Facebook Twitter

3/ად-178-კ-01 30 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სადავო არასაცხოვრებელ ფართზე კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა; კასატორის მიერ სადავო ფართის გამოთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

«სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, 2000 წლის 30 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში გამართულ კონკურსზე, იჯარით გაცემის მიზნით, გამოტანილ იქნა ქუთაისში, ... მდებარე 34,28 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ქუთაისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 2001 წლის ¹1/6 ცნობის თანახმად, 1939 წლიდან ირიცხებოდა საბინაო სამმართველოს სახელზე, ხოლო ამჟამად ირიცხება ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტის სახელზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო და არასაცხოვრებელ ფართზე იჯარის უფლება მოიპოვა მოქალაქე ნ. მ-ძემ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ 2000 წლის 5 ივლისს დაამტკიცა სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გამცემი საკონკურსო კომისიის 2000 წლის 30 ივნისის სხდომის ოქმი ¹10.1. მაგრამ ნ. მ-ძესთან ვერ მოხერხდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან იჯარის ფართი უკანონოდ დაკავებული ჰქონდა კასატორ რ. კ-იანის ოჯახს, რომელიც მიუხედავად ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა, ნებით არ ათავისუფლებდა ფართს. ლტოლვილთა განსახლების დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამმართველოს განმარტების მიხედვით რ. კ-იანის ოჯახი (თვითონ, მეუღლე და 2 შვილი) არის აფხაზეთიდან დევნილი, სოფ. კელასურიდან იძულებით გადაადგილებული, რომელიც, მართალია, 1998 წლიდან რეგისტრირებულია ქ. ქუთაისში, მაგრამ ოჯახი ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობს, ვინაიდან მათთვის გამოყოფილი ფართი დაკავებული აქვს ნ-შვილების მრავალშვილიან (11 შვილი) ოჯახს და ამდენად, რ. კ-იანის ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი.

2001 წლის 21 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სარჩელი აღძრა კასატორ რ. კ-იანის მიმართ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სადავო არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება მოპასუხის მიერ, კანონიერ მოიჯარეზე – ნ. მ-ძეზე ჩაბარების მიზნით, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 16 იანვრის განჩინებით საქმეში ჩამული იქნა თანამოსარჩელედ. მოპასუხე რ. კ-იანმა სარჩელი არ ცნო და მოსარჩელეთა მიმართ თავად აღძრა შეგებებული სარჩელი 2000 წლის 30 ივნისს ჩატარებული კონკურსის ¹10.1. ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, კონკურსის ჩატარებისას ინფორმაციის საჯაროობის (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» მე-3 მე-4 მუხლები) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533-ე და 581-ე მუხლების მე-2 ნაწილის (უფლებრივად ნაკლული ნივთი გაცემა) დარღვევის გამო.

ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ძის სარჩელი სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან რ. კ-იანის ოჯახის გამოსახლების შესახებ და დაკმაყოფილდა რ. კ-იანის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო კომისიის 2000 წლის 30 ივნისის სხდომის ¹10.1 ოქმი და კონკურსის შედეგები, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა თავდაპირველ მოსარჩელეთა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ძის მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ძის სარჩელი სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან რ. კ-იანის ოჯახის გამოსახლების შესახებ, ხოლო რ. კ-იანის შეგებებულ სარჩელს საკონკურსო კომისიის სხდომის ¹10.1 ოქმისა და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა შემდეგი მოტივით:

1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო ფართის იჯარის წესით გაცემის თაობაზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის კონკურსის შესახებ ინფორმაციის «პრივატიზების ბიულეტენში» გამოქვეყნება 2000 წლის 27 აპრილსა და 31 მაისს, შეესაბამება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” 1997 წლის კანონის მე-9 მუხლის I ნაწილისა და «პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ» 1991 წლის კანონის (1997 წლის 28 ოქტომბრის ცვლილებების გათვალისწინებით) მე-2; მე-7 მუხლის მოთხოვნებს და ამდენად, ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი დარღვეული არ ყოფილა;

2. ვინაიდან სადავო არასაცხოვრებელი ფართი არ წარმოადგენდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ობიექტს, კონკურსამდე ინფორმაციის 1 თვით ადრე, 2000 წლის 30 მაისს გამოქვეყნება, სააპელაციო პალატამ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების I მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიიჩნია;

3. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 2000 წლის 26 აპრილს გამოსცა ბრძანება ¹ 114 სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ კონკურსის ჩატარებაზე და «პრივატიზების ბიულეტენში» ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რაც, სააპელაციო პალატის აზრით, სამართლებრივად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე, 56-ე, 57-ე მუხლების შესაბამისად, გამოქვეყნდა როგორც «პრივატიზების ბიულეტენში», ასევე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შენობის შესასვლელში, სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე და ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემისას «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ» დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 532-534-ე მუხლების დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ კონკურსის ჩატარებისას სადავო არასაცხოვრებელი ფართი იყო უფლებრივად უნაკლო, ვინაიდან მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. ქუთაისში ... მდებარე ფართი კონკურსამდე არ იყო რ. კ-იანის ოჯახის მიერ დაკავებული. ამასთან, სააპელაციო პალატის აზრით, სადავო ფართი უფლებრითად უნაკლოა იმიტომაც, რომ მასზე კანონიერ პრეტენზიას ვერავინ განაცხადებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებრივი ნაკლის შემთხვევაში, შეცილების უფლება აქვს მხოლოდ ხელშეკრულების მხარეებს და არა გარეშე პირებს, ვინაიდან ნაკლის მქონე ნივთის იჯარით გაცემის შემთხვევაში მხოლოდ მათი უფლებები დაირღვევა;

5. «პრივატიზების ბიულეტენში», საკონკურსო დოკუმენტებში, გაცემულ მოწმობათა და ცალკეულ თანამდებობის პირთა მიმოწერაში სადავო არასაცხოვრებელ ფართზე სხვადასხვა მონაცემის არსებობა, 34,28 კვ.მ. თუ 33,28 კვ.მ, სააპელაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს კონკურსის შედეგების გაუქმების საფუძველს;

6. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა რ. კ-იანისათვის დაეკანონებინა სადავო ფართი და არ გამოესახლებინა იგი, ვინაიდან მმართველობის ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება დროებით თავისუფალი და უმოქმედო არასაცხოვრებელ ფართში დევნილთა შესახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს რ. კ-იანი და შემდეგი საფუძვლით ითხოვს მის გაუქმებას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ნ. მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას:

1. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე მუხლის I-II, 105-ე მუხლის II-III, 249-ე მუხლის მე4 პუნქტის დარღვევით არ გაითვალისწინა მოწმეთა ა. ფ-იანის, მ. მ-ძის ჩვენება, რასაც მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ-ძეც ადასტურებდა და არასწორად დაადგინა საქმისათვის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება, თითქოს არასაცხოვრებელი ფართი იჯარით გაცემამდე არ იყო დაკავებული რ. კ-იანის ოჯახის მიერ;

2. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როცა მიუთითა, რომ ნივთის უფლებრივი ნაკლის შემთხვევაში პრეტენზიის წაყენების უფლება აქვს მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და არა გარეშე პირებს, ვინაიდან მხოლოდ მათი უფლებებია დარღვეული. კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ უსწოროდ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 534-ე მუხლი. მისი აზრით, «უფლებრივი ნაკლი» იმთავითვე გულისხმობს ამ ნივთზე რაღაც ფორმით მესამე პირის უფლების არსებობას, როცა მესამე პირის მოთხოვნები დგება, როცა რაიმე ფორმით ილახება მისი უფლებები, ინტერესი და ამდენად, მესამე პირსაც აქვს შეცილების უფლება;

3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სახელდობრ «კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ», რომლის თანახმადაც დევნილს უფლება აქვს სახელმწიფოსაგან მიიღოს თავშესაფარი, რასაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისროსთან ერთად უნდა უზრუნველყოფდეს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომელთა უმოქმედობის გამო სადავო არასაცხოვრებელი ფართის დაკავება კასატორის მიერ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ თვითდახმარებას და არა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას;

4. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სადავო არასაცხოვრებელ ფართზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით კასატორი რ. კ-იანი ფართის მფლობელი გახდა, რაც არ შეწყვეტილა ამავე კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია. კასატორს მიაჩნია, რომ ნ. მ-ძეზე იჯარით გაიცა უფლებრივად ნაკლული ნივთი, სამმართველოს დასაბუთებული პრეტენზიით უნდა აღმოეფხვრა აღნიშნული უფლებრივი ნაკლი და შემდგომ ჩაეტარებინა კონკურსი. კასატორი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ თვალთმაქცურ გარიგებას;

5. ვინაიდან «საპრივატიზაციო ბიულეტენი», რომელშიც გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია სადავო კონკურსის შესახებ, არ იყიდება ქუთაისის ტერიტორიაზე პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და მისი რეალიზაცია ხდება მხოლოდ ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოში, კასატორს მიაჩნია, რომ დარღვეულია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ამასთან, კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს “საპრივატიზებო ბიულეტენში” მოცემულ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ განმარტებულ ბიულეტენის გამოცემის თარიღებს შორის სხვაობას და მიაჩნია, 2000 წლის 30 ივნისს სადავო კონკურსი არც ჩატარებულა, ამიტომ «პრივატიზების ბიულეტენშიც» შემდგომ შეიტანეს სათანადო ცვლილება. დასასრულს, კასატორმა მოითხოვა მის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების, 200 ლარის, მოპასუხე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსათვის დაკისრება.

მოწინააღმდეგე მხარეები _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და ნ. მ-ძე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ აღიარებენ საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელეხლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ქუთაისში, ... მდებარე 34,28 კვ.მ. სადავო არასაცხოვრებელი ფართი, ქუთაისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 2001 წლის ¹1/6 ცნობის თანახმად, 1939 წლიდან ირიცხებოდა საბინაო სამმართველოს სახელზე, ხოლო ამჟამად ირიცხება ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტის სახელზე და ამდენად, ქ. ქუთაისის მერიის (ქალაქ-მუზეუმის მუნუციპალიტეტის) საკუთრებაა. 2001 წლის 21 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ ვინდიკაციური სარჩელი აღძრა კასატორ რ. კ-იანის მიმართ და სადავო არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: “მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება”.

ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან გამოთხოვის უფლება, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აქვს მხოლოდ მესაკუთრეს. კონკრეტულ შემთხვევაში კი სარჩელი რ. კ-იანის უკანონო მფლობელობიდან მუნიციპალური ქონების (სადავო არასაცხოვრებელი ფართის) გამოთხოვის შესახებ, აღძრულია არა მესაკუთრის – ქ. ქუთაისის მერიის (ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტის), არამედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევაა, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სათანადო მოსარჩელეობის საკითხზე;

2. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 2000 წლის 26 აპრილის ბრძანება ¹ 114 სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის შესახებ, სააპელაციო პალატის აზრით, იურიდიულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-57-ე მუხლების შესაბამისად, გამოქვეყნდა, როგორც «პრივატიზების ბიულეტენში», ასევე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შენობის შესასვლელში, სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ბრძანება ¹ 114 ეხება რა სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემას ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კიდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის «ზ“ პუნქტითა და 65-71-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას, სამართლებრივად ამავე კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს) ნების წინასწარ წერილობითი გამოხატულებაა (შეთავაზება, ოფერტა) ამ ადმინისტრაციული გარიგების (არასაცხოვრებელი ფართის იჯარის) დადების თაობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულად გარიგებებში ადმინისტრირებას ვერ განახორციელებს და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ვერ გამოსცემს გარიგების მონაწილე მეორე მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ადმინისტრაციულ აქტს, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე და სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გარიგებებში (კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში) სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები მოქმედებენ, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები, კერძო-სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობები კი დაფუძნებულია არა ადმინისტრირების (ქვემდებარეობის) პრინციპზე, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან, ნებაყოფლობით პარტნიორობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ¹ 114 ბრძანებას, კანონის მცდარი განმარტების საფუძველზე, უსწორო სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ, ამასთან გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმის დარღვევით, ამიტომ რ. კ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” პუნქტითა და მე-3 ნაწილით უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1, საქართველოს სამოქალაქო საქართველოს 390-ე, 399-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. კ-იანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელეხლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.