იჯარა; პრივატიზება; გამოსახლება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-194-კ-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე, ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება, საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრება, ობიექტის პრივატიზების ბათილად ცნობა, მოპასუხის ქონების აღმრიცხველი ნუსხიდან სადავო ობიექტის ამორიცხვა.
შეგებებული სარჩელის საგანი: სადავო ობიექტის ამორიცხვა მიღება-ჩაბარების აქტიდან და მოსარჩელის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 17 თებერვალს შპს ბაზარი «ს.-....-ის” დირექტორმა ნ. წ-მა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში მოპასუხეების: საწარმო «ი.», საწარმო «ბომბორას» (ყოფილი «ხ.» ¹... მაღაზია), შპს «ე.-...-ისა» (ყოფილი სანტექნიკის სავაჭრო მაღაზია) და სავაჭრო შემსყიდველი საწარმოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საბურთალოს ბაზრის ტერიტორია იჯარით გადაეცა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ბაზრის ადმინისტრაციას ჩაბარდა ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული, იჯარაზე მყოფი ობიექტები, მათ შორის _ მოპასუხე საწარმოები, რომლებიც ვალდებული იყვნენ, გადაეხადათ მათ მიერ დაკავებული შენობა-ნაგებობების ფართის იჯარის ქირა. მოსარჩელის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ბაზრის ადმინისტრაციას დავალებული ჰქონდა, მოიჯარე საწარმოებიდან საიჯარო ქირის ამოღება და ბიუჯეტში ჩარიცხვა, რაც სრულყოფილად ვერ სრულდებოდა მოპასუხეთა უპასუხისმგებლო მოქმედების გამო. მოპასუხეები არ იხდიდნენ იჯარის ქირას, თუმცა მათ არაერთხელ განემარტათ, რომ ვალდებული იყვნენ, გადაეხადათ იგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეებისათვის საიჯარო ქირის გადახდის დაკისრება.
საბურთალოს რაიონის სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა სს «მ.».
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ყოფილი «ხ.» ¹.... მაღაზია წარმოადგენდა სს «მ.» საკუთრებას და მოცემულ საქმეშიც მოპასუხედ ჩაბმული უნდა ყოფილიყო სს «მ.».
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მოსარჩელე თავად იყო მოიჯარე და მას არ ჰქონდა, უფლება მეიჯარის _ თბილისის ქონების მართვის სამმართველოს _ ნებართვის გარეშე ქვეიჯარით გაეცა ქონება. მეიჯარისგან ნებართვის მიღების შემდეგ კი მოსარჩელე ვალდებული იყო, საიჯარო ხელშეკრულება დაედო სს «მ.» და ამ ხელშეკრულებით მოეწესრიგებინა მიწის საიჯარო გადასახადის ოდენობა, აგრეთვე, გადახდის პირობები. გარდა ამისა, სარჩელში არ იყო მითითებული, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისაგან და რომელ საიჯარო პერიოდს შეეხებოდა მოთხოვნა.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს ბაზარი «ს.-....-ს» ისე გადაეცა «ხ.» ¹.... მაღაზია, რომ ამის შესახებ სს «მ.» ცნობილი არ ყოფილა, რითაც უხეშად დაირღვა მისი ქონებრივი უფლებები.
შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავდა, რომ «ხ.» ¹... მაღაზია სს «მ.» საკუთრება იყო, კერძოდ, იგი შესული იყო სს «მ.» საწესდებო კაპიტალში და მისი გამოსყიდვის უფლება შპს ბაზარი «ს.-...-ს» არ ჰქონდა. აგრეთვე, სს «მ.» საკუთრებას წარმოადგენდა «ხ.» ¹... მაღაზიის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთიც. გარდა ამისა, ხილბოსტანვაჭრობის მაღაზიას არავისთან ჰქონია იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული და არ ყოფილა მოიჯარე.
სს «მ.» შეგებებული სარჩელით ითხოვა ყოფილი «ხილბოსტანვაჭრობის» ¹104 მაღაზიის დაბრუნება სს «მ.».
1998წ. 20 აგვისტოს შპს ბაზარი «ს.-...-ის» დირექტორმა ნ. წ-მა დამატებითი სარჩელით მიმართა საბურთალოს რაიონის სასამართლოს იმავე მოპასუხეების მიმართ და ითხოვა ყოფილი «ხ.» ¹... მაღაზიისათვის საიჯარო ქირისა და ჯარიმის, სულ _ 37715 ლარის, საწარმო «ი.” _ 21121 ლარის, შპს «ე.-...-თვის» _ 91519 ლარის დაკისრება, აგრეთვე, აღნიშნული საწარმოებიდან თანამშრომლებისა და მათი ხელმძღვანელების გამოსახლება.
საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ბაზარი «ს.-...-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე ყოფილი «ხ.» ¹.... მაღაზიისათვის 37715 ლარის დაკისრებისა და ¹.... მაღაზიიდან იქ დასაქმებული პირების გამოსახლების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საბურთალოს რაიონის აგრარული ბაზრის დირექტორ თ. კ-ისა და «ხ.» ¹... მაღაზიის დირექტორ ქ. მ-ეს შორის 1996წ. 3 იანვარს დადებული ¹17 ხელშეკრულება; დაკმაყოფილდა სს «მ.» შეგებებული სარჩელი; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 1994წ. 25 ივლისის დადგენილებით კონცერნ «მ.» აქციონირების დროს სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი «ხ.» ¹104 მაღაზიის 190 კვ.მ ფართი ამოღებულ იქნა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და საბურთალოს რაიონის აგრარული ბაზრის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ თ. კ-ეს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან, როგორც უკანონოდ გადაცემული ობიექტი და აღირიცხა მისი კანონიერი მფლობელის გამგებლობაში. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს დაევალა საბურთალოს ბაზრის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ თ. კ-ესთან 1996წ. 6 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან რიგითი ნომერი 8-ის გასწვრივ დაფიქსირებული, 2897 აშშ დოლარად შეფასებული «ხ.» ამოღება; თბილისის მიწის რესურსების დეპარტამენტს დაევალა, საბურთალოს რაიონის საკოლმეურნეო ბაზართან მიწის ნაკვეთის იჯარით აღების თაობაზე 1996წ. 15 იანვრის ხელშეკრულებით გადაცემული 8400 კვ.მ-დან სს «მ.» მფლობელობაში გადაცემული ¹... მაღაზიით დაკავებული 190 კვ.მ მიწის ფართობის ამორიცხვა; მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ 1996წ. 15 იანვრის ხელშეკრულებით შპს ბაზარი «ს.-....-ის» გადასახდელი თანხიდან ამოირიცხა 190 კვ.მ მიწის ფართობის იჯარის ღირებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ზედამხედველობის წესით პროტესტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 28 იანვრის ¹27 დადგენილებით ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2000წ. 7 თებერვალს შპს ბაზარი «ს.-....-მა» დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე «ხ.» ¹.... მაღაზიის, თანამოპასუხე სს «მ.» და მესამე პირი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ითხოვა:
1) მოპასუხისა და თანამოპასუხის გამოსახლება სადავო შენობიდან.
2) მოპასუხისა და თანამოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 33079 ლარის გადახდის დაკისრება;
3) ყოფილი «ხ.» ¹.... მაღაზიის პრივატიზების გაუქმება;
4) სს «მ.» ქონების აღმრიცხველი ნუსხიდან შპს ბაზარი «ს.-....-ის» მიერ პრივატიზებული და მის ტერიტორიაზე განთავსებული ყოფილი «ხ.» ¹... მაღაზიის ამორიცხვის დავალება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის.
დაზუსტებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ საბურთალოს ბაზრის ფუნქციონირების დაწყების დღიდან ბაზრის მთელი ტერიტორია და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა ბაზრის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს. საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის მიმდინარეობისას ბაზრის შრომითმა კოლექტივმა კანონით დადგენილი წესით მოახდინა სახელმწიფო ქონების პრივატიზება იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. ბაზრის ადმინისტრაციამ 1987 წელს საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა «ხ.» ¹... მაღაზიასთან, რომელიც წლების განმავლობაში უხდიდა იჯარის ქირას, მაგრამ 1994 წლიდან აღარ გადაუხდია. შესაბამისად «ხ.» ¹104 მაღაზიას ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება _ 33079 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალით გაირკვა, რომ «ხ.» ¹.... მაღაზიის შენობა სს «მ.» საწესდებო კაპიტალში შევიდა ბაზრის ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე და ქ. თბილისის მუნიციპალური ორგანოების გვერდის ავლით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ბაზარი «ს.-....-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელის ტერიტორიაზე მდებარე 209 კვ.მ ფართობის ნაგებობიდან გამოსახლდა სს «მ.»; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა შპს ბაზარი «ს.-...-ის» ტერიტორიაზე განთავსებული სს «მ.» სახელზე პრივატიზებული 209 კვ.მ ფართობის ობიექტის პრივატიზაციის ნუსხიდან ამორიცხვა. უარი ეთქვა მოსარჩელე შპს ბაზარი «ს.-....-ის» სასარჩელო მოთხოვნას, მის სასარგებლოდ მოპასუხე სს «მ.» 33079 ლარის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო საჩივრით სს «მ.» ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც სს «მ.» გამოსახლდა დაკავებული შენობიდან და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა პრივატიზების ნუსხიდან სს «მ.» მიერ პრივატიზებული ობიექტის ამორიცხვა. ამასთან, სს «მ.» 2001წ. 2 ნოემბერს სააპელაციო პალატას მიმართა შეგებებული სარჩელით მოპასუხეების: შპს ბაზარი «ს.-...-ის», თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ.
სს «მ.” შეგებებულ სარჩელში ითხოვა:
1. სს «მ.» საწესდებო კაპიტალში შეტანილი ყოფილი «ხ.» ¹.... მაღაზიის მიერ დაკავებული 190 კვ.მ ფართობის ამორიცხვა ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და საბურთალოს ბაზრის დროებითი ამხანაგობის წარმომადგენელ თ. კ-ეს შორის 1996წ. 6 აგვისტოს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტიდან.
2. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტსა და შპს ბაზარი «ს.-...-ს» შორის 1996წ. 15 იანვარს გაფორმებული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან ყოფილი «ხ.» ¹... მაღაზიის შენობის ქვეშ მდებარე 190 კვ.მ მიწის ფართის ამორიცხვა;
3. ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიერ დადგენილი საბურთალოს ბაზრის წითელი ხაზების ბათილად ცნობა.
სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მარტის მთავარ სხდომაზე სს «მ.» შეამცირა შეგებებული სარჩელის საგანი. კერძოდ, მოხსნა მოთხოვნა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის მთავარ სხდომაზე სს «მ.» გაზარდა შეგებებული სარჩელის საგანი, რაც დასაშვებად ჩათვალა სააპელაციო პალატამაც, კერძოდ, სს «მ.» შეგებებული სარჩელით თავდაპირველ მოთხოვნასთან ერთად ითხოვა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 11 თებერვალს გაცემული ¹23/348 საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანა მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისად, კერძოდ, სს «მ.» საწესდებო კაპიტალში შეტანილი «ხ.» ¹.... მაღაზიის შენობის ამორიცხვა ზემოთ აღნიშნული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 30 აპრილს გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს «მ.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ბაზარი «ს.-....-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს «მ.» შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულად ჩათვალა მოსარჩელე შპს ბაზარი «ს.-...-ის» სასარჩელო მოთხოვნა «ხ.» ¹... მაღაზიის პრივატიზების ბათილად ცნობისა და სს «მ.» ქონების აღმრიცხველი ნუსხიდან მისი ამორიცხვის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა გამოსახლების შესახებ.
რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ მათ დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 314-ე მუხლი, რომლის თანახმად რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის დროის თანმიმდევრობის მიხედვით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს ბაზარი «ს.-...-მა» და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ.
შპს ბაზარი «ს.-...» საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეთითებინა მოტივზე, რომლითაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა 381-ე მუხლის გამოყენების, კერძოდ, გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის განხილვის საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-17, მე-19 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით შეცვალა დავის საგანი. გარდა ამისა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული. მატერიალური სამართლის იმ ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 83-ე, 105-ე, 272-ე, 284-ე, 377-ე მუხლები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-17, მე-19 მუხლები, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 137-ე, 138-ე, 1507-ე მუხლები.
კასატორის განმარტებით, 1997წ. 12 მარტის ¹14 წერილის გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სს «მ.» მიერ სადავო მაღაზიის პრივატიზება და მოსარჩელის მიერ ამ ფაქტის ცოდნა. გარდა ამისა, 1998 წლიდან არ იყო გასული «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სს «მ.» შეგებებული სარჩელით ითხოვდა შპს ბაზარი «ს.-...-ის» საპრივატიზებო დოკუმენტში აღნიშნული ქონების _ მიწის ნაკვეთისა და შენობის _ ამორიცხვას, ხოლო მოსარჩელის მიერ 2000წ. 4 აპრილის სარჩელის დაზუსტება არ იძლეოდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების საფუძველს.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება გამოიტანა საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ შპს ბაზარი «ს.-....-ის» მოთხოვნა ყოფილი «ხ.» ¹104 მაღაზიის პრივატიზების ბათილად ცნობისა და სს «მ.» ქონების აღმრიცხველი ნუსხიდან აღნიშნული მაღაზიის ფართის ამორიცხვის შესახებ, ხანდაზმულია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 1998წ. 17 თებერვალს საბურთალოს რაიონის სასამართლოში შეტანილი სარჩელით შპს ბაზარი «ს.-...» მოპასუხის, ყოფილი «ხ.» ¹... მაღაზიის, მიმართ ითხოვდა საიჯარო ქირის დავალიანების დაკისრებას, ხოლო 1998წ. 20 აგვისტოს აღძრული დამატებითი სარჩელით პირვანდელ მოთხოვნასთან ერთად აყენებდა მოთხოვნას, «ხ.» ¹... მაღაზიის შრომითი კოლექტივის მაღაზიის შენობიდან გამოსახლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივად უკვე აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნებით გახადა სადავოდ ყოფილი «ხ.» ¹.... მაღაზიის პრივატიზების საკითხი, თუმცა, კონკრეტულად სადავო ობიექტის პრივატიზების ბათილად ცნობა არ მოუთხოვია. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც მხარეებს შორის დავა უკვე მიმდინარეობდა სასამართლოში და იმავე დავასთან დაკავშირებულ დაზუსტებულ სარჩელში კონკრეტულად დადგა მოთხოვნა სადავო ობიექტის პრივატიზების ბათილობის შესახებ, არ შეიძლება სასარჩელო ხანდაზმულობის თვალსაზრისით გამოიყოს სასარჩელო მოთხოვნა მთლიანი სარჩელიდან და ჩაითვალოს ხანდაზმულად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ობიექტის პრივატიზების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელე შპს ბაზარი «ს. ....-ის» მიერ სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოში დაყენებისას არ დარღვეულა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიტანა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თავად ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია საქმეზე და მხოლოდ სასარჩელო ხანდაზმულობიდან გამომდინარე გამოიტანა გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების შემდეგ სააპელაციო პალატამ საქმე უნდა განიხილოს არსებითად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ბაზარი «ს.-....-ისა» და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.