ზიანის ანაზღაურება; დაზღვევა
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-189-კ-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 9 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაუდგენელი ავტომანქანისა და დაუდგენელი მძღოლის მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო თ. ნ-ემ მიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც იგი პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა და დაკარგა ცნობიერება.
2001წ. 1 მაისს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ნ-ის დედამ, დ. ნ-ემ, რომელმაც მოითხოვა თ. ნ-ის ქმედუუნაროდ ცნობა, ხოლო თვითონ მის წარმომადგენლად აღიარება, მან ასევე სავალდებულო დაზღვევის ფონდისაგან მოითხოვა სხეულის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისი თანხის ოდენობით. დ. ნ-ემ საქმის ზეპირი განხილვის დროს დააზუსტა თანხის ოდენობა და საბოლოოდ სავალდებულო დაზღვევის ფონდისაგან მოითხოვა 3750 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდმა არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
თ. ნ-ის ქმედუუნარობის საკითხის გასარკვევად სასამართლოს განჩინებით დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2001წ. 18 ოქტომბრის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ 1997წ. 11 დეკემბრიდან თ. ნ-ეს არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ნ-ე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ, ხოლო დ. ნ-ე მის წარმომადგენლად; სავალდებულო დაზღვევის ფონდს დ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს მითითებით, თ. ნ-ეს პირველი ჯგუფის ინვალიდობა სათანადო ორგანოების მიერ დაუდგინდა 1998წ. 27 ნოემბერს. სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, «თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს, ანდა მიმართულია ასეთი პირისადმი, ხანდაზმულობა შეჩერებულად ითვლება ვიდრე პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას არ დაენიშნება წარმომადგენელი». თ. ნ-ე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ და მას წარმომადგენელი დაენიშნა 2001წ. 4 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად ითვლება და მასზე არ უნდა გავრცელდეს ავტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის დებულების მე-8 მუხლის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დაზარალებულმა ან მისმა წარმომადგენელმა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 7 დღისა წერილობით უნდა მიმართოს სავალდებულო დაზღვევის ფონდს ზიანის ანაზღაურების შესახებ;
2. საოლქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონი «ავტომოტოტრანპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» მიღებულია 1997წ. 27 ივნისს და ძალაში შევიდა იმავე დღიდან. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც გამოწვეულია ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად, აანაზღაურებს სადაზღვევო ორგანიზაცია I ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში 2500 ლარის ოდენობით. ვინაიდან თ. ნ-ე არის I ჯგუფის ინვალიდი, ამიტომ მას სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან უნდა აუნაზღაურდეს კანონით გათვალისწინებული 2500 ლარის ოდენობის თანხა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ფონდი, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში განიხილავენ საქმეებს, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა «ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 3 აპრილის ¹210 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, სწორედ ფონდის კომპეტენციაა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელეს ჯერ უნდა მიემართა ფონდისათვის, ხოლო უარის შემთხვევაში სასამართლოსთვის;
2. კასატორი აღნიშნავს, რომ თ.ნებიერიძეს სატრანსპორტო შემთხვევა მოუხდა 1997წ. 11 დეკემბერს. კანონი «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ», მართალია, მიღებულია 1997წ. 27 ივნისს, მაგრამ ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდი შეიქმნა პრეზიდენტის 1998წ. 3 აპრილის ¹210 ბრძანებულებით, ე.ი. სატრანსპორტო შემთხვევიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ფონდის საქმიანობა დაიწყო და მისი ვალდებულებები წარმოიშვა არა 1997წ. 11 დეკემბერს, არამედ 1998წ. 3 აპრილიდან, რის გამოც ფონდი მის შექმნამდე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს არ აგებს;
3. კასატორის განმარტებით, ფონდის დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დაზარალებულებზე თანხის გაცემა წარმოებს ფონდში შემოსული დაფინანსების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისათვის განკუთვნილი თანხებისა და შემოსული განცხადებების თანმიმდევრობის მიხედვით. ფონდში ამჟამად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, რაც კასატორის აზრით, გათვალისწინებული უნდა იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო საჩივარზე შეპასუხება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე დ. ნ-ემ, რომელმაც უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და უსწორობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით, სასამართლოს არაქვემდებარე საქმის განხილვის შესახებ და თითქოს დ. ნ-ის განცხადების განხილვა «ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. ¹210 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, მხოლოდ მისი, საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდის კომპეტენციაა. მართალია, კასატორის მიერ მითითებული დებულება და კანონი «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» ითვალისწინებს დაზარალებულის (წარმომადგენლის) მიმართვას სავალდებულო დაზღვევის ფონდისადმი, სადაზღვევო (ავტოსატრანსპორტო) შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც არ გამორიცხავს მოქალაქის მიერ სასამართლოსადმი მიმართვისა და უფლებების სასარჩელო წესით დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველასათვის უზრუნველყოფილია დარღვეული უფლების სასარჩელო წესით დაცვა და სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფა იქნებოდა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დ. ნ-ემ სწორედ სასამართლო წესით თავისი ინტერესების დაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია მოახდინა და საკასაციო საჩივარში მითითებულ პროცესუალურ დაზღვევას ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელე დ. ნ-ე მოპასუხე _ საქართველოს სავალდებულო დაზღვევის ფონდისაგან «ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდეუბლო დაზვევის შესახებ» კანონის საფუძველზე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას. მოპასუხე _ საქართველოს სავალდეუბლო დაზღვევის ფონდი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული საფუძველი _ «ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» კანონი საჯარო (ადმინისტრაციულ) კანონმდებლობას განეკუთვნება, დავის საგანს კი ადმინისტრაციული ორგანოსაგან ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, ამიტომ განსახილველი დავა სამართლებრივად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტით გათვალისწინებული, სასამართლოს განსჯადი ადმინისტარციული საქმეა და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა;
2. რადგან თ. ნ-ეს სადაზღვევო (სატრანსპორტო) შემთხვევა 1997წ. დეკემბერში მოუხდა, ხოლო თავად ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდი საქართველოს პრეზიდენტის ¹210 ბრძანებულებით 1998წ. 3 აპრილს ე.ი. სატრანპსორტო შემთხვევიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ შეიქმნა, კასატორის აზრით, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მის შექმნამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. ავტომოტოტრანსპორტით დაზარალებულთა ფონდი 1998წ. 3 აპრილს შეიქმნა «ავტომოტოტრანპსორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» კანონის საფუძველზე, მაგრამ ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, კანონი ამოქმედდა 1997წ. 25 აგვისტოს, საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესის ამოქმედებისთანავე, ხოლო ფონდიდან საზღაურის გაცემა, კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ერთიწ. თავზე _ 1998წ. 25 აგვიტოდან უნდა დაწყებულიყო. ამდენად, «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» კანონი 1997წ. აგვისტოდან კანონიერ ძალაში შევიდა და სადავო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის, 1997წ. დეკემბრისათვის უკვე მოქმედებდა, შესაბამისად კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტით უკვე გათვალისწინებული და დაცული იყო მოსარჩელის (დაზარალებულის) უფლება ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა ფონდიდან საზღაურის გაცემა მოგვიანებით, 1998წ. აგვისტოდან დაიწყო, რადგან სადაზღვევო საზღაურის თანხების დაგროვება იყო საჭირო.
საკასაციო პალატის აზრით, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, ნებაყოფლობითი სამოქალაქო სამართლებირვი დაზღვევისაგან განსხვავებით, წარმოადგენს საჯარო სამართლით რეგლამენტირებულ სავალდებულო დაზღვევას, რომელიც დაზარალებული მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის კანონით უზრუნველყოფილი მტკიცე გარანტიაა, მისი მიზანია დაზარალებულის დაცვა დაზღვეული თუ დაუზღვეველი, ასევე დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სამართლებრივად აზრს დაკარგავდა, რადგან მის გარეშეც დაზარალებულს სამოქალაქო სამართლებრივი საფუძვლებითაც (დელიქტური ვალდებულებით) შეეძლო უშუალოდ ზიანის მომყენებლისაგან ანაზღაურების მოთხოვნა.
განსახილველ შემთხვევაში თ. ნ-ეს ავარია 1997წ. დეკემბერში მოუხდა, თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 1999წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით თ. ნ-ის სხეულის დაზიანების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე შეჩერებულია წინასწარი გამოძიება დამნაშავე მძღოლისა და ავტომანქანის დადგენამდე. ავტოავარიის შედეგად დაზარალებული დ. ნ-ე ერთი წლის განმავლობაში დაინვალიდდა და უვადოდ I ჯგუფის ინვალიდობა დაუდგინდა. ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ თ. ნ-ე აკმაყოფილებს «ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისათვის უკვე კანონიც მოქმედებდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ნ-ეს გააჩდა მოთხოვნის უფლება, სავალდებულო დაზვევის ფონდისადმი მისი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე კანონიერია, გამომდინარეობს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტიდან, ამიტომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და უარი უნდა ეთქვას.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს სავალდეუბლო დაზღვევის ფონდის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და სასამართლომ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სავალდეუბლო დაზღვევის ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს სავალდეუბლო დაზღვევის ფონდს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.