თბილისის მთავრობის დადგენილება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-175-კ-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ე-მა 19.06.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 11.04.97წ. გადაწყვეტილებით დიღმის ..... კორპ. 19-ში მცხოვრებ თ. მ-ს ნება დაერთო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოეწყო დამხმარე სათავსები, ხოლო მეორე სართულზე მიეშენებინა სამზარეულო სველი წერტილით. ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილებით გაუქმდა საბურთალოს რაიონის გამგეობის 11.04.97წ. გადაწყვეტილება. ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს, ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილების მოქმედება შეჩერდა ქ. თბილისის მთავრობის 18.11.99წ. დადგენილებით, სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილებით ილახება მისი მრავალშვილიანი ოჯახის ინტერესები, რის გამო მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მთავრობის 18.11.99წ. დადგენილების გაუქმება.
საქმეში მესამე პირად ჩართულმა თ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს. თ. მ-მა სსკ-ს 184-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით მართებულად მიიჩნია 03.09.99წ. დადგენილების მოქმედების შეჩერება ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე და ითხოვა აღნიშული დადგენილების გაუქმება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 31.07.2000წ. გადაწყვეტილებით ვ. ე-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დაკმაყოფილდა მესამე პირის თ. მ-ის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ე-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.04.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ვ. ე-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 18.11.99წ. დადგენილება. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აგრეთვე თ. მ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ, დადგენილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილება კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ქ. თბილისის მთავრობამ გასაჩივრებული დადგენილებით გადაწყვიტა მხარეთა შორის წამოჭრილი დავა სასამართლო წესით საქმის გადაწყევტამდე, რაც სსკ-ს 184-ე მუხლის მეორე ნაწილის და სასკ-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აგრეთვე ქ. თბილისის მთავრობის 18.11.99 წ. დადგენილება, რომლითაც შეჩერდა ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილების მოქმედება, როგორც 03.09.99 დადგენილების თანამდევი სამართლებრივი შედეგი. სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოში ვ. ე-ის გამოუცხადებლობის მიზეზი და მიუთითა, რომ სასკ-ს 261-ე მუხლის თანახმად რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა საქმე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.04.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. ე-ის წარმომადგენლის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ 18.11.99წ. დადგენილებასთან ერთად 03.09.99წ. დაგენილების გაუქმებით ძალაში რჩება საბურთალოს რაიონის გამგეობის 11.04.97წ. გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც თ. მ-ს ნება დაერთო საერთო სარგებლობის ეზოში მოეწყო დამხმარე სათავსები, ხოლო მეორე სართიულზე სამზარეულო და სველი წერტილი. გამეობის გადაწყვეტილებით უარესდება ვ. ე-ისა და მისი ოჯახის საბინაო პირობები. კასატორი ითხოვს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, 18.11.99.წ დადგენილების ბათილად ცნობას, მესამე პირის _ თ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, 03.09.99წ. დადგენილების მოქმედების შეჩერებას. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა და მესამე პირებმა _ ზ. თ-ემ და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და ითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მიერ წარმოდგენილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 07.11.02წ, ¹2/159 ცნობის თანახმად ირკვევა, რომ 02.06.99წ. დამატებითი სარჩელით ვ. ე-მა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვა აგრეთვე 11.04.97წ. გადაწყვეტილების გაუქმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის მთავრობა 03.09.99წ. ¹10.22.211 დადგენილებით არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონული გამგეობის 11.04.97წ. ¹4.12.65 გადაწყვეტილება. სსკ-ს 184-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლოს წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავის განხილვა რომელიმე სხვა სასამართლოს ან ორგანოს მიერ არ დაიშვება (ანალოგიური დებულებას შეიცავს აგრეთვე ს.ზ.ა.დ 182-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ" ქვეპუნქტი). შესაბამისად, პალატა თვლის, რომ «თბილისის საბურთალოს რაიონული გამგეობის 11.04.97წ. გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. დადგენილებით მხარეთა შორის არსებული დავა, რომელიც შეადგენდა სასამართლოს განხილვის საგანს, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ იქნა გადაწყვეტილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს 03.04.02წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. ¹10.22.211 დადგენილების და მისი თანამდევი სამართლებრივი შედეგის _ ,,ქ. თბილისის მთავრობის 03.09.99წ. ¹10.22.211 დადგენილების ამოქმედების შეჩერების შესახებ” 18.11.99წ. ¹13.17.297 დადგენილების ბათილად ცნობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი, შესაბემისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.04.02წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.