3გ-ად-188-კ-01 17 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება; ბინის პრივატიზაციის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. კო-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მიუთითებდა, რომ 30.06.99წ. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით მოქალაქე ნ. კ-ძისაგან შეიძინა საცხოვრებელი სახლის 1/7 ნაწილი, მდებარე ... ქ. ბათუმი, 79,91 კვ.მ. საერთო ფართით. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით, დამოწმებული იქნა ნოტარიულად და სათანადო წესის დაცვით აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად, ზემოაღნიშნული სახლის ნაწილზე გაიცა ტექნიკური პასპორტი. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ნ. კ-ძეს უნდა დაეცალა გასხვისებული სახლის ნაწილი, მაგრამ იგი დღემდე აგრძელებს იქ ცხოვრებას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება მისი საკუთრების გამოყენებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ნ. კ-ძის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება მისი კუთვნილი ბინიდან.
ნ. კ-ძემ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მძიმე ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა კუთვნილი სახლის გაყიდვა. მის მეზობლად ახლად მშენებარე სახლის მეპატრონესთან შ. ა-ძესთან მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ სახლის 20 000 აშშ დოლარად ყიდვა-გაყიდვაზე. ფაქტიურად შ. ა-ძემ და ნ. კო-ძემ, რომელთანაც გაფორმდა უშუალოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, გადაუხადეს მხოლოდ 6000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა _ 14000 აშშ დოლარი მყიდველებმა აღარ გადაიხადეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ-ძემ მოითხოვა 30.06.99წ. ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ნ. კ-ძის დის შვილმა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა მ. პ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ დაბადებიდან ცხოვრობს დეიდის _ ნ. კ-ძის ოჯახში ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ დეიდამ მისი თანხმობის გარეშე მოახდინა საცხოვრებელი სახლის პრივატიზაცია და ბინა გაყიდა მიზერულ ფასში. მ. პ-იამ მოითხოვა 03.06.99წ. ბინის პრივატიზაციის და 30.06.99წ. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.07.2000წ. გადაწყვეტიებით ნ. კო-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმში ... მდებარე ნ. კო-ძის სახელზე რიცხული ბინიდან გასახლებული იქნენ ნ. კ-ძე, დ., ქ. და ი. ლ-იები, მ. და ი. პ-იები თავიანთ ქონებასთან ერთად. ნ. კ-ძეს და მ. პ-იას უარი ეთქვათ თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. პ-იამ და ნ. კ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 19.10.2000წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე, რომელშიც ნ. კო-ძესა და ნ. კ-ძეს შორის შუამავლად ჩართული იყო ნ. კო-ძის ნათესავი _ შ. ა-ძე, მოხდა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით. შემდგომში ნ. კ-ძემ არ გაანთავისუფლა მის მიერ გასხვისებული ბინა, რის გამოც, მოსარჩელე იძულებული შეიქმნა მიემართა სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატამ მუთითა, რომ მოცემული გარიგების დადების შემდეგ ნ. კ-ძე არ არის გულწრფელი, რადგან მან თავდაპირველად სასარჩელო განცხადებაში და სასამართლო სხდომაზეც განაცხადა, რომ მიიღო მხოლოდ 6000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ მისმა მეუღლემ დ. ლ-იამ აღიარა სასამართლო სხდომაზე, რომ მოსარჩელისაგან დამატებით მიიღეს 8700 აშშ დოლარი ე.ი. სულ მიღებული აქვთ 14 700 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის მიღება საბოლოოდ ნ. კ-ძემაც აღიარა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გარიგების თანხა შეადგენდა არა 20 000 აშშ დოლარს, არამედ 14 700 აშშ დოლარს. ამ მოსაზრებას მხოლოდ ნ. კ-ძე ეწინააღმდეგება, მაგრამ მან ვერ წარმოადგინა რაიმე, საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აგრეთვე მ. პ-იას მოთხოვნა, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 05.08.94წ. ¹520 დადგენილებით ოჯახის წევრების თანხმობა ბინის პრივატიზების დროს საჭირო აღარ იყო და ამ თანხმობის არსებობა, პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა. ამასთან, მ. პ-იას წარმომადგენლის ი. პ-იას განმარტებით, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ. პ-იამ იცოდა როგორც ბინის პრივატიზების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე და თანახმაც იყო იმ პირობით, თუ ბინის ღირებულების ნახევარს მიიღებდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უკეთუ მ. პ-იასა და ნ. კ-ძეს შორის არსებობდა ამგვარი შეთანხმება, მ. პ-იას შეუძლია მოთხოვოს ნ. კ-ძეს მიღებული 14 700 აშშ დოლარიდან შეთანხმენბული თანხის გადახდა და აღნიშნული გარემოება ნ. კო-ძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი ვერ იქნება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-იამ. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 02.04.96წ. პლენუმის დადგენილება, რომლის თანახმადაც პრივატიზების ხელშეკრულების დადებით ოჯახში ჩაწერილ სრულწლოვან წევრს არ ეკარგება ამ ბინაზე უფლება. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 150-ე მუხლის II ნაწილი, სახელდობრ არ გამოიკვლია უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება _ 03.06.99წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდიმნარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.04.01.წ. განჩინებით მ. პ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 19.10.2000წ. განჩინება და საქმე გასაჩივრებულ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სააპელაციო პალატას. საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში სრულად არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიუთითა, რომ ვინაიდან მ. პ-იას სარჩელი ეხებოდა ადმინისტრაციულ გარიგების _ ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობას, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის მიზნით, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო ქ. ბათუმის ნოტარიუსის _ ქ. ბ-საგან გამოეთხოვა ბინის პრივატიზაციასთან დაკავშირებული მტკიცებულებები. საკასციო პალატამ საჭიროდ მიიჩნია აგრეთვე იმის დადგენა თუ რის საფუძველზე ცხოვრობდა თავის ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინაში ნ. კ-ძე, რომელი სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოახდინა მან თავის თავზე სადავო ბინის პრივატიზება. საკასაციო პალატის აზრით, გარკვევას საჭიროებდა თუ სად იყო ჩაწერილი მ. პ-ია, ვინაიდან საქმის მასალებში დაცულია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებები.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.10.01წ. განჩინებით მ. პ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 18.07.2000წ. გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დოკუმენტაციაში მ. პ-იას და ოჯახის სხვა წევრების მისამართების სხვაობა (მ. პ-ია რეგისტრირებულია ... ქუჩის ¹19\21, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ოჯახის წევრი ... ქუჩის ¹21,ბ.12) განპირობებულია სახლის ქუჩის კუთხეში მდებარეობით, მისამართებში არსებული სხვაობის გამო ნოტარიუსს არ გამოუთხოვია მ. პ-იას თანხმობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო პროცესზე ნოტარიუსმა ქ. ბ-მა წარმოადგინა სადავო ბინის პრივატიზაციის მასალები და განმარტა, რომ პრივატიზაციის საქმეში არსებული დოკუმენტაცია საკმარისი იყო მისი პრივატიზებისათვის და იგი კანონის შესაბამისად იქნა მოხდენილი. ყველა სრულწლოვანმა წევრმა წერილობით დაადასტურა, რომ თანახმა იყო ბინის პრივატიზება ნ. კ-ძის სახელზე განხორციელებულიყო, თუმცა ნოტარიუსის განმარტებით 05.08.94წ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹520 დადგენილებით ბინის პრივატიზაციაზე არ არის საჭირო ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობა, ვინაიდან იჯახის წევრები რჩებიან ბინის თანამესაკუთრედ. ამდენად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილებისა და უზენაესი სასამართლოს პლენუმის ანალოგიური შინაარსის განმარტებიდან გამომდინარე, მართალია, პრივატიზების დროს არ იყო მ. პ-იას თანხმობა, მაგრამ პრივატიზაცია გაკეთდა კანონის შესაბამისად, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბინის გაყიდვამდე მისი პრივატიზაციის უკანონობაზე არავის შეუტანია ეჭვი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით, კერძოდ მ. პ-იას და მისი დის ი. პ-იას განმარტებით, ირკვევა, რომ მ. პ-იამ იცოდა ბინის გაყიდვის შესახებ და თანახმა იყო აღნიშნულზე, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაყენება განპირობებეული იყო იმით, რომ მ. პ-იას და მის დას არ მიუღიათAშეპირებული თანხის ნახევარი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნ. კო-ძემ ბინა შეიძინა მართლზომიერი მოქმედებით, საჯარო რეესტრის უტყუარობიდან გამომდინარე, ამიტომ ის არის ბინის მართლზომიერი მფლობელი და მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ბინის გაყიდვისას რაიმე წინააღმდეგობა არსებობდა ოჯახის წევრებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.07.2000წ. გადაწყვეტილება მ. პ-იას სარჩელის ნაწილში სწორია და უნდა დარჩეს ძალაში.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. პ-იას მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ 03.06.99წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით და 30.06.99წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დაკარგა საცხოვრებელი ბინა, რომელზედაც უფლება მოპოვებული აქვს დაბადებიდანვე, ბინაზე უფლება შენარჩუნებული აქვს მასში სისტემატიური ცხოვრებით. სასამართლომ არ გამოითხოვა მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო ბარათი, მიუხედავად ბინაზე მისი თანასაკუთრების უფლების დადასტურებისა სასამართლომ არ გააუქმა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც შემდგომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი გახდა, მაშინ როდესაც სსკ-ს 54-ე მუხლის მიხედვით, გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს ბათილია. კასატორს მიაჩნია, რომ ორივე ხელშეკრულების შედეგად დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები, რის შედეგადაც ისინი უნდა გაუქმდეს, თანხას დაუბრუნებენ მყიდველს, ნ. კ-ძის თანხმობის შემთხვევაში, იგი თავად შეისყიდის მის წილს. ნ. კ-ძის მოქმედებით დაირღვა სსკ-ს 516-518-ე მუხლებით გათვალისწინებული, უპირატესი შესყიდვის უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ ბინის ყიდვა-გაყიდვის 30.06.99წ. ხელშეკრულების შესახებ მისთვის 25.06.2000წ. გახდა ცნობილი. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არ მისცა მას საშუალება თავად წარმდგარიყო სასამართლო სხდომაზე, მას არ ჩაბარებია სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ, რითაც დაირღვა სსკ-ს 70-ე, 71-ე, 74-ე, 280-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასციო პალატაში საქმის განხილვისას მ. პ-ია არ გამოცხადდა, კასატორის წარმომადგენელმა ი. პ-იამ და ნ. კ-ძემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის, _ ნ. კო-ძის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 17.09.01წ. განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდო გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილებით გაუქმდა მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილებით გათვალისწინებული ბინების პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნ. კ-ძის სახელზე გაფორმების მიუხედავად, პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების უფლება გააჩნდათ ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდათ ბინის პრივატიზაციის დროისათვის. ამდენად, მიუხედავათ იმისა, რომ კასატორს არ დაუდასტურებია თანხმობა ნ. კ-ძის სახელზე ბინის პრივატიზაციის შესახებ, საპრივატიზაციო ხელშეკრულება დაიდო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ნ. კ-ძესთან 03.06.99წ. დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. პ-იას საპასპორტო მონაცემებში აღნიშნული მისამართი განსხვავდება დანარჩენი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის მისამართისაგან. მისამართების სხვაობის მიუხედავათ საქმეზე დადგენილად არის მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული წარმოადგენს ერთიდაიგივე მისამართს, მისამართების სხვაობა დოკუმენტაციაში განაპირობა იმან, რომ ბინა მდებარეობს ქუჩის კუთხეში. ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებისას მ. პ-იას თანხმობა ნოტარიუსის მიერ არ იქნა გამოთხოვილი, რადგან მის დოკუმენტაციაში სხვა მისამართი იყო დაფიქსირებული. მ. პ-ია არც ერთი სასამართლო ინსტანციის პროცესს არ დასწრებია, მისი წარმომადგენელი, იმავე ბინის მაცხოვრებელი, მ. პ-იას და _ ი. პ-ია ადასტურებს, რომ მისი ძმა თანახმა იყო ბინის გაყიდვაზე, ბინის რეალიზაციის შედეგად მათ უნდა მიეღოთ თანხის ნახევარი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს იმის გამო, რომ შეპირებული თანხა არ მიუღიათ. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ. პ-ია არ იყო ინფორმირებული ოჯახის წევრთა გადაწყვეტილების შესახებ მოეხდინათ ბინის გაყიდვა, რომ ბინის 30.06.99წ. ყიდვა-გაყიდვის შესახებ მისთვის 25.06.2000წ. გახდა ცნობილი. თავად მ. პ-ია სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი თანხმა იყო ბინის გაყიდვაზე, დავის თავიდან აცილების მიზნით მან განუცხადა ნ. კ-ძეს, რომ თანხმობაზე ხელს არ მოაწერდა სანამ არ მიიღებდა თავის წილს. ამდენად საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. პ-ია თანახმა იყო ბინის გაყიდვაზე, ვერ მიიღო რა დეიდის _ ნ. კ-ძის მიერ შეპირებული თანხა მ. პ-იამ მოითხოვა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ. კო-ძემ მართლზომიერად შეისყიდა სადავო ბინა, ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით, სანოტარო წესით დამოწმებული ბინის პრივატიზაციის 03.06.99წ. ხელშეკრულების საფუძველზე ბინა რეგისტრირებული იქნა მერიის ტექინვენტარიზაციის სამსახურში ნ. კ-ძის სახელზე. ნ. კ-ძესთან ხელშეკრულების დადებისას ოჯახის წევრებს შორის რაიმე უთანხმოება არ არსებობდა, ნ. კ-ძემ და დ. ლ-იამ აღიარეს, რომ ბინის საფასურად მიღებული აქვთ 14 700 აშშ დოლარი, საქმეზე არ წარმოდგენილა რაიმე დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მყიდველს ბინის საფასურად უნდა გადაეხადა 20 ათასი აშშ დოლარი. ბინის მყიდველისათვის უცნობი იყო თანამესაკუთრეებს შორის თანხასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმების შესახებ. ამდენად, ნ. კო-ძე არის ბინის კეთილსინდისიერი შემძენი, სსკ-ს 185-ე მუხლის მიხედვით შემძენის მხრიდან არაკეთილსინდისიერების არ არსებობის შემთხვევაში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ. ვინაიდან კასატორისათვის ცნობილი იყო ბინის ყიდვა-გაყიდვის შესახებ, უმართებულოა კასატორის მოსაზრება ხელშეკრულების დადების შედეგად სსკ-ს 516-518 მუხლებით გათვალისწინებული ბინის უპირატესი შესყიდვის უფლების დარღვევის შესახებ. მ. პ-იას მიერ მისი დეიდის _ ნ. კ-ძისაგან კუთვნილი თანხის ნაწილის მიუღებლობის შემთხვევაში მან პრეტენზია უნდა წაუყენოს ნ. კ-ძეს.
საკასციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა მას საშუალება თავად წარმდგარიყო სასამართლო სხდომაზე. მ. პ-ია არ გამოცხადებულა არც ერთი სასამართლო ინსტანციის არც ერთ სხდომაზე, მ. პ-იას სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლო პროცესი არაერთგზის გადაიდო, მ. პ-იას საცხოვრებელი ადგილას არ ყოფნის გამო უწყება გადაეცა მისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც უარი განაცხადეს უწყების ჩაბარებაზე და განმარტეს, რომ მ. პ-ია იმყოფება სამკურნალოდ აბასთუმანში, ზუსტი მისამართი მათთვის უცნობია, უცნობია აგრეთვე თუ როდის დაბრუნდება მ. პ-ია ქალაქში. ამასთანავე, მ. პ-იას წარმომადგენელმა ი. პ-იამ უარი განაცხადა მ. პ-იას მიერ მისთვის მინიჭებული წარმომადგენლობის უფლებამოსილებაზე. აპელანტ მ. პ-იას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 31.07.02წ. განჩინებით მ. პ-იას სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა ორი თვით გაგრძელდა. სსსკ-ს 76_ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ითვლება ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. პ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევებს არა აქვს ადგილი, სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. პ-იას საკაასციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 11.09.01წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება