3გ-ად-182-კ-02 25 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი), ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით მოპასუხე ბოლნისის რიაონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: 1988 წელს ლ. მ-ის ხუთსულიანმა ოჯახმა მიიღო ოროთახიანი ბინა ქ. ბოლნისში, ყოფილი ...ის ქ. ¹40-ში. 1989 წელს ბოლნისის რაიონიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიგრაციის გამო ქართველმა მოსახლეობამ დაიწყო მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლების შესყიდვა. ბოლნისის რაიაღმასკომმა მოსარჩელე უკეთესი საცხოვრებელი ბინის მისაღებად ოროთახიანი კომუნალური ბინა დაათმობინა. სარჩელში აღნიშნულია, რომ მ-ი აიძულეს, ამგვარად მოქცეულიყო: მან შეისყიდა 65000 საბჭოთა მანეთად ღირებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რაშიც გადაიხადა 38000 ნაღდი ფული, აიღო 20000 მანეთის ოდენობის გრძელვადიანი სესხი ხოლო, 7000 მანეთით დაეხმარა რაიაღმასკომი მაშინ, როდესაც ქ. ბოლნისში საკმაოდ შეძლებულ პირებს 100000 მანეთად და მეტად ღირებული საცხოვრებელი სახლები შეასყიდინეს და მთლიანად დაუფარეს თანხა. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მან მნიშვნელოვანი შესაკეთებელი სამუშაოები ჩაატარა ოროთახიან ბინაში: მთლიანად გამოცვალა კარ-ფანჯარა და ახალი დაამზადებინა წაბლის ხის მასალისაგან, გადააკეთა ოთახები, ააშენა ახალი ტიხრები, შეასრულა სანტექნიკური სამუშაოები, კაფელით მოაპირკეთა სამზარეულო და სააბაზანო, გაიყვანა ახალი ელექტროგაყვანილობა, შეიძინა საშენი მასალა, რაზედაც სულ დაეხარჯა დაახლოებით 25000 მანეთი.
მოსარჩელემ საქმის მომზადების სტადიაზე წარმოადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტებისა და გაფართოების შესახებ, რომელშიც მოითხოვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, მუშების კვების, მარნეულისა და თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სტატისტიკის დეპარტამენტში აუდიტორული დასკვნების მისაღებად მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ინფლაციის გათვალისწინებით. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა მისი ოჯახისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლზე მითითებით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა გაადიდა 92450 აშშ დოლარამდე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
მოსარჩელის განცხადებით, მარნეულისა და თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლოებმა დააკმაყოფილეს მისი სარჩელი, ვინაიდან მოპასუხის, ბოლნისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი 11 ათასი ლარის ფარგლებში და მოითხოვა თანხების გადახდა ეტაპობრივად. შემდგომში ზემოაღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებები გააუქმა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და ლ. მ-ის სასარგებლოდ წარმართული აღსრულების პროცესიც შეაჩერა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თოთხმეტი წელია, რაც დავა მ-სა და ბოლნისის გამგეობას შორის გრძელდება.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. ბოლნისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 1989-1991 წლებში ბოლნისის რაიონიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებით ბოლნისის რაიაღმასკომში ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარებების საკოორდინაციო ბიურო, რომლის ¹86 სპეცანგარიშზე სხვადასხვა ფონდების მიერ ირიცხებოდა თანხები აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების შესაძენად. ლ. მ-ს ბოლნისის რაიაღმასკომის ბიუროს 1990 წ. 1 მარტის ¹42 დადგენილებით მიეკუთვნა ქ. ბოლნისში, ...ის ქ.¹17-ში მდებარე ა. ზ-ის 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი. ამასთან დაკავშირებით, ლ. მ-ე 25 წლით გაიცა 20 ათასი მანეთი გრძელვადიანი სესხი, 7000 მანეთი დახმარება კი ლ. მ-ს მიეცა ¹86 ანგარიშიდან. მოპასუხის განცხადებით, ლ. მ-ს დაევალა 38 ათასი მანეთის შეტანა ერთდროულად იმავე ანგარიშზე, საცხოვრებელი სახლი კი გაუფორმდებოდა იმ პირობით, თუ ჩააბარებდა ...ის ქ. ¹40-ში მდებარე ოროთახიან ბინას. ლ.Oმ-ი დათანხმდა ამ პირობაზე და დაწერა განცხადება კომუნალური მეურნეობის უფროსის სახელზე ბინის ჩაბარების თაობაზე. მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ გარემოებას, ლ. მ-მა რემონტიანი ბინა ჩააბარა, თუ ურემონტო; მ-მა საგრძნობლად გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები და ბინის კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. მოპასუხემ აბსურდულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ თავისი მოთხოვნების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე დაფუძნება. მოპასუხემ, აგრეთვე, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებით, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოპასუხემ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არც ერთი საფუძველი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, თუკი არ არსებობდა ვალდებულება, არც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იარსებებდა.
მოპასუხემ განაცხადა, რომ ლ. მ-ისათვის უარი უნდა ეთქვათ მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილშიც, რის დასასაბუთებლადაც მოიყვანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლები. მისი აზრით, საქმეში არ მოიპოვებოდა მოსარჩელისათვის დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად საჭირო მტკიცებულებანი და ამიტომ მისთვის ამ ნაწილშიც უარი უნდა ეთქვათ. მოპასუხემ სასამართლოს სთხოვა, უარი ეთქვათ ლ. მ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
2001 წლის 26 იანვარს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე და ლ. მ-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: ბოლნისის რაიონის გამგეობას დაეკისრა ლ. მ-ის სასარგებლოდ ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის, რომელიც მდებარეობდა ქ.ბოლნისში, ყოფილი ...ის ქ. ¹40-ში, კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მასალების შეძენისა და მუშახელის, მათ შორის, მამა-შვილ ლ. და ზ. მ-ების შრომის ანაზღაურების ჩათვლით 9500 ლარის ოდენობით. დამატებითი ხარჯების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელე ლ.Oმ-ს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. მ-მა და ბოლნისის რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოში.
2002 წლის 17 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ბოლნისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი – ნაწილობრივ: გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელზე.
ლ. მ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი თავის მოსაზრებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის მოსაზრებები არ ემყარება არც ძველ და არც ახალ სამოქალაქო კოდექსის ნორმებს. ამ ნორმებზე მითითებულიც კი არსად არის, არც საპროცესო ნორმები ესადაგება გადაწყვეტილების საგანსა და შინაარსს.
კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ გამგეობა არ არის ვალდებული, აუნაზღაუროს კასატორს წართმეულ ბინაზე გაწეული ხარჯები, რითაც დაირღვა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები, სადაც ჩამოყალიბებულია ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები. კერძოდ: უფლება-მოვალეობანი წარმოიშობა მოქალაქეთა, ორგანიზაციათა სხვაგვარი მოქმედებისაგან, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგადი საწყისებისა და აზრის გამო სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობენ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ამ სახის საფუძველზე წარმოიშვა სამართლებრივი ურთიერთობა, რასაც გადაწყვეტილებაც არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოეშვა ბინაზე გაწეული შეკეთების ხარჯების მოთხოვნა, ხოლო მოპასუხეს – ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მაგრამ ეს დამტკიცებულია ისე, რომ არც ერთი სამართლებრივი ნორმა სამოქალაქო კოდექსიდან არ გამოყენებულა, რადგან ასეთი ნორმა არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის თანახმად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა შემდეგნაირად: აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიგრაციასთან დაკავშირებით ბოლნისის რაიონში შეიქმნა ¹86 ანგარიში იმ პირთათვის, ვინც სახლის ყიდვას მოისურვებდა. კასატორი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში და ესაჭიროებოდა საკუთარი სახლი. კასატორმა გადაწყვიტა ენახა სახლის გამყიდველი და ნახა კიდევაც. სახლი შეფასდა 65 ათას მანეთად. რადგან მთლიანი თანხა არ გააჩნდა, კასატორი იძულებული გახდა, თანხის ნაწილი ესესხა კერძო პირისაგან. ¹86 ანგარიშიდან კასატორს ასესხეს შესაბამისი თანხა, რაც უკვე დაფარულია. იგივე ანგარიშიდან კასატორს გაუწიეს დახმარება 7000 მანეთის ოდენობით, ანუ კასტორმა პირადადV გადაიხადა 58 ათასი მანეთი. როცა საქმე მიდგა სახლის გაფორმებაზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის თავი იჩინა კონფლიქტმა. ლ. მ-ი ითხოვდა სხვების დახმარების მსგავსი ოდენობით დახმარებას. საქმე როცა ნოტარიუსამდე მივიდა კასატორს უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ საქმე მოგვარდებოდა თუ იგი კომუნალურ ბინას ჩააბარებდა, ეს მაშინ, როდესაც სახლის პატრონთან კასატორს თავისი წილი ანგარიშები გასწორებული და სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული ჰქონდა და იგი უკვე რაიონიდან წასული იყო. კასატორის განცხადებით, იგი დიდ თანხას კარგავდა და ესაჭიროებოდა 27 ათასი მანეთის სესხება.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ ბოლნისის რაიაღმასკომმა თავისი ქმედებით უხეშად დაარღვია კასატორის მოქალაქეობრივი უფლებები, არ გაატანა საბუთები ნოტარიუსში, სანამ კასატორს არ დააწერინეს განცხადება კომუნალური ბინის იძულებით ჩაბარების შესახებ. კასატორის განცხადება დაწერილი იყო მორალური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ტერორის ქვეშ ისე, რომ ბინის ჩაბარებაზე არ ჰქონდათ არც კასატორის, არც მისი მეუღლის, არც მისი სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მყოფი ვაჟის თანხმობა, ჩათვალეს, რომ ბინა ჩაბარებულია და შეასახლეს სხვა. კასატორი განმარტავს, რომ ეს ყოველივე მოხდა ძველი საბინაო კოდექსის 62-ე, 69-ე, 99-ე მუხლებისა და 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
კასატორი აღნიშნავს, რომ ბინის კაპიტალური შეკეთების შემდეგ ამ ბინას გაუჩნდა ორი მესაკუთრე: სახელმწიფო, რომლის საკუთრებაც იყო მარტო კედლები და კასატორი, რომელსაც კედლების გარდა სხვა ყველაფერი ეკუთვნოდა. ასეთ ვითარებაში ბოლნისის რაიაღმასკომმა დაარღვია 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 119-ე მუხლის ყველა მოთხოვნა, კასატორს ძალით წაართვა თავის წილი და გაასხვისა. 119-ე მუხლის თანახმად კი სახელმწიფოს კასატორის წილი უკიდურეს შემთხვევაში უნდა შეესყიდა.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ რაიაღმასკომმა თავისი ქმედებით ბინაზე ორდერი გააუქმა თვითნებურად ისე, რომ სასამართლოში ამის თაობაზე სარჩელი არ აღუძრავს, რაც აუცილებელი იყო და დაარღვია საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორს მიაჩნია, რომ, თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ კასატორის განცხადება ბინის ძალით ჩაბარების თაობაზე არის გარიგება კასატორსა და სახელმწიფოს შორის, მაშინ სასამართლომ სათანადო წესით, ძველი სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლებზე დაყრდნობით უნდა ცნოს ეს განცხადება ბათილად გარიგების დადების მომენტიდან.
კასატორის განმარტებით, აგრეთვე, ბათილია საკოორდინაციო ბიუროს გადაწყვეტილება, სადაც დაფიქსირებულია, რომ მ-მა უნდა ჩააბაროს ოროთახიანი ბინა. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხეს წარმოეშვა კასატორისათვის ბინაზე გაწეული შესაკეთებელი ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა, კასატორს კი მისი მოთხოვნის უფლება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ განჩინებაში ზემოაღნიშნული არგუმენტები ასახული არ იყო. თბილისის საოლქო სასამართლო არ ჩაუღრმავდა ძველი სამოქალაქო კოდექსის მე-4 და 212-ე მუხლების შინაარსს და თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საკოორდინაციო ბიუროს კანონსაწინააღმდეგო ოქმი.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ საკოორდინაციო ბიუროს 1990 წლის მარტის ¹342 ოქმი ჩათვალა მ-სა და რაიაღმასკომს შორის ურთიერთობის საფუძვლად. კასატორის განმარტებით, ეს დასკვნა ეწინააღმდეგება კასატორის მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კანონის მოთხოვნებს და, ამიტომ არის უკანონო საკოორდინაციო ბიუროს დასკვნასთან ერთად.
კასატორი განმარტავს, რომ სახლის ყიდვისა და ბინის ჩამორთმევის პროცესში სახელმწიფოს წარმოეშვა წართმეული ბინის შესაკეთებელი ხარჯებისა და ყველა სხვა დანახარჯის ანაზღაურების მოვალეობა, კასატორს კი - ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უდავო უფლება. ეს ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა მისი განზრახი მოქმედებით ზემოთ ჩამოთვლილი კანონებიდან გამომდინარე. მოპასუხის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაშია ჩადებული მისი მიზანიც და მიზეზობრივი კავშირიც მის ქმედებასა და მიღწეულ შედეგს შორის.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საოლქო სასამართლოს ზერელე დასკვნებით, ზიანის მიყენების წინაპირობად მიჩნეულია 1964 წლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. კასატორი მიუთითებს, რომ ათ წელზე მეტია რაც მისი სარჩელი იხილება სხვადასხვა სასამართლოში, ყველა სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. თეთრიწყაროს სასამართლოში მოპასუხემ სარჩელიც კი ცნო, მაგრამ საოლქო სასამართლომ კასატორის მოთხოვნას ისე უწოდა უსაფუძვლო, რომ არ განუმარტავს რომელ კანონზეა დამყარებული ეს უსაფუძვლობა. კასატორი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მის სარჩელზე უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება და არა განჩინება.
კასატორი მოპასუხისაგან ითხოვს, ამ თოთხმეტი წლის მანძილზე მიღებული მორალური და ფსიქოლოგიური ზიანის, მ-ისა და მისი ოჯახის წევრთა მოქალაქეობრივი, თუ პირადი უფლებების დანაშაულებრივი დარღვევისათვის მიზერულ თანხას – 1000 აშშ დოლარს.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს 1989 წლის საბინაო კოდექსის 62-ე, 58_ე, 69-ე, 99-ე მუხლები და 105-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის მე-4, 119-ე, 137-ე, 144-ე, 212-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე და 411-ე მუხლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, მიყენებული ზიანის 46000 აშშ დოლარის და 1000 აშშ დოლარის მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები,რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. მ-ის მეუღლე დარეჯან კ-ეს ოჯახის სამი წევრის გათვალისწინებით გამოეყო ბონისში, ...ის ქ. ¹40ა-ში (ამჟამად ...ის ქ. ¹56) მდებარე 28 კვ.მ. ფართის ოროთახიანი ბინა, მაგრამ დ. კ-ე და მისი ოჯახის წევრები გამოყოფილ ფართში საცხოვრებლად არ გადასულან, ჩაწერილები დარჩნენ და ცხოვრება განაგრძეს ბოლნისში, ...ის ქ. ¹11ა-ში (ამჟამად ...ის ქ. ¹39) მდებარე 28,44 კვ.მ. ფართის ოროთახიან ბინაში. 1990 წლის 5 მარტს ლ. მ-მა განცხადებით მიმართა ბოლნისის კომუნალური მეურნეობის განყოფილებას ქ. ბოლნისში, ...ის ქ. ¹40-ში გამოყოფილი ოროთახიანი კომუნალური ბინის ჩაბარების შესახებ, რათა სანაცვლოდ ნება დართვოდა ოჯახის საჭიროებისათვის, პირადი საკუთრების უფლებით შეეძინა საცხოვრებელი სახლი. სტიქიით დაზარალებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარების საკოორდინაციო ბიუროს 1990 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის თხოვნა დაკმაყოფილდა და მას გაუფორმდა ა. კ-მ ო-ი ზ-ის პირადი საკუთრების, 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობდა ბოლნისში, ...ი ქ. ¹11-ში. ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბოლნისში, ...ის ქ.¹40-ში მდებარე ოროთახიანი ბინა გადაეცა ლ. ა-ს. 1990 წლის ნოემბერში ლ. მ-ისა და დ. კ-ის ვაჟმა ზ. მ-მა სარჩელიაღძრა სასამართლოში და ითხოვა მოპასუხე ლ. ა-ის გამოსახლება ზემოთ აღნიშნული ბინიდან იმ საფუძვლით, რომ მისმა მშობლებმა ბოლნისში, ...ის ქ. ¹40-ში მდებარე ბინა ჩააბარეს მისი თანხმობის გარეშე, როდესაც იგი იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში.
ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1991 წლის 25 ივნისის განჩინებით ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქართველოს რესპუბილკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა 1992წლის 20 მარტს განიხილა საქართველოს რესპუბილკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პროტესტი ზემოთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და გამოიტანა დადგენილება, რომლითაც პროტესტი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ზ. მ-სა და მისი ოჯახის წევრებს არ მოუპოვებიათ ქ. ბოლნისში, ...ის ქ. ¹40-ში მდებარე სადავო ბინით სარგებლობის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 20 მარტის დადგენილება კანონიერ ძალაშია, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ განცხადება სადავო ბინის ჩაბარების შესახებ დაწერა მორალური, ფსიქოლოგიური დამატერიალური ტერორის ქვეშ ისე, რომ ბინის ჩაბარებაზე არ არსებობდა მისი ოჯახის წევრების თანხმობა და, რომ სადავო ბინაში სხვა პირის (კონკრეტულ შემთხვევაში ლ. ა-ი) შესახლება მოხდა უკანონოდ.
რაც შეეხება ლ. მ-ის მოთხოვნას სარემონტო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოსარჩელის მიერ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 212-ე მუხლზე მითითება არასწორია, რადგანაც აღნიშნული მუხლის თანახმად მოვალეობის წარმოშობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რაც თავის მხრივ გულისხმობს ვალდებულების არსებობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა დადგენილად ის გარემოება, რომ ლ. მ-სა და ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომს, რომლის უფლებამონაცვლეც არის ბოლნისის რაიონის გამგეობა, შორის არ არსებობდა, რომელიც მოსარჩელის მიერ სახლის კაპიტალური შეკეთებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარეთა შორის წარმოქმნილ ურთიერთობათა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი, კერძოდ, ბოლნისის რაიონის სტიქიით დაზარლებულთა, მრავალშვილიან და ხელმოკლე ოჯახთა დახმარების საკოორდინაციო ბიუროს 1990 წლის 1 მარტის ¹42 ოქმი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად ლ. მ-ს, ქ. ბოლნისში, ...ის ქ. ¹40ა-ში მდებარე ოროთახიანი ბინის ჩაბარების სანაცვლოდ უნდა გაფორმებოდა ქ. ბოლნისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ა. კ-მ ო-ი ზ-ის კუთვნილი, 65000 მანეთად ღირებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ოქმით დადგინდა, რომ ლ. მ-ზე გაცემულიყო, ხოლო 38000 მანეთი უნდა გადაეხადა ლ. მ-ს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტით ლ. მ-ს, სადავო ბინის კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარეშე უნდა ჩაებარებინა ქ. ბოლნისში, ...ის ქ. ¹40ა-ში მდებარე ბინა, ხოლო ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომმა ქ. ბოლნისში, ...ის ქ. ¹11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რითაც ჯეროვნად შეასრულა თავის ვალდებულება. ბოლნისის რაისაბჭოს აღმასკომს ლ. მ-ის მიერ ბინის შეკეთებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღარუების ან სხვა რაიმე დამატებითი ვალდებულება არ ეკისრებოდა, რის გამოც მის მიერ არ დარღვეულა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 165-ე მუხლის მოთხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. მ-ის მოთხოვნა, ბინის კაპიტალურად კეთებისათვის გაწეული ხარჯების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად უარი უნდა ეთქვას ლ. მ-ის მოთხოვნას მოცემული საქმის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში განხილვის დროს გაწეული ხარჯებისა დამორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. ლ. მ-ი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.