Facebook Twitter

3გ-ად-176-კ-02 11 ოქტომბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 3 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსმა დუშეთის რაიონის საკრებულოს მიმართ სარჩელი აღძრა დუშეთის რაიონულ სასამართლოში და დუშეთის რაიონის საკრებულოს 2000წ. 23 მარტის ¹78-ე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონის საკრებულომ დუშეთის რაიონში მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტის წესი დაადგინა. კერძოდ, რაიონის საკრებულოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ «მიწათსარგებლობის იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი მმართველობის გადასაწყვეტია, მიწის მართვისა და განკარგვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის რაიონული კომისიების მიერ მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტები შესათანხმებლად გადაეცეს რაიონის საკრებულოს.» გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ «დუშეთის რაიონის საკრებულოს მიერ მიღებული და შემოწმებული მასალები გადაეგზავნოს რაიონის გამგეობას განსახილველად და შესაბამისი დადგენილების მისაღებად, ან დაუბრუნდეს კომისიას შენიშვნებითა და წინადადებებით, ანაც გათვალისწინებული იქნეს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად». დუშეთის რაიონის საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსარჩელის განმარტებით, მათ მიერ 2000წ. 5 აპრილს იქნა რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი ¹..., რადგან «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იუსტიციის სამინისტრო და მისი რეგიონალური სამსახურები, ეთანხმებიან თუ არა ნორმატიული აქტების კანონიერებას, ვალდებულნი არიან რეგისტრაციაში გაატარონ ეს აქტები. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ადგენენ ამ ორგანოთა ვალდებულებას, თუკი მიიჩნევენ, რომ მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, თავდაპირველად მიმართონ ნორმატიული აქტის მიმღებ ორგანოს რეგისტრირებული აქტის შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით, ხოლო შემდეგ სასამართლოს. მოსარჩელის მოსაზრებით, დუშეთის რაიონის საკრებულოს 2000წ. 23 მარტის ¹78-ე გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები «დუშეთის რაიონში მიწათსარგებლობის გადაწყვეტის წესის შესახებ» ეწინააღმდეგება «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 23-ე მუხლის, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც მიწათსარგებლობის საკითხებზე გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საკრებულოსთან შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ ამას პირდაპირ მოითხოვს კანონი.

მოსარჩელემ გასაჩივრებული ნორმატიული აქტის გაუქმების მოთხოვნით თავდაპირველად დუშეთის რაიონის საკრებულოს მიმართა, ხოლო მისი უარის შემდგომ მიმართა სასამართლოს.

მოპასუხე დუშეთის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს მიწათსარგებლობის საკითხებზე მოქმედი კანონმდებლობის არასწორ განმარტებას. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ რაიონის გამგეობას მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საკრებულოსთან შეთანხმებით შეუძლია და აღნიშნული მუხლი, მოპასუხის მოსაზრებით, არ ითვალისწინებს ამ საკითხებზე საკრებულოსთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეთანხმებას, როცა ამას პირდაპირ ითვალისწინებს კანონი.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დუშეთის რაიონის საკრებულოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. დუშეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება, რომ ნორმატიული აქტის შემთხვევაში სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, რადგან ნორმატიული აქტის რეგისტრაციიდან, (2000წ. 5 აპრილიდან) 4 თვეში, 2000წ. 3 აგვისტოს მიმართა სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოსარჩელე იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსმა გაასაჩივრა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასაწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, არ გამოიყენა საქართველოს კანონი «ნორმატიული აქტების შესახებ».

კასატორი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება და არასწორად მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სარჩელი ხანდაზმულად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 31 დეკემბრის ¹544 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება «საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესახებ» და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება.

ზემოთმითითებული დებულების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ძირითად მიმართულებად განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია. «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იუსტიციის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსათვის ცნობილი გახდა გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ კანონის მოთხოვნათა დარღვევას ნორმატიული აქტის მიღებისას, ისინი ვალდებული არიან მიმართონ ნორმატიული აქტის გამომცემ ორგანოს (თანამდებობის პირს), აგრეთვე, ნორმატიული აქტის გაუქმებაზე (შეჩერებაზე) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ ნორმის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს პირდაპირ ეკისრება ვალდებულება მოცემულ შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. აქ საუბარი არ არის იუსტიციის ორგანოებისათვის ზიანის მიყენებაზე, რადგან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები ამ დროს მოსარჩელედ გვევლინებიან კანონით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების გამო და არა იმისათვის, რომ მათ ამ ნორმატიული აქტით ზიანი მიადგათ. როგორც წესი, ამ ორგანოებს ზიანი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოცემული არამართლზომიერი ნორმატიული აქტის გამო არ ადგებათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც გასაჩივრებული ნორმატიული აქტით უშუალოდ მიადგა ზიანი მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს უშუალოდ მიადგა ზიანი ნორმატიული აქტით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის სარჩელი არ არის ხანდაზმული, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის მცხეთა-მთიანეთის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.