ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-188-კ-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ს.-კ.» 2001წ. 8 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თბილისის ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2000წ. 26 დეკემბერს «შპს «ს. კ.» მიერ დაგვა-დასუფთავებაზე დამტკიცებული ტარიფების გამოყენების შესახებ» მიღებული აქტის ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა.მოგვიანებით, საქმის ზეპირი განხილვისას, მოსარჩელემ სარჩელი დააზუსტა და აღნიშნა, რომ იგი არა აქტს, არამედ მოპასუხის (ადმინისტრაციული ორგანოს) უკანონო მოქმედებას ასაჩივრებდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციამ შპს «ს.-კ.» მიერ პირველი კატეგორიის ქუჩების დაგვა-დასუფთავების ტარიფად დადგენილი 0,44 ლარის ორმაგი ოდენობით გაანგარიშება არასწორად მიიჩნია უკანონოდ. თბილისის ფასების სახელმწიფო ინსპექციის სადავო აქტით მოსარჩელის უკანონო შემოსავლად ასევე არასწორად იქნა მიჩნეული 65637 ლარი და საჯარიმო თანხები, სულ 100246 ლარი, რომელიც ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო ამოღებული. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ გათვალისწინებული არ იყო ის გარემოება, რომ 70000 კვ.მ. ფართი ქუჩის დაგვა-დასუფთავება ორ ცვლაში ხდებოდა და როგორც კრწანისის რაიონულ სამსახურთან დადებულ ხელშეკრულებაში, ისე შესრულებული სამუშაოს მიღების აქტში მითითებული 70000 კვ.მ. ფართი ორჯერ იყო აღრიცხული, ხოლო ტარიფი ყველგან 0,44 ლარით განისაზღვრებოდა.
მესამე პირმა _ მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის წარმომადგენელმა სახაზინო საწარმო «საქალაქო მეურნეობის» მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გამგეობა მასსა და მოსარჩელეს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შემკვეთ მხარეს წარმოადგენდა და რაიმე პრეტენზია შემსრულებელთან არ გააჩნდა. მისი თქმით, ხელშეკრულების პირობები სრულდებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად და, მისი აზრით, მოსარჩელის მხრიდან ფართის არასწორად აღრიცხვასა და ტარიფების უკანონოდ დადგენას ადგილი არ ჰქონია.
ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თბილისში პირველი კატეგორიის ქუჩების დაგვა-დასუფთავებისათვის, მიუხედავად შესრულებული სამუშაოს ჯერადობისა და ცვლიანობისა, ერთ კვ.მ-ზე თვეში 0.44 ლარის ოდენობის ტარიფი იყო დაწესებული. შპს «ს.» მიერ 70000 კვ.მ-ის ორჯერ დაგვა-დასუფთავებამ დაწესებული 0.44 ლარი გააორმაგა და, შესაბამისად, ტარიფი 0.88 ლარით განსაზღვრა, რამაც მოსარჩელის მიერ უკანონო შემოსავლის მიღება გამოიწვია. მოპასუხის მოსაზრებით, შპს «ს.-კ.» ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ ჯარიმის დაკისრებაც მართებული იყო.
მოპასუხემ აქვე დაამატა, რომ თბილისის ფასების სახელმწიფო ინსპექციის გასაჩივრებული აქტის საფუძველზე გამოცემული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002წ. 3 მაისის ¹2 ბრძანებით შპს «ს.-კ.» «ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად და უკანონო შემოსავლის ამოსაღებად 100246 ლარი დაერიცხა. ამდენად, მისი თქმით, მოსარჩელეს არა ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2000წ. 26 დეკემბრის აქტი, არამედ მინისტრის ზემოხსენებული ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა, როგორც ადმინისტრაციული აქტი და საქმეც, შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას უნდა განეხილა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ს.-კ.» სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თავის საქმიანობას კონსტიტუციისა და «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებდა, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად და მის მიერ შემკვეთთან (რაიონის გამგეობასთან) დადებული ხელშეკრულების არც ერთი პირობა არ დარღვეულა, ხოლო თუ რის საფუძველზე დააფიქსირა მოპასუხემ ფართის არასწორად აღრიცხვის ფაქტი, საქმეში არსებული დოკუმენტებიდან არ ჩანდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი დაუსაბუთებული იყო, მას ქუჩების ფართის არასწორად აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ერთვოდა და ასეთ ვითარებაში ტარიფის დარღვევისა თუ ფასების გაზრდის თაობაზე მსჯელობა უსაფუძვლო იყო.
ფასების სახელმწიფო ინსპექციამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა, ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნა არასწორად იქნა რაიონულ სასამართლოში დაყენებული. აპელანტმა განმარტა, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის აქტი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს წარმოადგენდა, რომლის დამუშავების შედეგად ფასების ინსპექციის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ბრძანება _ ადმინისტრაციული აქტი იქნა გამოცემული. აპელანტის მტკიცებით სწორედ ეს უნდა გაესაჩივრებინა მოსარჩელეს და საქმეც, შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიას უნდა განეხილა პირველი ინსტანციის წესით.
სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ თბილისის ფასების ინსპექციის მიერ სწორად იქნა მიჩნეული ტარიფების გაზრდად და უკანონო შემოსავლის მიღებად შპს «ს.-კ.» მიერ ტარიფის ორჯერ გაზრდა, რადგან ტარიფის გაანგარიშება ხდებოდა მხოლოდ ფართის და არა ცვლიანობისა თუ ჯერადობის მიხედვით.
შპს «ს.-კ.» და მესამე პირმა – კრწანისი-მთაწმინდის გამგეობამ სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის ფასების ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის აქტი საერთოდ არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, რადგან სამართლებრივ შედეგებს არ იწვევდა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ, რადგან მინისტრის ზემოხსენებული ბრძანება სარჩელის წარდგენის შემდეგ იქნა მიღებული, იგი უკანონო იყო და განმარტა, რომ აღნიშნულ გარემოებას გადაწყვეტილებისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება შპს «ს.-კ.» საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. საბოლოოდ კასატორმა თბილისის ფასების სახ. ინსპექციის 2000წ. 26 დეკემბრის აქტის ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ს.-კ.» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
«ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის I ნაწილის თანახმად, სახელმწიფო რეგულირებად ფასებზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექცია ახორციელებს. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენლებს უფლება აქვთ ფასწარმოქმნის სფეროში ანტიმონოპოლიური ღონისძიებები განახორციელონ და ამ მიზნით «მეურნე სუბიექტებისაგან» ფასების კონტროლისათვის საქმის მასალები და მონაცემები (ინფორმაცია) მოითხოვონ, მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სუბიექტების მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობისა და ფასების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების დარღვევის, ასევე რეგულირებადი ფასების დადგენისა და გამოყენების სისწორის შესამოწმებლად საჭირო მონაცემების წარმოუდგენლობის შემთხვევაში მათ მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმები გამოიყენოს.
ხსენებული კანონის მე-17 მუხლის I ნაწილი ადგენს, რომ ფასებისა და ფასწარმოქმნის, მონოპოლიურ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მეურნე სუბიექტის მიერ მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა, ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ფასების ინსპექციის მხრიდან შპს «ს.-კ.» დოკუმენტაციის შემოწმებისა და ტარიფის არასწორი გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენისას შესაბამისი აქტის შედგენით ადმინისტრაციულ ორგანოს (თბილისის ფასების სახელმწიფო ინსპექციას) კანონი არ დაურღვევია და არც უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონია მისი მხრიდან ადგილი. აქვე ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ კასატორი მოპასუხის უკანონო მოქმედებას ასაჩივრებს, მაშინ როცა მას აღნიშნული შემოწმებისა და ინფორმაციული აქტის შედგენის უფლება ზემოთმოყვანილი კანონის მიხედვით გააჩნდა. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ მათ მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოს _ ფასების სახელმწიფო ინსპექციის მოქმედება, რომელიც ადმინისტრაციული აქტის გამოცემაში გამოიხატება, ამის თაობაზე საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული აქტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2000წ. 26 დეკემბრის აქტი არ ესადაგება კანონში მოყვანილ განმარტებას ადმინისტრაციული აქტის თაობაზე, რადგან მითითებული აქტი არ აწესებდა, ცვლიდა, წყვეტდა ან ადასტურებდა პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, მეტიც, იგი დამოუკიდებლად არც სამართლებრივ შედეგს იწვევდა. როგორც ავღნიშნეთ, «ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ» კანონის მე-17 მუხლის I ნაწილის თანახმად, სუბიექტისაგან უკანონო შემოსავლების ამოღება ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარდგინების საფუძველზე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით – შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემით ხორციელდება.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს «ს.-კ.» უნდა გაესაჩივრებინა არა ფასების სახელმწიფო ინსპექციის აქტი, არამედ ამის საფუძველზე გამოცემული სამინისტროს ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც უშუალოდ მოხდა კასატორისათვის მიღებული უკანონო შემოსავლის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თვით ფასების სახელმწიფო ინსპექციის 2000წ. 26 დეკემბრის აქტი კი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტს წარმოადგენდა, რომელიც სამინისტროს (ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს) წინაშე გარკვეულ ინფორმაციას წარადგენდა ფასების, ფასწარმოქმნისა და მონოპოლური კანონმდებლობის სფეროში დარღვევების თაობაზე ისე, რომ თვითონ დამოუკიდებლად რაიმე სამართლებრივ შედეგს არ იწვევდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან კასატორისათვის თანხის დარიცხვა მოხდა სამინისტროს აქტით, კასატორის მიერ ფასების სახელმწიფო ინსპექციის აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებით არ აღსდგება მისი პირვანდელი მდგომარეობა; მოსარჩელემ კი სარჩელსა და სასამართლო სხდომაზეც არაერთხელ დააზუსტა, რომ იგი არ ასაჩივრებდა მინისტრის 2001წ. 3 მაისის ¹62-ე ბრძანებას და ითხოვდა მხოლოდ ფასების სახელმწიფო ინსპექციის ქმედებას, რაც სადავო აქტის გამოცემაში გამოიხატებოდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი ჰქონდა, და განმარტავს, რომ როგორც ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ კანონის მოყვანილი ნორმებიც ცხადყოფს, მას აღნიშნული შემოწმებისა და სადავო ინფორმაციული აქტის გამოცემის უფლება ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ს.-კ.» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ს.-კ.» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამძართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.