იჯარა; პრივატიზება; მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-171-კ-02 19 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა, ნაგებობის აღება; მიწის ნაკვეთის გეგმის ძალადაკარგულად ცნობა, მიწის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნაკვეთის პრივატიზების ბათილობა, შენობის დაკანონება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ-მა 20.11.2000წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გ. ნ-ის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, .... მდებარე ¹84 მიწის ნაკვეთის იჯარით აღების თაობაზე 05.08.97წ. დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტთან. 02.11.2000წ. მიწის ნაკვეთი მას გადაეცა საკუთრების უფლებით. ნაკვეთის გადმოცემის დღიდან შეუდგა ნაკვეთით სარგებლობას, მაგრამ წააწყდა წინააღმდეგობას მოპასუხე გ. ნ-ის მხრიდან, რომელსაც მიწის ნაკვეთზე ედგა ხის ფიცრული მცირე ზომის ნაგებობა. ტერიტორიის გათავისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გ. ნ-ემ არათუ არ გაათავისუფლა ნაკვეთი, არამედ ააგო 40 კვ.მ კაპიტალური ქვის შენობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.50წ. ¹1984 გადაწყვეტილებით საბურთალოს რაიონში, საირმის გორაზე ინდივიდუალური მებაღეობისათვის მიწის ნაკვეთების მუდმივ სარგებლობაში გამოეყოთ კუიბიშევის სახ. ხის დამამუშავებელ ქარხანას, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილებას და საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობას. აღნიშნული გადაწყვეტილება 23.09.76წ. ¹21.14.647 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა და ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომს დაეველა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც მიიტაცეს მიწის ნაკვეთები და თვითნებურად ააგეს ნაგებობები. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 დადგენილებით დაკმაყოფილდა კოლექტიური მებაღეობა «შრომის" წევრების თხოვნა მათ მიერ კანონიერად დაკავებული ტერიტორიის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დამაგრების შესახებ არსებული ნორმის ფარგლებში თანდართული სიის მიხედვით. დადგინდა, რომ მებაღეობის იმ წევრების საკითხი, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სრულყოფილი დოკუმენტაცია ინდივიდუალური მენაშენის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, განხილული იქნებოდა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.11.97წ., ¹22.22.1233 დადგენილებით მიწათსარგებლობისა და ქალაქმშენებლობის საქმეთა საქალაქო კომისიის წინადადების საფუძველზე შეტანილ იქნა ნაწილობრივი ცვლილებები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 დადგენილების დანართში, დანართში მითითებულ მოქალაქეებს მიეცათ უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით ორი თვის ვადაში მიწის მართვის დეპარტამენტთან გაეფორმებინათ მიწის ნაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სწორედ აღიშნული დადგენილების შესაბამისად 05.08.97წ. გააფორმა მიწის მართვის დეპარტამენტთან საიჯარო ხელშეკრულება და გადაიხადა მიწის ღირებულება. 28.07.98წ. ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ მოსარჩელის სახელზე გაიცა სამშენებლო პასპორტი .... ¹84 ნაკვეთში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დამაგრებული მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის დამუშავებისათვის, რის შემდეგაც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატმენტმა 02.11.2000წ. ი. მ-ის მიწის ნაკვეთი გადასცა საკუთრებაში სათანადო სარეგისტრაციო მოწმობის, საკადასტრო რუკისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაცემით. რაც შეეხება მოპასუხეს, მან ვერ წარმოადგინა მიწით სარგებლობისა და ნაგებობის აშენების ნებართვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვა, უკანონოდ აშენებული ნაგებობის აღება.
მოპასუხე გ. ნ-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთს იგი ფლობს 1970 წლიდან, რა დროსაც აგებული იყო შენობა, რომელშიც ის ცხოვრობს, მოსარჩელეს არ გააჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების კანონიერი საფუძველი.
მოპასუხე გ. ნ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის, თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წინააღმდეგ, რომელშიც აღნიშნა, რომ 1970 წლიდან საირმის გორაზე აშენებული აქვს შენობა, მისთვის ი. მ-ის სარჩელზე დართული დოკუმენტაციის ჩაბარაბის დღიდან გახდა ცნობილი მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.11.97წ. ¹22.22.1233 დადგენილების, 05.08.97წ. საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის, მიწის ნაკვეთის გეგმის შესახებ. 13.11.97წ. დადგენილება არ უნდა გავრცელებულიყო ი. მ-ზე, ვინაიდან დადგენილების გამოცემის დროისათვის მასზე არც წითელი ხაზები იყო გამოყოფილი და არც სამშენებლო პასპორტი იყო გაცემული. იჯარის ხელშეკრულების საფუძვლად 1.1 პუნქტის შესაბამისად მითითებულია მუნიციპალიტეტის 08.06.95წ. დადგენილება, რომელიც არ ვრცელდება ი. მ-ზე, რადგან მასში იგი არაა მოხსენიებული. 1970 წლიდან აშენებული კაპიტალური ნაგებობა ჯერ კიდევ 1986წ. საკადასტრო რუკაზე იყო აღნიშნული, მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება განეხორციელებინათ ისეთი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა და პრივატიზება, რომლებზედაც აშენებული იყო კაპიტალური შენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.11.97წ. დადგენილების დანართიდან ი. მ-ის გვარის ამოღება, მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის (წითელი ხაზების) ძალადაკარგულად ცნობა, ი. მ-სა და მიწის მართვის დეპარტამენტს შორის 05.08.97წ. იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 1970 წელს აშენებული ნაგებობის დაკანონება.
მოპასუხე _ ქ. თბილისის მერიის, მიწის მართვის დეპარტამენტის, არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელს, შეგეგებული სარჩელი არ ცნეს იმ მოსაზრებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეზე კანონიერად იყო გადაცემული, ხოლო მოპასუხეს არ გააჩნია მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 07.06.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. მ-ის სარჩელი, გ. ნ-ეს დაევალა უკანონოდ დაკავებული ¹84 მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, ნაკვეთში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის აღება, მოპასუხე გ. ნ-ეს უარი ეთქვა შეგეგებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე გ. ნ-ის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლომ 25.03.02წ. განჩინებაში აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა აპელანტ გ. ნ-ისა და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, მათ კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სხდომის დღე, სააპელაციო სასამართლომ სასკ 261 მუხლის საფუძველზე მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა საქმე. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა ქ. თბილისის მერიის, აგრეთვე არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა, აგრეთვე თავდაპირველმა მოსარჩელემ, ხოლო შეგებებულ სარჩელთან მიმართებაში მესამე პირმა, _ ი. მ-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნეს.
საქმის განხილვის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ¹84 მიწის ნაკვეთი 2000წ. 2 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება ი. მ-ის სახელზე, ნაკვეთი 1997წ. 5 აგვისტოდან თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა მას. 28.07.98წ. არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარატამენტის მიერ ი. მ-ზე გაიცა სამშენებლო პასპორტი ¹მ-187, ნაკვეთში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის დამუშავებისათვის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ი. მ-ზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა აგებული იყო ჯერ კოდევ 1970 წელს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. და 13.11.97წ. დადგენილებების თანდართულ სიებში გ. ნ-ე შეყვანილი არ არის, აპელანტს მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე მის მიმართ სარჩელის აღძვრამდე სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართვას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ი. მ-ი მებაღეობა «შრომის" წევრი არ ყოფილა, რის გამო მასზე არ უნდა გავრცელებულიყო მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. დადგენილება, რადგან აღნიშნულ დადგენილებაში 13.11.97წ. დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით მიწები დაუმაგრდათ ინდივიდუალური ბინათ-მშენებლობისათვის და სიებში შეყვანილ იქნენ ის მოქალაქეებიც, რომლებმაც განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მერიას მიწის გამოყოფის თაობაზე, სწორედ ასეთ მოქალაქეთა რიცხვს წარმოადგენს ი. მ-ი, რომელმაც მიწის ნაკვეთზე გააფორმა იჯარის ხელშეკრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ ი. მ-ი კანონიერად იქნა მიჩნეული საირმის გორაზე მდებარე ¹84 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რის გამოც 25.03.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 07.06.01წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 25.03.02წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ემ. კასატორი აღნიშნავანს, რომ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით საოლქო სასამართლოდან საერთოდ არ მიუღია უწყება, მეზობლების მიერ ხელმოწერილი უწყებები არის ყალბი, ორ უწყებაზე საერთოდ არ არის მითითებული უწყების ჩამბარებელი პირი, მათზე არ არის აღნიშნული გაგზავნისა და ჩაბარების თარიღი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1970 წლიდან ცხოვრობს საირმის გორაზე აშენებულ კაპიტალურ ბინაში (16.45 კვ.მ), რომლის არსებობა დასტურდება 1986 წლიდან ტოპოგრაფიული რუკით. ი. მ-ის მიერ 1997 წელს მიწის მართვის დეპარტამენტთან იჯარის ხელშეკრულების დადება, 02.11.2000წ. ნაკვეთის მის საკუთრებაში გადაცემა კასატორისათვის ცნობილი არ იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება მისი მტკიცება იმის შესახებ, რომ კაპიტალური ნაგებობა 1999-2000 წლებში აიგო, შენობას ვიზუალური დათვალიერებითაც ეტყობა, რომ იგი არის არა ორი წლის, არამედ რამდენიმე ათეული წლის წინათ აშენებული, ამის გარკვევა სასამართლოს სსკ-ს 120-ე მუხლის შესაბამისად შეეძლო ადგილზე შემოწმებით, რაც არ გაუკეთებია. მიწის მართვის დეპარტამენტის, მერიის და არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის წარმომადგენლების მიერ ი. მ-ის სასარგებლოდ მიცემული ჩვენებები განპირობებულია იმით, რომ მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ისე დაუკანონეს ი. მ-ს, რომ არ უკითხავთ რაიმე მისთვის ან სხვა მეზობლისათვის. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სადავო ტერიტორია იქ დასახლების დროს იყო მიგდებული და გაუვალი მთის ადგილი, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ამ ტერიტორიის ვარგისად ქცევაზე მის მიერ გაწეული შრომა და ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 07.06.01წ. გადაწყვეტილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს პალატის 25.03.02წ. განჩინების გაუქმება, ი. მ-ის მიერ ნაკვეთის პრივატიზაციის გაუქმება, მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.11.97წ. გადაწყვეტილების დანართიდან ი. მ-ის ამორიცხვა, მიწის ნაკვეთის გეგმის ძალადაკარგულად ცნობა, მიწის ნაკვეთის 05.08.97წ. იჯარის ხელშეკრულბის ბათილად ცნობა, კასატორის მფლობელობა _ სარგებლობაში არსებული მიწისა და საცხოვრებელი ბინის მის საკუთრებად ცნობა.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმოადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ი. მ-მა საკასაციო საჩივრის მოტივები მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტს, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ, მათი წარმომადგენლები არ გამოცხადნენ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე. ვინაიდან ადგილი ჰქონდა ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, საკასაციო სასამართლომ სასკ-ს 261 მუხლის საფუძველზე მათი დასწრების გარეშე განიხილა საქმე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, სასკ-ს 261 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესაებ, რომ მას საერთოდ არ მიუღია საოლქო სასამართლოდან შეტყობინება სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ გ. ნ-ემ მიიღო შეტყობინება 12.02.02წ. თბილისის საოლქო სასამართლოში გამოცხადების შესახებ. მიუხედავად ამისა, გ. ნ-ე სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდდა, მას არ უცნობებია სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სასკ-ს 261 მუხლის თანახმად საქმის არსებითი განხილვა 26.02.02წ. გადაიდო. 26.02.02წ. სხდომის ჩატარების თაობაზე გ. ნ-ეს გაეგზავნა დაზღვეული წერილი, საქმეში დაცული ფოსტამტის ცნობის თანახმად გ. ნ-ემ უარი განაცხადა წერილის მიღებაზე, 26.02.02წ. დანიშნული სხდომა კვლავ გადაიდო. აპელანტი არ გამოცხადდა აგრეთვე 13.03.02წ. სხდომაზე. 21.03.02წ. შედგენილი აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საოლქო სასამართლოს კურიერი დ. ც-ე რამდენჯერმე გამოცხადდა გ. ნ-ის საცხოვრებლ ადგილას 25.03.02წ. დანიშნული სასამართლო სხდომაზე გამოსაცხადებლად უწყების გადაცემის მიზნით, მიუხედავად ამისა, გ. ნ-ემ უარი თქვა უწყების ჩაბარებაზე. პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ გ. ნ-ე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე საცხოვრებელი ადგილის მისამართად არასწორად უთითებდა საირმის გორას, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლოს მუშაკების მიერ 05.12.2000წ., 28.12.2000წ., 16.01.01წ. შედგენილი აქტების მიხედვით დასტურდება, რომ გ. ნ-ე უარს აცხადებდა სასამართლოდან გამოგზავნილი დოკუმენტაციის ჩაბარებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ გ. ნ-ე განგებ არიდებდა თავს შეტყობინების ჩაბარებას და აჭიანურებდა საქმის განხილვას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა მხარის ხელმეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, რაც სასკ-ს 261 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილს ხდიდა სააპელაციო სასამართლოს გ. ნ-ის დასწრების გარეშე განეხილა საქმე.
ქალაქის მთავარი არქიტექტურისა და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, არქიტექტურისა და პერპსპექტიული განვითარების სამსახურის წარმომადგენლის განმარტების, თვითნებური მშენებლობისათვის გ. ნ-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 16.11.2000წ. ძალაში შესული დადგენილების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1986 წლამდე და 1986წ. მდგომარეობით ¹84 მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა ტოპოგრაფიულ რუკაზე აღნშნიული არ არის, სადავო ¹84 მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა დატანილია 2000წ. ჩათვლით პლანშეტის კორექტირების შედეგად. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ამ მიმართებით დამატებითი და დასაბუთბეული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა აგებული იყო ჯერ კიდევ 1970 წელს, შესაბამისად გ. ნიორაძე ვერ ისარგებლებდა მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806, 16.03.94წ. ¹156, აგრეთვე მათ შესაბამისად მიღებული მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებების ნორმებით, რომლებიც ითვალისწინებდნენ თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შესაძლებლობას. ამდენად, კასატორის არგუმენტს 1970წ. ნაკვეთზე შენობის აგების შესახებ არა აქვს სამართლებრივი მნიშვნელობა სადავო ობიექტზე უფლების დასადასტურებლად, ვინაიდან ჯერ კიდევ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ., ¹21.14.647 გადაწყვეტილებით ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც მიიტაცეს მიწის ნაკვეთები და თვითნებურად ააგეს ნაგებობები, ინდმფლობელთა და კოლექტიური მებაღეობის წევრთა მიმართ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ უძრავი ქონების მფლობელობა არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. საქმეზე დადგენილია, რომ გ. ნ-ეს მიწის ნაკვეთის დაკანონების თაობაზე სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართავს და შეგებებული სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.11.97წ. ¹22.22.1233 დაგენილების დანართიდან ი. მ-ის გვარის ამოღების, შენობის დაკანონების თაობაზე დააყენა 15.03.01წ., ი. მ-ის მიერ მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთით სარგებლობის აკრძალვისა და უკანონოდ აგებული შენობის აღების შესახებ სარჩელის აღძვრის შემდეგ. გ. ნ-ე არ იყო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრადმფლობელის სახით, შესაბამისად სკ-ს 167-ე მუხლის საფუძველზე იგი ვერ იქნება მიჩნეული სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ. გ. ნ-ეს სადავო ნაკვეთზე არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი, მან ვერ წარმოადგინა მიწით სარგებლობისა და ნაგებობის აშენების რაიმე ნებართვა, იგი არ ფიგურირებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 და 13.11.97წ. ¹22.22.1233 დადგენილებების დანართებში, ნაკვეთი 06.03.01წ. მონაცემებით არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ნაკვეთი და მასზე განთავსებული 16,45 კვ.მ შენობა ი. მ-ის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ იქნა აღრიცხული ტექაღრიცხვის სამსახურში გ. ნიორაძის სახელზე. აღნიშნულის საპირისპიროდ ¹84 მიწის ნაკვეთი 02.11.2000წ. საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ი. მ-ის სახელზე, რომელზედაც 05.08.97წ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტთან დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება. 28.07.98წ. არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ ი. მ-ზე გაიცა სამშენებლო პასპორტი, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატამენტის მიერ ი. მახარაშვილზე გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, ამასთანავე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 დადგენილებაში 13.11.97წ. ¹22.22.1233 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების თანახმად 13.11.97წ. დადგენილების დანართში მითითებულ მოქალაქეებს (მათ შორის ი. მ-ს), რომლებმაც განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მერიას მიწის გამოყოფის თაობაზე, მიეცათ მიწის ნაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების უფლება. ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი (მე-2 მუხ. მეორე ნაწ. «ბ" ქვეპუნქტი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 13.11.97წ. ¹22.22.1233 დადგენილება, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, მიწის ნაკვეთის იჯარით აღებაზე 05.08.97წ. დადებული ხელშეკრულება ქმნიდნენ ¹84 ნაკვეთის ი. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკმაო იურიდიულ საფუძველს. ამდენად, ი. მ-ს, როგორც სადავო ობიექტის მესაკუთრეს, სსკ-ს 170-ე მუხლის საფუძველზე შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 25.03.02წ. განჩინება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ის საკასაციო საჩავრი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 25.03.02წ. განჩინება.
2. გ. ნ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.