Facebook Twitter

3გ/ად-191-კ-01 16 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელეს; მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელისათვის აქციათა პაკეტზე (65933 აქცია) საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 15 დეკემბერს კ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1998 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის დაიდო ხელშეკრულება სს «ფ-ის» აქციათა პაკეტის _ 65933 ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 30,61%) _ გაყიდვის შესახებ.

აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად «მყიდველი» _ კ. გ-შვილი _ ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაეხადა შესასყიდ აქციათა პაკეტის საბოლოო ფასის არანაკლებ 51%, ხოლო დანარჩენი 49% კი _ 1998 წლის 1 მარტამდე.

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მან სრულად გადაიხადა აქციათა ღირებულება, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება შესრულებულად და შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კი 2001 წლის 30 ნოემბრის ბრძანებით ცალმხრივად გააუქმა უკვე შესრულებული და თავისთავად შეწყვეტილი ხელშეკრულება.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, შეძენილი წილის შესაბამისად «მყიდველს» 5 თვის ვადაში უნდა დაეფარა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი სს «ფ-ის» ვალდებულება სახელმწიფო კომპანია «ს-ის» მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, ამ უკანასკნელმა კანონით დადგენილ ვადაში საკრედიტო დაწესებულებაში არ წარადგინა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ამოწერილი ბრძანება 522604 ლარი დავალიანების გადახდის შესახებ, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ზემოთ აღნიშნული ბრძანების გამოცემის დღისთვის გასული იყო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ 2001 წლის 30 ნოემბრის ბრძანებით უხეშად დაარღვია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის შესაბამისად პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სადავო საკუთრებას განიხილავს სასამართლო. მოპასუხემ კი ხელშეკრულება გააუქმა ცალმხრივად. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ, აგრეთვე, დაარღვია «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ვალდებული იყო გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა აქციათა პაკეტის სრული ღირებულების გადახდიდან ორი თვის ვადაში, რაც მოპასუხემ არ განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ აქციათა პაკეტის ღირებულება გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მე-3 პირად ჩაება შპს «ს-ი». სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა დააკონკრეტა და ითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 ნოემბრის ¹1-3\780 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა კ. გ-შვილს და მოპასუხის დავალდებულება, დაედასტურებინა მოსარჩელისათვის შეძენილ აქციათა პაკეტზე (65933 აქცია) საკუთრების უფლება.

მოსარჩელემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 ნოემბრის ¹1-3\780 ბრძანების მიღებისას დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესები. კერძოდ, დარღვეული იყო აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 76-ე, 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღარ არსებობდა ვალის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან სს «ს-ისათვის» ვალის გადახდის ვალდებულება სს «ფ-ს» დაკისრებული ჰქონდა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს «ს-ს» უარი ეთქვა სარჩელზე მოპასუხე სს «ფ-ის» ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვის შესახებ.

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა. მისი განმარტებით, სამინისტრომ ორჯერ მიმართა მოსარჩელეს წერილობით და განუმარტა, რომ ხელშეკრულების ყველა პირობის შესრულებამდე შეძენილ აქციებზე საკუთრების უფლება არ დაუდსატურდებოდა. ამდენად, საქმის წარმოების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო.

მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა გამხდარიყო ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი, ვინაიდან კონკურსის წესით სახელმწიფო ქონების პრივატიზების აუცილებელი პირობა იყო მყიდველის მიერ ყველა საკონკურსო პირობის შესრულება. კონკურსის ერთ-ერთი პირობა კი ზემოთ აღნიშნული დავალიანების დაფარვა იყო, რაც დაფიქსირდა სს «ფ-ის» აქციათა პაკეტის გაყიდვის შესახებ 1998 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 ნოემბრის ¹1-3\780 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც ეხება კ. გ-შვილთან ხელშეკრულების გაუქმებას; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების დადასტურება 65933 აქციაზე.

მესამე პირმა შპს «ს-მა» აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, მაგრამ შემდგომში განცხადებით უარი თქვა მასზე და უკან გაითხოვა იგი.

თუმცა საკასაციო სასამართლოში შპს «ს-მა» წარადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრის უკან გათხოვა მოხდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის უუნარობის გამო და საკასაციო საჩივარი შემდგომში გასაჩივრებისათვის გადაუგზავნა მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. შპს «ს-მა» თავადაც ითხოვა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმება. შპს «ს-მა» განცხადებას თან დაურთო საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 14 იანვრის განჩინებით მესამე პირის, შპს «ს-ის», საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომაც.

საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას სამინისტროს არ დაურღვევია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 76-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, რომლებიც ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონით განსაზღვრულ წესს შეეხება.

კასატორის განმარტებით, სამინისტროს სადავო ბრძანება არ უნდა გამოცხადებულიყო ბათილად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 31 აგვისტოს ¹1-3\683 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსთან. კასატორი არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების შემდეგ მოტივაციას: თუ შპს «ს-ის» აღარ შეეძლო მოეთხოვა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, მაშინ სს «ფ-ის» აქციების შესაძენად გამართულ კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ პირსაც აღარ ევალებოდა ამ ვალდებულების შესრულება. კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება არ მოხდა სწორედ იმის გამო, რომ დავალიანების დაფარვის პირობა შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო სს «ფ-ის» აქციათა პრივატიზებისას. აღნიშნული შესაძლებელს გახდიდა საწარმოს გაკოტრებისაგან გადარჩენას, საწარმოში ინვესტიციების მოზიდვას და მის საკუთრებაში არსებული აქციების პრივატიზების შედეგად დამატებით შემოსავალს მოუტანდა სახელმწიფოს.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიძლება შეწყდეს მანამ, სანამ არ მოხდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულება. ასეთ შემთხვევაში ვალდებულება შეწყდება შესრულებით სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე და არა იმ დებულების საფუძველზე, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში.

კასატორის განმარტებით, თავად «მყიდველი» კ. გ-შვილიც იზიარებს ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას. მან თავად გამოთქვა მზადყოფნა, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რაც დასტურდება იმით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების 3.4. მუხლით ნაკისრი ვალდებულება (80-90 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიციების განხორციელება საწარმოში) შესრულდა მის მიერ 1999 წლის 17 თებერვალს. აღნიშნული დასტურდება ქ. თბილისის აუდიტორ ი. მ-შვილის დასკვნით.

კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოში მოქმედი არც ერთი ნომრატიული აქტი არ კრძალავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის პირობად მყიდველის მიერ საწარმოს დავალიანების დაფარვის პირობის გამოცხადებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. ხოლო საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა და გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც კ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1998 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ფიზიკურ პირ კ. გ-შვილს შორის დაიდო ადმინისტრაციული გარიგება, კერძოდ, სს «ფ-ის» აქციათა პაკეტის (65933 ცალი აქცია _ საწარმოს საწესდებო კაპიტალის 30,61%) ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 ნოემბრის ¹1-3\780 ბრძანებით გაუქმდა სს «ფ-ის» აქციათა პაკეტის (65933 ცალი აქცია _ საწარმოს საწესდებო კაპიტალის 30,61%) გაყიდვის შესახებ სამინისტროსა და ფიზიკურ პირ კ. გ-შვილს შორის 1998 წლის 4 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს. სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო (კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანო: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო) სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. ამდენად, სადავო ბრძანება წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული გარიგების მონაწილე მხარის ნების წერილობით გამოხატვას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და არა ადმინისტრაციულ აქტს, რადგანაც კერძო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე მხარეები განიხილებიან თანასწორუფლებიან სუბიექტად, მათი ურთიერთობა დაფუძნებულია თანასწორობის პრინციპზე და ზემოთ აღნიშნული ბრძანებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გარიგების მონაწილე მეორე მხარის მიმართ ადმინისტრირების განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიის მსჯელობა იმაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 76-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის თაობაზე, არასწორია, რადგანაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 30 ნოემბრის ¹1-3\780 ბრძანება, სს «ფ-ის» აქციათა პაკეტის ნასყიდობის შესახებ, 1998 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს.

საქმის მასალებიდან ირკვევა და თავად კასატორის წარმომადგენელმაც დაადასტურა საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომ 1998 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, აქციათა პაკეტის საბოლოო ღირებულების _ 33100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის _ გადახდა და სს «ფ-ში» 80-90 ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების განხორციელება ჯეროვნად შესრულდა ვ. გ-შვილის მიერ.

რაც შეეხება კ. გ-შვილის ვალდებულებას სახელმწიფო კომპანია «ს-ის» მიმართ სს «ფ-ის» დავალიანების დაფარვის თაობაზე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 17 მაისის და 1997 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებებით სს «ფ-ს» სახელმწიფო კომპანია «ს-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 522604,60 ლარი. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ს-ს» უარი ეთქვა სს «ფ-ის» ქონების იძულებით აუქციონზე გაყიდვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი უკვე ვადაგასული იყო (მისი მოქმედების ვადა შეწყდა 1998 წლის 5 თებერვალს). ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «ს-ს» არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კოლეგიის მოტივაციას, რომ, თუ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს «ს-ს» აღარ შეუძლია, მოითხოვოს საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, მაშინ სს «ფ-ის» აქციათა პაკეტის შესაძენად გამართულ კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ პირ კ. გ-შვილსაც აღარ ევალება საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სს «ფ-ის» დავალიანების გადახდა შპს «ს-ის» სასარგებლოდ. მით უფრო, რომ საკასაციო სასამართლოს აზრით, შპს «ს-ი» აღნიშნული ვალის დაბრუნების თაობაზე დაეთანხმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აუცილებლად გაასაჩივრებდა საკასაციო წესით რისი უფლებაც მას ჰქონდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძველს მოკლებულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.