გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-195-კ-01 20 თებერვალი 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს «ს. ყ. ს. ფ. ს. ს. წ.» მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «ფ.» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ «საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობისა და ინვალიდთა სოციალური დახმარების დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, როგორც გამონაკლისი, 1998 წლის 1 იანვრიდან ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი უნდა აღრიცხულიყო საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული თითოეული საზოგადოებრივი ორგანზიაციის მიხედვით, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშისგან გამოცალკევებით.
მოსარჩელის განმარტებით, მას გამოეყო 70000 ლარის კვოტა, რომლიდანაც აითვისა 65560 ლარი. აღნიშნული თანხა საბაჟო «ფ.» გადარიცხა ცენტრალურ ბიუჯეტში იმის ნაცვლად, რომ გადაერიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცანგარიშზე, საიდანაც ეს თანხა გადაირიცხებოდა მოსარჩელის ანგარიშზე.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულების სახით, აგრეთვე, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანის გამო, მოპასუხისათვის საბოლოოდ 134070 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხე საბაჟო «ფ.» შეიცვალა სათანადო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, ხოლო საბაჟო «ფ.» საქმეში ჩაება მესამე პირად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბაჟო «ფ.» შპს «ს. ყ. ს. ფ. ს. ს. წ.» სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 65560 ლარის, მიუღებელი შემოსავლის _ 7867 ლარისა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ჯარიმის _ 50481 ლარის (სულ 123908 ლარი) ანაზღაურება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საბაჟო «ფ.» სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში ჩათვალა, რომ ყველა შეღავათი, რომელიც 1998 წლის 1 იანვრიდან ვრცელდებოდა ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ საქართველოს ყრუთა საზოგადოებაზე, აგრეთვე, უნდა გავრცელებულიყო ამ საზოგადოების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და მათ შორის შპს «ს. ყ. ს. ფ. ს. ს. წ.».
კასატორმა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «ფ.» საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ მოსარჩელე, რომელიც «საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მოქმედების პერიოდში საბაჟო სამსახურმა დაბეგრა საბაჟო გადასახდელებით (დღგ, აქციზი, საბაჟო გადასახადი), არ წარმოადგენს ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ორგანიზაციას და შესაბამისად, საბაჟო ორგანოც არ იყო ვალდებული მოსარჩელის მიერ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი თანხა აესახა საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებული რომელიმე ორგანიზაციის ანგარიშზე, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლის ანგარიშიდან გამოცალკევებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა და საქმეშიც არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე წარმოადგენს რეგისტრირებული კავშირის _ «ს. ყ. ს.» _ სტურქტურულ ერთეულს და ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ცალკე ორგანიზაციას.
კასატორი მიუთითებს, რომ ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 5 თებერვლის ¹30 ბრძანების დანართში, ინვალიდთა და ომის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს 1999 წლის 24 ივნისის ¹31 და 1999 წლის 15 ივნისის ¹ი-28 წერილებში მიცემულია საბჭოში გაერთიანებული ორგანიზაციების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელშიც არ არის მითითებული «საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, უკანონოა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, რადგანაც ამასთან დაკავშირებით საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ გამოიყენა ამავე მუხლის მეორე ნაწილი და არასწორად განმარტა «საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა დააკონკრეტა მოთხოვნა და ითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნა, რადგანაც 2001 წლის 2 მარტის განჩინებით, მართალია, მოპასუხე საბაჟო «ფოთი» შეიცვალა სათანადო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, ხოლო საბაჟო «ფ.» საქმეში ჩაება მესამე პირად, მაგრამ 2001 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 123908 ლარი დაეკისრა არა მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს, არამედ _ მესამე პირს _ საბაჟო «ფ.».
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგანაც არასრულყოფილად გამოიკვლია ის გარემოება, რომ «საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელებულიყო თუ არა რეგისტრირებული კავშირის, «ს. ყ. ს.», მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებსა და საწარმოებზე, კერძოდ, შპს «ს. ყ. ს. ფ. ს. ს. წ.» უნდა ესარგებლა თუ არა ზემოთ აღნიშნული კანონით განსაზღვრული შეღავათებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ზემოთ აღნიშნული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მოცემული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, რადგანაც ამ დარღვევების შედეგად სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორი განჩინება გამოიტანა.
საკასაციო სასამართლო თავად ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, ამდენად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქვემდგომ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო «ფ.» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.