თანხების გადახდის დაკისრება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-179-კ-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ოთახის ფლობის შედეგად მიღებული თანხების გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ვარშალომიძემ აღძრა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ. კ-ის, ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგებლის – ბ. ს-ასა და ¹.... მიკრორაიონის გამგებლის – ა. ტ-ას მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზ. კ-ე უკანონოდ ფლობდა მის საკუთრებაში მყოფ ოთახს, 1995 წლიდან 2000 წლამდე აქირავებდა მას თვეში 50 დოლარად. მოსარჩელემ მოითხოვა ზ. კ-ისათვის და ¹...., ¹... მიკრორაიონის გამგებლებისათვის, რომლებმაც მოსარჩელის აზრით ხელი შეუწყეს ზ. კ-ეს უკანონო რეგისტრაციით, სოლიდარულად 3200 აშშ დოლარის ან შესაბამისი თანხის ლარებში დაკისრება, მათთვის აღსრულების ხარჯების სახით აღნიშნული თანხის 7%-ის დაკისრება. მოგვიანებით მოსარჩელის წარმომადგენელმა ¹... მიკრორაიონის გამგებლის წინააღმდეგ მოხსნა სარჩელი და ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ზ. კ-ისაგან და ¹.... მიკრორაიონის გამგებლის ბ. ს-ასაგან მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.02.02წ. გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 3200 აშშ დოლარის გადახდა. ზ. კ-ემ და ბ. ს-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.04.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.02.02წ. გადაწყვეტილება, მიღებული გადაწყვეტილებით მ. ვ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას, არ უხელმძღვანელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსებით. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ. ბათუმში, ამჟამად .... ქ. ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი საკუთრების უფლებით 1926 წლიდან ეკუთვნოდა უ. ვ-ეს, რომელსაც შემდგომში სახლმფლობელობა ჩამოერთვა და ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, რის შედეგადაც მასში შესახლებულ იქნა სხვადასხვა მაცხოვრებელი, მათ შორის კ-ებიც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 1995წ. 4 მაისიდან უ. ვ-ის მემკვიდრეებმა, მათ შორის მ. ვ-ემ საბოლოოდ, დაიბრუნეს ჩამორთმეული სახლმფლობელობა. მემკვიდრეებს შორის ბინის გაყოფის შედეგად მ. ვ-ის საკუთრებაში გადავიდა .... ქ. ¹4-ში მდებარე სახლმფლობელობის ¹11 ოთახი, რომელშიც ცხოვრებას განაგრძობდა ადრე მაცხოვრებელი, ზ. კ-ის დედამთილი _ ნ. კ-ე. 28.02.95წ. ნ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ ოთახში ცხოვრებას განაგრძობდნენ გარდაცვლილის ნათესავები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1995წ. მაისში ¹11 ოთახის საკუთრებაში მიღების შემდეგ, კასატორის მიერ არ დასმულა ოთახის გათავისუფლების მოთხოვნა. ოთახი მხარის მიერ გათავისუფლებულ იქნა მ. ვ-ის მეუღლის _ ს. ვ-ის მიერ ოთახის დაცლის და მ. ვ-ისათვის გადაცემის მოთხოვნის წაყენებისთანავე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის არაფერი იყო ცნობილი ოთახის გაქირავების თაობაზე, ვინაიდან სადავო ოთახის ქვემოთ მ. ვ-ეს გახსნილი აქვს კაფე-ბარი, სადაც საქმიანობს კიდეც. ზ. კ-ის მიმართ, რომელიც 1995 წლიდან ფლობდა ¹11 ოთახს, 2000 წ. 14 სექტემბრამდე მესაკუთრეს არ წამოუყენებია რაიმე პრეტენზია, შესაბამისად ზ. კ-ე სსკ-ს 159-ე მუხლის საფუძველზე კეთილსინდისიერ მფლობელად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატამ 163.1 მუხლის თანახმად ¹11 ოთახის ფლობის შედეგად მიღებული თანხები ზ. კ-ის კუთვნილებად მიიჩნია, შესაბამისად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა თანხის მისთვის გადაცემის შესახებ. არ იქნა აგეთვე გაზიარებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ოთახის რეგისტრაცია გამგებლის ბ. ს-ას დახმარებით მოხდა, რადგან რეგისტრაციას პოლიციის ორგანოები ახდენენ.
მ. ვ-ემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ ზ. კ-ე სადავო ოთახში არასოდეს ყოფილა ჩაწერილი. ნ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ, გამგებელი ბ. ს-ა ვალდებული იყო მისთვის შეეტყობინებინა ამის შესახებ, რის შემდეგაც ბინა უნდა გადაცემოდა მესაკუთრეს. ბ. ს-ას მტკიცება, რომ მან არაფერი იცოდა ბინის საკუთრებაში გადასვლის შესახებ დაუჯერებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი ვერ შეიტყობდა ბინის გაქირავების ფაქტს, რადგან კაფე-ბარი იჯარით აქვს გაცემული. ბინის გაქირავებისა და ნ. კ-ის გარდაცვალების შესახებ ვ-ებმა ერთ-ერთი მეზობლისაგან მხოლოდ 2002 წელს შეიტყეს. რეგისტრაცია მესაკუთრის თანხმობის გარეშე ბ. ს-ას დახმარებით განხორციელდა, რითაც სარგებლობდა ზ. კ-ე და აქირავებდა კასატორის კუთვნილ ბინას. კასატორმა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.04.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის, ცხოვრებისეული ჩვეულებებისათვის აუცილებელი სათანადო ყურადღებიანობის გამოჩენისას კასატორს – მ. ვ-ეს უნდა სცოდნოდა მის საკუთრებაში გადასულ ბინაში მცხოვრები პირების ვინაობის, ოთახის გაქირავების შესახებ. კასატორს ხუთი წლის განმავლობაში არ წარუდგენია ზ. კ-ისათვის რაიმე პრეტენზია, მიუხედავად იმისა, რომ იგი განაგრძობდა ფართის ფლობას, იყო მასში რეგისტრირებული. ოთახის კასატორის საკუთრებაში გადაცემა თავისთავად არ ადასტურებს არაკეთილსინდისიერ მფლობელობას, მოწინააღმდეგე მხარის ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა უ. ვ-ის მემკვიდრეების მიერ დაბრუნებულ სახლთმფლობელობაში, თავად ზ. კ-ე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ ფართში და აქირავებდა ფართს, მას არ მიუღია მონაწილეობა იმ სასამართლო პროცესში, რომლის შედეგადაც კასატორს პირად საკუთრებაში დაუბრუნდა საცხოვრებელი ფართი, ამასთანავე, კასატორს ფართის მის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ წლების განმავლობაში არ მოუთხოვია ოთახის მისთვის გადმოცემა. ამდენად, საქმის გარემოებების, მფლობელობის საფუძველთა მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ზ. კ-ე წარმოადგენს თუმცა არამართლზომიერ, მაგრამ მაინც კეთილსიდისიერ მფლობელს. ზ. კ-ე მესაკუთრის მოთხოვნისთანავე, სსკ-ს 163-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, დაუბრუნა ოთახი უფლებამოსილ პირს. ამავე ნორმის მიხედვით ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს. კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს ნივთისა და უფლების ნაყოფით მანამ, ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას ნივთის უკან დაბრუნებაზე. ამდენად, მას შემდეგ, რაც უფლებამოილი პირი წაუყენებს პრეტენზიებს კეთილსინდისიერ მფლობელს, მიღებული ნივთისა და უფლების ნაყოფიც უფლებამოსილ პირს ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას ზ. კ-ეზე 1995წ. მაისიდან 2000წ. 14 სექტემბრამდე ¹11 ოთახის ფლობის შედეგად მიღებული თანხების გადახდის დაკისრების შესახებ.
პალატა უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე კასატორის მოთხოვნას საცხოვრებელ ფართში ზ. კ-ის რეგისტრაციის გამო ქ. ბათუმის ¹.... მიკრორაიონის გამგებლის – ბ. ს-აზე თანხის სოლიდარულად დასიკრების შესახებ, ვინაიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას ახდენენ პოლიციის ორგანოების საპასპორტო სამსახურები და არა გამგებელი. ამასთანავე, «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ» კანონის თანახმად, რეგისტრაცია თავისთავად არ ქმნის საცხოვრებელ ფართზე უფლების წარმოშობის ან შეზღუდვის საფუძველს, რეგისტრაციას არა აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა ზ. კ-ის მიერ ¹11 ოთახის გაქირავებასთან, ¹11 ოთახი ქირავდებოდა ზ. კ-ის ფართში რეგისტრაციამდე. მოსარჩელე ითხოვს ბინის ქირის ანაზღაურებას 1995წ. მაისიდან, მაშინ, როდესაც ზ. კ-ის რეგისტრაცია მოხდა 1998 წელს. საქმეზე არ მოიპოვება აგრეთვე რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბ. ს-ასთვის 2000წ. 14 სექტემბრამდე ცნობილი იყო ბინის კომუნალური ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, ბ. ს-ას წერილობითი მიმართვის დროისათვის ზ. კაკაბაძის შვილი – გ. კ-ე რეგისტრირებული იყო .... ქ. ¹4-ში, ბინის ნომრის მითითების გარეშე. წერილობითი მიმართვა, რომლითაც გამგეობა ითხოვდა ზ. კ-ის თავის შვილთან რეგისტრაციაში გატარებას, ასევე არ შეიცავდა ბინის ნომრის მითითებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, პალატამ გამოიყენა ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი, ამდენად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ვ-ეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.04.02წ. გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.