Facebook Twitter

3გ-ად-174-კ-02 25 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 13 ივნისს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ. ჯ-ამ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი ნ. ჯ-ა დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად უჩიოდა მარტვილის რაიონის პროკურატურას და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მის მიმართ ბოროტმოქმედთა მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებების შეგნებულად დაფარვის გამო. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის გამო საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიგეგმა მისი იზოლირება. 1995 წლის 29 ივნისს იგი დაიბარეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამომძიებელ გ. გ-ესთან. მოსარჩელე დანიშნული დღეს გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში, სადაც გ.Oგ-ის კაბინეტში, ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, მოუწყვეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და ადგილზე დააპატიმრეს. იმავე დღეს მოათავსეს კრწანისის რაიონის პოლიციის იზოლატორში, სადაც მეორე დღეს გახდა ცუდად და სასწრაფო სამედიცინო დახმარებით გადაიყვანეს თბილისის ¹1 საავადმყოფოში. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ მაშინ, როდესაც ექიმები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, პალატაში შევარდა გამომძიებელი გ.Oგ-ე. მან და მისმა თანმხლებმა პირებმა მოსარჩელე საკაცით გაათრიეს საავადმყოფოს ეზოში და სცემეს გონების დაკარგვამდე. გონზე მოსვლის შემდეგ მოსარჩელე აღმოჩნდა ორთაჭალის ციხის მისაღებში, სადაც გამომძიებელმა გ.Oგ-ემ და ორთაჭალის ციხის თანამშრომელმა ა.Oშ-ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოსარჩელის განმარტებით, ციხის საკანში მასთან ერთად სპეციალურად მოათავსეს ვინმე გოგი სართანია, რომელმაც მოსარჩელის ოჯახის წევრებს სოლიდური რაოდენობის თანხა გამოსძალა ნ. ჯ-ას ციხეში ყოფნისას მისი სიცოცხლის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ორთაჭალის ციხეში უდანაშაულოდ აწამეს 7 თვისა და 8 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობა საგანგაშოდ შეირყა. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების ჩარევის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სასამართლომ ნ. ჯ-ა თავდებით გაათავისუფლა.

მოსარჩელის განმარტებით, კრწანისის რაიონის სასამართლომ ოთხჯერ განიხილა მისი სისხლის სამართლის საქმე და გენერალური პროკურატურის ზეწოლის გამო ოთხჯერვე არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა. ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მკაცრი და ობიექტური მითითების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 20 ივლისის განჩინებით გააუქმა კრწანისის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 მაისის განაჩენი ნ. ჯ-ას მიმართ და ამ უკანასკნელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე წარმოებით შეწყვიტა ბრალის დაუდასტურებლობის გამო.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში დაავადდა გულის მძიმე დაავადებით, დასცვივდა კბილები და იმყოფებოდა სისტემატური მკურნალობის ქვეშ.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის 100000 აშშ დოლარის დაკისრება ფიზიკური, მორალური და ეკონომიური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

2000 წლის 27 ივლისს ნ. ჯ-ამ კვლავ აღძრა სარჩელი კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებელ გ.Oგ-ის მიმართ.

სარჩელში დამატებით აღინიშნა, რომ კრწანისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა მას გამოართვეს 20000 რუსული რუბლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მოსაყვანად, როდესაც მოსარჩელე ცუდად გახდა. ორთაჭალის ციხის მისაღებში იგი გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ჩამოართვეს 100000 რუსული რუბლი და 2000 აშშ დოლარი.

მოსარჩელის განმარტებით, იგი იყო ქ. ბარნაულში, ...ის ქუჩა ¹53-ში მდებარე ორსართულიანი სახლისა და ქ. რუსთავში, ...ის გამზ. ¹37-ში მდებარე ოროთახიანი, კეთილმოწყობილი ბინის მესაკუთრე. აღნიშნული ბინები ნ. ჯ-ას დაპატიმრების შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა გაყიდეს 33000 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მოსარჩელის ოჯახის წევრებმა 10000 აშშ დოლარად გაყიდეს ანტიკვარული და საიუველირო ნივთები, ხოლო 5000 აშშ დოლარი ისესხეს ყოველთვიურად 30%-ის დარიცხვით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრების გამო, მოუვლელობით დაეხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები, ვერ დაამუშავა მიწის ფართობი, ვერ აიღო ყურძნისა და ხილის მოსავალი, გაუხმა ვენახი, რის გამოც განიცადა ზიანი 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საჭიროებდა კომპლექსურ მკურნალობას საზღვარგარეთ, რაც ღირდა 30000 აშშ დოლარი.

გარდა ამისა, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა იმ მორალურ ზიანზე, რომელიც მას მიაყენეს მოპასუხეებმა. კერძოდ, ორჯერ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რამდენჯერმე გაუჩხრიკეს საცხოვრებელი სახლი, ხშირად ამოწმებდნენ პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, ერთი წლის მიუღებელი ხელფასისა და მისთვის მიყენებული ზიანის (100000 აშშ დოლარი) ანაზღაურება მოპასუხეთა მხრიდან.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროც.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე ნ. ჯ-ამ დამატებით აღნიშნა, რომ დაპატიმრებამდე მას, როგორც სკოლის დირექტორს, ხელფასი ჰქონდა 115 ლარი თვეში, გარდა ამისა, მოსარჩელე კერძოდ ამზადებდა მოწაფეებს, საიდანაც დამატებით ჰქონდა შემოსავალი, თვეში დაახლოებით 500 ლარი, ანუ ნ. ჯ-ას განმარტებით, მისმა მიუღებელმა ხელფასმა და დამატებითმა შემოსავალმა საბოლოოდ შეადგინა 4335 ლარი.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასისა და დამატებითი ფულადი შემოსავლის კომპენსაციის სახით დაეკისრა 4335 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ნ.Oჯ-ამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება; ნ. ჯ-ას სარჩელი ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასისა და დამატებითი ფულადი შემოსავლის კომპენსაციის სახით დაეკისრა 4335 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში: მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისრა 10000 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც და ნ.Oჯ-ამაც.

კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თავის საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავი, რომლის 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ზიანის ანაზღაურება და უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში ნ.Oჯ-ამ გაუშვა ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, კერძოდ ნ.Oჯ-ას მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 20 ივლისის განჩინებით, ხოლო ნ. ჯ-ამ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2000 წლის 25 ივლისს.

ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, თუ მოქალაქის მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილებულა, ან თუ მოქალაქე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.

კასატორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის, განმარტებით, ნ. ჯ-ა სასამართლოს მიერ არ არის ცნობილი რეაბილიტირებულად, რაც მას ართმევს უფლებას, მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით და მოითხოვოს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამასთან, კომპენსაცია მორალური ზიანისათვის სახელმწიფოს ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მიყენებულმა ზიანმა გამოიწვია განმცხადებლის ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვა. მოსარჩელის მიერ უნდა ყოფილიყო წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მძიმე სულიერ განცდებსა და ამ განცდებისაგან მიყენებულ მორალურ ზიანს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმება თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მეორე კასატორი ნ. ჯ-ა თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილი და არ შეესაბამება იმ ქონებრივ, ფიზიკურ და მორალურ ზიანს, რომელიც მან განიცადა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, უკანონო მსჯავრდებისა და უკანონო პატიმრობის გამო.

კასატორ ნ. ჯ-ას განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლების მოთხოვნებიდან. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომის და სხვა კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებთან ერთად უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ეხება ზიანის ანაზღაურებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 413-ე მუხლები, რომლებიც ეხება წართმეულ ან შემცირებულ შრომის უნარსა და მომავალი მკურნალობის ხარჯების აუცილებელ კომპენსაციას, ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისათვის, აგრეთვე, მორალური ზიანის ანაზღაურებას გონივრული და სამართლიანი კომპენსაციის სახით.

კასატორი ნ. ჯ-ა თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ: ნ. ჯ-ას პატიმრობის პერიოდში მისმა ოჯახის წევრებმა გაყიდეს საცხოვრებელი სახლები ქ. ბარნაულსა და ქ. რუსთავში. აღებული თანხა - 32000 აშშ დოლარი - დაიხარჯა ნ. ჯ-ასათვის ციხეში გაგზავნილი სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, ექიმების, ადვოკატების მომსახურებაზე, მისი ოჯახის წევრების მარტვილიდან თბილისში და პირიქით - სისტემატურად მგზავრობასთან დაკავშირებით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ნ. ჯ-ას ოჯახი მის დაპატიმრებამდე ფიქრობდა ქ. ბარნაულში მდებარე სახლის გაყიდვას და დაასაბუთა იმით, რომ მინდობილობა, აღნიშნული სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით, ნ. ჯ-ამ თავის ქალიშვილს მისცა დაპატიმრებამდე რვა დღით ადრე. კასატორის განმარტებით, მთავარი მაინც ის არის, რომ სახლის გაყიდვით აღებული თანხა დაიხარჯა მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. კასატორი ნ. ჯ-ა აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორი დასკვნა გააკეთა, როცა განმარტა, რომ თითქოს საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ნ. ჯ-ას ოჯახის წევრების მიერ რუსთავში მდებარე ოროთახიანი ბინის გაყიდვის ფაქტი. ნ. ჯ-ას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავისი ინიციატივით გამოეთხოვა დამატებითი მტკიცებულებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად.

კასატორი აღნიშნავს, რომ მასალებში არის წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას სოფ. ...ში გააჩნდა 1 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული მსხმოიარე თხილის პლანტაცია, რომლ.ნაც მიღებული მოსავლის ღირებულება წელიწადში შეადგენს 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, აგრეთვე, ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ მისი პატიმრობის გამო ვერ იქნა აღებული თხილის, სიმინდის, ყურძნისა და ხილის მოსავალი, გაუნადგურდა შინაური ცხოველები და ფრინველები, რის გამოც მიადგა მატერიალური ზიანი.

საბოლოოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 92000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარს უნდა ეთქვას უარი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასისა და დამატებითი ფულადი შემოსავლების კომპენსაციის სახით 4335 ლარის დაკისრების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, რადგანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლომ კი გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომელსაც არც ერთი მხარე არ ასაჩივრებდა. ამით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა და 265-ე მუხლის მოთხოვნები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ჯ-ას სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასისა და დამატებითი ფულადი შემოსავლების კომპენსაციის სახით 4335 ლარის დაკისრების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების შესახებ, რადგანაც გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად ნ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა, შრომითი უფლებიდან წარმოშობილი ქონებრივი უფლების აღდგენის თაობაზე, სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ ნ. ჯ-ას მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ რეაბილიტირებულს და ისიც გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში. საქმის მასალებში კი არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნ.Oჯ-ა რეაბილიტირებულია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი არ ეხება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას სასარჩელო წესით. აღნიშნული მუხლით რეგულირდება მოქალაქეთა მოთხოვნის უფლებები შრომითი, საპენსიო, საბინაო ან სხვა უფლების აღდგენის, ანდა ქონებისა თუ მისი ღირებულების დაბრუნების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე ნ.Oჯ-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით. ეს კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით, 47-ე მუხლის პირველი ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ჯ-ას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მორალური ზიანის სახით 10000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

4. ნ. ჯ-ას მოთხოვნა სარჩელის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

5. ნ. ჯ-ა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.