3გ-ად-181-კ-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 9 ნოემბრის ¹475 ბრძანებულებით გადაწყდა თბილისში, ...-ის მოადენზე ...-ის ძეგლის აგება და ძეგლის აგების დამკვეთის ფუნქცია დაეკისრა ქ. თბილისის მერიას. ბრძანებულების საფუძველზე თბილისის მერიასა და მ. ბ.-ს შორის 1996წ. 26 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მერიას მ. ბ.-ისათვის ძეგლის შექმნაზე უნდა გადაეხადა 2 მილიონი აშშ დოლარი ან მისი შესაბამისი 2500000 ლარი. 1996წ. 1 სექტემბერს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მხატვართა კავშირის სამხატვრო ფონდის ქ. თბილისის ქანდაკების კომბინატს (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს “ს.-ი”) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ...-ის ძეგლის საშემსრულებო სამუშაოების ჩასატარებლად. შესრულებული სამუშაოებისათვის მერიას ქანდაკების კომბინატისათვის უნდა გადაეხადა 1989838 აშშ დოლარი ან შესაბამისი ლარი. 1997წ. 23 მარტს თბილისის ქანდაკების კომბინატსა და მ. ბ.-ს შორის გაფორმდა საავტორო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ. ბ.-ს უშუალოდ უნდა შეესრულებინა და განეხორციელებინა მითითებული ძეგლის საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობა, საავტორო დამუშავება როგორც რბილ, ისე მყარ მასალაში, რისთვისაც კომბინატი მ. ბ.-ს გადაუხდიდა მერიასა და მ. ბ.-ს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საავტორო ჰონორარის 20%-ის, ე.ი. 400000 დოლარს, ან მის შესაბამის ეროვნულ ვალუტას.
ქანდაკების კომბინატმა შეასრულა მერიის ნაკისრი ვალდებულება და ...-ის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 1997წ. 26 მაისს. თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა აქტებს შესრულებული სამუშაოს ნაწილის ანაზღაურებაზე, მაგრამ საავტორო დამუშავებისა და ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებით შესრულებულ სამუშაოზე შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს დეპარტამენტმა ხელი არ მოაწერა.
1998წ. თებერვალში ქანდაკების კომბინატმა სარჩელით მიმართა მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და თბილისის მერიისაგან მოითხოვა 932846 აშშ დოლარის ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში, გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით. სასამართლომ საქმეში მოსარჩელედ ჩააბა მ. ბ.-ი, რომლის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს.
მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ს.-ის» ფილიალის ქ. თბილისის ქანდაკების კომბინატისა და მ. ბ.-ი სარჩელი დაკმაყოფილდა. მერიას ქანდაკების კომბინატის სასარგებლოდ საერთო ჯამში დაეკისრა 932846 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის არსებული კურსის მიხედვით. აღნიშნული თანხიდან სასამართლომ 705923 აშშ დოლარი მიიჩნია საავტორო დამუშავებისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაოს ღირებულებად, ხოლო 295000 ლარი 1996წ. 1 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს აუნაზღაურებელ თანხად. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო არა მარტო მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას, არამედ იხელმძღვანელა სსრკ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის 1979წ. 16 მარტის ბრძანებით დამტკიცებული “სკულპტურული ნაწარმოების შექმნისათვის საავტორო ანაზღაურების განაკვეთებით”.
მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მერიისათვის 705923 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში. მან აღნიშნა, რომ სსრკ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის 1979წ. 16 მარტის ბრძანება, რომელსაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება, 1998წ.ათვის აღარ მოქმედებდა, რაც მათთვის ამჟამად გახდა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილის საფუძველზე. აღნიშნული გარემოება კი, მერიის აზრით, არის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის მერიამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ ეფუძნება სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტსა და მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის «ვ» ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე;
2. საოლქო სასამართლო დაეყრდნო «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონს, რომლის მე-4 მუხლის საფუძველზე განსაზღვრული იქნა ნორმატიული აქტების ჩამონათვალი. ამავე კანონის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ვალდებული გახდა ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების გატარება მოეხდინა სახელმწიფო რეესტრში 1997წ. 25 ნოემბრამდე. ამრიგად, 1998წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარეებს უნდა სცოდნოდათ და შეეძლო ცოდნოდათ საკავშირო აქტების საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედების თუ მისი სავალდებულო იურიდიული ძალის ქონის შესახებ, რაც იმთავითვე გამორიცხავს განმცხადებლის არაბრალეულობის მომენტს და ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ქ. თბილისის მერია, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას 705923 აშშ დოლარის მერიისათვის დაკისრების ნაწილში და საქმის წარმოების განახლებას:
1. კასატორი მიუთითებს, რომ სსრკ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის 1979წ. 16 მარტის ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულება 1997წ. 25 ნოემბრისათვის არ იქნა შეტანილი იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ნორმატიული აქტების ნუსხაში, ამიტომ ეს აქტი 1998წ.ათვის აღარ მოქმედებდა. კასატორს ამის დასადასტურებლად მოყავს არა მარტო იუსტიციის სამინისტროს წერილი, არამედ რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს 2001წ. 24 სექტემბრის წერილიც.
2. კასატორის განმარტებით, თბილისის მერიისათვის არ იყო ცნობილი 1979წ. 16 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დებულების ძალადაკარგულობის თაობაზე და მერია არც იყო ვალდებული ეს ცოდნოდა, ვინაიდან მთაწმინდის რაიონული სასამართლო 1998წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანისას, მოქმედებდა რა 1964წ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ვალდებული იყო ამავე კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, თვითონ გამოეკვლია აღნიშნული აქტის ნამდვილობის საკითხი. მერიას ბრალიც რომ მიუძღვოდეს ამაში, მისი ბრალი შეიძლება გამოიხატოს მარტივ გაუფრთხილებლობაში, რაც სამოქალაქო სამართალში პასუხისმგებლობას არ იწვევს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს თავის განჩინებაში არ მიუთითებია იმ მოტივებზე, თუ თბილისის მერიას რატომ უნდა სცოდნოდა და შეეძლო სცოდნოდა კიდეც იმ გარემოებებზე, რომლებიც საქმის წარმოების განახლებას უდევს საფუძვლად.
მოწინააღმდეგე მხარეთა _ შპს «ს.-ი» თბილისის ქანდაკების კომბინატისა და მ. ბ.-ის წარმომადგენლებმა თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი თბილისის მერია მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას (705923 აშშ დოლარის ნაწილში) და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის უკვე აღარ მოქმედებდა და იურიდიული ძალა აღარ გააჩნდა გადაწყვეტილებაში მითითებულ ნორმატიურ აქტს _ სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის 1979წ. 16 მარტის ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას «სკულპტურული ნაწარმოების შექმნისთვის საავტორო ანაზღაურების განაკვეთების შესახებ».
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტის თანახმად: ”კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და საქმის წარმოება განახლდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას». საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ თბილისის მერიის აზრს, რომ სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის 1979წ. 16 მარტის ბრძანება (დებულება) სამართლებრივად წარმოადგენს ზემოაღნიშნული 423-ე მუხლის «ვ» პუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს _ ახლად აღმოჩენილ გარემოებას ან ახალ მტკიცებულებას, რადგან ბრძანება არის ნორმატიული აქტი, რომელიც არ შეიძლება ახალ გარემოებადD ან მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით ნორმატიული აქტი არც გარემოებაა და არც მტკიცებულება, რომელიც შეიძლება აღმოჩენილ იქნეს, არამედ ნორმატიული აქტი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია და კანონიერების განმსაზღვრელი, რომლის არასათანადოდ გამოყენება, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების საფუძველია (არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ «ა» პუნქტი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა - «ბ» პუნქტი) და არა ახლად აღმოჩენილი გარემოება, ამიტომ საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს და არსებითად ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოებით განახლებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 410-ე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინება;
3. თბილისის მერიას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;