გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-181-კ-01 1 მარტი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათში ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის ¹159 დადგენილებით შპს «ს.» ფ.» საზღვაო ნავსადგურის არსებული ტერიტორიიდან მუდმივ სარგებლობაში გამოეყო 2.21 ჰა მიწის ფართობის ¹7 ნავსადგომი ალკოჰოლიანი სასმელების, მინერალური და წყაროს წყლების ტერმინალის მშენებლობისათვის.
1998 წლის 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ შპს «ს.» გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილ ¹.... ნავსადგომზე გასცა მიწის საკუთრების უფლების მოწმობა პირველადი რეგისტრაციის ფორმით და განახორციელა სარეგისტრაციო ჩანაწერი საჯარო რეესტრში.
2000 წლის 4 აგვისტოს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ ჩატარებული შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ შპს «ს.» ფოთის საზღვაო ნავსადგურში მუდმივ სარგებლობაში გამოყოფილ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას დაშვებულ იქნა შეცდომა, კერძოდ, დარღვეულ იქნა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც «ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება . . . გ) . . . საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე», რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება სააღრიცხვო ბარათში შპს «ს.» მიწის საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრატორის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე.
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000 წლის 17 აგვისტოს ¹3-820 წერილით ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა გაეუქმებინა აღნიშნული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ საკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ძალაში დაეტოვებინა შპს «ს.» სახელზე პირველადი რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლება, რაც ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ განახორციელა, გააუქმა 2000 წლის 4 აგვისტოს ჩანაწერი შპს «ს.» მიწის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ და ძალაში დატოვა პირველადი რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლება.
2000 წლის 12 სექტემბერს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში და შპს «ს.» სახელზე რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 მარტის ¹159 დადგენილება და ზემოაღნიშნული მიწის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციისათვის მხოლოდ 2000 წლის მაისის თვეში გახდა ცნობილი, როცა ფოთის საზღვაო ნავსადგური საქართველოს პრეზიდენტის ¹705 ბრძანებულებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და მიწის სარგებლობის უფლების რეგისტრაციისათვის ქალაქ ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიმართვა.
მოსარჩელის განმარტებით, დღიდან მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისა, შპს «ს.» არ უსარგებლია გადაცემული ტერიტორიით, ამ ტერიტორიას ფლობს და განკარგავს ¹.... საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც აგებულია 1984 წელს საკონტეინერო გადაზიდვებისათვის. ¹.... ნავმისადგომს აქვს სპეციფიკური ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აქ არის სპეციალური საკონტეინერო გადმოტვირთვის ამწეები. ¹.... ნავსადგომზე ასევე არის მისი ადმინისტრაციული შენობა, სადაც დაახლოებით 300-მდე კაცი მუშაობს. მთელი ეს ტერიტორია დატვირთულია რკინიგზის ორი ხაზით, ადმინისტრაციული შენობით, მიწისქვეშა შახტით და საკომუნიკაციო ნაგებობებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ დაარღვია «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნები.
მოპასუხე ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი ცნო და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
მესამე პირმა შპს «ს.» სარჩელი არ ცნო და მიწის საკუთრების უფლების შესახებ ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 1998 წლის 29 დეკემბერს ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ შპს «ს.» სახელზე რეგისტრირებული მიწის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი. გადაწყვეტილების გამოტანისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტით, «სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «ვ» ქვეპუნქტით, «საქართველოს საზღვაო კოდექსის» 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა შპს «ს.», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აპელანტის მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის ¹159 დადგენილებით მუდმივ სარგებლობაში გადაეცა შპს «ს.», ე.ი. ამ დადგენილების შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამოირიცხა საზღვაო ნავსადგურის სარგებლობიდან, ვინაიდან დადგენილების საფუძველზე შპს «ს.» მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე მუდმივი სარგებლობის უფლება და აიყვანა ეს ნაკვეთი საკუთარ ბალანსზე. ამასთან, დარეგისტრირდა როგორც მიწათსარგებლობის გადასახადის გადამხდელი. შეუძლებელია ერთი ქონება ორი იურიდიული პირის ბალანსზე იყოს, ამდენად, უსაფუძვლოა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოთხოვნა ამ მიწის ნაკვეთზე. საქართველოს პრეზიდენტის ¹705 21.12. 1999 წ. ბრძანებულების შესაბამისად ფოთის საზღვაო ნავსადგურს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე რიცხული მთელი ქონება. რადგან ამ დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთი აღარ ირიცხებოდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ბალანსზე, ამ უკანასკნელს არა აქვს უფლება იქონიოს მასზე პრეტენზია, მითუმეტეს, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოთ დასახელებული დადგენილება ძალაშია და არავის გაუუქმებია.
შპს «ს.» თვლის, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია ნავსადგურის ტერიტორიის ფარგლებში კერძო საკუთრება. საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 72-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 75-ე მუხლის მე-5 პუნქტით «საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელოდება კანონმდებლობით დადგენილი წესით». . . «მიწის აკვატორიის გამოყოფა და ჩამორთმევა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. . . « « ორგანიზაციას, რომელსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, უფლება კძლევა შექმნას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და განახორციელოს საზღვაო-სატვირთო ოპერაციები დადგენილი წესის შესაბამისად» . . . ამდენად, კანონმდებელი არ კრძალავს მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში არსებობას. ამასთან,M არსად არ ფიგურირებს შპს «ს.» მოთხოვნა ნავსადგომის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე. სააღრიცხვო ბარათზე დართული საკადასტრო რუკის მიხედვით, შპს «ს.» საკუთრების უფლება არ ვრცელდება არც ნავსადგომზე და არც მის ზონაზე. ნავსადგომი ცალკე მდებარეობს და იგი ემიჯნება შპს «ს.» კუთვნილ სადავო მიწის ნაკვეთს. საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა თუ სად მთავრდება მე-7 ნავსადგომი და სად იწყება შპს «ს.» საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შპს «ს.» პრეტენზია არ ვრცელდება სანიტარულ-ტექნიკურ ზონასა და ექსპლოატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიაზე, ასევე, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებსა და საკონტეინერო მოწყობილობებზე. ეს დასტურდება სააღრიცხვო ბარათის საკადასტრო რუკით, სადაც არც ერთი ობიექტი არაა მოქცეული შპს «ს.» საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
აქედან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთზე არ ვრცელდება «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «ვ» ქვეპუნქტი, «საქართველოს საზღვაო კოდექსის» 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
შპს «ს.» მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არასაპატიოდ გაუშვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია. მითუმეტეს, რომ საქმეში არსებული მასალები ცხადყოფენ, რომ აღნიშნული ფაქტი ცნობილი იყო ფოთის ხელმძღვანელობისათვის. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან შპს «ს.» სადავო აქტის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის გარკვეული ქმედებები განახორციელა, ამ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება დაუშვებელია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა აპელანტ შპს «ს.» მოსაზრებები და 2001 წლის 13 ივლისის განჩინებით უცვლელად დატოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
მესამე პირმა შპს «ს.» საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინება და დამატებით მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და საქმე განიხილა მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების გარეშე. უფრო მეტიც, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა შპს «ს.», სრულყოფილად, პროფესიონალურ დონეზე დაეცვა თავისი უფლებები და მონაწილეობა მიეღო საქმის ზეპირ განხილვაში. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 კარით დადგენილი მოქმედებები, არ გაეცნო აპელანტის არგუმენტებს, განჩინებაში არ მოიხსენია სააპელაციო საჩივრის არგუმენტები და მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ხელახლა განსახილველად დაბრუნება და საქმის ყოველმხრივ, ობიექტურად გამოკვლევა და განხილვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ შპს «ს.» საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვისას საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002 წლის 6 თებერვლის ¹31 ბრძანებით ქ. ფოთის სამმართველოს უფროსს გ. წ-ავას, რომელმაც ცნო ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელი, «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩამოერთვა წარმომადგენლობის უფლება და ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლად დაინიშნა მთავარი სახელმწიფო რეგისტრატორი ქ. კ-იანი. მთავარმა სახელმწიფო რეგისტრაქტორმა მხარი დაუჭირა მესამე პირის შპს «ს.» საკასაციო საჩივარს და საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი. მთავარი სახელმწიფო რეგისტრატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც შპს «ს.» საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით 1995 წელს მუდმივ სარგებლობაში გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, იგი ამ დროიდან აღარ წარმოაგენს ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარგებლობაში არსებულ ¹... ნავსადგომს, არამედ არის შპს «ს.» მუდმივ სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი ვერ გავრცელდება.
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა თავდაპირველად არ ცნო შპს «სამებას» საკასაციო საჩივარი და საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა. ამასთან, საკასაციო სასამართლოს ბოლო სხდომაზე ფოთის საზღვაო ნავსადგურის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პ. ლ-ძემ შპს «ს.» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ ცნო და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ს.» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი, სრულყოფილი განხილვისათვის დაბრუნება კასატორ შპს «ს.» ერთად პროცესის მონაწილე ორივე მხარემ – ფოთის საზღვაო ნავსადგურმა და ქალაქ ფოთის მიწის მართვის სამმართველომაც მოითხოვა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 (კანონის ანალოგია) და მე-3 (დისპოზიციურობის პრინციპი) მუხლების შესაბამისად მხარეები თვითონ იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას მთლიანად ან ნაწილობრივ ცნონ საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმG გარემოებას, რომ ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის შეჯიბრობითობის პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი), რომლის თანახმად სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრობითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებებები თუ მტკიცებულებები, რაც შპს «ს.», მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ განახორციელა. ნიშანდობლივია ისიც, რომ გასაჩივრებული განჩინების აღწერილობითი ნაწილი არ მოიცავს აპელანტის – შპს «ს.» სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს და იგი მხოლოდ აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ უსწორობათა გასწორების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 6 სექტემბრის განჩინებით იქნა შევსებული, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი «გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ» ასეთ შემთხვევას არ მოიაზრებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ შპს «ს.» მოპასუხის სტატუსით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი საქმეში, ვინაიდან დავის საგანს სადავო მიწის ნაკვეთზე შპს «ს.» საკუთრების უფლება წარმოადგენს და მესაკუთრე, რომლის საკუთრების უფლებასაც სადავოდ ხდიან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარედ უნდა მონაწილეობდეს პროცესში.
საკასაციო სასამართლო ამასთან დადგენილად თვლის, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 მარტის ¹159 დადგენილებაში ნათქვამია «მიღებულ იქნეს შპს – ფირმა «ს.» წინადადება და გამოეყოს მას ფოთის ნავსადგურის არსებული ტერიტორიიდან 2.21 ჰექტარი ფართობის ¹... ნავსადგომი ალკოჰოლიანი სასმელების, მინერალური და წყაროს წყლების ტერმინალის მშენებლობისათვის», ხოლო ამ დადგენილების სათაურში საუბარია «შპს _ ფირმა «ს.» ქ. ფოთის ნავსადგურში მიწის ფართობის მუდმივ სარგებლობაში გამოყოფის შესახებ». საკასაციო სასამართლო ამდენად მიიჩნევს, რომ მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების სათაური და დადგენილებითი ნაწილი შეუსაბამოა, რადგან სათაურში საუბარია ფირმა «ს.» მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, ხოლო დადგენილებით ნაწილში – ფირმა «ს.» ¹.... ნავსადგომის გამოყოფაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ფაქტობრივად რა გადაეცა მუდმივ სარგებლობაში შპს «ს.», 2.21 ჰა ფართობის ¹.... ნავსადგომი, თუ ამ ნავსადგომის მიმდებარე 2.21 ჰა თავისუფალი მიწის ნაკვეთი. მხოლოდ ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ გაიზიარებს შპს «ს.» მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ქალაქ ფოთის მიწის მართვის სამმართველოს მიერ შპს «ს.» ზემოთ დასახელებული კანონის საფუძველზე განხორციელებული სადავო მიწის პრივატიზაცია და მის საფუძველზე განხორციელებულისაკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს, შესაბამისად, არც «ვ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აღმჭურველ ადმინტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იურიდიულ პირთან სპეციალური კანონის საფუძველზე დადებული გარიგება (ადმინისტრაციული გარიგება), რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო (შესაბამისი სამსახური) ამ კანონით დადგენილი წესით კერძო საკუთრებაში გადასცემს ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირს მათ სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს, რისთვისაც ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირები მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ერთჯერად საზღაურს იხდიან. ამასთან, მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებისათვის ერთჯერადი საზღაურის გადახდა მიწის კერძო საკუთრებაში მიმღებ სუბიექტს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიწის გადასახადისაგან.
ამდენად, თავისი ბუნებით ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება სახელმწიფო მიწის პრივატიზაციის ერთ-ერთი ფორმაა და სწორედ ამ სახით განიხილავს მას საკასაციო სასამართლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «ს.» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს.» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.