაერთი კომისია, რომელთა დასკვნებით გამგეობას არ უსარგებლია, გამგეობამ არც კონკურსი ჩაატარა და არც 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების შეჩერების ნაწილი აამოქმედა.

ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 15.06.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ზ., ნ., ო. ხ-შვილების და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა მათზე მიწის იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, ე. ზ-ძის და ა. ზ-ძის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის და სსკ-ს 327-ე, 593-ე, 594-ე მუხლების თანახმად ხ-შვილებს სადავო მიწის ნაკვეთებზე დადებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულებები 1993 წლიდან, იხდიან დადგენილ გადასახადებს, რის გამოც მათი მოთხოვნა კონკურსის გარეშე, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე სწორად ჩაითვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ზ-ძემ და ა. ზ-ძემ. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სასამართლოს განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მაცხოვრებლებმა – ს., თ., მ. გ-ძეებმა და სხვებმა (სულ 20 პირმა), რომლებმაც მოითხოვეს საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებად ჩართვა, ვინაიდან გააჩნიათ სადავო მიწების იჯარით გაცემაზე კონკურსის ჩატარების, კონკურსში მონაწილეობის მიღების ინტერესი, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე უშუალო გავლენას მოახდენდა მათ უფლებებზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 15.08.01წ. განჩინებით ე. ზ-ძის და ა. ზ-ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული აქტი მიწის იჯარით გაცემაზე და ტიპობრივი ხელშეკრულება მიწის იჯარით გაცემაზე არის იჯარის ბრიგადული ხელშეკრულება ერგეს კოლმეურნეობასა და მის ბრიგადას შორის, რაც არ ქმნის თითოეულ ხ-შვილთან იჯარის დადების ვალდებულებას, წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები ვერ იქნება მიჩნეული მტკიცებულებად, იჯარის ხელშეკრულებების ასლები არ პასუხობენ «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» კანონის მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს პარლამენტის 28.06.96წ. ¹330 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, 1997წ. იანვრიდან წარმოადგენენ ბათილ ხელშეკრულებებს, ამდენად ხ-შვილების ბრიგადული ხელშეკრულებები არ უნდა ჩაითვალოს მოქმედ ხელშეკრულებად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ბრიგადული ხელშეკრულება 1990 წლიდან 1998 წლამდე გაფორმდა ერგეს კოლმეურნეობის ¹12 ბრიგადასთან (ბრიგადირი ი. ზ-ძე), პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ დაიდო ასეთ პირობებში 1993 წელს ხელშეკრულება ხ-შვილებთან.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტის თანახმად უკონკურსოდ მიწის იჯარით გაცემა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთს ითხოვს ერთი პიროვნება, ვინაიდან სადავო ნაკვეთს თხოულობს 3 გვარი, გამგეობა ვალდებულია ჩაატაროს კონკურსი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინების ასლი უნდა გადაეგზავნოს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას, რომელმაც «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” 28.06.96წ. კანონის, 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად უნდა ჩაატაროს კონკურსი სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე ხ-შვილების და ზ-ძეების გვარებს შორის და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, კონკურსის შედეგების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა განაახლოს საქმის განხილვა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 15.07.01წ. გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს სადავო მიწის ნაკვეთის კონკურსის წესით გაცემა, საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განაახლოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 15.08.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხ-შვილების და ზ-ძეების მიერ. ზ. ხ-შვილი, ნ. ხ-შვილი, ო. ხ-შვილი და სხვები (სულ 30 კაცი) თავიანთ საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 22.01.91წ. ¹22 დადგენილების შესაბამისად, კასატორები არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებით მოსარგებლენი, იხდიან საიჯარო ქირას და დაწესებულ გადასახადებს. საქართველოს პარლამენტის 28.06.96წ. დადგენილების საფუძველზე საიჯარო ხელშეკრულების ხელახალი გაფორმება არ მოხერხდა მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ ხ-შვილების მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებია, დაუპირისპირა მათ სხვები და ხელოვნურად შექმნა დავა. კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 593-594 მუხლების დარღვევით არ მიიჩნია ხ-შვილები მოიჯარეებად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოდავე პირები მიიჩნია დაინტერესებულ პირებად. სასამართლოს ბათილად უნდა გამოეცხადა გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილება, უსწოროა პალატის მითითება იმის შესახებ, რომ გამგეობას არ გამოუტანია სადავო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მიწის იჯარით გაცემაზე გამოცხადდა კონკურსი. კასატორებს მიაჩნიათ, რომ არიან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მოიჯარენი, ვინაიდან არიან სადავო მიწების მოსარგებლენი, იხდიან საიჯარო ქირას და მიწის გადასახადს, შესაბამისად მათ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად უკონკურსოდ უნდა გაუფორმდეთ საიჯარო ხელშეკრულებები, ასეთივე შეხედულებისაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რასაც ადასტურებს 22.05.01წ. ¹5-1/1029 წერილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სააპელაციო პალატის 15.08.01წ. განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

15.08.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ე. და ა. ზ-ძეების მიერ, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ხ-შვილებმა ვერ წარმოადგინეს სსკ-ის 102.3 მუხლით დადგენილი წესით იჯარის ხელშეკრულებები, ვერ დაასაბუთეს მიწის ფლობის მართლზომიერება, რადგანაც იჯარის ხელშეკრულების ზეპირ ფორმას ითვალისწინებს ახალი სამოქალაქო კოდექსი, ხოლო სადავო საკითხი 1997 წლამდე წარმოიქმნა. ხ-შვილებთან ხელშეკრულების დადება უარყო როგორც რაიონის გამგეობამ, ასევე რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და ერგეს კოოპერატიულმა მეურნეობამ. არ დასტურდება აგრეთვე მიწათსარგებლობისათვის იჯარის ქირის გადახდა, ქირის გადახდის ქვითრები წარდგენილ იქნა ზ-ძეებზე მიწის იჯარით გადაცემის საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება, საქმის შეჩერების საფუძველს არ იძლეოდა გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილება, ვინაიდან მისი პირველი პუნქტით შეჩერების დრო განისაზღვრა კომისიის მიერ დასკვნის გამოტანამდე, კომისიის დასკვნა კი 24.09.2000წ. უკვე მზად იყო, შესაბამისად ამ თარიღიდან 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო. კასატორები კანონიერ საფუძველს მოკლებულად თვლიან აგრეთვე კონკურსის ჩატარების დავალების დაკისრებას რაიონის გამგეობაზე, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა არც ერთ მხარეს არ ჰქონია. რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. გადაწყვეტილების მიმართ ზ-ძეებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა, საქმეში დაცული პირველი კომისიის 24.09.2000წ. შემოწმების აქტი წარმოადგენს საკითხის სწორად გადაწყვეტის უმთავრეს საფუძველს. კასატორების აზრით, უმართებულოა სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს პრეზიდენტის 22.08.98წ. ¹446 ბრძანებულებაზე, რადგან სწორედ ერთი პირი (პირთა ჯგუფი) _ ზ-ძეები ითხოვდნენ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას სადავო მიწის ნაკვეთზე, სწორედ უკონკურსოდ მოიპოვეს მათ ეს უფლება, რადგანაც 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულმა ორგანომ იკისრა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, გამგეობა შეზღუდულია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. საკითხის გადაწყვეტისას, კასატორების აზრით, უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ სადავო მიწის ნაკვეთიდან ხ-შვილები ცხოვრობენ 40 კვ.მ მოშორებით, მათი სოფლის მიმდებარედ სარეფორმოდ გამოყოფილია 80000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაო 10000 კვ.მ. ნაკვეთიდან კასატორები ითხოვენ 4500 კვ.მ. მიწის ფართს. საბოლოოდ, კასატორები ითხოვენ 15.08.01წ. განჩინების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები, არ იქონია მსჯელობა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო საკითხებზე. პროცესუალურ კანონმდებლობას არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება. სასამართლო არ უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რომელი ნორმა დაედო საფუძვლად საქმის წარმოების შეჩერებას, საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილებას, ვინაიდან აღნიშნული აქტი თავის მხრივ იყო გასაჩივრებული ე. ზ-ძის და ა. ზ-ძის მიერ, რომლებიც თავიანთი სასარჩელო განცხადებით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ითხოვდნენ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილებით რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების შეჩერებული ნაწილის ამოქმედებას. სასამართლომ ისე მიიჩნია საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად სადავოდ ქცეული გამგეობის 22.09.2000წ. ¹93 გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ უმსჯელია მის კანონიერებაზე. ამასთანავე, საქმის წარმოების შეჩერება ნიშნავს სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საქმეზე საპროცესო მოქმედებების შეჩერებას, საქმის შეჩერების გარემოების აღმოფხვრამდე. საპროცესო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება შეჩერებული საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. საქმის წარმოების შეჩერების უსაფუძვლობის გამო, უსაფუძვლოა აგრეთვე 15.08.01წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საქმის წარმოების განახლების მითითებული საფუძველი – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დაბრუნებული საქმის განახლება, მით უფრო, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილისაგან განსხვავებით, არ შეიცავს საქმის წარმოების შეჩერებაზე მითითებას.

სასამართლომ არ იქონია აგრეთვე მსჯელობა რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სადავო მიწის ნაკვეთები ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 10 წლის ვადით იჯარით გადასცა 21 პირს. მართალია, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საკითხი არც ერთ მხარეს არ დაუყენებია, მაგრამ ზ. ხ-შვილის, ნ. ხ-შვილის და სხვათა სასარჩელო განცხადების მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის სადავო მიწაზე საიჯარო ხელშეკრულების დადების ვალდებულების დაკისრების შესახებ, თავისთავად გულისხმობდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების გაუქმებას სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში, სააპელაციო პალატას დავის საგნის დაზუსტების შედეგად უნდა ემსჯელა აღნიშნული აქტის მართლზომიერებაზე, რის შესახებაც მართებულად არის აღნიშნული ხ-შვილების საკასაციო საჩივარში.

«სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 28.06.96წ. დადგენილების თანახმად «რესპუბლიკის სოფლის მეურნეობაში საიჯარო ურთიერთობათა დებულების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 22.01.91წ. ¹22 დადგენილების შესაბამისად დადებული სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებები 1996წ. 31 დეკემბრამდე მოყვანილი უნდა ყოფილიყო «სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონთან. 1997წ. 1 იანვრიდან ამ კანონთან შეუსაბამო ხელშეკრულება ბათილია. საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულების მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, გადაფორმებას ან გაფორმებას არ ექვემდებარება «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» კანონის გაუქმებამდე ამავე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ პასუხობენ «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» კანონის მოთხოვნებს, რაც იწვევდა ხელშეკრულების ბათილობას 1997წ. 1 იანვრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების თანახმად სადავო მიწის იჯარით გაცემა საკონკურსო ფორმით უნდა განხორციელდეს. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის იჯარით გაცემა უკონკურსოდ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ მიწის იჯარით აღებას ითხოვს მხოლოდ ერთი პირი, ყველა სხვა შემთხვევაში იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიწა იჯარით გადაეცემათ კონკურსის წესით. განსახილველ საქმეში სადავო მიწაზე პრეტენზიას აცხადებენ ხ-შვილები, ზ-ძეები, გ-ძეები და სხვები, ამდენად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემა კონკურსის ფორმით უნდა განხორციელდეს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო არ მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების – ე. ზ-ძის და ა. ზ-ძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკურსის ჩატარება არის გამგეობის დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილება არის შეზღუდული. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილებას სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის იჯარით გადაცემის შესახებ 21 პირის მიმართ შეჩერებულია, მას არ მოჰყოლია ხელშეკრულების გაფორმება, ამდენად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად არ არსებობს მის მიმართ კანონიერი ნდობის საფუძველი. საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ კონკურსი სადავო მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე უნდა ჩატარდეს ხ-შვილების და ზ-ძეების გვარებს შორის, აღნიშნული მოსაზრება მოკლებულია რაიმე კანონიერ საფუძველს და ეწინააღმდეგება კონკურსის ბუნებას, მით უფრო, რომ ს.ა.ს.კ 16-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მოცემულ დავაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმის თაობაზე განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... 20 მაცხოვრებელმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აპირებდნენ სარჩელის წარდგენას სადავო მიწის კონკურსის ფორმით იჯარით გაცემაზე, ვინაიდან სოფლის მეურნეობა არის მათი ერთადერთი საარსებო წყარო, სასამართლო გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას მოახდენს მათ უფლებებზე. მიუხედავად ამისა, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე პროცესუალური დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწია განცხადებას მესამე პირად ფიზიკური პირების საქმეში ჩართვის შესახებ. სააპელაციო პალატის 15.08.01წ. გასაჩივრებულ განჩინებაში არაერთგზის აღინიშნა, რომ სადავო მიწაზე ხ-შვილებთან და ზ-ძეებთან ერთად პრეტენზიას აცხადებდნენ აგრეთვე სოფ. ... მაცხოვრებელი 20 პირი (გ-ძეები), სამი გვარის მიერ სადავო მიწაზე პრეტენზიის განცხადება საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის დასკვნას მიწის კონკურსის ფორმით იჯარით გაცემის შესახებ, მიუხედავად ამისა სოფ. ... მაცხოვრებელი 20 ფიზიკური პირი არ გამოძახებულან სასამართლო სხდომაზე, მათ არ მიეცათ სააპელაციო სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ამასთანავე, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემაზე კონკურსი უნდა ჩატარდეს მხოლოდ ხ-შვილების და ზ-ძეების გვარებს შორის.

სასამართლოს არ გამოურკვევია აგრეთვე პროცესუალური წარმომადგენლობის საკითხი, ე. და ა. ზ-ძეების პროცესუალური უფლებამოსილება წარმოადგინონ სასამართლოში ის 19 პირი, რომელთა მიმართაც შეჩერდა 30.06.2000წ. ¹67 გადაწყვეტილების მოქმედება. საქმის მასალებით არ დასტურდება სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. და ა. ზ-ძეების სარჩელი შეტანილია 19 პირის სახელით, საქმეში არ მოიპოვება 19 პირის მიერ თავიანთი უფლებების ე. და ა. ზ-ძეებისათვის მინდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს და გამგეობას დააკისრა კონკურსის ჩატარება მაშინ, როდესაც არც ერთ მხარეს სასამართლოს წინაშე ასეთი მოთხოვნა არ დაუსვია. კასატორების მოთხოვნები საიჯარო ხელშეკრულების მათთან კონკურსის გარეშე დადების შესახებ თავისთავად მოითხოვდნენ სასამართლოსაგან მსჯელობას კონკურსის გარეშე მიწის იჯარით გაცემის მართლზომიერებაზე. ამასთანავე, სასამართლოს დასკვნა კონკურსის ფორმით მიწის იჯარით გაცემის საჭიროების შესახებ არ ხდიდა სასამართლოს უფლებამოსილს დაეკისრებია გამგეობისათვის კონკურსის ჩატარება, ვინაიდან არც ერთ მხარეს ამგვარი მოთხოვნა არ ჰქონია. ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე მოქმედების განხორციელების დაკისრება, ს.ა.ს.კ. 31-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ მხარის მოთხოვნის შემთხვევაში. ამდენად, რაიონის გამგეობისათვის კონკურსის ჩატარების დაკისრებით დაირღვა სსსკ-ს 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მხარეთა მოთხოვნების საპირისპიროდ გამგეობისათვის კონკურსის ჩატარების მოვალეობის დაკისრება, მაშინ როდესაც მხარეების მოთხოვნა შეადგენდა მათთან საიჯარო ხელშეკრულებების კონკურსის გარეშე დადებას, ქმნის საუარესოდ შებრუნების პირობებს. ზემოაღნიშნული, ცხადია, არ გამორიცხავს რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გადაწყვიტოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქმის განხილვისას დაშვებული უხეში პროცესუალური დარღვევების გამო საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, დავის არსებით გადაწყვეტას, რის გამო 15.08.01წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. და ა. ზ-ძეების, აგრეთვე ზ., ნ., ო. ხ-შვილების და სხვათა (სულ 30 პირის) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 15.08.01წ. განჩინება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.