3გ-ად-172-კ-02 20 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საიჯარო ქირის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
¹5 სამშენებლო საწარმოო წარმოებათა კომბინატმა 2002 წლის 19 აგვისტოს სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე «ა. შ-ის» მიმართ და მისთვის საიჯარო ქირის სახით 4390 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1994 წლის 30 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, ¹5 ტრესტის კომბინატის სასადილოს შენობა იჯარით კოოპერატივ «ა-ს» გადაეცა. 1999 წელს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ «ა-მა» შეწყვიტა ფუნქციონირება და აღნიშნული შენობა ინდივიდუალურ მეწარმე «ა. შ-ეს» ეკავა. ¹5 სამშენებლო ტრესტმა აჭარის ა/რ მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროსაგან მოსარჩელესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების განახლების შესახებ თანხმობა მიიღო, თუმცა წერილობითი ხელშეკრულება მოპასუხესთან არ გაფორმებულა, მხარეები მხოლოდ ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ. მოსარჩელის თქმით, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე კვლავ აგრძელებდა სასადილო შენობის ექსპლუატაციას საიჯარო ქირის გადახდის გარეშე, რის გამოც მოსარჩელემ ინდივიდუალური მეწარმე «ა. შ-ისათვის» 2000 წლისა და 2001 წლის 6 თვის გადაუხდელი ქირის _ 4390 ლარის დაკისრება მოითხოვა (ყოველთვიურად 244 ლარის გაანგარიშებით).
საქმის მომზადების სტადიაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოსარჩელედ ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველო იქნა ჩაბმული.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ¹5 სამშენებლო საწარმოო წარმოებათა ტრესტის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 2000 წლისა და 2001 წლის იანვარ-ივნისის გადაუხდელი საიჯარო ქირის _ 4390 ლარის გადახდა დაეკისრა ¹5 სამშენებლო საწარმოო წარმოებათა ტრესტისა და ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ინდივიდუალურმა მეწარმემ «ა. შ-ემ» გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შეთანხმების შემდგომ მან სასადილო შენობას სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარა, რომლის დანახარჯის ღირებულებამ 1150 ლარი შეადგინა. აპელანტი აქვე დაამატებდა, რომ ქონების მართვის სამმართველოსთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება მოსარჩელეს ევალებოდა, მაგრამ მას მითითებული არ შეუსრულებია. აპელანტმა, ამასთან, აღნიშნა, რომ მისი საქმიანობა სეზონურ ხასიათს ატარებდა და იჯარით აღებულ სასადილოს შენობაში ქორწილების გამართვით შემოიფარგლებოდა, ამდენად, აპელანტის თქმით, მისთვის 18 თვის იჯარის ქირის დაკისრება უსამართლო იყო.
მოსარჩელე _ ¹5 სამშენებლო საწარმოო წარმოებათა ტრესტმა შეპასუხება წარადგინა სასამართლოში და მიუთითა, რომ მათ შორის შენობის შეკეთებისა და შესაბამისი კომპენსაციის თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა და მითითებული თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხეს არ გააჩნდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საიჯარო ქირის ოდენობის გადასაწყვეტად საკითხის ქონების მართვის სამმართველოს საიჯარო კომისიისათვის გადაცემისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
2002 წლის 18 მარტის დასკვნით ქონების მართვის სამმართველოს საიჯარო კომისიამ მიიჩნია, რომ ¹5 ტრესტის მიერ მართებულად იქნა თვიურ საიჯარო ქირად _ 244 ლარი განსაზღვრული და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა გაზარდა და სარჩელით განსაზღვრული 18 თვის ნაცვლად, მოპასუხისათვის მთლიანი 2000-2001 წლების იჯარის ქირის დაკისრება მოითხოვა. აღნიშნულს მხარი დაუჭირა თანამოსარჩელე _ ქონების მართვის სამმართველომ. ინდივიდუალურმა მეწარმემ «ა. შ-ემ» კი ქირის გაანგარიშება 35 აშშ დოლარის შესაბამისად მოითხოვა.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ინდივიდუალურ მეწარმე «ა. შ-ეს» ორი წლის საიჯარო ქირის გადახდა დაეკისრა, მაგრამ არა ყოველთვიური 244 ლარის, არამედ _ 98 ლარის გაანგარიშებით, რასაც საფუძვლად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 იანვრის ¹20 დადგენილება დაედო. თუმცა გადაწყვეტილებაში არ ჩანს, ვის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა ინდივიდუალურ მეწარმე «ა. შ-ეს» დაკისრებული თანხა. სასამართლო მიუთითებდა, რომ არც სასამართლოსა და არც მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოპასუხე _ ინდივიდუალურ მეწარმე «ა. შ-ეს» 2000–2001 წლების იჯარის ქირა გადასახდელი ჰქონდა, მაგრამ საიჯარო ქირის სახით 244 ლარის დადგენა რეალური ვითარებიდან არ გამომდინარეობდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალურ მეწარმეს მოსარჩელის მიერ განსაზღვრული იჯარის ქირის დასაფარავად საკმარისი შემოსავალი არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ქონების მართვის სამმართველოს საიჯარო კომისიამ კანონიერად ჩათვალა საიჯარო ქირად 244 ლარის დადგენა, მაგრამ მათ არ მიუთითებიათ, რომელი ნორმატიული აქტის შესაბამისად იხელმძღვანელეს, მაშინ, როცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 იანვრის ¹20 დადგენილების თანახმად, საიჯარო თანხის მინიმალური ოდენობა ობიექტის ნარჩენი ღირებულების 10%-ით უნდა განისაზღვროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საიჯარო თანხის სახით 10%-ის ნაცვლად 25%-ის დადგენის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალურმა მეწარმემ მ. «ა. შ-ემ» და მიუთითა, რომ რადგან მას მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულება წერილობით არ დაუდია, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება კი იჯარის ქირად 35 აშშ დოლარს ითვალისწინებდა, მისთვის გადაუხდელი თანხის დაკისრება უკანონო იყო, რადგან სამოქალაქო კოდექსის დებულებათა თანხმად, თუ მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე არ შეთანხმებულან, ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება და, შესაბამისად, მხარეთა უფლება-მოვალეობებსაც არ წარმოშობს.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ინდივიდუალური მეწარმის «ა. შ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ყოველთვიურად კასატორისათვის 98 ლარის დაკისრების ნაწილში) და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის ურთიერთობა 1999 წლის ბოლოს წარმოიშვა. ამ დროს კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 8 იანვრის ¹20 დადგენილება «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ», რომელიც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა, აღარ მოქმედებდა და ძალადაკარგული იყო «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 1997 წლის 30 მაისის კანონით. 1999 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 27 მაისის ¹1-3\274-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ». აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარის უფლებით გაიცემა მხოლოდ კონკურსის ფორმით», «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, «კონკურსში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიული ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე ხელშეკრულება, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს». ამდენად, სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას, კანონმდებელი სპეციალურ შეზღუდვებს აწესებს, რაც ორივე მხარისათვის სავალდებულოა.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ინდივიდუალურ მეწარმე «ა. შ-ესა» და ¹5 სამშენებლო ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატს შორის, ისევე როგორც მასსა და ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს შორის, კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება არ დადებულა, რის გამოც, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლისა, იგი ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ამ ნორმის თანახმად, ბათილია კანონით (სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით) ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. შესაბამისად მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული «უსაფუძვლო გამდიდრების წესები» (976-991-ე მუხლები), რაზეც აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ჰქონდა თუ არა ადგილი ინდივიდუალური მეწარმის «ა. შ-ის» მხრიდან სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სწორედ ეს გარემოებები უნდა დაადგინოს საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, რადგან კანონის თანახმად, «პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდება სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა,რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული».
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის,რომ კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ყოველთვიურად კასატორისათვის 98 ლარის დაკისრების ნაწილში) და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც ყველა მითითებული გარემოების გამოკვლევისა და დადგენის შემდეგ, მოქმედი კანომნდებლობის შესაბამისად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს იგი. საკასაციო სასამართლო, ამასთან,სააპელაციო სასამართლოს ყ-დღებას მიაქცეს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არც ¹5 სამშენებლო ტრესტსა და არც ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო საქმის ხელმეორედ განხილვისას კასატორის მდგომარეობას ვერ გააუარესებს, რადგან საკასაციო სასამართლომ ინდივიდუალური მეწარმის «ა. შ-ის» მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა მისი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდივიდუალური მეწარმის «ა. შ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.