Facebook Twitter

3გ\ად-186-კ-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება, მოსარჩელის ცნობა უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად.

შეგებებული სარჩელის საგანი: საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 8 ნოემბერს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა გ. შ.-მა მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და მესამე პირის, გ. მ.-ლის, მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მძიმე საბინაო პირობების გამო მოსარჩელე, დაბა ...-ში მცხოვრები გ. შ.-ი ოჯახთან ერთად 1990 წელს მამამისის სახლიდან საცხოვრებლად გადავიდა დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ კოტეჯში. შესახლება მოხდა ა. გ.-ს სიტყვიერი ნებართვით, რადგანაც იმ პერიოდში აღნიშნული შენობა მას ჰქონდა გადაცემული სარგებლობის უფლებით.

მოსარჩელის განმარტებით, 1990 წლიდან ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა აღნიშნულ შენობაში, იხდიდა სხვადასხვა გადასახადებს, უვლიდა შენობასა და მიმდებარე მიწის ნაკვეთს.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაწყებისთანავე მოსარჩელე მიმართავდა ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აღნიშნული აგარაკის მის სახელზე პრივატიზების ნების დართვის თაობაზე, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ იმ საფუძვლით, რომ აგარაკი პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა.

მოსარჩელის განმარტებით, 1997წ. 27 ნოემბერს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ კონკურსის პირობების უხეში დარღვევით აღნიშნულ შენობაზე _ ¹13 კოტეჯზე _ კონკურსში გამარჯვებულად ცნო გ. მ.-ლი და გაუფორმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ კოტეჯზე სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1997წ. 27 ნოემბერს ჩატარებული კონკურსის გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

1. მოსალოდნელი კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მთელი რიგი საკითხების გარეშე. კერძოდ, 1997წ. 18 ნოემბრის გაზეთ «...-ში» არ იყო მითითებული, მიწის რა ფართობზე იყო განთავსებული ¹13 სააგარაკო კოტეჯი.

2. საკონკურსო პირობებად მითითებული იყო აბსურდული კრიტერიუმები, რაც აბნევდა დაინტერესებულ პირს.

3. მოსალოდნელი კონკურსის განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ როდის და სად გაიხსნებოდა განაცხადების შესახებ კონვერტები.

4. მოპასუხეც და მესამე პირიც იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადებისას იყვნენ არაკეთილსინდისიერი პირები, ვინაიდან მოსარჩელე 1990 წლიდან მუდმივად ფლობდა სადავო კოტეჯს. მოპასუხისათვის და მესამე პირისათვის ცნობილი იყო, რომ ¹13 კოტეჯი ნივთობრივადაც და უფლებრივადაც ნაკლიან ნივთს წარმოადგენდა.

5. 1997წ. 27 ნოემბერს ჩატარებული კონკურსის შემდეგ გ. მ.-ლსა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტს (ამჟამად სამმართველო) შორის 1997წ. 8 დეკემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ყალბი იყო და ქონება მყიდველს რეალურად არ გადასცემია.

6. 1997წ. 27 ნოემბერს ჩატარებული კონკურსის უკანონობა ცნო საქართველოს კონტროლის პალატამ 1998წ. 30 ოქტომბრის აქტით.

7. მოსარჩელე 10 წლის მანძილზე უწყვეტად ფლობდა სადავო კოტეჯს, მაგრამ ვერ მიაღწია, რომ ქირავნობის ხელშეკრულება გაეფორმებინა მერიის შესაბამის სამსახურთან, რათა დადასტურებულიყო მისი კანონიერი მფლობელობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:

1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელ კოტეჯზე 1997წ. 27 ნოემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა;

2. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და გ. მ.-ლს შორის გაფორმებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება;

3. სადავო კოტეჯზე უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად მოსარჩელე გ. შ.-ის ცნობა;

4. იურიდიული ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ 1990 წლიდან მოსარჩელე, როგორც დამქირავებელი სადავო კოტეჯს მუდმივად ფლობდა და მისთვის სამი წლის ქირის გადახდის დაკისრება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვის პერიოდში შეგებებული სარჩელი აღძრა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მოპასუხე გ. შ.-ის მიმართ. მესამე პირად მოსარჩელემ მიუთითა გ. მ.-ლზე.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის მერიის 1997წ. 2 ოქტომბრის ¹109 განკარგულებით დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯი შეტანილ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში. 1997წ. 13 ოქტომბრის ¹1-3/1041 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზებო კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ აღნიშნული კოტეჯის იჯარით გამოსყიდვის უფლება განხორციელებულიყო კონკურსის ფორმით. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, კანონით დადგენილი წესით ჩატარდა კონკურსი, სადაც გაიმარჯვა გ. მ.-მ და 1997წ. 8 დეკემბერს მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ზემოთ მითითებული კოტეჯი თვითნებურად დაკავებული ჰქონდა გ. შ.-სა და მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც არაერთხელ გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებდნენ კოტეჯს.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, თავდაპირველი მოსარჩელე იყო არაკეთილსინდისიერი მფლობელი, რის გამოც ითხოვა გ. შ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება სადავო კოტეჯიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 მარტის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, როგორც არასათანადო მოსარჩელე, შეიცვალა სათანადო მოსარჩელე გ. მ.-ით. იმის გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი, სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნით გ. მ.-ის წარმომადგენელთა მიერ დადასტურდა, რომ მათი მარწმუნებლის მოთხოვნას წარმოადგენდა გ. შ.-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება სადავო კოტეჯიდან.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით გ. შ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დაკმაყოფილდა გ. მ.-ის შეგებებული სარჩელი და გ. შ.-ი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე სააგარაკო კოტეჯიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 14 მარტს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება; გ. შ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დაკმაყოფილდა გ. მ.-ლის შეგებებული სარჩელი. გ. შ.-ი, ლ. მ.-ი, ვ. და ზ. შ.-ები გამოსახლდნენ დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე კოტეჯიდან.

გ. შ.-მა და ლ. მ.-მა საკასაციო საჩივრით ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

კასატორებმა თავიანთი მოთხოვნა დააფუძნეს საქართველოს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» პუნქტებზე, 394-ე მუხლის «ე» პუნქტზე, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-9 მუხლზე, «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის «ი» ქვეპუნქტსა და მე-12, მე-14 პუნქტებზე, ამავე დებულების მე-3, მე-4, მე-5 მუხლებზე, «სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ი» და «კ» ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიის 1997წ. 2 ოქტომბრის ¹109 განკარგულებით დამტკიცდა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შევიდა დაბა ...-ში, ...-ის ქ. ¹13-ში მდებარე სააგარაკო კოტეჯი.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997წ. 13 ოქტომბრის ¹1-3/1041 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზებო კომისია ¹13 კოტეჯის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.

გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავდა მითითებას ¹13 კოტეჯის ადგილმდებარეობის, საერთო ფართის, მისი კონკურსის ფორმით გაცემის, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების, ყოველთვიური საიჯარო ქირისა და «ბეს» ოდენობის, განცხადებების მიღების ვადის, კონკურსის ჩატარების თარიღის, დროის, მისამართის, საკონტაქტო ტელეფონების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართალია, გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიცავს მითითებას კონკურსის მონაწილეთა წინადადებების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღის, დროის, ადგილის, აგრეთვე, საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობის შესახებ, მაგრამ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილისა და სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ამ დარღვევას არ შეეძლო, გავლენა მოეხდინა აღნიშნული კოტეჯის პრივატიზების შედეგებზე, ვინაიდან საპრივატიზებო ობიექტის ზუსტი მისამართისა და საერთო ფართის მითითება საგაზეთო ინფორმაციაში საშუალებას აძლევდა აღნიშნული ობიექტის შეძენის მსურველ ნებისმიერ პირს, მონაწილეობა მიეღო კონკურსში, ხოლო კონვერტის გახსნის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ მიუთითებლობას ხელი არ შეუშლია მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ კონკურსში, რადგანაც კასატორებმა საკასაციო სასამართლოში სხდომაზე განმარტეს, რომ მათთვის საგაზეთო ინფორმაციიდან ცნობილი იყო სადავო კოტეჯზე კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო, ადგილი, მაგრამ მათ არ მიიღეს მონაწილეობა კონკურსში, რადგანაც ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოში ზეპირად განუმარტეს, რომ კონკურსი არ ჩატარდებოდა. აღნიშნულ არგუმენტს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მტკიცებულებების არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებში არსებული ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ჟურნალი, სადაც 33-ე ნომრად რეგისტრირებულია გ. მ.-ლი, უნდა ჩაითვალოს «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიის ზონარგაყრილ დავთრად, ვინაიდან, როგორც ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა განმარტა, მხოლოდ აღნიშნულ ჟურნალში ხდებოდა კონკურსში და აუქციონში მონაწილების მსურველთა რეგისტრაცია.A აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. მ.-ლმა კონკურსში მონაწილის სტატუსი შეიძინა მითითებულ ჟურნალში რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე დართული საპრივატიზებო მასალების მე-5 გვერდზე არსებული გ. მ.-ლის მიერ ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოში შეტანილი განცხადება, რომლის თანახმად სადავო კოტეჯი უკვე გ. მ.-ლზე იყო გამოყოფილი და განმცხადებელი ითხოვდა გამოსყიდვის უფლებით იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო სადავო კოტეჯი მხოლოდ ამის შემდგომ, იმავე წლის 2 ოქტომბერს შევიდა საპრივატიზებო ნუსხაში, აგრეთვე, ის, რომ 1997წ. 10 ნოემბრით დათარიღებული გ. მ.-ლის განაცხადი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიმართ, სადავო კოტეჯის პრივატიზებასთან დაკავშირებით 1997წ. 27 ნოემბრის კონკურსში მონაწილეობის შესახებ სათანადო წესების დაცვით არ იყო შედგენილი, არ შეიძლება გახდეს სადავო კოტეჯზე 1997წ. 27 ნოემბერს ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და გ. მ.-ლს შორის 1997წ. 8 დეკემბერს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით საიჯარო ხელშეკრულებისა და გ. მ.-ლის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. შ.-ის მიერ კოტეჯის დაკავების იურიდიული საფუძველი არ არსებობს. მათი თვითნებური შესახლება აღნიშნულ კოტეჯში არ შეიძლება იყოს მასზე რაიმე უფლების წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას სადავო კოტეჯის უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირად ცნობის თაობაზე, რადგანაც სსკ-ს 209-ე მუხლში, რომელსაც სარჩელის საფუძვლად იყენებს მოსარჩელე, მითითებულია ბინის დამქირავებლებზე. მხოლოდ მათ გააჩნიათ ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება და არა ბინაში თვითნებურად შესახლებულ პირებს, რომლებიც არ არიან დამქირავებლები.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონი არ უშვებს უპირატესი შესყიდვის უფლებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დააკმაყოფილა გ. მ.-ლის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა გ. შ.-ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო კოტეჯიდან გამოსახლების თაობაზე, რადგანაც 1998წ. 12 მარტის ¹23\416-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანახმად სადავო კოტეჯის მესაკუთრე არის გ. მ.-ი, რომელსაც სსკ-ს 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, მფლობელისათვის მოეთხოვა ნივთის _ სადავო კოტეჯის უკან დაბრუნება, რადგანაც მფლობელებს არ ჰქონდათ აღნიშნული კოტეჯის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, ხოლო, რადგანაც მფლობელთა მხრიდან უარი მიიღო, გ. მ.-მ სწორად მოითხოვა მფლობელის მოქმედების აღკვეთა სასამართლოში შეგებებული სარჩელის შეტანით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დაადგინა:

1. გ. შ.-ისა და ლ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება.

3. კასატორები, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.