3გ-ად-197-კ-01 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: 1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვისსამინისტროს ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, სამაცივრო მეურნეობის პრივატიზაციისას, შპს «ე.-ის» სარგებლობაში არსებული სასაწყობო მეურნეობის, სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, შპს «გ.-ისათვის» უკანონოდ მიმაგრების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს მიერ შპს «ე.-ზე» სადავო 1500 კვ. მ. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
შპს “გ.-ის” დამოუკიდებელი მოთხოვნა: გამგეობის დადგენილების ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 10 ოქტომბერს შპს «ე.-ის» დირექტორმა ზ. გ-იამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და მოპასუხე – ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, სამაცივრო მეურნეობის შენობა-ნაგებობების პრივატიზაციისას, შპს «ე.-ის» სარგებლობაში არსებული სასაწყობო მეურნეობის, 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, შპს «გ.-ისათვის» უკანონოდ მიმაგრების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო მოპასუხე – ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოსაგან მოსარჩელემ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შპს «ე.-ისათვის» გამოყოფილი სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოითხოვა საჯარო რეესტრში.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980 წლის 16 იანვრის ¹14 გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატს, ქ. ზუგდიდში, ...-ის ქუჩაზე, სათანადო საზღვრების მითითებით ლუდის ბარის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. ოდენობით «ზუგდიდვაჭრობის ამორტიზებული სასაწყობო მეურნეობის აღების ხარჯზე, რაც 1994 წლამდე არ განხორციელდა. ამასთან, 1991-1994 წლებში ზუგდიდში არსებული ფორსმაჟორული მდგომარეობის (სამოქალაქო ომის) გამო მშენებლობაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. აქედან გამომდინარე, ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის სხდომის 1994 წლის 17 ნოემბრის ¹214 გადაწყვეტილებით ზუგდიდის ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატის სამართალმემკვიდრეს, ფირმა «ე.-ს», გაუგრძელდა 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება, 1995 წლიდან მშენებლობის დაწყების გარანტიით, ხოლო ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 დადგენილებით ცვლილებები შევიდა 1994 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაში და მშენებლობის ვადა 2003 წლამდე გაგრძელდა. ამასთან, ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს ამ მიწის ნაკვეთის შპს «ე.-ზე» რეგისტრაცია დაევალა საჯარო რეესტრში, რაც მან არ განახორციელა ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ, სამაცივრო მეურნეობის პრივატიზაციისას, შპს «გ.-ის» დამფუძნებელ ი. ჩ-ავაზე 3165 კვ.მ. (მათ შორის სადავო 1500 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის მიმაგრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს მოქმედება უკანონოა, რადგან იგი არ ასრულებს რაიონის გამგეობის დადგენილებას. უკანონოა ასევე ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს «გ.-ის» დამფუძნებელ ი. ჩ-ავაზე 3165 კვ.მ. (მათ შორის სადავო 1500 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის გადაცემა, რისი უფლებამოსილებაც სამმართველოს არ გააჩნდა, ვინაიდან «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად «არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებს მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად «შესაბამის სამსახურს» წარმოადგენენ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, რაც შპს «გ.-ის» დამფუძნებელ ი. ჩ-ავას არ გააჩნია.
მოსარჩელის მოსაზრებით, სამაცივრო მეურნეობის შენობა-ნაგებობების პრივატიზაციისას, ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს არ შეეძლო ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული მიწის ექსპლიკაციის გეგმით მოეხდინა სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემა შპს «გ.-ის» დამფუძნებელ ი. ჩ-ასათვის.
სარჩელი არ ცნო ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველომ და მიუთითა, რომ ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის 1994 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებას ვადა გაუვიდა 1995 წლის 17 ნოემბერს და სადავო მიწის ნაკვეთი გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. 1998 წლიდან მიწის სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრა რაიონის საკრებულოს პრეროგატივაა, რაც ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს დადგენილებაში არ არის გათვალისწინებული. ამასთან, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, მოპასუხის მოსაზრებით, ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 დადგენილება უკანონოა, თუმცა ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს შეგებებული სარჩელი არ დაუყენებია და არც ერთი ზემოთ დასახელებული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ მოუთხოვია.
მოპასუხე – ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ თავდაპირველად სარჩელი არ ცნო, ხოლო შემდეგ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1995 წლის 5 ნოემბერს ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ შპს «გ.-ის» დამფუძნებელ ი. ჩ-ავაზე გაცემულ იქნა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ¹..., რის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა «ზუგდიდვაჭრობის» სამაცივრო მეურნეობის დანადგარები, რაც შეეხება 3165 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმაგრებას, აღნიშნული განხორციელდა ტექბიუროს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციის გეგმით სამმართველოსათვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაცემული ჰქონდა შპს «ე.-ს» და მასზე მშენებლობის ვადა ზუგდიდის რაიონის გამგეობის დადგენილებით გაგრძელებული იყო. მოპასუხის მოსაზრებით, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის და მასზე მშენებლობის განხორციელების საკითხი ადგილობრივი მმართველობის ორგანოსა და მიწის მართვის სამმართველოს გადასაწყვეტია და ქონების მართვის სამმართველოს ამ საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნია.
სარჩელი ცნო მესამე პირმა – ზუგდიდის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულმა სამსახურმა და განმარტა, რომ შპს «გ.-ის» დამფუძნებელ ი. ჩ-ავაზე 3165 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი დაფიქსირდა სამაცივრო მეურნეობისათვის სანიტარული მოთხოვნების საფუძველზე, სანეპიდსადგურის 1995 წლის 24 ოქტომბრის ¹329 ცნობის შესაბამისად, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მიწათსარგებლობის საფუძვლად.
სარჩელს მხარი დაუჭირა მესამე პირმა – ზუგდიდის რაიონის გამგეობამ და მიუთითა, რომ მათი მოსაზრებით, ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებები და დადგენილება კანონიერია, ვინაიდან არ მომხდარა შპს «ე.-ზე» სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა. მასზე გადაცემული მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრა ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980 წლის 16 იანვრის ¹14 გადაწყვეტილებით, ხოლო შემდგომი ადმინისტრაციული აქტებით ცვლილებები შევიდა 1980 წლის მიწის ნაკვეთის გადაცემის ძირითად აქტში. ზუგდიდის რაიონის გამგეობის განმარტებით, 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 დადგენილება უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული, კანონიერია და მოქმედებს.
მესამე პირმა – შპს «გ.-ის» დამფუძნებელმა და დირექტორმა განმარტა, რომ სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ შეიძლება ყოფილიყო გამოყოფილი ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატისათვის, რომ ეს მიწის ნაკვეთი მისი წინაპრების საკუთრებაა. შპს «ე.-ს» 1995 წელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლება არ გააჩნდა, მითუმეტეს, რომ მას 1995 წელს სასაწყობო მეურნეობის ადგილას ლუდის ბარის მშენებლობა არ დაუწყია, რითაც შეწყდა 1994 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების მოქმედება. შპს «გ.-მ» განცხადებით დამოუკიდებელი მოთხოვნა დააყენა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოთხოვნის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული აქტი სრულ წინააღმდეგობაშია «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს 1998 წლის კანონთან, რადგან ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ან საკუთრებაში გაიცემა კონკურსის ან აუქციონის წესით, რომ მოცემულ შემთხვევაში ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიერ მიწის ნაკვეთი შპს «ე.-ზე» გაცემულია პირდაპირი განკარგვის წესით, რაც კანონის შესაბამისად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მესამე პირის მოსაზრებით, მასზე კანონიერად მოხდა 3165 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმაგრება, რადგან «ზუგდიდვაჭრობის» სამაცივრო მეურნეობის პრივატიზაცია მან განახორციელა და ეს ტერიტორიაც «ზუგდიდვაჭრობის» სამაცივრო მეურნეობას ჰქონდა გამოყოფილი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით გაზიარებულ იქნა მოსარჩელე შპს «ე.-ის» მოსაზრებები და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1980 წლის 16 იანვარს შპს «ე.-ის» წინამორბედ ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატს ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მართლაც გამოეყო ლუდის ბარის მშენებლობისათვის სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მისთვის ამ მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა დღემდე არ მომხდარა. სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს «ე.-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ლუდის ბარის მშენებლობისათვის ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980 წლის 16 იანვრის ¹14 გადაწყვეტილებით გამოყოფილი სასაწყობო მეურნეობის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შპს «ე.-ის» სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარება ტექნიკური ნორმების სრული დაცვით, გარდა შპს «გ.-ის» მიერ პრივატიზებული სამაცივრო მეურნეობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მუშათა მომარაგების განყოფილების საწყობების მხარეს მისასვლელი სატრანსპორტო გზის მოსაწყობად საჭირო ფართობისა, ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა. ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ სამაცივრო მეურნეობის პრივატიზაციისას შპს «გ.-ზე» სადავო მიწის ნაკვეთი, მიმაგრება, გარდა შპს «გ.-ის» მისასვლელი გზისა. შპს «გ.-ის» დამოუკიდებელი მოთხოვნა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა მესამე პირმა შპს «გ.-მა». შპს «ე.-ს» გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შპს «გ.-ი» სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, მისი დამოუკიდებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და დამატებით 1980 წლისა და 1994 წლის მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს «გ.-ის» მოსაზრებები და მისი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ე.-ის» სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ შპს «გ.-ს» არ ჰქონდა მოთხოვნა სადავო აქტების, მათ შორის ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ კანონით დადგენილი წესით დაყენებული, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა არ განიხილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა შპს «ე.-მა» და დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონი, საპროცესო ნორმების დარღვევით არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასებისას გამოიჩინა მიკერძოება და ტენდენციურობა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად გამოცხადებაზე, რაც თავად აპელანტს არ დაუყენებია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა რა მესამე პირის – შპს «გ.-ის” _ დამოუკიდებელი მოთხოვნა და ძალაში დატოვა რა ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს დადგენილება, თავად გამოაცალა საფუძველი თავისივე გადაწყვეტილებას.
მესამე პირმა – შპს «გ.-მ» _ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა «შესაგებელი საკასაციო საჩივარი», რომელიც წინააღმდეგობრივი იყო, რადგან შპს «გ.-ი» ერთის მხრივ სადავოდ ხდიდა მისი მოთხოვნის განუხილველობას სააპელაციო სასამართლოს მიერ, მეორეს მხრივ _ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვდა. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე შპს «გ.-მ» დააზუსტა, რომ იგი არ ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნული _ შესაგებლის სახით წარმოადგინა საკასაციო სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს «ე.-ის» საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და დაარღვია საპროცესო ნორმები, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980 წლის 16 იანვრის ¹14 გადაწყვეტილებით ლუდის ბარის მშენებლობისათვის გამოიყო მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მეტრის ოდენობით «ზუგდიდვაჭრობის» სასაწყობო მეურნეობის ბაზაზე, ხოლო ლუდის ბარის მშენებლობის ვადა ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის 1994 წლის 17 ნოემბრის ¹14 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა ლუდისა და ხილეული წყლების კომბინატის სამართალმემკვიდრეს _ კომერციულ ფირმა «ე.-ს», 1995 წლიდან მშენებლობის დაწყების გარანტით. ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 დადგენილებით ცვლილებები შევიდა 1994 წლის გადაწყვეტილებაში და კომერციულ ფირმა «ე.-ის» სამართალმემკვიდრეს შპს «ე.-ს» ლუდის ბარის მშენებლობის ვადა 2003 წლამდე გაუგრძელდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს «გ.-ის» დამფუძნებელ დირექტორ ი. ჩ-ავასა და ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს შორის 1995 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა «ზუგდიდვაჭრობის» სამაცივრო მეურნეობის შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობების პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნა, რომ მიწის საკითხი გადაწყდებოდა მიწის კანონმდებლობის მიღების შემდეგ, თუმცა ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობაში ჩაიწერა 3165 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო შპს «ე.-ის» მოტივები იმის თაობაზე, რომ 3165 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოიცავდა «ზუგდიდვაჭრობის» როგორც სასაწყობო, ისე სამაცივრო მეურნეობების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთის და შპს «გ.-ს» და მის დირექტორ ი. ჩ-ავას პრეტენზია შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ სამაცივრო მეურნეობის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რადგან სამაცივრო მეურნეობის მოწყობილობები და შენობა-ნაგებობები პრივატიზაციის ხელშეკრულებით მას გადაეცა. რაც შეეხება სასაწყობო მეურნეობის სარგებლობაში არსებულ 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, იგი ჯერ კიდევ 1980 წელს იქნა განკარგული კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიერ და არ წარმოადგენდა სამაცივრო მეურნეობის სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთს.
ამდენად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შესახებ, რადგან მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სასაწყობო მეურნეობის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შპს «გ.-ის» დამფუძნებელ და დირექტორ ი. ჩ-ავაზე უკანონოდ მიმაგრების საკითხს და არა სამაცივრო მეურნეობის შენობა-ნაგებობებისა და მოწყობილობების პრივატიზაციის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და აპელანტს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი, რადგან სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებად გამოცხადებაზე საერთოდ მსჯელობა არ ყოფილა, თავად აპელანტსაც არ დაუყენებია. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაცია და შემდგომ საკუთრების საკითხის გადაწყვეტა წარმოებს მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული ან გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის მიერ. ასეთ სამსახურს კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად წარმოადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთ ამ ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა შპს «გ.-ის» არა თუ საკუთრების, არამედ სარგებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა მესამე პირის – ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის განმარტებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციის გეგმა შედგენილ იქნა სანეპიდსადგურის ცნობის საფუძველზე და იგი არ შეიძლება გამოყენებულიყო სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობისა და მიმაგრების დოკუმენტად. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მისცა შეფასება მოპასუხის – ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს _ განმარტებას, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ცნო შპს «ე.-ის» სარჩელი და მიუთითა, რომ მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა სამმართველოს კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა და სადავო მიწის ნაკვეთის შპს «გ.-ზე» მიმაგრება მხოლოდ ექსპლიკაციის გეგმის საფუძველზე განხორციელდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა მესამე პირის – შპს «გ.-ის» _ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, როცა მიიჩნია, რომ იგი არ უნდა განხილულიყო, რადგან დაცული არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-179-ე მუხლების მოთხოვნები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გამოიტანს განჩინებას ხარვეზის შევსების შესახებ, მაგრამ რაიონულ სასამართლოს ასეთი განჩინება არ გამოუტანია, მიუხედავად ხარვეზისა, მან წარმოებაში მიიღო მესამე პირის – შპს «გ.-ის» _ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა და განიხილა კიდეც. სააპელაციო სასამართლო ამ საკითხის განხილვისას გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რითაც გააუარესა აპელანტი მხარის მდგომარეობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ განიხილავს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან შპს «გ.-ს» იგი არც საკასაციო და არც შეგებებული საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს შპს «ე.-ის» საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ კანონიერად ჩათვალა შპს «გ.-ზე» სადავო 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, ხოლო მეორეს მხრივ შპს «ე.-ს» ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის უფლება დაუტოვა, რადგან ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 29 აგვისტოს ¹28 დადგენილება, რომლითაც შპს «ე.-ს» გაუგრძელდა სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ვადა, ძალაშია და არავის გაუუქმებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ემყარება წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ მოტივებს, ფაქტობრივი გარემოებები არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული, რის გამოც უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ე.-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.