Facebook Twitter

3გ/ად-171-კ-01 4 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის გადახდილი საპაიო შენატანის მოსარჩელის მიერ იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღებული არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზებო ღირებულებაში ჩათვლის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 27 სექტემბერს ე. კ-შვილმა სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1989 წელს იგი გახდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¹632 წევრი. იმავე წლის 20 დეკემბერს საბურთალოს ბინსოცბანკში საპაიო შენატანის სახით მოსარჩელემ გადარიცხა 14100 მანეთი, ხოლო 1992 წლის 2 დეკემბერს _ 8900 მანეთი. მოსარჩელე ე. კ-შვილმა საპაიო შენატანის სახით სულ გადაიხადა 23000 მანეთი.

შემდგომ განვითარებული მოვლენების შედეგად იგი დარჩა უბინაოდ და ოჯახთან ერთად თერთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქირით.

1998 წლის 5 მარტს მოსარჩელემ, როგორც კონკურსში გამარჯვებულმა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტთან დადო საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... მდებარე სურსათვაჭრობის ¹8 მაღაზიის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით. გამოსასყიდი ობიექტის მთლიანი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენდა 5450 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რომლიდანაც 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მოსარჩელემ გადაიხადა.

1999 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ¹592 ბრძანებულება «საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ». მოსარჩელის განმარტებით, იგი მიეკუთვნებოდა დამთავრებას დაუქვემდებარებელი სახლების ბინათმშენებლების კატეგორიას, ხოლო მის მიერ 1989-92 წლებში საპაიო შენატანის სახით გადახდილი 23000 მანეთი შეესაბამება 8470 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის საპაიო შენეტანის სახით გადახდილი თანხა ჩათვლოდა მის მიერ იჯარით აღებულ არასაცხოვრებელი ფართის გამოსასყიდი დარჩენილი თანხის _ 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის _ საპრივატიზებო ღირებულებაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელესა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის 1998 წლის 5 მარტს გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებაში თანხის არავითარი ჩათვლა არ ყოფილა გათვალისწინებული. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებას, ისინი არ უნდა გავრცელებულიყვნენ მოსარჩელის მოთხოვნაზე, რადგანაც მათი გამოცემა მოხდა ე. კ-შვილის კონკურსში გამარჯვებისა და მის მიერ საიჯარო ხელშეკრულების დადების შემდგომ. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებს კი არ შეიძლებოდა მისცემოდათ უკუქცევითი ძალა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმ საფუძვლით, რომ დავის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ შიდა ვალში აღებული თანხის ჩათვლა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლებოდა შეხებოდა ფინანსთა სამინისტროს სამართლებრივ ინტერესებს.

სააპელაციო პალატაში მთავარ სხდომაზე ე. კ-შვილმა დააყენა შუამდგომლობა დავის საგნის გაზრდის თაობაზე, კერძოდ, ითხოვა სარჩელის გაზრდა 5300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარამდე.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად ჩათვალა მოსარჩელის შუამდგომლობა და საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა მისი თხოვნა დავის საგნის გაზრდის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ-შვილის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობის ერთი მოსამართლე, ნ. ქადაგიძე, დარჩა განსხვავებულ აზრზე.

საკასაციო საჩივარში ე. კ-შვილმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს პოზიცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებასა და ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებას არ შეიძლება მიენიჭოთ უკუქცევითი ძალა, არასწორია, რადგანაც მას და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს შორის 1998 წლის 5 მარტს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გადის 2008 წელს, შესაბამისად, არ არის დასრულებული აღნიშნული ქონების პრივატიზაციის პროცესიც, ე.ი. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მოიჯარეს კი ვალდებულება წარმოეშვა საქათველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებისა და ფინანსთა სამინისტროს 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანების გამოცემის შემდეგ.

კასატორმა ე. კ-შვილმა საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება ძირითადი სარჩელი, ხოლო სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ვალსა და საპრივატიზებო თანხის სხვაობის შედეგად დარჩენილი თანხა _ 5300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი _ დარჩება სახელმწიფოს შიდა ვალად.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

«საქართველოში კოოპერაციული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების თანახმად დამთავრებას დაუქვემდებარებელი სახლების ბინათმშენებლებისათვის, როგორც დაზარალებულებისათვის, საკომპენსაციო თანხების მიღების ნაცვლად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ მოწყობილ აუქციონებსა და კონკურსებში მონაწილეობის დროს, მათ მიერ ობიექტის პრივატიზების ან შესყიდვის შემთხვევაში ბინის სანაცვლოდ მისაღები კუთვნილი საკომპენსაციო განაცემი გათვალისწინებული უნდა იყოს ობიექტის ღირებულებაში სახელმწიფო ვალის კომპენსაციის მიზნით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორ ე. კ-შვილსა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონებს მართვის დეპარტამენტს შორის 1998 წლის 5 მარტს დაიდო იჯარის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საბოლოო ვადაც განისაზღვრა 2008 წლამდე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული არ არის და შესაბამისად მოცემული საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაცია არ დასრულებულა, ამდენად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულება არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო მის გამოცემამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რადგანაც აღნიშნულ ნორმატიულ აქტში არ იყო მითითებული მისი უკუქცევითი ძალის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების გავრცელება ე. კ-შვილზე არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ნორმატიულ აქტს მიეცა უკუქცევითი ძალა, ვინაიდან ე. კ-შვილის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე სურსათვაჭრობის ¹2 მაღაზიის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის დასრულების ვადად საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2008 წელი.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ ე. კ-შვილის საკასაციო საჩივარი სამართლებრივად საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ე. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდეს ე. კ-შვილის სარჩელი.

ე. კ-შვილის მიერ 1989-92 წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის საპაიო შენატანის სახით თბილისის საბურთალოს რაიონის ბინსოცბანკში ჩარიცხული თანხა ე. კ-შვილს ჩაეთვალოს ქ. თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის დარჩენილი ნაწილის ანგარიშში.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.