გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-189-კ-01 08 თებერვალი, 2001 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკომლო წიგნიდან უკანონოდ ჩაწერილი პირის ამოწერის მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 15 აგვისტოს თ. გ-ძემ სარჩელი აღძრა ლანჩხუთის რაიონის სასამართლოში და 1994 წელს ... თემის საკრებულოს მიერ მის კომლში მისი შვილიშვილის _ თ. გ-ძის ჩაწერის გაუქმება მოითხოვა. თ. გ-ძემ სარჩელში აღნიშნა, რომ მოპასუხე _ თ. გ-ძის ჩაწერა საკომლო წიგნში მოხდა კანონდარღვევით, რადგან მოპასუხის კომლის წევრად მიღებაზე მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანხმობა არ ყოფილა და მან (თ. გ-ძემ) საკომლო წიგნში შეტანილი ჩანაწერის თაობაზე ორი წლის წინ შეიტყო.
თ. გ-ძის სასარჩელო განცხადებას მხარი არ დაუჭირა მოპასუხე _ თ. გ-ძემ და მიუთითა, რომ კომლში მისი ჩაწერა კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა. მისი თქმით, საკომლო დავთარში მისი ჩაწერის თაობაზე მოსარჩელისა და მისი მეუღლის (ბებია-ბაბუის) წერილობითი თანხმობაც არსებობდა.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. გ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ძემ. მისმა წარმომადგენელმა საჩივარში მიუთითა, რომ აპელანტისა და მისი მეუღლის თანხმობა მათი შვილიშვილის კომლის წევრად ჩაწერაზე არ არსებობდა, საკომლო წიგნში წევრის ჩაწერა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, რაც ... თემის საკრებულოს გამგეობის 1994 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ თ. გ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ... საკრებულოს 1994 წლის 25 თებერვლის ¹7 გადაწყვეტილებაში მოპასუხე _ თ. გ-ძის კომლში ჩაწერის საფუძვლად ოჯახის წევრთა წერილობითი თანხმობები იყო მითითებული და მიუხედავად იმისა, საქმის განხილვისას იძებნებოდა თუ არა კომლში შვილიშვილის ჩაწერის თაობაზე აპელანტ თ. გ-ძისა და მისი მეუღლის წერილობითი თანხმობები, ივარაუდებოდა, რომ საკომლო დავთარში ჩანაწერი კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა და, ამდენად, აპელანტის მოთხოვნაც _ მოპასუხე თ. გ-ძის კომლიდან ამოწერის თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
2001 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ძემ და მითითებული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. კასატორმა საჩივარში კვლავ მიუთითა, რომ მისი შვილიშვილის – თ. გ-ძის კომლში ჩაწერა მისი (კასატორის) და მისი მეუღლის თანხმობის გარეშე მოხდა. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ მას იმ დროისათვის თავისი საკუთარი სახლი გაყიდული ჰქონდა, იგი თავის მეუღლესთან ერთად მოპასუხის მამასთან _ თ. გ-ძესთან ცხოვრობდა და თ. გ-ძის სადავო კომლში ჩაწერას აზრი არ ჰქონდა, რადგან მყიდველს სახლი რეალურად დაშლილი და სხვაგან გადატანილი ჰქონდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, თ. გ-ძის კომლში ჩაწერა, როგორც კანონსაწინააღმდეგო, უნდა გაუქმებულიყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ გამოტანილი, უნდა გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა გადაეგზავნოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობენ. კერძოდ, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; 2. ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; 3. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე თ. გ-ძე საკომლო წიგნში მისი შვილიშვილის კომლის წევრად ჩაწერის გაუქმებას ითხოვს, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო (სამოქალაქო-საოჯახო) სამართლებრივი ხასიათის დავას წარმოადგენს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება. აქვე აღსანიშნავია, რომ საკომლო წიგნში ჩაწერის შესახებ დავა, თავისი იურიდიული ბუნებით, არ გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმებიდან და ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობას, არამედ იგი ფაქტის დადასტურების მიზნით კომლის წევრთა მიერ ნების გამოვლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციას წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინიტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საკომლო დავთარში ჩანაწერებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას არ წარმოადგენს და მისი განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დაუშვებელია. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი საქმე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს 2001 წლის 2 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.