3გ/ად-187-კ-01 16 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხეების ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობა და სადავო ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ე. ა-იანის, ა. ს-ინასა და ქ. ბათუმის ¹..... მიკრორაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის 2016 სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის _ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბინა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული იყო ს-ევზე, რომელიც არ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში. რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, ბინა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული ე. ა-იანს და ა. ს-ინას. 1998 წლის 29 აპრილს ე. ა-იანმა და ქ. ბათუმის ¹.... მიკრორაიონის გამგეობამ გააფორმეს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც აღნიშნული ბინა საკუთრებაში გადაეცა ე. ა-იანს. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ ზემოთ მითითებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა კანონს, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებას, რომლის თანახმად სამსახურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელე სარჩელში ითხოვდა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას, სადავო ბინაზე ე. ა-იანის უფლებადაკარგულად ცნობას და მოპასუხეების გამოსახლებას აღნიშნული ბინიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹12 ბინაზე დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება გაუქმდა. სადავო ბინიდან გამოსახლდნენ მოპასუხეები და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.
ბოლოს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტებს: ე. ა-იანს, ა. ს-ინასა და ქ. ბათუმის ¹..... მიკრორაიონის გამგეობას უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები:
სადავო ბინა ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹..... სამხედრო ნაწილს. თავდაპირველად, 1986 წლის 15 აგვისტოს, აღნიშნული ბინა ორდერით, დამქირავებლის უფლებით, გადაეცა სამხედრო მოსამსახურე ი. ს-ევს ოჯახთან ერთად. საბინაო ორდერში ი. ს-ევის გარდა, მითითებულნი იყვნენ მისი მეუღლე ს. ს-ევა და მათი სამი შვილი.
1997 წლიდან ს-იაევი აღარ მსახურობდა საქართველოს ტერიტორიაზე. იგი გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების დისლოკაციის სხვა ტერიტორიაზე, მაგრამ მას სამსახურებრივი ბინა არ ჩაუბარებია 2016 სამხედრო ნაწილისათვის, რადგანაც აღნიშნულ ბინაში ცხოვრობნენ მისი მეუღლე და სამი შვილი.
1998 წლის 24 აპრილს სადავო ბინაში რეგისტრაცია გაიარა ე. ა-იანმა, რომლის ძმა ა. ა-იანი, ი. ს-ევის საქართველოდან წასვლის შემდეგ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ს-ევასთან. ს. ს-ევასა და ი. ს-ევის განქორწინების დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვებოდა. პირიქით, ა. ა-იანი იმ პერიოდში რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვინმე გ. ღ-ძესთან.
მართალია, საქმეში არის რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹..... სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის მიერ ს. ს-ევასათვის ბინის პრივატიზაციისათვის გაცემული წერილობითი ნებართვა, მაგრამ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის გარნიზონის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ¹4 ოქმს, რომლითაც დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნული წერილობითი ცნობა-ნებართვა ჩათვლილიყო ძალადაკარგულად, რადგანაც ასეთი ნებართვა ..... სამხედრო ნაწილს არ გაუცია. იმავე ოქმით დადგინდა, რომ ს. ს-ევას, როგორც საკონტრაქტო სამსახურის რიგით თანამშრომელს, სამსახურებრივი ბინა არ ეკუთვნოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამსახურებრივი ბინა არ ეკუთვნოდა, აგრეთვე, ს. ს-ევასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ა-იანის ძმას _ ე. ა-იანს, რადგანაც იგი ვერ ჩაითვლებოდა ს. ს-ევას მაზლად და ოჯახის წევრად.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხავზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუველყოფის შესახებ» დროებითი დებულების მე-20 და 22-ე მუხლები.
ე. ა-იანმა და ა. ს-ინამ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ ბათუმის ტექინვენტარიზაციის მასალებში სადავო ბინა ფიქსირდება ბათუმის ქალაქის საბჭოს მფლობელობაში და არსად არ არის მითითებული, რომ მისი მესაკუთრე იყო მოსარჩელე.
სადავო ბინის პრივატიზაციის დროს და მანამდეც ტექინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში აღნიშნული ბინის მესაკუთრედ მითითებული იყო თვითმმართველობის ორგანო. ამდენად, კასატორთა განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას არ შეიძლებოდა, მათთვის ცნობილი ყოფილიყო გარიგების დადების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. ამას თან დაერთო ნოტარიუსის მიერ მესაკუთრის შემოწმებისა და დადგენის დადასტურება, რამაც გამორიცხა ყოველგვარი ეჭვი, რომ თვითმმართველობის ორგანო არ იყო მესაკუთრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად უნდა გამოირიცხოს კასატორთა პასუხისმგებლობა.
კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის სამართალმემკვიდრე არის მოსარჩელე; არ არსებობს, აგრეთვე, სადავო ბინის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემისა და მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშულიდან გამომდინარე, კასატორები მიუთითებენ, რომ საქმეში არსებული მასალებით არ მტკიცდება არის თუ არა სათანადო მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო და უფლება აქვს თუ არა იდავოს, როგორც მესაკუთრემ.
კასატორთა განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ ორდერზე, რომელიც გაცემულია ი. ს-ევსა და მისი ოჯახის წევრებზე, არ არის მითითებული, რომ სადავო ბინა სამსახურებრივი დანიშნულების იყო და ორდერი გაცემულ იქნა დროებით. იგი გაიცა მუდმივად ბათუმის აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე და იძლეოდა სადავო ბინის პრივატიზაციის შესაძლებლობას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-20 და 22-ე მუხლები, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად განჩინება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით. ეს კი განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
კასატორებმა საკასაციო საჩივარში ითხოვეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოდან გასვლამდე, სადავო ბინა ირიცხებოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე, ხოლო შემდეგ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.
მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შეპასუხება კასატორების: ე. ა-იანისა და ა. ს-ინას საკასაციო საჩივარზე.
შეპასუხებას თან ერთვის ქ. ბათუმის ვიცე-მერი რ. ბ-ის 2001 წლის 7 სექტემბრის წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი «ქ. ბათუმის აღმასკომის 1987 წლის 22 დეკემბრის ¹1179 გადაწყვეტილებით გადაცემული იქნა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილი 2016-ის საბინაო ფონდში».
აღნიშნული წერილის თანახმად ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1987 წლიდან 1999 წლამდე ფაქტობრივად ირიცხებოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე. ხოლო 1999 წლის ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, მისი კუთვნილი ქონება სამართალმემკვიდრეობით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატმენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს.
წერილში მითითებულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე.
ამის საწინააღმდეგოდ კასატორთა წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა აჭარის ა/რ ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემული ორი ცნობა.
2001 წლის 27 ივნისის ცნობიდან ცნობიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად ირიცხება ქ. ბათუმის მერიის სახელზე.
2002 წლის 8 იანვრის ცნობაში კი აღნიშნულია, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალების თანახმად ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1987 წლიდან ფიქსირებული იყო ქ. ბათუმის აღმასკომის სახელზე.
აღნიშნულ წერილში, აგრეთვე, მითითებულია, რომ ქ. ბათუმის აღმასკომის 1988 წლის 27 აპრილის ¹389 გადაწყვეტილებით ექსპლუატაციაში შევიდა ¹..... სამხედრო ნაწილის საუწყებო საცხოვრებელი სახლი მდებარე .... ქ. ბათუმში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოარკვია, თუ რომელი უწყება იყო სადავო ბინის მესაკუთრე მისი პრივატიზაციის დროს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ვინაიდან საქმეში არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, კერძოდ, სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელშიც ბინის მესაკუთრედ ითვლებოდა თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე, სხვა მტკიცებულებები, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ სადავო ბინის მესაკუთრე იყო ჯერ რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახური, ხოლო მისი საქართველოდან გასვლის შემდეგ _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას თავად უნდა შეეგროვებინა სრულყოფილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ან უარყოფდნენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული და შესაბამისად მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ა-იანისა და ა. ს-ინას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.