Facebook Twitter

3გ-ად-190-კ-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ბინიდან რეალური წილის გამოყოფა, სავაჭრო ჯიხურზე მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 6 სექტემბერს ნ. დ.-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: გ. და ლ. თ.-ეების მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ნ. დ.-ე 1989 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ. თ.-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი. ნ. დ.-ე გათხოვების დღიდან ცხოვრობდა მეუღლის მშობლების ბინაში, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში. 1993 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე თ. თ.-ე. 1994 წელს მოსარჩელის მამამთილმა ზ. თ.-ემ აღნიშნულ ბინას გაუკეთა პრივატიზება და აღრიცხა თავის საკუთრებაში. ზ. თ.-ე გარდაიცვალა 1999წ. 30 მარტს.

მოსარჩელის განმარტებით, დედამთილთან და მულთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო, რის გამოც სარჩელით ითხოვა აღნიშნული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის და მისი ოთხი შვილისათვის ბინიდან საკუთრების უფლებით რეალური წილის გამოყოფა, კერძოდ, ბინის საერთო ფართიდან (88 კვ.მ.) მასზე და მის ოთხ შვილზე, თითოეულ მათგანზე 9,75 კვ.მ ფართობის გამოყოფა.

გარდა ამისა, მოსარჩელემ ითხოვა, სახლის წინ მდებარე სავაჭრო ჯიხურზე მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი ჩადგა მისმა მეუღლემ და ვინმე ბ. გოდვაძემ, რომელმაც თ. თ.-ის გარდაცვალების შემდეგ თავის წილი ჯიხურიდან დაუთმო მოსარჩელის ოთხ შვილს, ხოლო ზ., გ. და ლ. თ.-ეებს აღნიშნული ჯიხურის ჩადგმაში თანხა არ დაუხარჯავთ, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა პრეტენზიას ჯიხურის თანამესაკუთრეობასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო ბინიდან მოსარჩელე ნ. დ.-ეს ოთხ შვილთან ერთად საკუთრების უფლებით რეალურად გამოეყო საქმეში არსებული ნახაზის მიხედვით 17,68კვ.მ ფართობის ¹46 ოთახი, ¹45 ოთახის 1\2 ნაწილი, რომლის გადატიხვრის შემდეგ მოსარჩელეს დაუბრუნდა 10კვ.მ ფართობი, ე.ი. სულ 27,68კვ.მ აგრეთვე, მოსარჩელეს საკუთრებაში დარჩა 9,9კვ.მ ფართობის სამზარეულო, სველი წერტილი და შესასვლელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ნ. დ.-ემ, ისე გ. და ლ. თ.-ეებმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 6 აგვისტოს მოცემულ საქმეზე გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. და ლ. თ.-ეებს უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილება შეიცვალა ¹45 ოთახის მხარეთა შორის განაწილების ნაწილში იმგვარად, რომ აპელანტ ნ. დ.-ეს მიეკუთვნა ¹41, ¹45 და ¹46 ოთახები, სულ 47,71კვ.მ ფართობი, ხოლო დანარჩენი ¹81 და ¹84 ოთახები (40,57კვ.მ) საკუთრებაში დარჩათ გ. და ლ. თ.-ეებს. აპელანტებს უარი ეთქვათ სადავო ჯიხურის საკუთრებაში გადაცემაზე. მხარეებს განემარტათ, რომ სადავო სავაჭრო ჯიხურის მესაკუთრე იყო შპს «ხ.-ი», რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მისი გასხვისების საკითხი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ლ. თ.-ეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადა აღნიშნული ბინის პრივატიზების ხელშეკრულებაში მისი და თავისი ოთხი შვილის მონაწილეობა რის გამოც ითხოვა ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბინის თანამესაკუთრედ ცნობა, ხოლო ვინაიდან პრივატიზების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას, ამიტომ საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ქვემდგომ სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული საქმე და 2002წ. 30 აპრილს გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნინო დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილება. ნ.Oდ.-ეს სადავო სახლში გამოეყო ¹41, ¹45 და ¹46 ოთახები, სულ _ საერთო ფართით 47,71კვ.მ ნ. დ.-ეს დაევალა ზედმეტად მიღებული 1/3 კვ.მ ფართობის ღირებულების (150 ლარი) გ. და ლ. თ.-ეებისათვის გადახდა. გ. და ლ. თ.-ეებს სადავო სახლში გამოეყოთ ¹81 და ¹84 ოთახები, სულ საერთო ფართით 40,57 კვ.მ ამავე გადაწყვეტილებით ნ. დ.-ის, გ. თ.-ისა და ლ.Oთ.-ის მოთხოვნები სადავო ჯიხურის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღნიშნული დავა გამოყოფილიყო ცალკე წარმოებად და განხილულიყო იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ლ. თ.-ეებმა, ითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით ნ. დ.-ის სარჩელზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 და 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებები: კასატორების განმარტებით, 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით დამქირავებელზე ბინის საკუთრებაში გადაცემა ხდებოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით, ხოლო სურვილის შემთხვევაში მათ ბინა გადაეცემოდათ საერთო საკუთრებაში. 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით კი ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობა საჭირო აღარ იყო, ბინაზე საკუთრების უფლება უნარჩუნდებოდა ყველას, ვისაც პრივატიზების დროს ასეთი უფლება გააჩნდა.

ამასთან, კასატორები განმარტავენ, რომ თანახმანი არიან ნ. დ.-ეს რეალური წილის სახით ბინიდან მიეცეს 1/3 წილი, კერძოდ, 20,13კვ.მ. ფართობის ¹45 ოთახი და 9,9 კვ.მ. ფართობის ¹41 დამხმარე ოთახი, ცალკე შესასვლელი, სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო სადავო ბინიდან პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით რეალური წილის გამოყოფა და სახლის წინ მდებარე სავაჭრო ჯიხურზე მესაკუთრედ ცნობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე სარჩელით არ ითხოვდა ადმინისტრაციული გარიგების _ ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რადგანაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა)Oადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულობა ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა, რომ არ ითხოვდა სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, სადავო ბინიდან რეალური წილის გამოყოფისა და სავაჭრო ჯიხურის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავაა და იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. და ლ. თ.-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.