Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-176-კ-01 22 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

აბაშის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა პირებმა – ჯ. კ-ავამ, თ. კ-ავამ, ლ. კ-შვილმა, ე. გ-იამ, ზ. ტ-ავამ, ზ. კ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1987-90წ.წ. სოფ. ... სატყებუჩაოს უბანში მათი სახსრებით აშენდა წყლის წისქვილი, ვინაიდან ძველი წისქვილი გამოსულიყო მწყობრიდან, განიცადა სრული ამორტიზაცია და არ ფუნქციონირებდა, ახალს კი არავინ აშენებდა. მოსარჩელეები უთითებდნენ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის განყოფილებამ 12.03.98წ. წისქვილი ისე მიჰყიდა გ. კ-ავას და გ. ტ-ავას, რომ არ გააჩნდა არავითარი საბუთი სადავო წისქვილის კუთვნილების შესახებ. ამასთან, პრივატიზაცია მოხდა ფარულად, პრივატიზაციის ჩატარების დრო და პირობები არ იყო ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის განყოფილებასა და გ. კ-ავას და გ. ტ-ავას შორის დადებული 12.03.98წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადაო წისქვილის მათთვის მიკუთვნება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 09.01.01წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის განყოფილების მიერ გ. კ-ავასა და გ. ტ-ავასთან დადებული 12.03.98წ. ¹77 პრივატიზაციის ხელშეკრულება წყლის წისქვილის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. სადავო წყლის წისქვილის საკუთრებაში გადაცემის საკითხი დარჩა ღიად და ქონების მართვის სამინისტროს აბაშის განყოფილებას დაევალა საპრივატიზაციო ნუსხიდან წისქვილის საბოლოოდ ამოღების საკითხის გადაწყვეტა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის განყოფილებამ. აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო წისქვილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ირიცხებოდა ... საკრებულოს ბალანსზე. აპელანტმა განმარტა, რომ სადავო წისქვილის პრივატიზება მოხდა კანონიერად, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.01წ. განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 09.01.01წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... სატყებუჩაოს უბნის წყლის წისქვილი 1987-90წ.წ. აშენდა სოფლის მოსახლეობის ნაწილის მიერ, თავიანთი სახსრებით, ადრე იმავე ადგილას არსებული ხის ნაგებობის წყლის წისქვილის სანაცვლოდ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განყოფილებას არც ერთ სასამართლო ინსტანციაში არ წარუდგენია სადავო ობიექტის სახელმწიფო ქონებისადმი კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება, საინვენტარიზაციო ჟურნალი არ განეკუთვნება იმ საბუღალტრო დოკუმენტების რიცხვს, რომლითაც აღირიცხება სოფლის საკრებულოს საკუთრება ობიექტზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ იცოდა წისქვილთან დაკავშირებით არსებული დავის შესახებ და რომ წისქვილის შესყიდვა სოფლის მოსახლეობას სურდა. აღინიშნა, რომ სოფ. ... მაცხოვრებელთა ორი კოლექტიური წერილის მიუხედავად, სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ არ მოიწვია განმცხადებლები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, არ გახადა მათთვის ხელმისაწვდომი კონკურსში მონაწილეობა, რითაც დაარღვია მათი უფლებები. სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ გ. ტ-ავას და გ. კ-ავას 12.03.98წ. მიჰყიდა უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთი, 12.03.98წ. ხელშეკრულება, პალატის მითითებით, არღვევს სსკ-ის 487-ე და 489-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამო იგი ბათილია. სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია 09.01.01წ. გადაწყვეტილება.

საოლქო სასამართლოს 06.07.01წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აბაშის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლემ საქმე განიხილა არა ადმინისტრაციული, არამედ ქონებრივი დავის სახით, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ამ უხეში პროცესუალური დარღვევის შესახებ. წისქვილი თავიდანვე წარმოადგენდა უფლებრივად უნაკლო ნივთს, ვინაიდან არსებული მტკიცებულებებით (კოლმეურნეობის ძირითად საშუალებათა რეგისტრაციის ჟურნალი, კოლმეურნეობიდან საკრებულოს ბალანსზე გადაცემის აქტი, საბუღალტრო ქვითრები) დასტურდება, რომ სადავო ობიექტი პრივატიზებამდე იყო ჯერ საკოლმეურნეო, ხოლო შემდგომ სახელმწიფო საკუთრების ობიექტი, წისქვილის თანამშრომლები სამუშაოზე ინიშნებოდნენ და თავისუფლდებოდნენ მესაკუთრის, კერძოდ, ჯერ კოლმეურნეობის, ხოლო შემდგომ საკრებულოს ბრძანებულების საფუძველზე. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ზემოაღნიშნული მტკიცებულებების უგულებელყოფით ჩათვალა, რომ სადაო წისქვილი არ იყო სახელმწიფოს საკუთრება.

საოლქო სასამართლოს პალატამ დაეყრდნო რა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-9 მუხლს, მოახდინა მისი არასწორი განმარტება. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ საპრივატიზებო ობიექტის შესახებ მოსახლეობის განცხადებების არსებობა სავალდებულო წესით მოითხოვდა სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებისაგან ადგილობრივი პრესის გარდა სხვა საშუალებების გამოყენებას, მაშინ როდესაც მე-9 მუხლის თანახმად საკმარისია ადგილობრივ პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნება. რაც შეეხება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს, «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მიხედვით მას გამყიდველი განსაზღვრავს, ამდენად, კასატორის აზრით სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოახდინა ობიექტის პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ადგილობრივ პრესაში. კანონის მე-9 მუხლის ამგვარი განმარტებით სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად უნდა იქნეს მიჩნეული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, 12.03.98წ. საპრივატიზებო ხელშეკრულების კანონიერად მიჩნევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს და საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები, შესაბამისად, საკასაციო პალატას შეუძლია იქონიოს მსჯელობა სააპელაციო და საოლქო სასამართლოს კოლეგიების და არა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება რა ობიექტის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნას, თავისი არსით, ადმინისტრაციულ-სამართლებივ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსსკ-ის 365-ე და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, სააპელაციო და საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამდენად, დავის საგნის ღირებულების მიუხედავად სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განხილული საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ, რომელმაც მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვის შედეგები.

სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სოფ. ... სატყებუჩაოს უბნის წყლის წისქვილი 1987-90წ.წ. აშენდა სოფლის მოსახლეობის ნაწილის მიერ თავისივე სახსრებით, ადრე იმავე ადგილას მდებარე მწყობრიდან გამოსული ხის ნაგებობის წყლის წისქვილის სანაცვლოდ. მინისტრთა კაბინეტის 16.05.95.წ. ¹344 დადგენილებით დამტკიცებული «უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის წესის შესახებ» დებულების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი უძრავი ქონება ექვემდებარებოდა სავალდებულო აღრიცხვას ქალაქებისა და რაიონების ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში. უძრავი ქონების აღრიცხვა ადგილზე ევალებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ტექინვენტარიზაციის ბიუროში ადგილობრივი საკუთრების ქონების აღრიცხვის შემდეგ უნდა მომხდარიყო ობიექტზე ტექნიკური პასპორტის შედგენა-გაფორმება. საქართველოს პრეზიდენტის 27.01.2000წ. ¹21 ბრძანებულების, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.07.98წ. ¹47 ბრძანებით დამტკიცებული «ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის შესახებ» ტიპიური დებულების თანახმად, ადგილობრივ მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია განაშენიანებულ ტერიტორიაზე (ქალაქი, დაბა, სოფელი და სხვ.) მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა _ დახასიათება, ინვენტარიზაცია (ძირითადი და მიმდინარე) და პასპორტიზაცია. აბაშის კომუნალური მეურნეობის უფროსის და ტექაღრიცხვის სამსახურის უფროსის ერთობლივი 10.10.2000წ. ¹48 წერილით დასტურდება, რომ აბაშის რაიონის სოფ. ... სატყებუჩაოს უბნის წყლის წისქვილი აბაშის რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროში არ არის რეგისტრირებული და მასზე გამგეობის საკუთრების უფლება ან ვინმე სხვა კერძო პირის საკუთრების უფლება არ არის წარმოშობილი. ამასთანავე, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა მოწმეთა (თ. კ-ავას, ზ. ტ-ავას, შ. ქ-ავას, ნ. ჭ-იას, ო. გ-შვილის, ბ. კ-იას, დ. კ-ავას, მ. ნ-იას, ვ. დ-იას, მ. ჯ-იას) ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების (სოფ. ... საკრებულოს თავმჯდომარის 29.05.2000წ., 23.09.2000წ. ცნობები, რაიონის გამგებლისადმი სოფ. ... მაცხოვრებელთა 16.01.96წ. და 30.12.97წ. კოლექტიური განცხადებების, სოფ. ... სატყებუჩაოს უბნის მაცხოვრებელთა საერთო კრების ¹1 ოქმი, წისქვილის მშენებლობაში მონაწილე სოფლის მცხოვრებთა სია (შესატანი თანხის აღნიშვნით) საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ობიექტი სოფლის მოსახლეობის ნაწილის მიერ თავიანთი სახსრებით იქნა აშენებული. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. ვინაიდან სადავო ობიექტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად, დაუშვებელი იყო პრივატიზაციის წესით მისი რეალიზაცია. ამდენად, მართებულია პალატის მითითება სსკ-ის 487-ე და 489-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შედეგად უფლებრივად ნაკლის მქონე ნივთის შემძენისათვის გადაცემის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ობიექტის პრივატიზაციით დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები და ინტერესები, სოფლის მოსახლეობას არ მიეცა კონკურსში მონაწილეობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებისათვის ცნობილი იყო ობიექტთან დაკავშირებით არსებული დავის შესახებ, სოფ. ... მაცხოვრებელთა კოლექტიური განცხადებების შესახებ, წისქვილი რეალიზებულ იქნა კონკურსის წესების უხეში დარღვევით, დაჩქარებული წესით. კერძოდ, ინფორმაცია კონკურსის შესახებ რაიონულ გაზეთში გამოქვეყნდა 1997წ. 18 დეკემბერს, გაზეთში მოთავსებული ინფორმაციის თანახმად კონკურსი 29 დეკემბერს ჩატარდა, რითაც უხეშად დაირღვა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» 30.05.97წ. კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე კონკურსის ჩატარების დროს მოქმედი, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 08.09.97წ. ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა მიხედვით საკონკურსო კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე არა ნაკლებ 1 თვით ადრე უზრუნველყოფს კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. გარდა ამისა, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, 18.12.97წ. გაზეთ «აბაშის მაცნეში» მოთავსებული ინფორმაცია არ შეიცავდა მითითებას კონკურსის სახეობის, გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის, კონკურსის პირობების შესახებ, განცხადების მიღების დაწყების და დამთავრების ვადის, «ბეს» სიდიდის, საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობის ოდენობის და სხვა პირობების შესახებ.

პალატა მართებულად თვლის ამგვარი დარღვევებით ჩატარებული კონკურსში გამარჯვებულებთან საპრივატიზებო ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მით უფრო, რომ 12.03.98წ. ¹77 პრივატიზების ხელშეკრულება, თავის მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით იქნა დადებული. კერძოდ, «სახელმწიფო კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» 08.09.97წ. დებულების 5.1 პუნქტის დარღვევით, გამარჯვებული მონაწილე ვალდებული იყო გამყიდველთან გაეფორმებინა სახელმწიფო ქონების გაყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულება კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ 15 კალენდარული დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, საპრივატიზებო ხელშეკრულება დაიდო კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან ორთვენახევრის შემდეგ. 12.03.98წ. ხელშეკრულების მოთხოვნათა მიუხედავად ხელშეკრულება სანოტარო დამოწმების დღიდან სამი თვის ვადაში არ გატარდა რეგისტრაციაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექინვენტარიზაციის ბიუროში, რაც დასტურდება 10.10.2000წ. წერილით. ამასთანავე, სადავო ობიექტი 12.03.98წ. ხელშეკრულების დადებამდე 24.02.98წ. მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა გ. ტ-ავას და გ. კ-ავას, აქტში არასწორადაა მითითებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, შესაბამისად შემცირებულია საპრივატიზებო ღირებულება. ზემოაღნიშნული და სხვა დარღვევები საკმარის საფუძველს ქმნიდა სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებასა და კონკურსში გამარჯვებული გ. ტ-ავას და გ. კ-ავას შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის, ვინაიდან სახეზეა კანონის იმპერატიულ დანაწესებთან ნების გამოვლენის შეუსაბამობა. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 11.2 მუხლის თანახმად, პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით გარიგების ბათილობის გამო პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს მიმღებს მისი უკან დაბრუნება.

სააპელაციო პალატამ, არ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ობიექტის საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღების შესახებ, მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებისათვის ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამორიცხვის დავალება არ პასუხობს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის 3.5 მუხლის მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის 06.07.01წ. განჩინებით დარჩა უცვლელი მთლიანად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში წინააღმდეგობრივია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» კანონის 3.5 მუხლის მიხედვით, საპრივატიზებო ობიექტის ნუსხას ამტკიცებს მმართველობის ადგილობრივი ორგანო. ნუსხის სამინისტროსთან შეთანხმება არ გამორიცხავს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად საპრივატიზებო ნუსხიდან სადავო ობიექტის ამორიცხვის დაკისრებას მართვის ადგილობრივი ორგანოსათვის.

პალატა ეთანხმება კასატორის _ სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნამ სადავო ობიექტზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ, არ ჰპოვა სათანადო სამართლებრივი გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში. აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ღიად დატოვება არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლისთვისაც უცნობია სარჩელის ნაწილის ღიად დატოვება. ამასთანავე, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის ამ ნაწილში არ არის მკვეთრად განსაზღვრული ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც კასატორი აფუძნებს თავის მოთხოვნებს. საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლის მითითება სამართლებრივ ნორმებთან ერთად საჭიროებს იმ უფლებაზე მითითებას, რომლის დაცვასაც მოითხოვს კასატორი. საკასაციო საჩივრის ამ ნაწილიდან არ იკვეთება კასატორის იურიდიული, უფლებადამცავი ინტერესი, ის თუ კონკრეტულად რომელი უფლება, კანონიერი ინტერესი შეელახა კასატორს, რა პირდაპირ და უშუალო

ზიანს აყენებს კასატორის უფლებას ან ინტერესს განჩინების ეს ნაწილი, რით იზღუდება კასატორის უფლება, მაშინ როდესაც თვით მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეებს) ამ მიმართებით რაიმე პრეტენზია არ წამოუყენებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 06.07.01წ. განჩინება არსებითად სწორია, მას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და ძირითადად პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ადგილი არ აქვს საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს. ამასთანავე, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის «ს» ქვეპუნქტის საფუძველზე, პალატა ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს აბაშის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.07.01წ. განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.