Facebook Twitter

3გ/ად-172-კ-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: შემოწმების ნებართვის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს შს სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს სპეციალისტებისათვის შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას” შემოწმების ჩატარების ნებართვის გაცემა. შუამდგომლობას საფუძვლად ედო ი. ქ-ძის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი 1997 წლიდან 2000 წლის 11 აგვისტომდე იყო შპს «მ-ას» ერთ-ერთი პარტნიორი და წილის მფლობელი, ამავე ფირმის პარტნიორმა – პ. გ-იანმა მოტყუებით, თაღლითური გზით გამოსძალა მას «მ-ში» შეტანილი ქონება. კერძოდ, ი. ქ-ძის განცხადებით, მან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე პ. გ-იანს შპს «მ-ას» სახელზე იტალიიდან გამოუგზავნა თხილის გადამამუშავებელი საამქროსათვის საჭირო მანქანა-დანადგარები, გადასცა თანხა საამქროს მშენებლობისა და მონტაჟისათვის, რის შედეგადაც მისმა ხარჯებმა 671725 აშშ დოლარი შეადგინა. 1997-98წ.წ. სამუშაო სეზონის დამთავრების შემდეგ პ. გ-იანმა არ წარუდგინა ანგარიშები ი. ქ-ძეს და განუცხადა, რომ მოგება ვერ მიიღეს. ანალოგიური განმეორდა 1998-99წ.წ. სეზონზე, რის შემდეგ მას დაუბრუნდა მის მიერ დაბანდებული 160000 აშშ დოლარი. 1999-2000წწ. სამუშაო სეზონის შემდეგ პ. გ-იანმა წარმოუდგინა ე.წ. «შავი ბუღალტრული» ანგარიში და მოგების სახით გადასცა 70000 აშშ დოლარი. ი. ქ-ძემ მოითხოვა საამქროში მისი წარმომადგენლების მეშვეობით საქონელბრუნვის შემოწმება, რაზედაც უარი მიიღო. პ. გ-იანმა დაუყენა ი. ქ-ძეს შემხვედრი წინადადება გასულიყო პერტნიორობიდან, ი. ქ-ძე დათანხმდა შემოთავაზებას, რის შედეგად, 11.08.2000წ. ნოტარიულად გაფორმდა ხელშეკრულება ი. ქ-ძის შპს «მ-ას» პარტნიორთა რიცხვიდან გასვლის შესახებ, ხოლო პ. გ-იანმა იკისრა ვალდებულება ი. ქ-ძისათვის გადაეხადა დარჩენილი დავალიანება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ პ. გ-იანმა გადაუხადა 150000 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხის გადახდაზე პ. გ-იანმა უარი განაცხადა. ი. ქ-ძის განცხადებით პ. გ-იანი ატყუებდა არა მხოლოდ მას, არამედ სახელმწიფოსაც, კერძოდ, საზღვარგარეთიდან შემოტანილი 600000 აშშ დოლარის ღირებულების მანქანა-დანადგარების განბაჟებისას გადახდილ იქნა მხოლოდ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რის შედეგადაც სახელმწიფომ განიცადა ზარალი. ოპერატიული გზით დადგინდა, რომ აღნშნულ ფირმას შექმნილი აქვს შვილობილი ფირმები, რომელთა მეშვეობით ხდება სხვადასხვა მაქინაციების ჩადენა (საქონლის ღირებულების შემცირება, სარეალიზაციო ფასის დამალვა და სხვა), მათ შორის დადგენილია ორი – შპს «ბ-ა» და საზღვარგარეთ რეგისტრირებული ფირმა «ლ-ი». განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტები და წარმოდგენილი საბუთების ანალიზი, მთ.სამმართველოს აზრით, მიანიშნებს დიდი ოდენობით შემოსავლების დამალვის და სხვა სახის დანაშაულის შემადგენლობის შესაძლო არსებობაზე.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 21.08.01წ. მოსამართლის ბრძანებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა შპს «მ-ას» და მისი ფილიალის შპს «ბ-ას“ 1997-2001 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საქმიანობის შემოწმების შესახებ, ბრძანების შემსრულებელ ორგანოდ განისაზღვრა შპს «მ-ას» და მისი ფილიალების მომსახურე საგადასახადო ინსპექცია.

შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას” წარმომადგენელმა მ. ჯ-ძემ 22.08.01წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც 21.08.01წ. ბრძანების გასაჩივრებასთან დაკავშირებით მოითხოვა გაცემული ბრძანების აღსრულების გადადება ზემდგომი სასამართლოების მიერ საქმის საბოლოო განხილვამდე. იმავე დღეს მ. ჯ-ძის მიერ შეტანილი იქნა საჩივარი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 21.08.01წ. ბრძანების გაუქმებაზე. რაიონული სასამართლოს 22.08.01წ. დადგენილებით მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მოსამართლის 21.08.01წ. ბრძანების აღსრულება გადაიდო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.09.01წ განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 21.08.01წ ბრძანება, განისაზღვრა მიღებული განჩინების საკასაციო გასაჩივრების წესი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შსს მთავარ სამმართველოს დაცული აქვს «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის 2.2, 3.1, 5.4 მუხლების მოთხოვნები, პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება შუამდგომლობის დაუსაბუთებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ კანონი ითხოვს სასამართლოსათვის მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას და არა დასაბუთებულ მტკიცებას, ვინაიდან შემოწმებამ ან უნდა დაადასტუოს ვარაუდი მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ან გააქარწყლოს იგი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის 5.4 მუხლის დაცვით, ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა ორგანოს შუამდგომლობა. ამასთანავე, სააპელაციო პალატის აზრით აღნიშნული კანონის 5.4 მუხლით გათვალისწინებული წესი ვერ გავრცელდება სააპელაციო სასამართლოზე, ვინაიდან კოლეგიური სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლისათვის დადგენილი წესით.

სააპელაციო პალატის 11.09.01წ განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას» წარმომადგენლის მ. ჯ-ძის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების სახით სასამართლოში წარმოდგენილი ი. ქ-ძის ახსნა-განმარტება და შპს «მ-ას» წესდება არ ადასტურებენ ი. ქ-ძის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ბრძანების მიღებისას დარღვეულია «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ბრძანების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანო მას წარუდგენს დასაბუთებულ და საფუძვლიან ინფორმაციას. შუამდგომლობა ბრძანების გაცემის შესახებ დაუსაბუთებელია და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს. «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 212 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა მიუხედავად განმცხადებლის მიერ არ იყო წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობა, შესაბამისად შუამდგომლობა სასამართლოს არ უნდა განეხილა. გარდა ამისა, კასატორის აზრით, სასამართლოს შუამდგომლობა უნდა განეხილა «საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე» 08.06.01წ კანონის 213-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ღია სასამართლო სხდომაზე, შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას» ხელმძღვანელთა მოწვევით. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ შპს «ბ-ა», საზღვარგარეთ რეგისტრირებული ფირმა «ლ-ი», წარმოადგენენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს, მათ არ გააჩნიათ ფილიალები, ისინი არ წარმოადგენენ შპს «მ-ას» შვილობილ ორგანიზაციებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.09.01წ. განჩინება შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას» წარმომადგენლის მიერ, სააპელაციო პალატის 11.09.01წ. განჩინების მე-3 პუნქტის და იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გასაჩივრდა საკასაციო წესით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივრის განხილვას არ აბრკოლებს 02.10.01წ. ძალაში შესული 14.09.01წ. კანონით (გამოქვეყნებულია 01.10.01წ. «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში», ნაწ. I, ¹26, მუხ.110) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება – დამატებები, რომელთა მიხედვითაც სააპელაციო ინსტანციის ბრძანება (დადგენილება) საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნულ ნორმას არ აქვს უკუქცევითი ძალა, ვინაიდან იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე 21.08.01წ. გაცემული ბრძანება არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შემოწმების შესახებ შუამდგომლობის მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე განხილვის მიუხედავად, 21.08.01წ. ბრძანების ტექსტში მითითებულია, რომ შუამდგომლობა და მასალები განხილულია ღია სასამართლო სხდომაზე. მოსამართლის ბრძანებით საგადასახადო ინსპექციას ეძლევა შპს «მ-ას» და მისი ფილიალის _ შპს «ბ-ას» შემოწმების უფლება, მაშინ როდესაც უკანასკნელი, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 11.09.97წ. ¹7/4-121 დადგენილებით, რეგისტრირებულია ცალკე იურიდიულ პირად და არა შპს «მ-ას» ფილიალად. თავის მხრივ, შპს «მ-ა» რეგისტრირებულია ქ. თბილისის სამგორის რაიონის 19.12.97წ ¹7/4-153 დადგენილებით, წესდების მიხედვით ის წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, შპს «ბ-ას» და შპს «მ-ას» ჰყავთ სხვადასხვა დამფუძნებლები. ამასთანავე კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რამდენიმე დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტის შემოწმების ნებართვის გაცემას ერთი ბრძანებით.

მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით იქნა განხილული შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას» რწმუნებულის მ. ჯ-ძის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ. «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმხორციელებელი ორგანოს შუამდგომლობა მოსამართლის მიერ იხილება ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობის გარეშე. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლოს პალატამ მ. ჯ-ძის საჩივარი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე, მხარეთა დასწრებით. სასამართლო ინსტანციის და შემადგენლობის მიხედვით არ იცვლება განსახილველი საქმის ბუნება, მისი თავისებურებანი, რის გამო უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული წესი არ ვრცელდება კოლეგიური სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე.

პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონი ითხოვს ორგანოს მიერ სასამართლოსათვის მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას და არა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას. ამასთანავე, «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა მოსამართლისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონიერების შემოწმების ლოგიკის თანახმად, შესაძლოა გახდეს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაცემის საფუძველი, უკეთუ წარმოდგენილი ინფორმაცია ქმნის საკმაოდ დასაბუთებულ და საფუძვლიან ეჭვს, ვარაუდს მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძანების გაცემა მექანიკურ ხასიათს მიიღებდა და დაკარგავდა კონტროლის მართლზომიერების უზრუნველყოფის დანიშნულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრძანების გაცემის მიზნით სასამართლოსათვის წარდგენილი შპს «მ-ას» წესდება და ი.ქველიძის ახსნა-განმარტების ტექსტი არ იძლეოდა მეწარმის შემოწმებისათვის ბრძანების გაცემის საკმაო საფუძველს. შემდგომში წარმოდგენილი და საქმეში დაცული მასალების მიხედვით არ დასტურდება განმცხადებლის – ი. ქ-ძის მიერ შპს «მ-ას» ქარხნის ასაშენებლად რაიმე დანადგარების გამოგზავნა. ინვოისების და საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, შპს «მ-ას» შეკვეთით ქარხნისათვის საჭირო დანადგარებს აგზავნიდა უცხოური ფირმა. არ დასტურდება აგრეთვე ი. ქ-ძის მტკიცება იმის შესახებ, რომ ის არის შპს «მ-ას» პარტნიორი 1997 წლიდან. ი. ქ-ძე შპს «მ-ას» პარტნიორად ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს ¹7ა/4-153 (2) დადგენილებით რეგისტრირებულია 31.03.98წ., რომლის შემადგენლობიდან ი. ქ-ძე განცხადების საფუძველზე 11.08.2000წ. გავიდა. ამასთანავე, საგადასახადო ინსპექციის მიერ მანამდე რამდენიმეჯერ იქნა შემოწმებული შპს «მ-ას» (04.02.99წ., 07.03.01წ., 02.07.01წ.) და შპს «ბ-ას» (26.11.98წ., 12.05.99წ., 08.03.2000წ., 29.06.01წ.) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მეორე ნაწილით, 213 მუხლით, «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას» რწმუნებულის მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.09.01წ. განჩინება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს შუამდგომლობა შპს «მ-ას» და შპს «ბ-ას» 1997-2001წ.წ. სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.