Facebook Twitter

ზიანის ანაზღაურება მარჩენალის დაკარგვის გამო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-196-კ-02 15 ნოემბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მარჩენალის დაკარგვის გამო ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 22 ნოემბერს ლ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით ტყიბულის რაიონულ სასამართლოს მიმართა და ქ. ტყიბულის გამგეობისაგან მარჩენალის დაკარგვის გამო ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1993წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მარჩენალი ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების თანხები სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება «ს." ტყიბულის საბინაო-კომუნალურ განყოფილებას დაეკისრა, რომელიც სარჩოს 1996 წლამდე უნაზღაურებდა. იმავე სასამართლოს 1996წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩოს გადახდა ტყიბულის გაერთიანებულ საქალაქო მეურნეობას დაეკისრა, როგორც «ს." ტყიბულის საბინაო-კომუნალური განყოფილების სამართალმემკვიდრეს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001წ. 4 ივლისს ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამმართველოს ცალკე სერვისები გამოეყო, რომლებიც ქ. ტყიბულის საკრებულოს გამგეობაში შედიან და რომლებიც კრედიტორების წინაშე არიან ვალდებულნი. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. ტყიბულის გამეობისაგან მარჩენალის დაკარგვის გამო ზიანის ანაზღაურება შემდეგი გაანგარიშებით მოითხოვა: 2362, 50 ლარის გადახდა 1996წ. 1 ივნისიდან 2001წ. 1 ნოემბრამდე, ხოლო 2001წ. 1 ნოემბრიდან ყოველთვიურად 37,50 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 8 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაზე დააფუძნა.

მოპასუხემ _ ქ. ტყიბულის გამგეობამ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სერვის ცენტრები ქალაქის გამგეობის მიერ არ ფინანსდება.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ტყიბულის გამგეობას 2362,50 ლარის ერთდროლად, ხოლო 2001წ. 1 ნოემბრიდან ყოველთვიურად 37,50 ლარის ლ. ფორჩხიძის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ქ. ტყიბულის გამგეობამ გაასაჩივრა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ შექმნილი სერვისცენტრები არავითარ კავშირში არ არიან გაუქმებულ კომუნალურ მეურნეობასთან. აპელანტის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სარჩელის ანაზღაურებისას არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 8 თებერვლის ¹48 ბრძანებულება «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ". ასევე, აპელანტის მითითებით, დაზარალებულ პიროვნებას გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციაში არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, აპელანტი ანგარიშვალდებულად არ თვლიდა თავს დაზარალებულის წინაშე. მესამე პირმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება «ს." ტყიბულის რაიონულმა ორგანიზაციამ მხარი ლ. ფ-ის მოთხოვნას დაუჭირა და აღნიშნა, რომ საბინაო კომუნალური მეურნეობა 1995 წელს საქნახშირიდან ქ. ტყიბულის გამგეობის კომუნალურ მეურნეობაში გადავიდა და ეს უკანასკნელი «ს." საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამართალმემკვიდრე გახდა. ამდენად, «ს." წარმომადგენლის აზრით, ლ. ფორჩხიძეს პენსია გამგეობისგან უნდა მიეღო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1996წ. 20 აგვისტოს ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეზე ზიანის ანაზღაურების მოვალეობა «ს." ტყიბულის საბინაო-კომუნალურ განყოფილებას დაეკისრა, რეორგანიზაციის შემდეგ ეს სამსახური გაერთიანებულ საქალაქო მეურნეობას შეუერთდა, რომელიც ტყიბულის რაიონულ გამგეობაში შედიოდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობენ, დამტკიცებას არ საჭიროებენ და მას პრეიუდიციული ძალა აქვს. სასამართლომ იხელმძღვანელა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 8 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მეორე მუხლით, რომლის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებზე, რისთვისაც საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში ტერიტორიული ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებში გაითვალისწინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

ქ. ტყიბულის გამგეობამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, არასწორად განმარტა კანონი. კასატორის აზრით, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ლ. ფ-ისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და არა ქალაქ ტყიბულის გამგეობას უნდა დაეკისროს. ასევე, ლ. ფ-ემ სარჩოს მოცულობა არასწორად გამოიანგარიშა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩირებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ტყიბულის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 26 მარტის განჩინება ლიდა ფორჩხიძის სასარგებლოდ ქ. ტყიბულის გამგეობისათვის სარჩოს ასანაზღაურებული თანხის ოდენობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა «შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზაღაურების წესი, რომლის პირველი თავის მე-4 პუნქტის თანახმად, «დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა". საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტყიბულის სასამართლოს 1993წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით მარჩენალი ქმრის _ ა. ფ-ის დაკარგვასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების თანხები ლ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხე «ს." ტყიბულის საბინაო კომუნალურ განყოფილებას, ხოლო ტყიბულის სასამართლოს 1996წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩოს გადახდა დაეკისრა მოპასუხეს ტყიბულის გაერთიანებულ საქალაქო მეურნეობას, როგორც ზემოხსენებული ორგანიზაციის სამართალმემკვიდრეს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები დღემდე კანონიერ ძალაშია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩვეს იმ ფაქტს, რომ «ს." 1996წ. 31 ივლისის ბრძანებით _ «დეპარტამენტ «ს." კომუნალური ორგანიზაციების ტყიბულის ადგილობრივი მმართველობის დაქვემდებარებაში გადაცემის სამუშაოების დამთავრებასთან დაკავშირებით" _ «ს." ლიკვიდირებული ორგანიზაცია ადგილობრივი მმართველობის დაქვემდებარებაში გადავიდა, რის გამოც ქ. ტყიბულის გამგეობა ტყიბულის გაერთიანებული საქალაქო მეურნეობის უფლებამონაცვლეა.

საკასაციო სასამართლო, აქედან გამომდინარე, განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების მეორე პუნქტი სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის უფლებამონაცლის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება, რა დროსაც ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში, ტერიტორიული ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებში გაითვალისწინება. მოცემულ საქმეში კი ასეთი შემთხვევა არ გვაქვს.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი არ არის სარჩოსა და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს სარჩოსა და ასანაზღაურებელი თანხის დასადგენად არ გამოუყენებია «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" მე-4 თავი და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 11 აგვისტოს ბრძანებულება საბიუჯეტოს სფეროში დასაქმებულ მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ. ასევე, არ შეუმოწმებია, ხომ არ ჰქონდა მიღებული მოსარჩელეს სარჩო სადავო პერიოდში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე" პუნქტის თანახმად, ამ ნაწილში განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ტყიბულის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 26 მარტის განჩინება ლ. ფ-ის სასარგებლოდ ქ. ტყიბულის გამგეობისათვის მარჩენალი ქმრის დაკარგვის გამო სარჩოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 26 მარტის განჩინება სარჩოსა და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.