¹3გ/ად-177-კ-01 14 დეკემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 25 ივლისს მ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ 1997 წლის მაისში სს «მ-ის» ფილიალის, საწარმო «ი-ის» დირექტორის ც. კ-იას მიერ იგი დაინიშნა სამგორის რაიონში, ...... მდებარე ¹..... ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიის გამგედ. მაღაზია იყო ავარიულ მდგომარეობაში, რადგან წლების განმავლაობაში არ ფუნქციონირებდა. სს «მ-ის ფილიალის, საწარმო «ი-ის» დირექტორის ც. კ-იასა და სს «მ-ის» დირექტორ კ. მ-შვილთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მან გაყიდა საკუთარი საცხოვრებელი ბინა და მიღებული თანხა 9189,50 ლარი მოახმარა მაღაზიის რემონტს იმ ანგარიშით, რომ მაღაზიის მუშაობით მიღებულ მოგებას იგი შეიტანდა სააქციო საზოგადოების ანგარიშზე და როდესაც მაღაზიის პრივატიზების დრო დადგებოდა, იგი თავად მოახდენდა ამ მაღაზიის პრივაზირებას და გახდებოდა მისი კანონიერი მესაკუთრე. 1998 წლის მაისში მისთვის ცნობილი გახდა, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის განკარგულებით აღნიშნული მაღაზია ჩამოერთვა სს «მ-ს». 1999 წლის 2 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსს და ამ მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე ნებართვა ითხოვა, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ მაღაზია არ იყიდებოდა და გასაყიდი მაღაზიების სიაში შეტანილი იყო მხოლოდ სს «მ-ის» ¹.....-ე და ¹...... მაღაზიები.
1999 წლის 5 აგვისტოს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის მიერ მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართი 179 კვ.მ. გაიყიდა 5 წლის ვადით იჯარა-გამოსყიდვის ფორმით და კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა სს «მ-ის» დირექტორი კ. მ-შვილი, როგორც ფიზიკური პირი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული კონკურსი ჩატარდა კანონდარღვევით, ფარულად. ამასთან, შემცირებულ იქნა მოცემული მაღაზიის ფართი და შესაბამისად გასაყიდი ფასი. ქ. თბილისში მდებარე სადავო მაღაზიის 250 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი გაიყიდა არარეალურ ფასში 3755,9 აშშ დოლარად, რის გამოც სასამართლოს, მოსარჩელის მოთხოვნით, ბათილად უნდა ეცნო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 1999 წლის 5 აგვისტოს სხდომის შედეგები.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილოდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 1999 წლის 5 აგვისტოს სხდომის შედეგები ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, მდებარე 179 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში კ. მ-შვილის გამარჯვებულად ცნობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, რომელმაც მიუთითა, რომ მ. მ-ძე უკანონოდ ფლობს ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ..... მდებარე არასაცხოვრებელ ფართს, რაზედაც არსებობს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ამასთან, მოსარჩელის 1999 წლის 2 მარტის განცხადება მაღაზიის პრივატიზების შესახებ არ ჩაითვლება კონკურსში მონაწილეობის მიღების საფუძვლად, რადგან არ პასუხობს «სახელმწიფო ქონების კონკურსის წესით პრივატიზების შესახებ» დებულების მოთხოვნებს. სადავო ობიექტის საპრივატიზებო ფასის დადგენა მოხდა «საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹671 ბრძანებულების შესაბამისად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ძის სარჩელი საკონკურსო კომისიის სხდომის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას არ დარღვეულა «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/152 ბრძანებით დამტკიცებული 1999 წლის 31 მარტის დებულების მე-3 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც «მეიჯარე» იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გასაცემი საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 121-ე და 126-ე მუხლების შესაბამისად, კონკურსი ჩატარდა ინფორმაციის გამოქვეყნებიდან (6 ივლისიდან) 31 დღეს (5 აგვისტოს), რითაც კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლომ, მ. მ-ძის 1999 წლის 2 მარტის განცხადება, რომლითაც მან ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართა სადავო ფართის პრივატიზების მოთხოვნით, კონკურსში მონაწილეობის მიღების საფუძვლად არ მიიჩნია, რადგან დებულების შესაბამისად მას განაცხადი და ბეს ქვითარი დადგენილი წესით არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საპრივატიზებო ობიექტის ფართი შეადგენდა 179 კვ.მ. და სწორად იქნა იგი აფასებული 3 750,9 აშშ დოლარად.
მოსარჩელე მ. მ-ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამათრლოს გადაწყვეტილება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიკვლია და არ შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც მოცემულ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გვერდი აუარა საპრივატიზაციო კომისიის მიერ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტებს და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რატომ იყო სადავო ობიექტი 179 კვ.მ. და არა 250 კვ.მ. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა, თუ რატომ არ სრულდება დღემდე საკონკურსო კომისიის მთავარი პირობა.
სამოტივატიზაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოსარჩელე მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ...... პირველ სართულზე განთავსებული ¹...... ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართი შეადგენდა 250 კვ.მ., რომლიდანაც ძირითადი ფართი იყო 200 კვ.მ., ხოლო დამხმარე ფართი – 50 კვ.მ. ამასთან, 1999 წლის 6 ივლისის გაზეთ «......-ში» კომერციული კონკურსი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით სახელმწიფო ქონების გაცემაზე გამოცხადდა «სამგორის რაიონში, ..... მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე, ყოფილ ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიაზე ¹.....». ამასთან, არასაცხოვრებელი ფართის ოდენობა გაზეთში მითითებული არ ყოფილა; რაც შეეხება იჯარა-გამოსყიდვის საპრივატიზებო დოკუმენტებს, ყველგან მოხსენიებულია «ყოფილი ხილბოსტანვაჭრობის მაღაზია ¹...... , მხოლოდ მითითებულია არასაცხოვრებელი ფართი 179 კვ.მ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რა ქონება გაასხვისა თბილისის ქონების მართვის სამმართველომ _ არასაცხოვრებელი ფართი 179 კვ.მ. თუ ყოფილი ხილბოსტანვაჭრობის მაღაზია ¹...... . სასამართლომ უნდა იმსჯელოს ასევე, შეეძლო თუ არა ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს გაესხვისებინა 179 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, როგორც ყოფილი ხილბოსტანვაჭრობის მაღაზია ¹..... , რომლის ფართი სინამდვილეში 250 კვ.მ-ს შეადგენდა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ მ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.