3გ/ად-175-კ-01 19 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ახმეტის რაიონის გამგეობის დადგენილების კანონიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
კასატორმა შ. ყ-ძემ 1999 წლის 2 ივნისს ახმეტის რაიონის გამგეობის მიმართ სარჩელი აღძრა ახმეტის რაიონის სასამართლოში და ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 ოქტომბრის ¹82 დადგენილების კანონიერების შემოწმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით «მოქალაქეთათვის სარეფორმო მიწის გამოყოფის შესახებ» ქ. ახმეტის გამგეობის 1996 წლის 31 დეკემბრის ¹70 გადაწყვეტილებით შ. ყ-ძეს ქ. ახმეტაში მცხოვრებ სხვა 54 მოქალაქესთან ერთად მიეკუთვნა სარეფორმო მიწის ნაკვეთი, მაგრამ ფაქტობრივად ნაკვეთი არ მიუციათ. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საბჭოსა და ახმეტის რაიონის გამგეობის ერთობლივი 1998 წლის 18 ივლისის დადგენილებით ახმეტის რაიონში მიწის რეფორმის სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმების შედეგების შესახებ» გამოვლინდა, რომ ქ. ახმეტის გამგეობის მიერ დამატებით წარმოდგენილ სიაში არასწორად იყო ჩართული 154 მოქალაქე, მათ შორის მოსარჩელე შ. ყ-ძე, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთის გამოყოფას აღნიშნული ერთობლივი დადგენილების საფუძველზე ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 ოქტომბრის ¹82 დადგენილებით «1992-98 წწ ქ.ახმეტის გამგეობის 1996 წლის 31 დეკემბრის ¹71 დადგენილებით დამატებით წარმოდგენილ სიაში 154 მოქალაქეზე სარეფორმო მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე» გაუქმდა 154 მოქალაქისათვის, მათ შორის მოსარჩელე შ. ყ-ძისათვის, სარეფორმო მიწის გამოყოფის შესახებ ქ. ახმეტის გამგეობის დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის ¹148 დადგენილების მე-13 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო. მითითებული ნორმის მიხედვით, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მიწის ნაკვეთები გადაეცემოდათ ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს. ვინაიდან მიწის ნაკვეთის გამოყოფის მომენტისათვის, 1996 წლის 31 დეკემბრისათვის შ. ყ-ძე ცალკე ოჯახად გამოყოფილი არ იყო და მშობლებთან ცხოვრობდა, მის მიმართაც გაუქმდა სარეფორმო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გამგეობის დადგენილება, რაც შ. ყ-ძისათვის მაშინვე გახდა ცნობილი.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ყ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის ¹82 დადგენილება და თანდართული სიიდან ამოირიცხა მოსარჩელის გვარი, ვინაიდან ახმეტის გამგეობის მიერ 1998 წლის 15 ივნისს გაცემული ¹682 ცნობისა და საბინაო წიგნის ჩანაწერებით, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ. ყ-ძე 1997 წლის 6 აგვისტოდან ცალკე ოჯახად ირიცხება დასთან, ი. ყ-ძესთან ერთად ქ. ახმეტაში და მიწის რეფორმის დამთავრებამდე, 1999 წლის 1 იანვრისათვის შ. ყ-ძე უკვე აკმაყოფილებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹148 დადგენილების მე-13 პუნქტის მოთხოვნას. სასამართლოს გადაწყვეტილებით რაიონის გამგეობას დაეკისრა არაუგვიანეს ერთი თვისა შ. ყ-ძისათვის სარეფორმო მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობის გამოყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
ახმეტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახმეტის რაიონის გამგეობამ. საქმე ორგზის იქნა განხილული თბილისის საოლქო სასამართლოში, ბოლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ახმეტის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება, შ. ყ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და კანონიერად ჩაითვალა ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის ¹82 დადგენილება, შემდეგი მოტივით:
1. საქმის მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ ახმეტის გამგეობის 1996 ლის 31 დეკემბრის ¹70 დადგენილების გამოცემისა და შ. ყ-ძისათვის სარეფორმო მიწის ნაკვეთის გამოყოფის მომენტისათვის, მოსარჩელე ცალკე ოჯახს არ წარმოადგენდა და ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹148 დადგენილების მე-13 პუნქტის მოთხოვნას;
2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახმეტის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილბა გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის დარღვევით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ «სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე 1998 წლის 20 მარტის კანონი, რომლითაც მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადები გაგრძელდა იმ მოქალაქეებზე, რომლებზეც მიწის ნაკვეთები გადაცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. შ. ყ-ძის შემთხვევაში, პირიქით სარეფორმო მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია იმჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ვინაიდან მოსარჩელე შ. ყ-ძისა და მისი წარმომადგენლის გ. ყ-ძის განმარტებით, ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის ¹82 დადგენილების შესახებ, მათთვის ცნობილი გახდა დადგენილების გამოტანიდან 10 დღის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ მაშინ გაასაჩივრეს, როცა საჭიროდ ჩათვალეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს შ. ყ-ძის წარმომადგენელი გ. ყ-ძე, რომელიც ითხოვს მის გაუქმებას და ახმეტის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, ვინაიდან 1997 წლის 6 აგვისტოდან შ. ყ-ძე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹148 დადგენილების მე-13 პუნქტის თანახმად, ცალკე ოჯახად ცხოვრობს დასთან ერთად ქ.ახმეტაში. ქ. ახმეტის გამგეობის 1996 წლის 31 დეკემბრის ¹70 გადაწყვეტილების გამოტანისათვის შ. ყ-ძე უკვე იყო სრულწლოვანი დამოუკიდებელი მოქალაქე, ქალაქად კი კომლი არ არსებობს.
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და ახმეტის რაიონის მიწის მართვის სამმართველო გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უსაფუძვლობის მოტივით გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესწავლის შედეგად, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, უდავოდ დადგენილად ცნო საქმის ფაქტობრივი გარემოება, რომ ახმეტის გამგეობის 1996 წლის 31 დეკემბრის ¹70 დადგენილების გამოცემისა და შ. ყ-ძისათვის სარეფორმო მიწის ნაკვეთის გამოყოფის მომენტისათვის, მოსარჩელე შ. ყ-ძე ცალკე დამოუკიდებელ ოჯახად გამოყოფილი არ იყო და არ აკმაყოფილებდა «საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ» საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის ¹148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 პუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) სარეფორმო მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუმცა 1996 წლის 31 დეკემბრისათვის შ. ყ-ძის ცალკე დამოუკიდებელ ოჯახად არარსებობას კასატორიც არ უარყოფს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ შ. ყ-ძისათვის სარეფორმო მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹148 დადგენილების მე-13 პუქტის უგულვებელყოფით;
2. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, რომ, მართალია, 1997 წლის 6 აგვსიტოდან შ. ყ-ძე უკვე ცალკე ოჯახად იყო აღრიცხული ქ.ახმეტაში, მაგრამ მასზე ვერ გავრცელდება «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ 1997 წლის 15 მაისისა და 1998 წლის 20 მარტის ცვლილებები, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებებით მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების ვადა (თარიღი) გადაუვადდათ იმ ოჯახებს (კომლებს), რომლებსაც დადგენილი წესითა და ოდენობით ეკუთვნოდათ (გამოყოფილი ჰქონდათ) სარეფორმო მიწის ნაკვეთები, შ. ყ-ძეზე კი მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹148 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებული იურიდიული შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სწორად გამოიყენა კანონი, ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 ოქტომბრის ¹82 დადგენილება შ. ყ-ძესთან მიმართებაში კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საქმე, მაგრამ აგრეთვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე უსწოროა და საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ახმეტის რაიონის გამგეობის 1998 წლის 20 ოქტომბრის ¹82 დადგენილება, მართალია გ. და შ. ყ-ძეებისათვის იმთავითვე გახდა ცნობილი, მაგრამ იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ერთთვიან ვადას, რაც დააწესა 1999 წლის 15 მაისიდან ამოქმედებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილმა, ვინაიდან შ. ყ-ძემ სარჩელი აღძრა 1999 წლის 2 ივნისს, უკვე ამოქმედებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უმართებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლის, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
3. კასატორ შ. ყ-ძეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.