Facebook Twitter

3გ/ად-190-კ-01 4 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: შპს «კ.»-სათვის 480000 ლარის საგადასახადო ვალდებულების შესრულებულად ჩათვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 13 მაისს ფირმა «ბ.-სა» და შპს «კ.»ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ¹202/199-ე-8500ტ აი-92 მარკის საავტომობილო ბენზინის იმპორტზე. 1999 წლის 14 მაისს შპს «კ.»-ს და შპს «ს.-ს» შორის დაიდო ხელშეკრულება საბანკო ოპერაციებით მომსახურებაზე. შპს «კ.»-მ 1999 წლის 14 მაისს «ს.-ში», სადაც 26 აპრილს დროებით ანგარიშზე შეიტანა 480200 ლარი, წარადგინა საგადასახადო დავალება ¹1;2, რომლითაც მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში (ამჟამად მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია) 150000 ლარის გადარიცხვა მოითხოვა დღგ-ს გადასახადის სახით და 330 000 ლარის გადარიცხვა მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის (ეკოლოგიური) გადასახადის სახით, სულ 4800000 ლარი, მაგრამ შპს «ს.-ის» მიერ არ შესრულდა შპს «კ.»-ს საგადასახადო დავალებები. თანხა, მართალია, ჩამოიჭრა შპს «კ.»-ს ანგარიშსწორების ანგარიშიდან, მაგრამ დანიშნულებისამებრ არ გადარიცხულა მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 30 აპრილის ¹29 განკარგულებით, «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, შპს «ს.-ს» გამოეთხოვა საბანკო ლიცენზია.

1999 წლის 31 მაისს შპს «კ.»-მ სარჩელი აღძრა შპს «ს.-ის» მიმარ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-200 მუხლების საფუძველზე, მოითხოვა 480000 ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩათვლა თბილისის მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში და ამ თანხის საგადასახადო ინსპექციისათვის გადახდის ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება. მოპასუხე შპს «ს.-მ» სარჩელი ცნო, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, «კ.»-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩაეთვალა 480000 ლარი, ხოლო მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა მოპასუხე «ს.-ს» კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის «ბ» პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის მთაწმინდის რაიონის საგადასახადო ინსპექციის განცხადების საფუძველზე და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 4 დეკემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგინდა, რომ შპს «კ.»-ს საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვაზე აყვანის დღიდან, 1999 წლის მაისიდან, არცერთი სამეურნეო ოპერაცია არ განუხორციელებია, რის გამოც შეუძლებელია წარმოშობოდა საგადასახადო ვალდებულება.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «კ.»-ს სარჩელი, შესრულებულად ჩაეთვალა ვალდებულება თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში 330000 ლარის ეკოლოგიის გადასახადისა და 150000 ლარის დღგ-ს გადახდის შესახებ; მოპასუხე შპს «ს.-ს კი დაეკისრა მოსარჩელის მიერ შეტანილი 480000 ლარის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში გადარიცხვა, ხოლო 2000 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქმეში ჩართულ მესამე პირს – ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო-საგადასახადო ინსპექციას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით ნაწილობრივ გასაჩივრდა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ, კერძოდ გადაწყვეტილება გასაჩივრდა 480000 ლარის შპს «კ.»-ს სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე, ადგილზე თათბირით, 480000 ლარის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის ნაწილში არასათანადო მოპასუხე – შპს «ს.-ი» შეცვალა სათანადო მოპასუხით _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა კრწანისი-მთაწმინდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში, უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა შპს «კ.»-ს სარჩელი კრწანისი-მთაწმინდის საოლქო საგასახადო ინსპექციის მიმართ 480000 ლარის ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის თაობაზე და მათვე დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გამოტანილია შემდეგი საფუძვლით:

1. რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი და არასათანადო მოპასუხე – შპს «ს.-ი» არ შეცვალა სათანადო მოპასუხით, დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები. გადაწყვეტილება გამოტანილია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» პუნქტებით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველა, რადგან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და უსწოროდ განმარტა კანონი, ამასთან რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მესამე პირის მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა მაშინ, როცა რაიმე დამოუკიდებელი მოთხოვნა მესამე პირს წერილობით წარდგენილი არც ჰქონია;

2. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა შპს «კ.»-ს სარჩელი 480000 ლარის (150000 ლარის - დღგ და 330000 ლარის ეკოლოგიის გადასახადის) ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის თაობაზე, რადგან საგადასახადო კოდექსის 116,4 მუხლისა და საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ იმპორტზე დღგ-ს გადახდა ხდება არა საგადასახადო ორგანოებში, არამედ საბაჟო ორგანოებში, საბაჟო გადასახადთან ერთად, რაც გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას მთაწმინდის საგადასახადო ინსპექციაში დღგ-ს გადახდის შესახებ, ამასთან არც იმპორტირებული ტვირთის ნავთობპროდუქტის საბაჟო რეჟიმში მოქცევა მომხდარა.

3. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არც ამ ნორმის მოთხოვნა ყოფილა დაცული და შპს «კ.»-ს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია დეკლარაცია ბენზინის იმპორტის თაობაზე საქონლის განბაჟებამდე მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის გადახდის შესახებ;

4. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის უკანონო განმარტებით შპს «ს.-ი» საგადასახადო აგენტად მიაჩნია, რაც მცდარია, რადგან შპს «კ.» თავად არის გადასახადის დამოუკიდებელი გადამხდელი და მის მიმართ საგადასახადო აგენტის მოვალეობის დაკისრება ბანკისათვის უმართებულოა;

5. საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ უნდა შესრულდეს და რადგან ასეთი საგადასახადო ვალდებულების შესრულების ბანკისათვის გადაკისრება კოდექსით გათვალისწინებული არ არის, სააპელაიცო პალატამ არ დააკმაყოფილა შპს «კ.»-ს სარჩელი 480000 ლარის (მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხის) საგადასახადო ვალდებულების გადახდილად ჩათვლის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს შპს «კ.,» უკანონობის გამო ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი მოტივით:

1. სააპელაციო პალატამ არასაწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არასწორად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თითქოს ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის გადახდის ვალდებულება ტვირთის განბაჟების დროს წარმოიშობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით ჯერ გადასახადი უნდა იქნეს გადახდილი და შემდეგ უნდა მოხდეს დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში;

2. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი რადგან დღგ რომლის გადახდილად ჩათვლასაც ითხოვს კასატორი, დასაბეგრ იმპორტზე დასარიცხი დღგ კი არ არის, არამედ ჩვეულებრივ ფასწარმოქმნის სხვაობის დღგ-ა, ამასთან კოდექსი არ კრძალავს გადასახადების წინასწარ გადახდას;

3. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია 480000 ლარის შპს «კ.»-ს მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად ჩათვლაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით საინვესტაციო-სავაჭრო ბანკს დაეკისრა საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის 480000 ლარის გადახდა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ამდენად ძალაშია და საგადასახადო ინსპექცია თანახმაა ამ თანხის მიღებაზე.

4. კასატორს, ასევე, უკანონოდ მიაჩნია სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრებაც, რადგან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის თანხის გადახდილად ჩათვლა, მათი აზრით, არ წარმოადგენს ქონებრივ დავას.

შპს «კ.»-ს საკასაციო საჩივარს არ ცნობს მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, უსაფუძვლობის მოტივით ითოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «კ.»-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს საოლქო სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის არასწორად განმარტების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატამ აღნიშნული ნორმის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომ კასატორს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგინა დეკლარაცია საქონლის განბაჟებამდე მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადის გადახდის შესახებ და არც განბაჟება მოუხდენია, რადგან საქონლის (ბენზინის) იმპორტი არ განუხორციელებია. საკასაციო პალატის აზრით, მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს და კასაცია ამ ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას 480000 ლარის ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლაზე უარის თქმის შესახებ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობის თაობაზე, ვინაიდანKმართალია, საგადასახადო კოდექსი არ კრძალავს გადასახადების წინასწარ გადახდას, მაგრამ სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველხმრივ, სრული და ობიექტური შესწავლით სწორად დაადგინა, რომ ახლადრეგისტრირებულ შპს «კ.»-ს დასაბეგრი სამეურნეო ოპერაციების განუხორციელებლობის გამო 1999 წლის 14 მაისისათვის (სადავო 480 000 ლარის ბიუჯეტში გადმორიცხვაზე საგადასახადო დავალების წარდგენის მომენტისათვის), საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ჰქონია წარმოშობილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს განმარტებას საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლთან დაკავშირებით და ეთანხმება შპს «ს.-ის» საგადასახადო აგენტად მიჩნევის უსწორობას, რადგან კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ უნდა შესრულდეს და საგადასახადო ვალდებულების შესრულების კომერციული ბანკისათვის გადაკისრება, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ 480 000 ლარის ვალდებულების შესრულებულად ჩათვლაზე «კ.»-სათვის უარის თქმის შესახებ კანონიერია, დასაბუთებულია, გამოტანილია მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალურ ნორმათა სწორი გამოყენებითა და განმარტებით, ამიტომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო რაც შეეხება ს.-ის მიერ «კ.»-ს საგადასახადო დავალებების შეუსრულებლობის საკითხს, იგი კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა და «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონისა» და სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე სასარჩელო წარმოების წესით;

3. საკასაციო პალატის აზრით, საკასაციო საჩივარი ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის არასწორად დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა 480000 ლარის საბიუჯეტო ვალდებულების შესრულებულად ჩათვლა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის «ა» პუნქტის მიხედვით ქონებრივ-სამართლებრივ დავას წარმოადგენს და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის «ვ» პუნქტის, 39-ე მუხლის მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტისა და II ნაწილის საფუძველზე, შპს “კ.”-ს სააპელაციო საჩივარზე სწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების – 480000 ლარის 3%, არაუმეტეს 5000 ლარისა.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «კ.»-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. შპს «კ.»-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 4938 ლარის შემდეგი წესით გადახდა, 70% _ 3457 ლარი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს უზენაესი სასამართლო, ეროვნული ბანკი, ¹1 ხაზინა, ანგარიშის ¹000141107, კოდი 59, ხოლო 30% _ 1481 ლარი ადგილობრივ ბიუჯეტში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.