Facebook Twitter

3გ/ად-196-კ-01 26 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. უ-ავამ, ზ. ბ-ძემ, ა. ნ-ძემ, ჟ. ბ-ავამ, ზ. ბ-ძემ, დ. კ-შვილმა, გ. ბ-ძემ, ა. ა-იანმა, ლ. რ-ძემ, ე. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების – აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის და სააქციო საზოგადოება «ს.-ის» მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.02.79წ. ¹83 დადგენილების ნაწილობრის ბათილად ცნობა, ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 29.12.80წ. ¹811 გადაწყვეტილების და 15.02.78წ. ¹140 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 242 კვ.მ. ფართის დაკანონება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1983 წელს ბათუმში, ... საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესახლებული იქნენ აღნიშნული სახლის 1 და 2 სადარბაზოებში. პირველი არასაცხოვრებელი სართული, რომლითაც ისინი სარგებლობენ, 90-93 წ.წ. პრივატიზებული აქვთ. მიუხედავად ამისა, სს «ს.-მ» სარჩელი აღძრა მათი სადავო არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების მოთხოვნით. მოსარჩელეების აზრით, სადავო, არასაცხოვრებელი ფართის მიმართ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 12.07.77წ. ¹333 დადგენილების შემდეგ მიღებული ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება არის ყალბი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.09.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. საქმის განხილვის შედეგად კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი: ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 15.02.78წ. ¹140 გადაწყვეტილებით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 12.07.77წ. ¹333 დადგენილების საფუძველზე, ახალი ... პოლიკლინიკის გახსნის მიზნით გამოიყო 600 კვ.მ. ფართობი ქ. ბათუმში, ... მშენებარე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. იმის გამო, რომ ... პოლიკლინიკის გახსნისათვის ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გამოყოფილი ზემოაღნიშნული ფართი საკმარისი არ აღმოჩნდა, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.02.79წ. ¹83 დადგენილების მე-2 პუნქტით ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომს დამატებით დაევალა ამ სახლის პირველ სართულზე 1200 კვ.მ. ფართის გადაცემა აჭარის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ... და ... პოლიკლინიკის გასახსნელად. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 29.12.80 ¹811 გადაწყვეტილებით, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 27.02.79წ. ¹83 დადგენილების შესაბამისად, ბათუმის ... პოლიკლინიკას გამოეყო ... ქუჩაზე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მშენებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 1200 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. მოსარჩელეები აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ 1983 წლიდან, სახლის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა ¹... ... პოლიკლინიკა, შემდგომში სს «ს.-ი», რომლის მიერ დაკავებული ფართი პრივატიზებულ იქნა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე მტკიცება სადავო ფართის მათ საკუთრებაში ყოფნის შესახებ, პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლის მიხედვით რეესტრის მოთხოვნის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ამასთანავე მოსარჩელეს გაცდენილი აქვს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.09.01წ. გადაწყვეტილება ნ. უ-ავას და სხვათა მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 16.10.79წ. ¹910 დადგენილების თანახმად საუწყებო სახლის ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გადაცემა სსრ კავშირის სამინისტროს მიერ უნდა მომხდარიყო, რის გამოც აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს და ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომს არ ჰქონდათ სადავო აქტების გამოცემის უფლება სსრ კავშირის საზღვაო სანაოსნოს სამინისტროს და საქართველოს სსრ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. სსრკ მინისტრთა საბჭოს 05.11.76წ. ¹916 და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 03.01.77 წ. ¹2 დადგენილების შესაბამისად მიღებული აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს 12.07.77წ. ¹333 დადგენილებით განსაზღვრული 600 კვ.მ. ფართის გამოყოფა ... პოლიკლინიკის გახსნისათვის იმ პერიოდში შესრულდა, მომდევნო სადავო აქტები გაყალბებულია და მიღებულია მაშინ, როდესაც სადავო ფართის პრივატიზება მობინადრეთა მიერ განხორციელდა ჯერ კიდევ 1990-93 წ.წ., სს «ს.-ის» მიერ ფართის პრივატიზაციამდე. აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს 27.02.79წ. ¹83 დადგენილების მიღება, რომლითაც ქ. ბათუმში ... ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 1200 კვმ. ფართი მთლიანად გადაეცა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ... და ... პოლიკლინიკის გასახსნელად, დაუშვებელი იყო ვინაიდან სადავო დადგენილებით მოწესრიგებულ საკითხზე უკვე გაცემული იყო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 12.07.77წ. დადგენილება. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ... პოლიკლინიკას არ სჭირდება იმ რაოდენობის ფართი, რომელსაც ის ფლობს, ფართის ნაწილი რამდენიმეჯერ გაიყიდა კერძო პირებზე, სადაც გახსნილია კაფე-ბარი, სუპერმარკეტი, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური და სხვ. მიუხედავად სადავო ფართის კასატორების მიერ პრივატიზებისა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, სსკ-ის 169-ე, 171-ე მუხლების დარღვევით, მეორედ მოახდინა სადავო ფართის რეალიზაცია სს «ს.-ზე». კასატორები არ ეთანხმებიან აგრეთვე სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ მიერ გაცდენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგენაც მათთვის არავის გაუცნია სადავო აქტები, სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. ხანდაზმულობის ვადის დაცვას ადასტურებს აგრეთვე ის, რომ ქ. ბათუმის მერიის 12.11.97წ. ¹463 გადაწყვეტილებით მობინადრეთა თხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. ბათუმის აღმასკომის 29.12.80წ. ¹811 გადაწყვეტილებაში ნაწილობრივი ცვლილება იქნა შეტანილი, პოლიკლინიკას გამოყოფილად ჩაეთვალა ნაცვლად 1200 კვ.მ. მის მიერ ფაქტიურად დაკავებული 887 კვ.მ. ფართი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ 12.11.97წ. ¹463 გადაწყვეტილებით აღნიშნული აქტის გაუქმება, ამავე პალატის მიერ 22.03.01წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, კასატორის აზრით, უმართებულოა, პალატა უფლებამოსილია შეცვალოს გადაწყვეტილება და საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანოს არსებითი გადაწყვეტილება.

საკასაციო წესით საქმის განხილვისას კასატორების წარმომადგენელმა ნ. უ-ავამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. სს «ს.-ის» წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 1200 კვ.მ. ფართობის დარაბები გამოეყო ბათუმის ... პოლიკლინიკას. სადავო ფართში თავდაპირველად განთავსდა ქ. ბათუმის ¹... ... პოლიკლინიკა და ქ. ბათუმის ... კონსულტაცია, 1992 წელს ... კონსულტაცია გადავიდა სხვა მისამართზე. ... კონსულტაციის მიერ გამოთავისუფლებული ფართის ნაწილი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიკავეს იმავე სახლის მაცხოვრებლებმა. სს «ს.-ის» და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. კასატორები ნ. უ-ავა და სხვები ქ. ბათუმში ... სახლში 1983 წლიდან ცხოვრობენ, მშენებლობა _ რეკონსტრუქციის სამუშაოების დამთავრების შემდეგ, 1986 წელს შენობაში განთავსდა ¹... ... პოლიკლინიკა და ქ. ბათუმის ... კონსულტაცია. აღნიშნული პერიოდიდან კასატორებისათვის საქმისადმი სათანადო დაიენტერესების შემთხვევაში ცნოლბილი უნდა ყოფილიყო სადავო აქტების შესახებ, მიუხედავად ამისა, სარჩელი აღიძრა 05.07.01წ., რის გამო გაცდენილია სსსკ-ის 361-ე მუხლით, ს.ა.ს.კ-ის 22-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადები. ამდენად პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას მოქმედ კანონმდებლობასთან სადავო აქტების შესაბამისობაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას განსახილველი დავისადმი სსკ 128-ე და 129-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების, აგრეთვე სსკ-ის 168-171 მუხლებით გათვალისწინებული წესების გამოყენების შესახებ. სსკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამდენად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტაში ვერ იქნება გამოყენებული ამჟამად მოქმედი სსკ-ის მუხლები უძრავი ქონების და სახელშეკრულებო ურთიერთობების ხანდაზმულობის შესახებ. სადავო ფართზე უფლებას არ ადასტურებს აგრეთვე სსკ-ის 168-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.02.2000წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც დაკმაყოფილდა სს «ს.-ის» საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 12.11.97წ. ¹463 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ბათუმის აღმასკომის 29.12.80წ. ¹811 გადაწყვეტილებაში ნაწილობრივი ცვლილება იქნა შეტანილი და 1200 კვ.მ. ნაცვლად პოლიკლინიკას გამოყოფილად ჩაეთვალა 887 კვ.მ., დადგენილად იქნა ცნობილი, რომ პოლილინიკის ბალანსზე რიცხული ფართის პრივატიზება დაიწყო 1996 წელს, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და სს «ს.-ს» შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, სს «ს.-ზე» გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ამდენად, სადავო ფართი ამჟამად წარმოადგენს სს «ს.-ის» საკუთრებას, სადავო აქტების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სადავო ფართზე საკუთრების გაუქმებას, მობინადრეებისათვის ფართის დაკანონებას, მით უფრო, რომ სადავო ფართის პრივატიზაციის გაუქმების საკითხი მობინადრეებისადმი სასამართლოს წინაშე არ დასმულა. უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს კასატორებს საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეებს სს «ს.-ის» მიერ ფართის პრივატიზაციამდე შესყიდული ჰქონდათ სადავო არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნულის შესახებ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი საბუთი. ნ. უ-ავას მიერ პალატის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის დასტურდება არა სადავო არასაცხოვრებელი ფართის, არამედ სახლის მობინადრეების მიერ საკუთარი ბინების და დამხმარე სათავსოების პრივატიზება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს 10.09.01წ. გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ. უ-ავას და სხვათა მიერ ვერ იქნა მოყვანილი რაიმე დამადასტურებელი საბუთი სადავო ფართზე საკუთრების მოპოვების შესახებ. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სსკ-ის 168-ე მუხლზე მითითება, რომელიც ითვალისწინებს ნივთის მფლობელობის შეწყვეტას მესაკუთრის მეერ პრეტენზიის წაყენების გამო. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნივთის ფლობა არ ქმნის მისი უპირატესი შესყიდვის უფლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.02.2000წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს «ს.-ის» საკასაციო საჩივარი და გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის 12.11.97წ. ¹463 გადაწყვეტილება, აგრეთვე საკასაციო პალატის 22.03.01წ. განჩინება, რომლითაც დაინტერესებული პირების – ნ. უ-ავას და სხვების საჩივარი საკასაციო პალატის 09.02.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად, კანონიერ ძალაშია შესული, აღნიშნული გადაწყვეტილებები ვერ იქნება გადასინჯული პალატის მიერ განსახილველი საკასაციო საჩივრის გადაწყვეტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 10.09.01წ. გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი, კასატორების მოთხონები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სსკ-ის 47-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე პალატა ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. უ-ავას, ზ. ბ-ძის, ზ. ბ-ძის, ე. გ-ძის, ლ. რ-ძის, ჟ. ბ-ავას, გ. ბ-ძის, ა. ა-იანის, ა. ნ-ძის, დ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 10.09.01წ. გადაწყვეტილება.

2. კასატორები ნ. უ-ავა, ზ. ბ-ძე, ზ. ბ-ძე, ე. გ-ძე, ლ. რ-ძე, ჟ. ბ-ავა, გ. ბ-ძე, ა. ა-იანი, ა. ნ-ძე, დ. კ-შვილი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.