3გ-ად-192-კ-01 10 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. რ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ი. რ-შვილის გამოსახლება ბინიდან მდებარე ... ქ.თბილისი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 27.02.97წ. მიიღო ორდერი აღნიშნულ ბინაზე, ორდერის მიღებისთანავე მივიდა ბინაში, სადაც დახვდა ბინაში უნებართვოდ შეჭრილი ი. რ-შვილი, უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად ბინას არ ცლიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ი. რ-შვილის გამოსახლება მისი კუთვნილი ბინიდან.
ი. რ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ა.რ.-ის სახელზე კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ სადავო ბინაზე გაცემული ორდერის გაუქმება შემდეგი საფუძვლით: 1994 წლიდან იგი მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის საიდუმლო ნაწილში საქმის მწარმოებლად, 1996 წლის აპრილიდან შვილთან ერთად უკავია სადავო ბინა (ყოფილი სსრკ შეიარაღებული ძალების საბინაო ფონდი), ბინის ყოფილი მაცხოვრებლის ვ. ბ-კოს გამონთავისუფლებულ ბინაში ცხოვრების ნება დართო მისმა სამსახურმა, ბინის გამოყოფისათვის საჭირო საბუთები ი. რ-შვილმა ჩააბარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მშენებლობისა და ჯარების განთავსების მთავარი სამმართველოს საბინაო განყოფილებაში.
სამგორის რაიონის სასამართლოს 08.12.97წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ი. რ-შვილის მხარეზე ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 22.05.97წ. გადაწყვეტილებით ა. რ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ი. რ-შვილი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ი. რ-შვილს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 24.07.98წ. განჩინებით ი. რ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამგორის რაიონის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 11.02.99წ. დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველობის წესით პროტესტი, გაუქმდა საქმეზე მიღებული სასამრათლო გადაწყვეტილებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ი. რ-შვილმა სასამართლოს მიმართა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით, რომელშიც მიუთითა, რომ ა. რ-ძე მისი სახლში არყოფნის დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, თვითნებურად შეიჭრა სადავო ბინაში. ვინაიდან ა. რ-ძე კვლავინდებურად იმყოფებოდა სადავო ბინაში, ი. რ-შვილმა მოითხოვა ა. რ-ძის ბინიდან გამოსახლება და მისი სადავო ბინაში შესახლება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 24.12.99წ. გადაწყვეტილებით ა. რ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ი. რ-შვილის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 27.02.97წ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე ა. რ-ძის სახელზე სადავო ბინაზე გაცემული ორდერი, ა. რ-ძე მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბინა მთელ კორპუსთან ერთად, ბალანსიდან ბალანსზე, რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების სარდლობის მიერ, ოფიციალური მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის საფუძველზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების საფუძველზე. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო ბინაზე ორდერის ა. რ-ძეზე გაცემით დაირღვა საბინაო კოდექსის 57-ე მუხლი, ვინადიან სადავო ბინა მდებარეობს სამგორის რაიონში, კრწანისის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი გაეცა ორდერი.
ა. რ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მიუთითა, რომ 1993 წელს საქართველოს შსს შუამდგმოლობის საფუძველზე 22.04.94წ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შსს განკარგულებაში გადასცა რამდენიმე, მათ შორის სადავო ბინა, რომელზეც შსს საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე კრწანისის რაიონის გამგეობამ გამოწერა ორდერი. კრწანისის რაიონის გამგეობა, კასატორს აზრით, უფლებამოსილი იყო გამოეწერა ორდერი, ვინაიდან შსს მდებარეობს კრწანისის რაიონში. აპელანტმა განმარტა აგრეთვე, რომ კორპუსი, რომელშიც მდებარეობს სადავო ბინა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 25.02.97წ. ¹8 მიღება-ჩაბარების აქტით. რადგან სადავო ბინა 1994 წლიდან უკვე იმყოფებოდა შსს კომუნალურ ფონდში, თავდაცვის სამინისტრო ი. რ-შვილის სახელზე ორდერს ვერ გამოწერდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპდელანტმა მოითხოვა 24.12.99წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატამ 04.09.01წ. გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა ირიცხებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. საქართველოს შს სამინისტროს 12.08.93წ. ¹46/1-3630 წერილის საფუძველზე, ამიერკავკასიის რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობის მიერ 22.04.94წ. ¹7/172 მომართვით ბინა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს, შსს თანამშრომლის, პოლიციის კაპიტნის ა. რ-ძის საბინაო პირობებით უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს შსს ცენტრალური აპარატის საყოფაცხოვრებო კომისიამ ერთობლივ სხდომაზე მსჯელობა იქონია 06.01.97წ. ანუ ბინის გადაცემიდან 3 წლის შემდეგ, კომისიამ ა. რ-ძეს გაუწია შუამდგომლობა კრწანისის რაიონის გამგეობის წინაშე ბინის ორდერის გაცემისათვის. გამგეობის 26.02.97წ. ¹17 გადაწყვეტილების საფუძველზე ა. რ-ძეს მიეცა ბინაში შესახლების ორდერი ¹.... ამასთანავე, სადავო ბინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹10143 სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი ფართის გასაუმჯობესებელ მოსამსახურეთა აღრიცხვაზე ასაყვანი საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის მიერ 24.09.96წ. გადაეცა ი. რ-შვილს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების მოქმედების პირობებში, ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდობის მიერ სადავო ბინის გაცემა 22.04.94წ. ¹7/172 მიმართვით საქართველოს შს სამინისტროსათვის უკანონოა, ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობა არ იყო უფლებამოსილი გადაეცა ვინმესთვის ქონება, რადგანაც 09.10.92წ. ¹984 დადგენილების საფუძველზე ქონება მას უკვე ჩამორთმეული ჰქონდა და ამავე დადგენილებით ქონების მფლობელად ითვლებოდა თავდაცვის სამინისტრო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. რ-ძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, საქმეში არ მოიპოვება ი. რ-შვილის სადავო ბინაში ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რის გამოც იგი სადავო ბინიდან უნდა გამოსახლდეს. პალატამ განმარტა აგრეთვე, რომ ვინაიდან ი. რ-შვილზე არ მომხდარა სადავო ბინის გაფორმება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, იგი არ არის უფლებამოსილი პირი შეგებებული სარჩელი აღძრას სადავო ბინაზე ა. რ-ძის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე, რის გამო სააპელაციო პალატის 04.09.01წ. მთავარ სხდომაზე ი. რ-შვილი მიჩნეულ იქნა არასთანადო მოსარჩელედ და მისივე თანხმობით შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი, რომელმაც მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა ქ.თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ა. რ-ძის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობა და ა. რ-ძის გამოსახლება სადავო ბინიდან, სათანადო მოპასუხედ აღნიშნულ მოთხოვნაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, ჩაბმულ იქნა, საქმეში მანამდე მესამე პირად ჩაბმული, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა. ამდენად, ი. რ-შვილმა ფაქტიურად უარი თქვა თავის შეგებებულ სარჩელზე, რის გამოც საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.09.01წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 24.12.99წ. გადაწყვეტილება; ა. რ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. რ-შვილი გამოსახლდა სადავო ბინიდან, ი. რ-შვილის შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; დაკმაყოფილდა აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი თბილისის კრწანისის გამგეობის მიერ ა. რ-ძის სახელზე გაცემული ორდერი ¹..., მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით; ა. რ-ძე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. რ-ძემ. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 09.10.92წ. ¹984 დადგენილებას და არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული დადგენილება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 22.12.93წ. ¹929 დადგენილებით გაუქმდა, რის გამოც, სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის გადაცემა მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ, კანონიერ საფუძველს არის მოკლებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საცხოვრებელი სახლი ¹..., სადაც სადავო ბინაა განთავსებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა 05.06.97წ. მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო სადავო ბინა 3 წლით ადრე _ 22.04.94წ. გადაეცა შს სამინისტროს მისთვის ბინით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ ეცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის ჯარების დაჯგუფების შესაბამისი სამსახურის მიერ, კერძოდ, ვიცეპოლკოვნიკ პ.-ის 11.03.98წ. წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ 1997 წელს თავდაცვის სამინისტროს ¹... კორპუსი გადაეცა ¹5 ბინის გარეშე, რომელიც 1994 წელს გადავიდა საქართველოს შ.ს.ს. ბალანსზე. სააპელაციო პალატამ არ გაარკვია თუ რა საფუძვლით გადასცა თავდაცვის სამინისტრომ ი. რ-შვილს 24.09.96წ. სადავო ბინა იმ სახლში, რომლის მესაკუთრეც გახდა 1997 წლის ზაფხულში.
კასატორის აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საბინაო კოდექსის 57-ე მუხლი, ვინაიდან გადაწყვეტილება საცხოვრებელი სადგომის მიცემის შესახებ მიიღო შ.ს.ს., რომელიც მდებარეობს კრწანისის რაიონში, კრწანისი გამგეობამ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გასცა ორდერი. კასატორის აზრით, დარღვეულია აგრეთვე საბინაო კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, 26.02.97წ. გაცემული ორდერის ბათილობა თავდაცვის სამინისტრომ დააყენა 4 წლის შემდეგ. კასატორი თვლის, რომ დაირღვა აგრეთვე საბინაო კოდექსის 111-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გასახლებულიყო დაკავებული ფართიდან სხვა ფართის მიუცემლად, თუ ორდერის ბათილობა გამოწვეული იქნებოდა ორდერის მიმღები პირის, ანუ მისი, არამართლზომიერი ქმედების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 04.09.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«ყოფილი საკავშირო სამხედრო უწყებათა ჯარებისა და დაწესებულებებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის ფონდიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთების, მათზე განლაგებული სამხედრო დასახლებების, სამხედრო-საზღვაო ბაზების ძირითადი ფონდების მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემისა და მოხმარების სფეროს განსაზღვრის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების თანახმად ყოფილ საკავშირო უწყებათა ქონების ერთადერთ სამართალმემკვიდრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს. «საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების ძალადკარგულად ჩათვლის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 22.12.93წ. ¹929 დადგენილებით, მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984 დადგენილება ჩაითვალა ძალადაკარგულად. ამასთანავე, ვიცე პოლკოვნიკის პ.-ის წერილის თანახმად ბინა მდებარე მისამართზე: ... ... კორპუსი, ბინა ¹5 შსს პოლიციის კაპიტანის ა. რ-ძის საბინაო პირობებით უზრუნველყოფისათვის გადაცემულ იქნა ამიერკავკასიის რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელის 15.02.93წ. გადაწყვეტილების საფუძველზე. ამდენად, გადაცემა განხორციელდა მინისტრთა კაბინეტის 22.12.93წ. ¹929 დადგენილების მიღებამდე, მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების მოქმედების პირობებში. გარდა ამისა, «საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 01.10.94წ. ¹16-ს განკარგულების მე-13 პუნქტის თანახმად მინისტრთა კაბინეტის 22.12.93წ. ¹929 დადგენილების მოქმედება შეჩერებულ იქნა. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტის 09.10.92წ. ¹984 დადგენილების მოქმედების პირობებში არ დაიშვებოდა ამიარკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობის მიერ სადავო ბინის განკარგვა. აღნიშნული დადგენილებით ქონება მფლობელისაგან გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, 09.10.92წ. ¹984 დადგენილების მიხედვით ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების სარდლობა არ იყო უფლებამოსილი განეკარგა ქონება. ამასთანავე, ა. რ-ძეზე ორდერის გაცემა (26.02.97წ.) მოხდა ¹8 მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ (25.02.97წ.), აქტი არ შეიცავს მითითებას იმაზე, რომ ... კორპუსი გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავო ბინის გამოკლებით, ორდერის გამოწერისას ბინა იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. სადავო ბინის შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს ქუჩებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დანაშაულის აღკვეთის სამსახურის ...-ის ა. რ-ძეზე გადაცემით დაირღვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებები ორდერში აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე, რაც საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა ორდერის ბათილად ცნობის საფუძველს. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ორდერის გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ თავისუფალ იზოლირებულ საცხოვრებელ სადგომზე. ა. რ-ძეზე ორდერის გაცემისას ბინაში არასრულწლოვან შვილთან ერთად, ს/ნ 10143 აღრიცხვაზე ასაყვანი საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 24.04.96წ. დადგენილების საფუძველზე, ცხოვრობდა ი. რ-შვილი, რომლის გამოსახლებამდე ორდერის გაცემა არ დაიშვებოდა.
რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მიერ ქონების განკარგვა არ დაიშვებოდა აგრეთვე «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის, სასაზღვრო ჯარების, სამხედრო საზღვაო ფლოტის კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალების, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო ბაზებისა და სხვა ქონების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 05.11.91წ. ¹819 დადგენილების თანახმად. ამასთანავე «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფებისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო შენაერთების სარდლობას ეთხოვა სისტემატიურად ეცნობებიათ საქართველოს შესაბამის სამხედრო უწყებებისათვის მათ საბინაო ფონდში შეუსახლებელი (გამოთავისუფლებული) ბინების შესახებ და მათი მიღება-ჩაბარება მოეხდინათ დადგენილი წესით. მინისტრთა კაბინეტის ამავე დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისპლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსაურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები «თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში გამოთავისუფლებულ ბინებს (რომლებიც აღარ ესაჭიროებათ) აძლევენ საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სამხედრო უწყებებს დაქვემდებარების მიხედვით ურთიერთშეთანხმების საფუძელზე». ამავე დებულების მე-4 თავის მიხედვით ბინაში შესახლება ხორციელდებოდა ორდერის საფუძველზე, რომელსაც ორი კვირის ვადაში გადასცემდა მმართველობის ადგილობრივი ორგანო სამხედრო უწყებიდან გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საბინაო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლები. შსს განთავსება კრწანისის რაიონში არ იძლეოდა საფუძველს კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ სადავო ბინაზე ორდერის გაცემისათვის, მით უფრო, რომ თავად შს სამინისტროს ბინა გადასცა არაუფლებამოსილმა პირმა. შს მინისტრის მოადგილის მიმართვა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილისადმი, გამონაკლისის სახით, ა. რ-ძისათვის ბინის გამოყოფის თაობაზე, აგრეთვე თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის 26.02.97წ. ¹17 გადაწყვეტილებით ა. რ-ძისათვის გამონაკლისის წესით 1 ოთახიანი სადავო ბინის გამოყოფა, თავისთავად ადასტურებს ბინის დადგენილი წესის დარღვევით გამოყოფას. საქმის მასალებში საერთოდ არ მოიპოვება რაიმე აქტი, რომლის საფუძველზეც სადავო ბინა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა შს სამინისტროს, ასეთად ვერ იქნება მიჩნეული ამიერკავკასიის რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების 22.04.94წ. ¹54/7/172 წერილი შს მინისტრის მოადგილისადმი იმის შესახებ, რომ შუამდგომლობის თანახმად, სამოქალაქო პირების მიერ დაკავებული ბინა მდებარე ქ.თბილისი, ... ..., ბინა 5 გადაიცა პოლიციის კაპიტანის ა. რ-ძის უზრუნველსაყოფად, 1994 წელს გადაცემული ფართის სამი წლის შემდეგ, 1997 წელს განაწილება თავისთავად ადასტურებს იმას, რომ ბინა შს სამინისტროსათვის არ გამოყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. რ-შვილის სარჩელის ნაწიში საქმის წარმოება შეწყდა, იგი სააპელაციო პალატის მიერ მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მის სახელზე არ ყოფილა გაცემული ორდერი, რის გამო სააპელაციო სასამართლოს აზრით მას არავითარი სამართლებრივი საფუძველი ბინაში ცხოვრებისა არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია თუ რა უფლებით გადასცა თავდაცვის სამინისტრომ ი. რ-შვილს ბინა. ამასთანავე, არაუფლებამოსილი ორგანოს – კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ა. რ-ძეზე ორდერის გაცემას არ შეეძლო წარმოეშვა რაიმე სამართლებრივი შედეგი.
უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაცდენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმალობის 3 წლიანი ვადა. კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ორდერი გაიცა 26.02.97წ., საქმის სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში განხილვისას პალატის 04.09.01წ. განჩინებით ი. რ-შვილი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ა. რ-ძის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობაზე და მისივე თანხმობით შეცვლილ იქნა სათანადო მოსარჩელით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროთი. ი. რ-შვილის მიერ შეგებებული სარჩელი აღიძრა ხანდაზმულობის ვადაში – 19.02.98წ. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თავდაპირველი მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრით (1964წ. სსკ-ს 83-ე მუხ.). სადავო ურთიერთობებში პირის შეცვლა არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეცვლას. ვინაიდან თავდაპირველი მოსარჩელის – ი. რ-შვილის მიერ სარჩელის შეტანისას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ იყო გაცდენილი, იგი გაუცდენელია აგრეთვე ახალი, სათანადო მოსარჩელის მიმართაც. ი. რ-შვილი, რომელიც თავდაპირველად სადავო სამართალურთიერთობების მონაწილეთ მოიაზრებოდა, საქმის განხილვის, საქმის გარემოებათა გამოკვლევის კვალდაკვალ ასეთად არ აღმოჩნდა, რაც მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობების სტრუქტურის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სიძნელეებით, ნორმატიული აქტების, სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციის არაერთმნიშვნელოვანი განმარტებით. თავდაცვის სამინისტრო მესამე პირად განსახილველ საქმეში ჩაება ქ.თბილისის სამგორის რაიონის 08.12.97წ., განჩინებით. 19.02.98წ. ი. რ-შვილმა აღძრა შეგებებული სარჩელი ა. რ-ძისათვის გაცემული ორდერის ბათილად ცნობის შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ საქმეში მესამე პირად ი. რ-შვილის მხარეზე ჩაბმისთანავე აღიარა და მხარი დაუჭირა შეგებებულ სარჩელს, წინადადების მიღებისთანავე სამინისტრომ, სსკ-ს 84-ე მუხლის თანახმად, იმთავითვე მზადყოფნა განაცხადა საქმეში სათანადო მოსარჩელის სახით ჩართვაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსახილველ დავაში არ აქვს გაცდენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 04.09.01წ. გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, პალატამ გამოიყენა ნორმა რომელი უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი, ამდენად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა :
1. ა. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.09.01წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.