Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-184-კ-01 12 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: ვალის დაბრუნება და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ს.ს. «თ.» ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაგირავებულად გამოცხადების, საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანის შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს «თ.» ერიცხება საგადასახადო ვადაგადაცილებული დავალიანება 34135,26 ლარის ოდენობით, შემდგომში სასარჩელო განცხადების დანართში შეტანილ იქნა დაზუსტება, რომლის თანახმად 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სს «თ.» დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 63 953 ლარი შეადგინა.

სს «ე.» შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ 1994 წლის სექტემბერ-დეკემბერში სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე, თურქმენეთში გადატვირთული პროდუქციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტს სს «ე.» მიმართ გააჩნია 32 899 აშშ დოლარის დავალიანება. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი მის მიმართ უფრო ადრე წარმოიშვა და აღნიშნული გამოწვეული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ვალის გადაუხდელობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ორგანიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს «ე.» მოითხოვა მის სასარგებლოდ სახელმწიფოსათვის ძირითადი ვალის _ 32 899 დოლარის და მიყენებული ზიანის _ 28 279,98 ლარის დაკისრება, ამ თანხიდან მისი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების გაქვითვა, ხოლო დანარჩენი თანხის ანაზღაურება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სს «ე.» სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ «საქართველოს 1999 წლის სახლწმიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მისი ხარჯვითი ნაწილის მწირი საბიუჯეტო რესურსების გამო, მიმდინარე წელს არ იქნა განსაზღვრული ასიგნებები ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებული დავალიანების დაფარვისათვის. ამდენად, ფინანსთა სამინისტროს აზრით, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი _ დაფინანსების საბიუჯეტო წყარო.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 27.10.99წ. გადაწყვეტილებით საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს «ე.» მოძრავი და უძრავი ქონების დაგირავებულად გამოცხადების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს «ე.» შეგებებული სარჩელი და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა 32899 აშშ დოლარის ეკვივალენტი 63824 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ვინაიდან სს «ე.» 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 63 953 ლარის ოდენობით, სასამართლომ დაადგინა აღნიშნული თანხების გაქვითვა. ამასთან, არ დაკმაყოფილდა სს «ე.» სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული ზიანისათვის 28.879,98 ლარის ფინანსთა სამინისტროზე დაკისრების ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროზე მიყენებული ზიანისათვის 28.879,98 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სს «ე.». აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ ისე თქვა უარი ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ დაუსაბუთებია თუ რაში გამოიხატებოდა მოთხოვნის უსაფუძვლობა და არ გაუბათილებია მის მიერ წაყენებული არგუმენტაცია. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისი დავალიანება საგადასახადო ინსპექციის მიმართ წარმოიშვა ფინანსთა სამინისტროს მიზეზით, რომელმაც კუთვნილი თანხა დროზე არ გადაუხადა აპელანტს, ამდენად, უნდა დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» და «საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონები. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საშინაო ვალის დეპარტამენტის ცნობა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის დავალიანება სს «ე.» მიმართ შეადგენს 21 413 ლარს, ანუ იმ თანხას, რომელიც დაფიქსირებულია სახელმწიფო ვალის რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.03.2000წ. გადაწყვეტილებით სს «ე.» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 27.10.99წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თბილისის ნაძალადევის რაიონული საგადასახადო ინსპექციის სარჩელი, სს «ე.» უძრავი და მოძრავი ქონება 466 593 ლარად ღირებული გამოცხადდა დაგირავებულად სახელმწიფოს სასარგებლოდ, რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით. სს «ე.» შეგებებული სარჩელი ვალის დაბრუნების და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ არ დაკმაყოფლდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატის 29.03.2000წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ე.», კასატორმა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის სარჩელზე უარის თქმა, მისი თავდაპირველი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.09.2000წ. განჩინებით სს «ე.» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 29.03.2000წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 07.07.99წ. ¹429 ბრძანებულება «გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ”, პალატამ მიუთითა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ეხება ბიუჯეტიდან მიმდინარე ან მოსალოდნელი დაფინანსების თანხების საგადასახადო დავალიანებებში ჩათვლის გაუქმებას, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული თანხის გადახდის ვალდებულების და საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა. საკასაციო პალატამ ასევე გაიზიარა კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-7 აბზაცის არასწორად განმარტების შესახებ. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას მიიღოს კანონი «საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», რომლის ფარგლებში მტკიცდება სახელმწიფო ვალის დაფარვის ოდენობა, საკასაციო პალატის აზრით კანონის აღნიშნული ნორმიდან არანაირად არ მომდინარეობს რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონით სახელმწიფოს საშინაო ვალად აღიარებულ დავალიანებას, რომლის გადახდის წესი და ვადები ამავე კანონით განსაზღვრული არ არის, გადახდის ვალდებულების შესრულების ვადა არ დამდგარა. საკასაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნები და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.01წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სს «ე.» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 27.11.99წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1994 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე სს «ე.» თურქმენეთის რესპუბლიკაში გადატვირთა 123164 ლარის ღირებულების პროდუქცია. საქმეში დაცული ¹80 ხელშეკრულების მე-14 პუნქტის და «თურქმენეთთან მომუშავე საწარმო – ორგანიზაციების მიმართ წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის და კულტურის სფეროში დამატებითი სახსრების მოზიდვის მექანიზმების შესახებ» მინისტრთა კაბინეტის 01.11.95წ. ¹685 დადგენილების 1-ლი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვალი დადგენილი უნდა იქნას აშშ დოლარებში და ანაზღაურება უნდა მოხდეს გაადახდის მომენტში შესაბამისი კურსით ლარებში. პალატამ მიიჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტის 01.11.95წ. ¹685 დადგენილების და «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის თანახმად სახელმწიფოს მიერ შიდა ვალში აღებული უნდა ყოფილიყო 114700 ლარი (123164 ლარიდან დეპარტამენტ «ს.» მიერ ვალის აღების მომენტისათვის ანაზღაურდა 8464 ლარი). რადგან 1 აშშ დოლარი შეადგენდა 1.25 ლარს, სახელმწიფო ვალმა 91760 აშშ დოლარი შეადგენდა. სახელმწიფოს მიერ 29.11.96წ. გადახდილ იქნა 25900 ლარი, ე.ი. 20250 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი _ 1,279); 30.06.97წ. 18507 ლარი, ე.ი. 14236 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი – 1,3 ლარი); 21.08.97წ. 31493 ლარი ანუ 24375 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი _ 1,292 ლარი). ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილია 58 861 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, გადასახდელი დარჩა 32899 აშშ დოლარი, რაც ფაქტიურად ტოლფასია ძირითადი გადასახადისა და საურავის სახით სს «ე.» დარიცხული თანხისა.

ვინაიდან, «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლში მითითებულია სახელმწიფოს მიერ შიდა ვალში აღებული ყველა ვალდებულების დაფარვის წესი, გარდა მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების გადახდის წესისა, პალატამ მიუთითა, რომ კრედიტორი კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია სახელმწიფოსაგან ნებისმიერ მომენტში მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, სს «ე.» და სახელმწიფოს ურთიერთმოთხოვნები, რომელთა შესრულების ვადა დამდგარია, შესაძლოა გაიქვითოს. სასამართლომ არ გაიზიარა სს «ე.» მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ზარალის სახით საგადასახადო დავალიანებისათვის საურავის თანხის _ 28879,92 ლარის დაკისრების შესახებ, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, «გადასახადის დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით ზემდგომ საგადასახადო ორგანოში გასაჩივრების ან სასამართლოში აპელაციის შემთხვევაში გადასახადის დარიცხული თანხა ექვემდებარება გადახდას და შეიძლება გადახდევინებული იქნას გასაჩივრების ან აპელაციის მიუხედავად». ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, «თუ საჩივარი ან აპელაცია გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია დაიბრუნოს ამ თანხაზე დარიცხული პროცენტები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით». აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საურავების დაკისრების გზით სს «ელექტროიზოლიტმა» განიცადა ზარალი. გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო სამსახურის მიმართ მოთხოვნის უფლების გამოყენების შემთხვევაში სს «ე.» ზარალი გამოირიცხებოდა, რითაც ამ უკანასკნელმა არ ისარგებლა და მოითხოვა საურავის სახით დარიცხული თანხის მიყენებული ზარალის სახით ფინანსთა სამინისტროზე დაკისრება, სს «ე.» მოთხოვნას უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის მოტივით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ე.» და მოითხოვა მისი გაუქმება მიყენებული ზიანისათვის ფინანსთა სამინისტროზე თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, იმ მოტივით, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ საურავის ოდენობას, რაც საგადასახადო ინსპექციამ დაარიცხა მათი ძირითადი დავალიანების გადაუხდელობის გამო, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიზეზით წარმოიქმნა.

სააპელაციო პალატის 02.07.01წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.11.95წ. ¹685 დადგენილებითა და დეპარტამენტ «ს.» და «ე.» შორის 31.11.96წ. გაფორმებული ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე სს «ე.» წარმოქმნილი დავალიანება _ 114 700 ლარი მიჩნეული იქნა სახელმწიფო ვალად. სხვადასხვა დროს სს «ე.» სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ იქნა თანხის ნაწილი. საქმეში არსებული კონტროლის პალატის 29.05.97წ. ¹6-16-02-1/233 და 05.08.99წ. ¹6-16-1-05-428 წერილების საფუძველზე, «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე და 53-ე მუხლების და საქართველოს პრეზიდენტის 03.07.98წ. ¹339 ბრძანებულების შესაბამისად, სახელმწიფო ვალის რეესტრში სს «ე.» ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა 17 387 ლარით, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის პირველი მუხლის თანახმად სს «ე.» მიმართ არსებული დავალიანება გადაანგარიშებული უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით და ამავე კანონის 48-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად აღებული უნდა იქნეს სახელმწიფოს შიდა ვალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქმის გარემოებები არ არის სრულყოფილად დადგენილი, გადაწყვეტილება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის I ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვის წესი, ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებებისაგან განსხვავებით, დადგენილი არ არის, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, სს «ე.» უფლებამოსილია მოითხოვოს მისი შესრულება. პალატა ადასტურებს აგრეთვე საკასაციო პალატის 22.09.2000წ. განჩინებაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ «საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სახელმწიფოს ვალდებულება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მიიღოს «საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონი და განსაზღვროს სახელმწიფო ვალის დაფარვის ოდენობა არ ნიშნავს, რომ გადახდის ვალდებულების შესრულების ვადა არ დამდგარა. ამასთანავე, პალატა უმართებულოდ თვლის სახელმწიფო ვალის გაქვითვას საგადასახადო დავალიანებასთან, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად, საგადასახადო დავალიანება არ არის დამოკიდებული სხვა საბიუჯეტო დავალიანებისაგან, საგადასახადო ვალდებულება სრულდება გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებული არასაგადასახადო ხასიათის ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად, აკრძალულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა ან მისი შესრულების წესის ცალმხრივად შეცვლა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობით. «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს, არ ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის გაქვითვის ამგვარ ფორმას, საგადასახადო დავალიანების სახელმწიფო ვალში გაქვითვის მოთხოვნა არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის 1-ლი, მე-3, მე-4, 28-ე, 30-ე მუხლების საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ სახელმწიფოს დავალიანება სს «თ.» მიმართ არ წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების შეუსრულებლობის მიზეზს, კონსტიტუციის 94-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობით და წესით. უმართებულოა ურთიერთობის მონაწილეთა თანასწორობაზე დაფუძნებული კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის გამოყენება საჯარო-სამართლებრივ, საგადასახადო ურთიერთობებზე, რომელიც ემყარება ერთი მხარის მეორესადმი სახელისუფლეო დაქვემდებარებაზე. საგადასახადო სამართალი გამორიცხავს, სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, მოვალეობების დაკისრებას მესამე პირებზე, მხარეებს არა აქვთ უფლება მოაწესრიგონ თავიანთი საგადასახადო ვალდებულებები გარიგების საშუალებით, შეიტანონ ხელშეკრულებაში საგადასახადო შესწორებები. აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების დარეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადების დაბეგვრასთან (საგადასახადო კოდექსის 4.7 მუხლი), საგადასახადო სისტემაში შემავალი გადასახადების აკრეფასა და გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საგადასახადო კოდექსი (1.1. მუხლი).

სასამართლომ არ იქონია მსჯელობა კონტროლის პალატის «ს.» შემოწმების შედეგად დავალიანების შემცირებაზე. სააპელაციო პალატას არ მიუცია შეფასება საქმეში დაცულ საქართველოს კონტროლის პალატის 29.05.97წ. ¹6-16-02-1/233 და 05.08.99წ. ¹6-16-1-05-428 წერილებისათვის, რომელთა თანახმადაც ს/გ «ს.» და კონტროლის პალატაში არსებული შემოწმების მასალებზე დაყრდნობით და შემოწმების მომენტში ს/გ «საქგაზი»-ს მიერ გაწეული ანაზღაურების გათვალისწინებით დარჩენილი იყო 74,8 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა. კონტროლის პალატის 05.08.99წ. ¹6-16-1-05-428 და სს «ე.» 14.03.01წ. ¹02/04 წერილებიდან ირკვევა, რომ კონტროლის პალატის რევიზიის აქტით შემცირდა მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის ასანაზღაურებელი თანხები. სასამართლოს არ გამოუთხოვია საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც შედგა 05.08.99წ. ¹6-16-1-05-428 წერილი, არ გაურკვევია აღნიშნული აქტის ძალაში ყოფნის საკითხი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამ მიმართებით კასატორის – სს «ე.» მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო ექსპერტიზის 17.10.97წ. დასკვნით გაუქმდა კონტროლის პალატის რევიზიის აქტი, ექსპერტიზის აღნიშნულ დასკვნაში სს «ე.» არ არის მოხსენიებული, «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონი არ ითვალისწინებს კონტროლის პალატის რევიზიის აქტის გაუქმებას ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული დასკვნის შემდეგ 05.08.99წ. წერილით საქართველოს კონტროლის პალატა კვლავინდებურად ადასტურებს დავალიანების შემცირებას მინისტრთა კაბინეტის 13.08.94წ. ¹569 დადგენილების საფუძველზე, სს «ე.» «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონით დადგენილი წესით (57-ე მუხლი) არ გაუსაჩივრებია აღნიშნული აქტი, სასამართლოს ამ მიმართებით არ დაუდგენია საქმის გარემოებები, ამდენად, არ არის სრულყოფილად დადგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანების ოდენობა სს «ე.».

არ არის ჯეროვნად დადგენილი აგრეთვე მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ვალსა და წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას შორის. მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი წარმოშობილია საგადასახადო დავალიანების წარმოშობამდე არ არის საკმარისი მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «თ.» 1999 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 63958 ლარი, ამასთანავე არ არის დადგენილი თუ როდის წარმოიქმნა საგადასახადო დავალიანება, რა კავშირი აქვს მას სახელმწიფო ვალში აღებულ თანხასთან. სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმის შესახებ თუ რომელი შემოსავლის მიღების შედეგად იქნა წარმოშობილი მოგების გადასახადზე დარიცხული საურავის თანხა, რა პერიოდის სასაქონლო ბრუნვის შედეგად წარმოიქმნა დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დავალიანება და სხვ.

ამასთანავე, პალატა არ იზიარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სს «ე.» ასანაზღაურებელი თანხა ექვემდებარება შემცირებას საქართველოს პრეზიდენტის 03.07.98წ. ¹399 ბრძანებულების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებდა თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ღირებულების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვას ნებაყოფლობითობის საფუძველზე, სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფო კუთვნილი აქციებით. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, აქციათა გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 15.09.98წ., საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სააქციო საზოგადოებებში სახელწმიფოს კუთვნილი აქციების საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის აქციების გადაცემიდან სამ დღეში. ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო აქციების გადაცემა ვერ დაადასტურა. ამასთანავე, საწარმო-ორგანიზაციების მიმართ წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ანაზღაურებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესპუბლიკის აქციონირებულ საწარმოთაA აქციებით იმპერატიულად ადგენდა აგრეთვე მინისტრთა კაბინეტის 01.11.95წ. ¹685 დადგენილების მე-2 პუნქტი, ამ მიმართებით სასამართლოს არ დაუდგენია საქმის გარემოებები და არ იქონია მსჯელობა.

პალატა შეუძლებლად თვლის დაკისრებული საურავის სახით მიყენებული ზიანის განსაზღვრას მაშინ, როდესაც არ არის დადგენილი საშინაო ვალის საბოლოო თანხის ოდენობა, საშინაო ვალსა და წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებას შორის მიზეზობრივი კავშირი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა სს «ე.» უნდა მოეთხოვა საგადასახადო ინსპექციისათვის, რაც გამორიცხავს ზარალს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ვალის გადაუხდელობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით საურავის თანხის დაკისრების ნაწილში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროზე დაკისრებული შიდა ვალის თანხა უნდა გაიქვითოს საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც ძირითად საგადასახადო დავალიანებასთან ერთად (35073,50ლ.) ითვალისწინებდა აგრეთვე საურავის თანხას (28 879,98 ლ.). ასეთ პირობებში უმართებულოა სააპელაციო პალატის მითითება საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, მით უფრო, რომ თვით საგადასახადო დავალიანებას სს «ე.» სადავოდ არ ხდის და აღიარებს დაკისრებული საგადასახადო დავალიანების და საურავის თანხის მართებულობას. სააპელაციო პალატის მსჯელობა ამ ნაწილში წინააღმდეგობრივია და ვერ იქნება გაზიარებული. ზიანის ანაზღაურების სახით საურავის დაკისრების საკითხი უნდა გადაწყდეს შიდა ვალის საგადასახადო დავალიანებასთან გაქვითვის შესაძლებლობისდა მიხედვით. საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევის გამო საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტიოლების მიღებას, საკასაციო საჩივრებში მოყვანილი ყველა არგუმენტის შეფასებას, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება სს «ე.» სახელმწიფოს საშინაო ვალის თანხის ოდენობის ზუსტი დადგენა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სს «ე.» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 02.07.01წ. განჩინება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.