3გ-ად-170-კ-02 2 სექტემბერი, 2002 წ ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 20 ივლისს რ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაიბ- 1960 წელს ბოლნისის რაიონის სოფელ ...ში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი. 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ორგანოებში. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შს მინისტრის 1991 წლის 10 ივლისის ¹490 ბრძანების საფუძველზე იგი მივლინებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს განკარგულებაში სამუშაოდ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. განჯის პროკურორი, რომელსაც ადრე აღძრული ჰქონდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორად, რის შემდეგაც განაახლა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გაუგებარი ბრალდებით და მასზე გამოცხადდა ძებნა. 2001 წლის 10 იანვარს მოსარჩელე დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2001 წლის 5 მარტის ¹24-2გ-2001 წ. წერილის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 31 იანვრის ¹06/01-23 დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელე ცნობილ იქნა საქართველოს მოქალაქედ და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმავე დასკვნის საფუძველზე რ. გ-ს გადაეცა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებით, 2001 წლის 8 მაისის დასკვნით, მოსარჩელეს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ისე, რომ არ გაუუქმებია მისი საქართველოს მოქალაქედ ცნობის შესახებ დასკვნა. აღნიშნული დასკვნა მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და ითხოვა მისი ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
1. “საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ” დებულების 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო, საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის მოეთხოვა დაინტერესებული მხარისათვის წარედგინა საქართველოში არანაკლებ ხუთი წლით მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლები, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ცნობა საპასპორტო სამსახურიდან იმის შესახებ, რომ დაინტერესებულ პირს კანონით დადგენილ ვადაში უარი ჰქონდა განცხადებული საქართველოს მოქალაქეობაზე. მოსარჩელის განმარტებით, დასკვნის მასალებში არ არსებობს მისი დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, მშობლის საპასპორტო მონაცემები და სხვა დოკუმენტაცია, რომლის წარდგენა აღნიშნული დებულების თანახმად, სავალდებულო იყო.
2. მოსარჩელის აზრით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაეყრდნო მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობას იმის შესახებ, რომ იგი ითვლებოდა აზერბაიჯანის მოქალაქედ, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
“აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პირი, რომელიც 1992 წლის 1 იანვრისათვის არ იყო აზერბაიჯანის მოქალაქე, მაგრამ რეგისტრირებული იყო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ითვლებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში წერილობით მიმართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს მოქალაქეობის შეძენის თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩაეწერა მხოლოდ 1995 წელს და ამრიგად, 1992 წლამდე და მის შემდეგაც არის საქართველოს მოქალაქე. მოპასუხეს უნდა გაერკვია და გამოეთხოვა ის დოკუმენტი, რომლითაც რ. გ-მა მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე. ასეთი დოკუმენტის არარსებობის გამო დაინტერესებული მხარე მას სრულიად უსაფუძვლოდ თვლიდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არასოდეს უფიქრია აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებაზე და არსად განცხადებით ამის თაობაზე არ მიუმართავს. დაინტერესებულ მხარეს შეცდომაში შეჰყავდა იუსტიციის სამინისტრო, რომლის დასკვნა ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს, ასევე _ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობას მოქალაქეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2001 წლის 28 მაისის დასკვნისა და სამინისტროს კოლეგიის დადგენილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღნიშნული დასკვნისა და დადგენილების მოქმედების შეჩერება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 ივლისის განჩინებით რ. გ-ს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების მიღებაზე და საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 26 ივლისის განჩინებით რ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებაზეც.
თბილისის საოლქო სასამართლოში რ. გ-მა შეცვალა თავისი მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხედ საქართველოს პრეზიდენტის ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის ¹212 ბრძანებულება რ. გ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანებულების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად მისი მოქმედების შეჩერება საქმის საბოლოო შეწყვეტამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 აგვისტოს განჩინებით რ. გ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, “საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის ¹212 ბრძანებულების გაუქმების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, აღნიშნული ბრძანებულების მოქმედება შეჩერდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 7 აგვისტოს განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის შუამდგომლობა და აღნიშნული საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 42-ე მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მხარეებს, აგრეთვე, განემარტათ, რომ უფლებამოსილ სასამართლოში საქმის განხილვამდე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის ¹212 ბრძანებულება რ.Oგ-ის მიმართ შეჩერდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 3 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას, საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის ¹212 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოპასუხემ – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სადავო აქტის უცვლელად დატოვება.
2002 წლის 26 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ პირველი ინსტანციის წესით განიხილა მოცემული საქმე და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა “საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის ¹212 ბრძანებულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე რ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2002 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და უნდა იქნეს გამოტანილი ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ კასატორს დაბადებით აქვს მოპოვებული საქართველოს მოქალაქეობა. რ. გ-ის მშობლები, მისი მეუღლე და შვილები კანონით დადგენილი წესით იყვნენ და არიან საქართველოს მოქალაქეები, რაც ამავე კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე დასტურდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობითა და პასპორტით.
2. არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სასამართლოს ის მოსაზრება, რომ კასატორი საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევიდა უცხო ქვეყნის პოლიციაში და ორი წლის განმავლობაში არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ, როდესაც რ. გ-ი, როგორც საქართველოს მოქალაქე, შს სამინისტროს ბრძანებით 1991 წლის ივნისის თვეში მივლინებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს ორგანოებში სამუშაოდ, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა საკავშირო მოქალაქეობა და არავინ იცოდა საბჭოთა კავშირი როდის დაიშლებოდა. კასატორი თვლიდა, რომ იყო მივლენილი სამუშაოდ და კავშირს არ წყვეტდა საქართველოსთან. სასამართლომ არ გაიზიარა რ. გ-ის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი მუშაობდა საზღვრისპირა რაიონებში, სადაც სამუშაოდ დადიოდა მარნეულ.ნ და კავშირს არ წყვეტდა ოჯახთან.
3. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საკითხს, კასატორი ამტკიცებს, რომ საქმის მასალებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან თავისი ინიციატივით მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობა, თუ არ ჩავთვლით საინფორმაციო-საპასპორტო სამსახურის ცნობას.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს რ. გ-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობას. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის “მოქალაქეობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლი ადგენს: “აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1. დაბადების მოწმობა; 2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა; 3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი”.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ეს მოთხოვნები რატომღაც არ გაიზიარა, მას არც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის პირადობის მოწმობა და არც პასპორტი არა აქვს და არც არავის მიუცია, ხოლო დაბადების მოწმობა კი კასატორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობას ამტკიცებს.
4. უზენაეს სასამართლოს არ გაუმახვილებია ყ-დღება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქართველოს პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრომ კასატორს სრულიად უკანონოდ არ გადასცა თავისი გადაწყვეტილება გაცნობისათვის, რათა იგი გასაჩივრებულიყო კანონით დადგენილ ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე კასატორი ითხოვს: რ. გ-ის მიმართ «საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის «ა" პუნქტის საფუძველზე უდავოდ უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ კასატორს საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული აქვს დაბადებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედების დროს კასატორი უკვე მსახურობდა უცხო სახელმწიფოს, კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 55-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირები ინიშნებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთაგან. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახური კი თავისთავად ადასტურებს აღნიშნული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტს, რაც «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ მიჩნევის საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მოტივაციას, რომ «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" აზერბაიჯანის რესპუბლიკის 1998 წლის 30 სექტემბრის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კანონის ძალაში შესვლის დღისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ მიჩნევის საფუძველს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სარეგისტრაციო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი რ. გ-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს რესპუბლიკის სამისამართო ბიუროს ინფორმაციისა და ზემოთ აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ითვლებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო სწორად არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ" აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით იგი ვერ იქნებოდა მიჩნეული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი იქნებოდა, თუ მოსარჩელე ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში წერილობით მიმართავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, რაც მას არ გაუკეთებია. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო მართებულად განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მიმართვის არარსებობა არ გამორიცხავს რ. გ-ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ ყოფნას, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი არ შეეხება რ. გ-ს. მითითებული ნორმის თანახმად იგი ეხება 1992 წლის 1 იანვრისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთათვისაც მოქალაქეობის მიღების პირობას წარმოადგენდა კანონის ძალაში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებით მიმართვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მოსაზრებას, რომ რ. გ-ი ზემოთ აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ითვლება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქედ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის პირველი მუხლისა და 32-ე მუხლის «დ" პუნქტის თანახმად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მოტივაციას, რომ რ. გ-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუდმივად ცხოვრების პერიოდში, ორი წლის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით, არ დამდგარა საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს საელჩოში, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაარსდა 1993 წლის 24 თებერვალს და რომელიც «დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ" ვენის კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და «საკონსულო ურთიერთობის შესახებ" ვენის კონვენციის 70-ე მუხლის თანახმად ასრულებდა საკონსულოს ფუნქციებს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რ. გ-მა მარნეულის შსს რაიგანყოფილებაში უბნის ინსპექტორად მუშაობის პერიოდში, 1991 წლის 12 თებერვალს, განცხადებით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს ორგანოების სამსახურში მიღების შესახებ. ამ უკანასკნელის დეპეშის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1991 წლის 10 ივლისის ბრძანებით რ. გ-ი განთავისუფლდა მარნეულის შს რაიგანყოფილების პროფილაქტიკის ქვეგანყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ...ის თანამდებობიდან და მივლინებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს-ს განკარგულებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ სწორად არ ჩათვალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1991 წლის 10 ივლისის ბრძანება «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის 32-ე მუხლის «ა" პუნქტით გათვალისწინებულ უცხო სახელმწიფოს პოლიციის სამსახურში შესვლის თაობაზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოს ნებართვად, რადგანაც რ. გ-ის მიერ 1991-99 წლებში უცხო ქვეყნის პოლიციაში სამსახური ვერ იქნება მიჩნეული სამსახურებრივ მივლინებად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტიც, რომ მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მისი მეუღლე და შვილები კანონით დადგენილი წესით იყვნენ და არიან საქართველოს მოქალაქეები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
3. რ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი, რომელიც განაწილდეს შემდეგი წესით: 70% _ 21 (ოცდაერთი) ლარი_ ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე: ეროვნული ბანკი, ¹1 ხაზინა, კოდი 59, ანგარიშის ¹000141207, ხოლო 30 % _ 9 (ცხრა) ლარი _ ადგილობრივ ბიუჯეტში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.