Facebook Twitter

3გ-ად-169-კ-02 16 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საქართველოს კონტროლის პალატის: 1. პრეზიდიუმის დადგენილების ბათილად ცნობა; 2. თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობა; 3. შემოწმების აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 29 მაისის ¹231 და 2 ივლისის ¹250 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა 2000წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 მაისამდე პერიოდის თემატური შემოწმება საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში და 2001წ. 28 ივლისს შედგა შემოწმების აქტი. საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმმა 2001წ. 17 სექტემბერს მიიღო დადგენილება ¹11/1 «საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოწმების შედეგების შესახებ, რომლის დადგენილებითი ნაწილის მესამე პუნქტით «საქსტანდარტის» თავმჯდომარეს ეთხოვა კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების გათვალისწინებით განეხილა მოსარჩელეთა (კასატორთა) – საქსტანდარტის ...-ის გ. ფ.-ის, ასევე ...-ის ბ. მ.-ის და სხვათა თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი. საქსტანდარტის 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79/კ ბრძანებით კასატორები გ. ფ.-ი და ბ. მ.-ი გათავისუფლდნენ სამსახურიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის.

მოსარჩელეებმა – გ. ფ.-მა და ბ. მ.-მა 2001წ. 16 ოქტომბერს სარჩელი აღძრეს საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 28 ივლისის შემოწმების აქტის, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის ¹11/1 დადგენილებისა და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ¹91 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქართველოს კონტროლის პალატის კომპეტენციის გადამეტებით და ეწინააღმდეგება «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ», «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ», «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ», «პროდუქციის და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ» კანონებს.

მოპასუხე – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ხოლო მესამე პირის _ «საქსტანდარტის» წარმომადგენელი მთლიანად დაეთანხმა საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელთა პოზიციას და განაცხადა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით, დაუსაბუთებლობისა და დაუშვებლობის მოტივით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კოლეგიამ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია, ვინაიდან მისი აზრით, სადავო აქტებს მოსარჩელეთა ინტერესებზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენიათ. შემოწმების ობიექტი, სამთავრობო დაწესებულება «საქსტანდარტია» და სადავო აქტებიც უშუალოდ და პირდაპირ მას ეხება. მართალია, მოსარჩელენი გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ სასამართლოს აზრით, მათი გათავისუფლება უშუალოდ ამ სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე არ მომხდარა, არამედ «საქსტანდარტის» ადმინისტრაციის ბრძანების საფუძველზე, რომლის კანონიერებაზეც მოსარჩელეებს ცალკე სასარჩელო წარმოება აქვთ აღძრული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სადავო დადგენილების მე-3 პუნქტს მოსარჩელეთა თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტაში სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და შესასრულებლად სავალდებულო არ იყო «საქსტანდარტისათვის»;

2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები საქართველოს კონსტიტუციის 97-ე მუხლისა და «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში იყო გამოცემული. ამასთან, «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ», «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ», «პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის წესის შესახებ», კანონებითა და «საქსტანდარტის» დებულებების გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა სარჩელი სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და კანონშესაბამისად მიიჩნია საქართველოს კონტროლის პალატის სადავო აქტებში მითითებული შენიშვნები;

3. სასამართლო კოლეგიამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-10 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დააკისრათ 500-500 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებენ მოსარჩელეები გ. ფ.-ი და ბ. მ.-ი, რომლებიც გადაწყვეტილების გაუქმებას, მათი სარჩელის დაკმაყოფილებას და საქართველოს კონტროლის პალატის სადავო აქტების ნაწილობრივ (მათი უფლებების ნაწილში) გაუქმებას მოითხოვენ შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორები არასწორად მიიჩნევენ სასამართლოს დასკვნას, თითქოს სადავო ადმინისტრაციულ აქტებს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენიათ მათ ინტერესებზე, რადგან შემოწმების აქტის მთელ რიგ გვერდებზე მათი საქმიანობის უარყოფით შეფასებას და კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მიცემულ რეკომენდაციას სამართლებრივად მოჰყვა «საქსტანდარტის» თავმჯდომარის 2001წ. 8 ოქტომბრის ბრძანება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილშიც გათავისუფლების საფუძვლად სწორედ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილების მოტივებია მითითებული. ამიტომ სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები არაპირდაპირ ეხება მათ ინტერესებს არასწორია და ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტს;

2. კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს დასკვნას სადავო ადმინისტრაციული აქტების უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემის თაობაზე, ვინაიდან «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მიხედვით კონტროლის პალატის რევიზია-შემოწმების საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სახსრების გამოყენების კანონიერება და მიზანშეწონილობა, აქტში კი ყველგან შენიშვნები გამოთქმულია პროფესიული მოვალეობების არასათანადო შესრულებაზე. კასატორთა აზრით, კონტროლის პალატა არაუფლებამოსილი სუბიექტია და მის კომპეტენციაში არ შედის შეაფასოს მოსარჩელეთა სამსახურებრივი საქმიანობა თუ ეს საქმიანობა სახელმწიფო სახსრების განკარგვა-გამოყენებასთან არ არის დაკავშირებული;

3. კასატორები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოტივად იმ გარემოებასაც მიუთითებენ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით ¹231 «საქსტანდარტის» შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრება 2000წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 მაისამდე პერიოდით, ხოლო შემოწმების აქტში კი მითითებულია 2000წ. 1 იანვრამდე პერიოდის დარღვევებზეც;

4. სასამართლოს დასკვნა, რომ «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ», «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონები და «საქსტანდარტის» დებულება არ ითვალისწინებენ სახელმწიფო მეტროლოგიური დამოწმების ფუნქციების გადაცემას მომგებიან იურიდიულ პირებზე, მცდარია, რადგან ეწინააღმდეგება «გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილისა და «საქსტანდარტის» დებულების მე-8 მუხლს და დამოწმების სამუშაოების განხორციელების უფლების გადაცემა სამეწარმეო იურიდიული პირისათვის არათუ დარღვევაა, არამედ «საქსტანდარტის» პირდაპირი ფუნქციაა;

5. სასამართლომ «პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ» კანონის მე-9 მუხლის მცდარი განმარტებით უსწორო დასკვნა გამოიტანა. პალატამ მიიჩნია, რომ «საქსტანდარტს» სავალდებულო სერთიფიკაციის სამუშაოების ჩატარების უფლება მხოლოდ არამომგებიანი იურიდიული პირების მეშვეობით ჰქონდა, რაც ეწინააღმდეგება ამავე კანონის მე-5 მუხლის «ვ» პუნქტს, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 აბზაცს, რომელთა მიხედვითაც სერთიფიკაციის სამუშაოებს საქსტანდარტი ატარებს, სავალდებულო სერთიფიკაცია პროდუქციის ცალკეულ სახეობათა მიმართ შეიძლება ჩაატაროს იურიდიულმა პირმა საკუთრების ფორმის განურჩევლად, ხოლო სავალდებულო სერთიფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არაკომერციულ (არამომგებიან) იურიდიულ პირებს;

6. არასწორია სასამართლოს დასკვნა, თითქოს შემოწმების პერიოდში, გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლება გადაეცათ ისეთ მეტროლოგიურ სამსახურებს, რომელთა საქმიანობაც არ განისაზღვრებოდა გაზომვათა ერთიანობის უზრუნველსაყოფად ძალაში შესული ნორმატიული დოკუმენტაციით. კასატორები სასამართლოს ამ მოტივის უარსაყოფად უთითებენ მეტროლოგიურ სამსახურთა საქმიანობის განმსაზღვრელი ნორმატიული დოკუმენტების რეკვიზიტებს;

7. კასატორთა აზრით, უსწოროა მათთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 1000 ლარის განსაზღვრა, რადგან ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა სამართლებრივად არ წარმოადგენს ქონებრივ დავას.

კასატორებმა საკასაციო საჩივარს ასევე დაურთეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებაც, რომლითაც მათ, გ. ფ.-ს, ბ. მ.-სა და შ. გ.-ს უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვათ საქსტანდარტის თავმჯდომარის 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79/კ ბრძანების გაუქმებაზე, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივარი არ ცნო ასევე სტანდარტიზაციის, მეტეოლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის (საქსტანდარტი) წარმომადგენელმაც, რომელმაც მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ამასთან, საქსტანდარტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დეპარტამენტი აღიარებს კონტროლის პალატის გასაჩივრებულ აქტებს და ამიტომ სარჩელიც არ შეუტანიათ მათ ბათილობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ.-ისა და ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი კონტროლის პალატის სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და არსებითად უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეები ითხოვენ ადმინისტრაციული აქტების – საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001წ. ¹11/1 დადგენილების, ბრძანებისა და საქართველოს კონტროლის პალატის 2001წ. 28 ივლისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობას «საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოწმების შედეგების შესახებ”. ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების ობიექტს სამთავრობო დაწესებულება, ადმინისტრაციული ორგანო _ «საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლო კოლეგიის სამართლებრივ შეფასებას იმის თაობაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები პირდაპირ და უშუალოდ მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანო «საქსტანდარტს» ეხებოდა, რომელიც დაეთანხმა კონტროლის პალატის აქტებს და მათი კანონიერება სადავოდ არ გაუხდია.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: “სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას». აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომ კონტროლის პალატის სადავო ადმინისტრაციულ აქტებს პირდაპირ და უშუალოდ არ მოუხდენიათ მოსარჩელეთა ინტერესზე გავლენა. კასატორები გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ მათი გათავისუფლება განხორციელდა არა კონტროლის პალატის სადავო აქტებით, არამედ «საქსტანდარტის» 2001წ. 8 ოქტომბრის ¹79/კ ბრძანების საფუძველზე, რომლის კანონიერებაც, ადმინისტრაციული გარიგების – საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, ცალკე სასარჩელო წარმოების წესით უკვე მიმდინარეობს.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის სასამართლოს მიერ უსწორო განმარტების თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად: «ადმინისტრაციული აქტია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი». სამართლებრივი შედეგი – სამსახურიდან დათხოვა, საკასაციო პალატის აზრით, პირდაპირ უშუალოდ უნდა მოჰყოლოდა სადავო აქტს, რასაც ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონტროლი პალატა «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მოსარჩელეთა თანამდებობაზე დატოვების მიზანშეუწონლობის შესახებ წარდგინებას გააგზავნიდა საქსტანდარტში, რაც სავალდებულო იქნებოდა განსახილველად და წარდგინების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ უნდა ეცნობებინათ კონტროლის პალატისათვის, ხოლო კანონის 53-ე მუხლის მიხედვით, წარდგინების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისმეოდა.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, კონტროლის პალატის შემოწმების აქტის მთელ რიგ გვერდებზე მოსარჩელეთა საქმიანობის უარყოფითი შეფასებაა მიცემული, მაგრამ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის სადავო დადგენილების მე-3 პუნქტით «ეთხოვა საქსტანდარტის თავმჯდომარეს, კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების გათვალისწინებით განეხილა ...-ის გ. ფ.-ისა და ...-ს უფროსის ბ. მ.-ის თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი”, ამიტომ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას, არამედ დადგენილება შეიცავდა სარეკომენდაციო, არასავალდებულო ხასიათის მითითებას მოსარჩელეთა თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვაზე.

ამდენად, ვინაიდან კონტროლის პალატის შემოწმების ობიექტს სამთავრობო დაწესებულება, ადმინისტრაციული ორგანო _ საქსტანდარტი წარმოადგენდა (რომელსაც სადავოდ არ გაუხდია კონტროლის პალატის აქტების კანონიერება) და სადავო აქტებიც პირდაპირ და უშუალოდ მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს ეხება, ამასთან, რადგან სადავო აქტები სამართლებრივად არ წარმოადგენენ «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შესასრულებლად სავალდებულო წარდგინებას, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა და რადგან მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვა მოხდა არა კონტროლის პალატის სადავო აქტების, არამედ «საქსტანდარტის» 2001წ. ¹79/კ ბრძანების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კასატორების სარჩელისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

მართალია, საოლქო სასამართლო კოლეგიამ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა კონტროლის პალატის აქტების ბათილობაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ მოსარჩელეთათვის სახელმწიფო ბაჟის 500-500 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო პალატა კოლეგიის გადაწყვეტილებას ვერ გაიზიარებს და ეთანხმება საკასაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რადგან განსახილველია არაქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგანია – ადმინისტრაციული აქტის კანონიერება და კოლეგიის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით თითოეული მოსარჩელისათვის 500-500 ლარის დაკისრება არც საქმის მასალებიდან გამომდინარეობს და არც ადმინისტრაციულ-სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას შეესაბამება.

ამრიგად, საკასაციო პალატა არსებითად კონტროლის პალატის სადავო აქტების ბათილობაზე უარის თქმის ნაწილში იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლომ საქმის მასალების სწორი შეფასებითა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მართებული გამოყენება-განმარტებით, არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის 970 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ფ.-ისა და ბ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება გ. ფ.-ისა და ბ. მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება გ. ფ.-ისა და ბ. მ.-ისათვის 970 ლარის დაკისრების ნაწილში და მოსარჩელეებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა;

4. გ. ფ.-სა და ბ. მ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროთ 40-40 ლარის გადახდა.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.