Facebook Twitter

3გ-ად-184-კ-02 27 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მიწის იჯარის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 27 სექტემბერს ნ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს და 1998 წლის 27 ნოემბერს მასსა და ყვარლის რაიონის გამგეობას შორის გაფორმებული მიწის იჯარის ხელშეკრულების დადებულად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ 1998 წლის 8 ნოემბერს ყვარლის რაიონის გამგეობამ გაზეთ «...ში» სოფლის პირა საძოვრის _ «სამეტრიანების ბოლოს” _ 37 ჰა-ს იჯარით გაცემის შესახებ კონკურსი გამოაცხადა. 1998 წლის 27 ნოემბერს შედგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი რაიონული კომისიის სხდომა, სადაც კონკურსის პირობების შესაბამისად დალუქული კონვერტებით შემოსული განცხადებები განიხილეს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი რაიონული კომისიის 1998 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით და ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209 დადგენილებით ნ. ს-ს სოფელ ...ის ტერიტორიაზე მდებარე 37,0 ჰექტარი სოფლის პირა საძოვარი 49 წლის ვადით იჯარით გადაეცა.

ყვარლის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ მიწის იჯარის ხელშეკრულება მოამზადა, რისთვისაც მოსარჩელეს 57 ლარი გადაახდევინა. მიწის იჯარის ხელშეკრულება 1999 წლის იანვარში ხელის მოსაწერად რაიონის გამგეობას გადაეგზავნა, მაგრამ მოსარჩელისათვის გაუგებარი მიზეზების გამო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი დღემდე შეჩერებულია. უფრო მეტიც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის მუდმივმოქმედი კომისიის 1999 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ეთხოვა რაიონის გამგეობას 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209 დადგენილებით დამტკიცებული მიწის იჯარის შესახებ მუდმივმოქმედი კომისიის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასევე მუდმივმოქმედმა კომისიამ წამოაყენა წინადადება საიჯარო ხელშეკრულების ერთი წლის ვადით განსაზღვრის შესახებ, იმ პირობით, რომ საძოვარს სოფლის მოსახლეობა გამოიყენებდა. Aმუდმივმოქმედი კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება დამტკიცდა ყვარლის რაიონის გამგეობის 1999 წლის 19 მარტის ¹28 დადგენილებით. ნ. ს-ს კი 1998 წლის 7 დეკემბერს იჯარით აღებული მიწის გადასახადი 195 ლარის ოდენობით, ხოლო 1999 წლის 17 დეკემბერს _ 185 ლარის ოდენობით, კვლავ გადაახდევინეს.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დააფუძნა.

მოპასუხის ყვარლის რაიონის გამგეობის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო 2000 წლის 7 ნოემბერს ყვარლის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ნ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თუმცა შემდგომ 2000 წლის 10 ნოემბერს ყვარლის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის დასაბუთებული განმარტების საფუძველზე ყვარლის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 13 ნოემბრის განჩინებით 2000 წლის 1 ნოემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

საქმის განხილვის ეტაპზე 2000 წლის 22 ნოემბერს ყვარლის რაიონულ სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მესამე პირმა სოფელ ...ის საკრებულომ მიმართა და ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209-ე დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

მესამე პირმა, ...ის თემის საკრებულოს თავმჯდომარემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ გამოცხადებული კონკურსის პირობები და მისი ჩატარების ვადები მოქმედ კანონმდებლობას_ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებულ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-8 თავის მე-2 პუნქტს და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996 წლის 6 აგვისტოს ¹2-202 ბრძანების მე-3 პუნქტის მოთხოვნებს _ ეწინააღმეგებოდა. მესამე პირის განმარტებით, საძოვარი კანონმდებლობიდან და სოფლის ტრადიციებიდან გამომდინარე სოფლის მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს. მან თავისი მოთხოვნა ყვარლის რაიონის გამგეობის 1999 წლის 19 მარტის ¹28 დადგენილებასა და მუდმივმოქმედი კომისიის 1999 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების მოთხოვნებზე დააფუძნა.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე ...ის თემის საკრებულოს სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209 დადგენილება და მუდმივმოქმედი კომისიის 1998 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სოფელ ...ის სოფლის პირა საძოვრის ნ. ს-ზე გადაცემის ნაწილში. ყვარლის რაიონის გამგეობასა და მუდმივმოქმედ კომისიას 1998 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების სრული დაცვით სოფელ ...ის სოფლისპირა საძოვრის იჯარით გაცემაზე კონკურსის ჩატარება დაევალა.

2001 წლის 20 მარტს ნ. ს-მა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. აპელანტმა საპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ კონკურსის არცერთი პირობა მას არ დაურღვევია და კონკურსის პირობებიც კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადდა.

მოწინააღმდეგე მხარემ ყვარლის რაიონის გამგეობამ სასამართლო პროცესზე სარჩელი ფაქტიურად ცნო და მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

მესამე პირმა სოფელ ...ის თემის საკრებულოს სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 5 აპრილის ახალი გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონკურსის ჩატარებისას «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული _ სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები დაირღვა. აქედან გამომდინარე, მესამე პირის _ სოფელ ...ის გამგეობის _ დამოუკიდებელი სარჩელი ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209 დადგენილებისა ნ. ს-ისათვის 37 ჰა საძოვრის 49 წლის ვადით გაცემის შესახებ მიწის იჯარით გაცემის შესახებ მუდმივმოქმედი კომისიის 1990 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილობის ნაწილში დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა ფორმალური ხასიათისაა. კერძოდ, პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკურსი 27 ნოემბერს ჩატარდებოდა, თუ 28 ნოემბერს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის აზრით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, ნ. ს-ისათვის 37 ჰა სასოფლო_სამეურნეო მიწის (საძოვრის) 49 წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ, ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209-ე დადგენილებისა და სასოფლო_სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 1998 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკმარის საფუძვლად მხოლოდ ის გარემოება მიიჩნია, რომ სადავო 37 ჰა სასოფლო_სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საძოვარზე) გამოცხადებული კონკურსი, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო_სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ» დებულების მე-8 თავის მე-2 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე-20 დღის ნაცვლად, ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე-19 დღეს, ერთი დღით ადრე, ჩატარდა, რასაც ვერ დაეთანხმება საკასაციო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ აღნიშნული დარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს ზემოთმითითებული დებულების არსებით დარღვევად, რადგან კანონმდებელი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად მხოლოდ კონკურსის ჩატარების არსებით დარღვევებს მიიჩნევს, რის შედეგადაც შესაძლებელია სხვა შედეგი დამდგარიყო. მოცემულ შემთხვევაში კი კონკურსში ნ. ს-თან ერთად, როგორც ფიზიკური პირი, ...ის თემის საკრებულოს მაშინდელი გამგებელი _ ვ. ქ-იც მონაწილეობდა, რომელსაც, როგორც საკრებულოს გამგებელს, აღნიშნული საძოვრის სოფლისათვის დატოვება არ მოუთხოვია.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ყ-დღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმის ხელმეორედ განხილვისას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელი იყო ყვარლის რაიონის გამგეობისაგან ...ის თემის გამგებლობაში შემავალ სოფლის პირა საძოვარზე კონკურსის გამოცხადება და 37 ჰა სასოფლო_სამეურნეო მიწის (საძოვრის) 49 წლით ერთი პირისათვის გადაცემა. ხომ არ უნდა შენარჩუნებოდა სოფელს პირუტყვის გასარეკები და სათიბ_საძოვრები.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, უნდა გამოარკვიოს, შედის თუ არა სადავო 37 ჰა სასოფლო_სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საძოვარი) ყვარლის რაიონის გამგეობის დადგენილებით ...ის თემის საკრებულოსათვის იჯარით გადაცემულ 104 ჰა მიწის ნაკვეთში, რომლის წერილობითი მტკიცებულებებიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი. მხოლოდ ზემოაღნიშნული გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა იმსჯელოს სააპელაციო სასამართლომ ყვარლის რაიონის გამგეობის 1998 წლის 2 დეკემბრის ¹209-ე დადგენილებისა და სასოფლო_სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 1998 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.