Facebook Twitter

3გ-ად-194-კ-01 22 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა და გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილების საფუძველზე, მიწის რეფორმის განხორციელების მიზნით, ზესტაფონის რაიონში შეიქმნა მიწის რეფორმის ფონდი, რომლიდანაც შემდეგ ხდებოდა კომლის მიწის ნაკვეთების შევსება. ამ დადგენილების საფუძველზე 1992 წლის 25 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მ. კ-იას გადაეცა 0,9 ჰა მიწის ნაკვეთი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულების შესაბამისად მ. კ-იას შვილზე – ვ. კ-იაზე აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.

2000 წლის 8 ივნისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. კ-იამ და მიუთითა, რომ მასზე, როგორც პირველი კატეგორიის კომლზე, ირიცხება 0,9 ჰა მიწის ნაკვეთი. 1993 წლიდან მეზობლებმა _ ო. და ნ. კ-იებმა თვითნებურად მიითვისეს ამ ნაკვეთიდან 0,2 ჰა ნაკვეთი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების მიერ მითვისებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა და დაბრუნება მის კანონიერ საკუთრებაში.

ო. და ნ. კ-იების მიერ სადავო 0,2 ჰა მიწის ნაკვეთის მითვისების ფაქტი დადასტურებულია ზესტაფონის რაიონის პროკურორის 1998 წლის საბრალდებო დასკვნით. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 233-235 მუხლების საფუძველზე, ო. და ნ. კ-იების მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ვითარების შეცვლის გამო.

მოპასუხეები – ო. და ნ. კ-იები არ დაეთანხმენ ვ. კ-იას სარჩელს უსაფუძვლობის გამო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. კ-იას სარჩელი. მოპასუხეებს ჩამოერთვათ სადაო 0,2 ჰა სადაო მიწის ნაკვეთი და გადაეცა ვ. კ-იას საკუთრების უფლებით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ნ. კ-იებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება. გარდა ამისა, ნ. კ-იამ ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა:

1. 2000 წლის 20 მარტს ვ. კ-იაზე გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹377 სახელმწიფო აქტის გაუქმება, რადგან მ. კ-იას კომლის გაყოფა მოხდა უკანონოდ;

2. სასამართლოს მიერ სადაო ფართის მისთვის გადაცემა და შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2001 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; ო. და ნ. კ-იების შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ _ ბათილად ცნო ო. კ-იას სახელზე გაფორმებული, 1994 წლის 25 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹341 სახელმწიფო აქტი; ზესტაფონის რაიონის სოფ. ..ის საკრებულოსა და ზესტაფონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სამმართველოს დაევალა კანონის შესაბამისად ო. კ-იაზე მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

საოლქო სასამართლო დაეთანხმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ო. და ნ. კ-იების მიერ სადავო ფართის მიტაცების თაობაზე, რადგან საოლქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნიდან და სასამართლოს განჩინებიდან, ზესტაფონის მიწის რესურსების და მიწის კადასტრის სამმართველოს შს განყოფილებისათვის გაგზავნილ მიმართვებიდან აშკარად ჩანს, რომ მოპასუხეები მიცემულნი იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, მაგრამ წარმოება შეწყდა ვითარების შეცვლის და არა მათი არაბრალეულობის გამო.

საოლქო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტების მოსაზრებას, თითქოს მათ, როგორც მამა-პაპისეული მიწის მოსარგებლეებს, აქვთ სადავო მიწაზე უპირატესი უფლება. არაფრითაა დადგენილი, რომ ისინი ამ ნაკვეთს იყენებდნენ როგორც საბაღე, საბოსტნე, სააგარაკე, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთს. საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის ¹66 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკუთრებად გამოცხადდა 1992 წლამდე კანონიერ სარგებლობაში არსებული მხოლოდ ზემოაღნიშნული მიწები და არა კოლმეურნე წევრებზე დასამუშავებლად გაპიროვნებული ნაკვეთები, მითუმეტეს სადავო ნაკვეთი 1992 წლიდან გადაცემული იყო მ. კ-იაზე.

საოლქო სასამართლო არ დაეთანხმა ვ. კ-იას კომლში დედის _ მ. კ-იას კომლის უფროსად ჩაწერის არაკანონიერებას, რადგან იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით კომლის უფროსად არჩევა თვით კომლის წევრების უფლება იყო. მ. კ-ია ვ. კ-იას კომლში გადავიდა 1975 წლიდან და კანონიერად ჩაიწერა კომლის უფროსად.

საოლქო სასამართლო დაეყრდნო ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის გ. მ-ძის განმარტებას, რომლის მიხედვითაც მ. კ-იას სახელზე გაფორმებული აქტი შეესაბამება კანონს, ხოლო ო. კ-იაზე შევსებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი არასრულყოფილია, მასში შეტანილი მიწის ფართის მონაცემები არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს, მიწა არაა შევსებული პირველი კატეგორიის კომლისათვის განსაზღვრულ ოდენობამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ნ. კ-იებმა და მიუთითეს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მათი მამა-პაპის საკუთრება იყო, შემდეგ წლების მანძილზე თვითონ ფლობდნენ მას და არის მათი საკარმიდამო ვენახის გაგრძელება, რის დასადასტურებლად მათ წარმოადგინეს ზესტაფონის მიწის მართვის სამმართველოს 2001 წლის 15 ოქტომბრის ¹351 ცნობა.

კასატორების განმარტებით, სადაო ნაკვეთი უკანონოდ იქნა ჩარიცხული მიწის რეფორმის ფონდში, რადგან ეს ნაკვეთი ფონდში კი არ უნდა ჩარიცხულიყო, არამედ პირდაპირ უნდა გადაცემოდათ საკუთრებაში, როგორც მათი საკარმიდამო ნაკვეთის გაგრძელება. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ» კანონის პირველი მუხლის «ბ» პუნქტი და თავიდან აეცილებინა მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება.

კასატორები ეყრდნობიან «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის ¹66 დადგენილების მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ».

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში; ვ. კ-იას მიწის მიღება-ჩაბარების ¹377 სახელმწიფო აქტიდან სადავო 0,2 ჰა მიწის ფართობის ამორიცხვას და მათ საკუთრებაში გადაცემას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. და ნ. კ-იების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უსაფუძვლოა კასატორთა არგუმენტი სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1992 წლის ¹290 დადგენილების არასწორად გამოყენების თაობაზე იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ შეუმოწმებია სადავო 0,2 ჰა მიწის ნაკვეთის სარეფორმო ფონდში ჩარიცხვის კანონიერება. სარეფორმო ფონდში სადავო მიწის ნაკვეთის ჩარიცხვის კანონიერების საკითხი საქმის განხილვის დროს სადავოდ არ გამხდარა, დავის საგანს არ წარმოადგენდა, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და 377-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილი იყო გასცდენოდა დავის (სარჩელის) ფარგლებს და ემსჯელა ისეთ საკითხზე, რომელიც სადაოდ არც ერთ მხარეს არ გაუხდია;

2. კასატორთა განმარტებით სადავო მიწის ნაკვეთი მათი მამა-პაპის საკუთრება იყო, წლების მანძილზე თავად ფლობდნენ და მათი საკარმიდამო ნაკვეთის გაგრძელებაა, ამიტომ სადავო ნაკვეთის კანონიერი მფლობელები არიან და კერძო საკუთრებაშიც მათ უნდა გადასცემოდათ, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის. ამასთან, ამავე კოდექსის 106-ე მუხლის «გ» პუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, რომლებიც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა სასამართლო იხილავს ამ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ დავას. კონკრეტულ შემთხვევაში ზესტაფონის რაიონის პროკურატურის მიერ კასატორ ო. და ნ. კ-იების მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით _ «მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა» და 220-ე მუხლით _ «თვითნებობა», რომლითაც კასატორებს ბრალად ედებოდათ ზესტაფონის რაიონის სოფ. ..ის გამგეობის კუთვნილი 0,69 ჰა, მათ შორის ვ. კ-იას კუთვნილი 0,2 ჰა, მიწის ნაკვეთის მიტაცება და უკანონო ფლობა. ზესტაფონის რაიონის სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე 1999 წლის 22 თებერვალს მიიღო განჩინება, რომლითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 233-235-ე მუხლების თანახმად, ნ. და ო. კ-იების მიმართ წარმოებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ვითარების შეცვლის გამო და არა დანაშაულის არარსებობის გამო. კასატორთა განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 თებერვლის განჩინების გადასინჯვის შესახებ უარი ეთქვა როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის 2002 წლის 7 მარტის ¹12-3-გ-02, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 21 მაისის ¹ 42/საკ 04 წერილით. ამდენად, ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 თებერვლის განჩინება დღეისათვის კანონიერ ძალაშია, ამ განჩინებით ო. და ნ. კ-იების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა წარმოება ვითარების შეცვლის გამო, ამიტომ აღნიშნულ განჩინებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად, პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის და განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება სოფ. ..ის გამგეობის კუთვნილი 0,69 ჰა მიწის ნაკვეთის, მათ შორის ვ. კ-იას კუთვნილი სადავო 0,2 ჰა მიწის ნაკვეთის ო. და ნ. კ-იას მიერ მიტაცების ფაქტი საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია და დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 თებერვლის განჩინების გათვალისწინებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც ო. და ნ. კ-იების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცერსო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. და ნ. კ-იების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.